თვითმმართველობის „პროტესტი“

ავტორი: ლანა დავითულიანი
თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) პირველ კორპუსიში რომ შევედი  ხალხმრავლობა შევნიშნე, სტუდენტები  საყვირებით მოძრაობდნენ დერეფნებში, წითელ ფურცლებს აფრიალებდნენ და ბოლო ხმაზე გაჰყვიროდნენ  „წადი“, „წადი“ . როგორც შემდგომ გავარკვიე, აქციის მონაწილეები თსუს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები იყვნენ, ხოლო „წადის“  რექტორს, ვლადიმერ პაპავას ეძახდნენ. სახლში რომ მოვედი ახალი ამბავი წავიკითხე „სტუდენტებმა პაპავას კაბინეტთან შიმშილობა დაიწყეს“ მისი გადადგომის მოთხოვნით.

312ალბათ, მე თვითონ რომ არ ვიყო ამ უნივერსიტეტის სტუდენტი, ყოველდღიური შეხება რომ არ მქონდეს უნივერსიტეტის შიგნით მიმდინარე პროცესებთან და ჩემი თვალით არ ვხედავდე, ვის რა მიზნები ამოძრავებს რეალურად, ნამდვილად სოლიდარული ვიქნებოდი ამ ადამიანების მიმართ.

საქმე იმაშია, რომ თვითმმართველობის წევრები წლების განმავლობაში ჩუმად იყვნენ, ხმას არ იმაღლებდნენ უნივერსიტეტში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, დაკავებულები იყვნენ მხოლოდ გასართობი საღამოების ჩატარებით, ექსკურსიების მოწყობით და უმეტესწილად არაფრისმომცემი, ძვირადღირებული ტრეინინგების ორგანიზებით თბილისში თუ მის გარეთ, სადაც მონაწილეობა მხოლოდ მათთან დაახლოებულ პირებს თუ შეეძლოთ. დანარჩენი თანხა კი მათი საკმაოდ მაღალი  დაფინანსებიდან,   სად მიდიოდა  ან ახლა სად მიდის, არავინ იცის. ჰოდა ასე, მოულოდნელად წამოიწყეს საპროტესტო აქციები, ჩამოაყალიბეს არაერთი მოთხოვნა და პირველ რიგში მოითხოვეს რექტორის გადაყენება. პირადად მე მიაჩნია, რომ ამ ადამიანების მხრიდან ასეთი მოთხოვნების წამოყენება, ამდენხნიანი სიჩუმისა და რეალურად საქმის არკეთების შემოდგომ, აბსურდულია.

არავინ დავობს იმაზე, რომ თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში ძალიან ბევრი  მოუგვარებელი პრობლემაა.  თითქმის არ არსებობს სასწავლო თუ სამეცნიერო–კვლევითი ინფრასტრუქტურა, ძალიან ცოტა რაოდენობით მოიძებნება ქართულ ენაზე ნათარგმნი პროფესიული ლიტერატურა, მოუგვარებელია სტუდენტური საცხოვრებლების პრობლემა  და ა.შ., თუმცა ყოველთვის არსებობდნენ და დღესაც არიან სტუდენტები, რომლებიც აპროტესტებენ უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებს, მართავენ აქციებს, ხვდებიან რექტორს. წელსაც, 14 სექტემბერს, სწავლის დაწყების პირველ დღეს, გაიმართა საპორტესტო აქცია,  თუმცა ამ დროს რატომღაც თვითმმართველობის წევრებმა არ იცოდნენ, რომ უნივერსიტეტში პრობლემები არსებობს, რომ სწავლის ხარისხი დაბალია, აკადემიური პერსონალი დაბალკვალიფიციურია, ადმინისტრაციაში კადრები კი საკმარისზე მეტადაა გაბერილი. ამ დროს ისინი მაღალ ტრიბუნაზე იდგნენ რექტორის გვერდით, პირველკურსელებს სწავლის დაწყებას ულოცავდნენ და ამაყობდნენ კავკასიის რეგიონში ნომერ პირველი უნივერსიტეტით, რომელსაც პრობლემები არ აწუხებს.

ამავე წლის 24 სექტემბერს, თსუ–ს სააქტო დარბაზის შესასვლელში გაიმართა დისკუსია, სადაც სტუდენტებმა იმსჯელეს უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე, მათ გამომწვევ მიზეზებზე, პასუხისმგებელ პირებსა თუ სხვა მნიშნელოვან საკითხებზე. ამ შეხვედრას მეც ვესწრებოდი და დავინახე თვითმმართველობის წევრები, რომლებიც თვალყურს გვადევნებდნენ, ისინი განცალკევებით ისხდნენ, ვატყობდი მათ საკმაოდ ირონიულ დამოკიდებულებას, რომელიც ხშირად უადგილ ღიმილით გამოიხატებოდა. არცერთ მათგანს ხმა არ ამოუღია და არაფერი უთქვამს მათ თვალწინ არსებულ პრობლემებზე, თუმცა ახლა, ზუსტად ეს ადამიანები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და შიმშილობენ. მათ გმირების როლი მოირგეს,  და სურთ ხალხს აჩვენონ, თითქოს მართლა შესტკიოდეთ გული უნივერსიტეტსა და სტუდენტებზე.

მიუხედავად, რამდენიმე წლიანი დუმილისა, თვითმმართველობის წევრებს სასწაულებრივად,  თითქოს ერთ დღეში აეხილათ თვალები, დაინახეს ყველანაირი პრობლემა მათ გარშემო. 19 ოქტომბერს 1 საათით შეხვდნენ შეხვდნენ რექტორს და 21-ში კი უკვე შიმშილობაც დაიწყეს. მაგრამ რა არის რეალური მიზეზი ამ პროტესტის?

2012 წელს თვითმმართველობის დაფინანსება დაახლოებით ერთ მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო წელს ეს თანხა 70 000 ლარს აღწევს.  2013 წლიდან, ანუ როცა უნივერსიტეტის რექტორად ვლადიმერ პაპავა აირჩიეს, სტუდენტურ თვითმმართველობას ეტაპობრივად, ნელ –ნელა უმცირდებოდა დაფინანსება, როგორც ხედავთ სხვაობა ამ რამდენიმე წელში იმდენად დიდია, რომ თვითმმართველობის წევრებმა გადაწყვიტეს ააგორონ საპროტესტო აქციებს ტალღა, შეფუთონ ის სტუდენტებსა და უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე ბრძოლის სახელით, რეალურად კი მიაღწიონ იმას, რომ ისევ გაიზარდოს მათი დაფინანსება და მომავალში უკეთესად მოახერხონ პირადი კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

მწარე სიმართლე არის ის, რომ ამ ადამიანების  დიდი  ნაწილს რეალურად არ აინტერესებს რა პრობლემები აწუხებს უნივერსიტეტს, როგორ განათლებას მიიღებენ სტუდენტები, როგორ აუდიტორიებში ისწავლიან ისინი, სად იცხოვრებენ რეგიონებიდან ჩამოსულები თუ სხვა. თვითმმართველობა მისთვის წესდებით განკუთვნილი მოვალეობების ნაწილსაც კი  წლებია უკვე არ ასრულებს. არსებობს მხოლოდ მისი წევრებისა და თსუ–ს სტუდენტების მცირე ნაწილის  სასარგებლოდ. ამას ემატება მათი მრავალწლიანი დუმილი უნივერსიტეტში არსებულ რეალურ, თვალშისაცემ პრობლემებზე. სწორედ ამიტომ მე როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რიგით სტუდენტს არ მჯერა ამ ადამიანების პროტესტის, ეჭვი მეპარება მათ გულწრფელობაში, ვერც იმას დავიჯერებ, რომ რექტორთან ერთ საათიანი შეხვედრა საკმარისი იყო პროტესტის ისეთი ფორმის დასაწყებად, როგორიც შიმშილობის გამოცხადებაა. არ მჯერა, რომ მათ მართლა ერთ დღეში გაანალიზეს პრობლემები და გადაწყვიტეს მათი მოგვარება. ერთ საათში აღმოაჩინეს, რომ აუცილებელია სტუდენტების გაერთიანება, როდესაც წლების განმავლობაში ელიტურ ჯგუფს წარმოადგენდნენ, უამრავი პრივილეგიით რომელთაც სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ სხვა სტუდენტების საპროტესტო აქციები.

სწორედ ,ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების გამო, დარწმუნებული ვარ, რომ მათი რეალურად მამოძრავებელი მოტივი  არის უფრო მეტად პირად კეთილდღეობაზე ორიენტირებული და  შესაძლოა პოლიტიკურად ანგაჟირებულიც კი.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s