პური ჩვენი არსობისა

1715_feral_bags_arrive_bristol_bus_stationავტორი : ნანუკა მეშველაშვილი

დაუჩქარეთ!

დროულად დაიკავეთ ადგილები, 15 წუთში გავდივართ…  დედა ატირდა. ვერ ვხვდებოდი, რატომ ტიროდა, მაგრამ ის რომ ტიროდა, მეც ვტიროდი. მგზავრებმა ავტობუსში ასვლა დაიწყეს, დედას მსგავსად, ისინიც ტიროდნენ. ალბათ მეასედ ჩამეხუტა, ბოლოს ხელს აღარ მიშვებდა.

დაუჩქარეთ!

ავტობუსში ასასვლელად მოემზადა. სწორედ ამ დროს მივხვდი, რომ მე უნდა დავრჩელიყავი და მხოლოდ ის მიდიოდა. გავბრაზდი დედაზე, ბებოზე, საკუთარ თავზე, ყველასა და ყველაფერზე… ვტიროდი, ხელს არც მე ვუშვებდი, ბოლოს ერთმა “კეთილმა ბიძიამ” მითხრა, წამოდი, ბევრი შოკოლადი უნდა გიყიდო და მერე მოვიდეთ დედასთანო. არ დავუჯერე, მივხვდი, რომ დაბრუნებულს დედა აღარ დამხვდებოდა. არ გავყევი, მაგრამ დედა მაინც წავიდა, მე დავრჩი…

წითელი, ორსართულიანი ავტობუსი, უამრავი უცხო ადამიანი და ხმამაღალი ტირილის შემზარავი ხმა –  სულ ეს არის, რაც ჩემს მეხსიერებას 1999 წლის 16 დეკემბრიდან შემორჩა. 5 წლისამ დედა ევროპაში გავაცილე.  ორსართულიანი ავტობუსის დანახვისას დღემდე ხასიათი მიფუჭდება. ხო კიდევ, ჩემოდნებსაც დღემდე უარყოფითი ემოცია მოაქვს.

მე და ბებო სახლში ღამის 12 საათზე დავბრუნდით. ვტიროდი. ვხედავდი, თავადაც  უნდოდა ტირილი, მაგრამ ჩემთან არ იტირა. უჯრიდან  საგანგებოდ გადანახული სანთელი ამოიღო და აანთო. დენი, ბუნებრივია, არ იყო. ჩემთან დალაპარაკება სცადა. მეხვეწებოდა,  ტირილი შემეწყვიტა. უამრავ დაპირებას მაძლევდა. ბოლოს  ჩამეძინა…

დედამ მუშაობა დაიწყო. თითქმის ჩემი ასაკის ბავშვის გაზრდაში ეხმარებოდა, ერთ-ერთ ბერძნულ ოჯახს. პირველად ფოტოები რომ გამოგზავნა, ვერაფრით მივხვდი, რატომ იყო იმ ბავშვთან და არა ჩემთან. ჩემებს ამაზე პრაგმატული პასუხი ჰქონდათ – დედას ხელფასი უნდა აეღო და ჩემთვის ყველაფერი ეყიდა.

სკოლაში უკვე დედის გამოგზავნილი ლამაზი სამოსითა და ჩანთით მივედი. მიხაროდა. მისი სიშორის ტკივილსაც შევეჩვიე. აღარ ვტიროდი. აღარც ვბრაზობდი. დედას უნდოდა, კარგად მესწავლა,  განვითარების ყოველგვარი საშუალება მქონოდა. წლების განმავლობაში შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებდა.

რა იქნებოდა, რომ არ წასულიყო დედა?

რომ არ წასულიყო დედა, ვერ ვისწავლიდი იმ სკოლაში, სადაც ვსწავლობდი. ვერ ვიყიდდი წიგნებს. ვერ მოვემზადებოდი უნივერსიტეტში ჩასაბარებელი გამოცდებისთვის. ბუნებრივია, ვერც უნივერსიტეტში ჩავაბარებდი. თუ მაინც გამიმართლებდა, სწავლის გაგრძელებას ვერ შევძლებდი. რატომ? იმიტომ, რომ დედას ორი სამსხურის ხელფასი ჯამში 70 ლარს შეადგენდა. თუმცა იმ პერიოდში პედაგოგები ამ ხელფასსაც ვერ იღებდნენ თვეების განმავლობაში.

24 წლის ასაკიდან დედის დაწყებული ბრძოლა გადარჩენისთვის მაშინ დასრულდა, როცა სკოლას ვამთავრებდი. დედა დაბრუნდა. როცა აეროპორტში გამოაცხადეს, რომ ათენი-თბილისი რეისი დაეშვა, ისევ ისე ვტიროდი, როგორც ოთხი წლის ასაკში, გაცილებისას. ოღონდ ამჯერად მის ემიგრაციაში დაკარგულ წლებზე, უამრავ ტკივილიან დღეზე,  ცრემლსა და დაღლაზე…

სანამ ამ ყველაფერს „მანკიერ წესს ვუწოდებთ“,  სანამ ემიგრაციაში იძულებით წასულებს გავკიცხავთ,  სანამ მათ ეროვნულ ღირებულებებს ეჭვქვეშ დავაყენებთ, სანამ მიწაზე სამუშაოდ დავპატიჟებთ, იქნებ სახელმწიფოსაც თავისი წილი პასუხისმგებლობა დავაკისროთ. იქნებ ძლიერთა ამა ქვეყნისა, უფრო უკეთესი რჩევები მივცეთ და მხოლოდ პირჯვარი არ გადავსახოთ, რელიგიურ დღესასწაულებზე სატელევიზიო კამერების წინ მორჩილად მდგართ. იქნებ ჯვრისწერისა და ნათლობისას ტაძრებში ასლარიანი კუპიურების დატოვება აღარ გვიწევდეს. იქნებ „ზებრა“ გადასასვლელებზე, სასულიერო პირთა ძვირადღირებული ავტომობილები გავლას არ გვასწრებდნენ. იქნებ ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ და საკუთარი თავმოყვარეობის, ღირსების ფასად, ემიგრანტების აღებულ ხელფასს, რომელიც ნამდვილად არის პური ჩვენი არსობისა, შეურაცხყოფა არ მივაყენოთ!

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s