რუსუდან გოცირიძე – უმცირესობა უმცირესობაში

რუსუდან გოცირიძელექცია წაკითხულია „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში“ 2014 წლის 24 აპრილს

ტრანსკრიპტი მომზადებულია თამთა ჭრიკიშვილის მიერ

 

რუსუდან გოცირიძე – ევანგელისტურ-ბაბტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი 2008 წლიდან. 2014 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ, მიშელ ობამამ რუსუდან გოცირიძეს „ქალთა საერთაშორისო სიმამაცის ჯილდო“ გადასცა. „ეპისკოპოს გოცირიძის დაჯილდოება არის საქართველოს ყველა მოქალაქისათვის სასარგებლოდ შემწყნარებლობის, შესაძლებლობებისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად გაწეული საქმიანობის აღიარება,“ ნათქვამია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ბევრი ვიფიქრე, როგორ დამეწყო ჩემი მოსალმება ნააღდგომევს და ცოტა გამიჭირდა. ასე, რომ მე მინდა ყველას მოგესალმოთ, ვინც იდღესასწაულეთ აღდგომა და ვინც არ იდღესასწაულეთ, მოგესალმებით იმათ, ვისთვისაც რელიგია საინტერესოა და იმათაც, ვისთვისაც რელიგია ცხოვრების წესია. მოგესალმებით გოგონებს, ბიჭებს, მოგესალმებით იმათ, ვინც მხოლოდ ერთ ენაზე ლაპარაკობთ, იმათ, ვინც ერთზე მეტ ენაზე ლაპარაკობთ, მოგესალმებით იმათ, ვისაც „სუფთად ქართული“ სისხლი აქვს, იმათ, ვისაც ჭრელი ოჯახი ჰყავს და ჰყავს სხვადასხვა ეროვნების ნათესავები, ოჯახის წევრები, მოკლედ მე მინდა მოგესალმოთ თითოეულ თქვენთაგანს და ყველა იმ მრავალფეროვნებას, რაც ამ დარბაზში არის ახლა თავმოყრილი.

თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ სათაური რომელიც ჩემი თანხმობით შევარჩიეთ, ძალიან არ მომწონს იმიტომ, რომ თავად სიტყვა “უმცირესობა” არ მიყვარს. იმიტომ, რომ უმცირესობა არის ძალიან პირობითი ამბავი – ვინ რის მიხედვით არის უმცირესობა და უმრავლესობა.

მაგალითად, აქ შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც ერთსა და იმავე ჟანრის მუსიკას უსმენენ და იყოს უმრავლესობის ჯგუფი, მაგრამ ვიღაც შეიძლება უსმენდეს სხვას და ის აღმოჩნდეს უმცირესობაში. ეთნიკურად ჩემს სამშობლოში ვარ უმრავლესობაში, მაგრამ რელიგიური თვალსაზრისით, ვარ უმცირესობაში. ხაჭაპურის ცხობის თვალსაზრისით ვარ უმცირესობაში ქართველ ქალებს შორის იმიტომ, რომ არ ვიცი ცხობა, მაგრამ ყავის სიყვარულის თვალსაზრისით უმრავლესობაში ვარ და ა.შ. ასე, რომ იმისდა მიხედვით, რანაირად გადააწყობ რეალობას, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი, ასევე იცვლება უმცირესობები და უმრავლესობები ჩვენს საზოგადოებაში.

არ გვიყვარს არც ის, როცა უმცირესობაში აღმოვჩნდებით, და ზოგადად არც უმცირესობების ხალხი გვეხატება გულზე, გულწრფელად რომ ვთქვათ. იმიტომ, რომ უმცირესობაში ყოფნა ნიშნავს იყო უმრავლესობისაგან განსხვავებული, განსხვავებულის მიმართ კი გვაქვს რაღაცნაირი დისტანცირების მომენტი.

მე საბჭოთა პროდუქტი ვარ და მახსოვს რას ნიშნავდა ერთნაირობის სულისკვეთება. მართალია, აქედან რომ ვიყურებით, პიონერების, პარადების სურათებს რომ უყურებთ, ალბათ, თქვენ გეცინებათ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბავშვობაში მეც მიმიღია პირველი მაისის აღლუმში მონაწილეობა და ძალიან ბედნიერი ვიყავი. წარმოიდგინე, ათი წლის ბავშვს მეცვა მოლდოვის ეროვნული კაბა, ყვავილებიანი გვირგვინით, თითო რიგი თითო რესპუბლიკას წარმოადგენდა და მსიამოვნებდა, რომ ვიღაც უცხო ადამიანები იდგნენ ასე ჩემს გვერდით, ჩემთვის უცნობები, მაგრამ ჩემნაირი კაბები ეცვათ, ჩემნაირი ტანსაცმელი ეცვათ და ჩვენ რაღაც ერთ ჯგუფად აღვიქმებოდით, უფრო მეტიც, ეს ერთიანობის განცდა ძალიან მსიამოვნებდა.

განსაკუთრებით კარგად მახსოვს პიონერებში როდესაც მიგვიღეს და ამ თეთრი პერანგებით და წითელი ყელსახვევებით ექსკურსიაზე მზიურში წავედით. დავსხედით კარუსელზე და რომ გავიხედე, სულ ჩემი კლასი იჯდა, ყველას თეთრი პერანგი ეცვა და წითელი ყელსახვევი ეკეთა – ეს ერთნაირობის სასიამოვნო განცდა დღემდე მახსოვს. იმ დღეს ერთი ბავშვი უყელსახვევოდ მოვიდა ანუ პიონერებში ისე მიიღეს, რომ ყელსახვევი არ გაუფსკვნიათ მისთვის, მხოლოდ ის იჯდა თეთრი პერანგით ამ თეთრ-წითელ სურათში და ძალიან ამოვარდნილი იყო ამ მთელი სურათიდან და ეს არ იყო სასიამოვნო ამოვარდნა.

ერთფეროვნება და ერთნაირობა კომფორტის განცდას გვაძლევდა, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით ერთნაირები, ჩვენიანები და ის, ვინც ამ ერთნაირობას და ჩვენიანობას არ ემორჩილებოდა, ისინი იყვნენ უცხო ტიპები, არა ჩვენნაირები. ასე რომ როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, როდესაც მერე ყველაფერი აირ-დაირია, და რაღაცა უცნაური საზოგადოების შენება დავიწყეთ, მესმის რა განცდა იყო, რომ გვინდოდა რაღაც სხვანაირ ერთნაირობაში გაერთიანებულიყო საზოგადოება. ვიღაცეები, რაღაცა ნიშნით უნდა ვყოფილიყავით ერთნაირები იმიტომ, რომ თუ არ ვიქნებოდით ერთნაირები, ყველა არა ჩვენნაირი ქმნიდა საფრთხეს, იქნებოდა ეს ეთნიკურად არაჩვენნაირი, რელიგიურად თუ რასობრივად.

საზოგადოების მოთხოვნა იყო ძალიან კოხტად გაწერილი, ზუსტად, რამდენი წლისას უნდა დაგემთავრებინა სკოლა, რამდენი წლისა უნდა შესულიყავი სკოლაში, რამდენი წლისას უნდა დაგემთავრებინა სკოლა, სკოლის დამთავრების შემდეგ პირველ წელსვე უნდა ჩაგებარებინა და სად უნდა ჩაგებარებინა, რა ასაკში უნდა დაქორწინებულიყავი, დაქორწინებიდან რომ ცხრა თვის შემდეგ პირველი შვილი უნდა გყოლოდა, და ა.შ. ყოველდღიურობამდე დაყვანილი ერთნაირობა არსებობდა, მართალია, რაც უფრო დრო გადის, ეს ერთნაირობა უფრო ინგრევა და უფრო მრავალფეროვანი ხდება, თუმცა, დღესაც შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს ამ კედლების ნგრევა.

ყველა ის, ვინც ამ ერთფეროვნებიდან ამოვარდება, საფრთხის ქვეშ არის თვითონაც, იმიტომ რომ მას საშიშ პიროვნებად აღიქვამენ დანარჩენები. შვილი, რომელიც მშობელს ეტყვის, რომ მე არა იურიდიულზე, არამედ კულინარიულზე ვაბარებ, და მერე მინდა რომ ვიყო მთავარი კულინარი რომელიღაც რესტორანში, ეს არის კატასტროფა ოჯახისთვის, რადგან მათი შვილი ამითი იმ ერთნაირობაში, რომელ სტანდარტებსაც საზოგადოება უწესებს, ვერ ჩაჯდება.

ჩემს ბიჭს ძალიან უნდოდა ყურის გახვრეტა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი შვილი განსხვავებულად გამოიყურებოდეს, უარი ვუთხარით, იმიტომ, რომ ჩვენი ოჯახის იქით არსებობს კიდევ სხვა ოჯახები, რომლებიც შემოგვცქერიან, მაგალითად პაპა-ბებიები, ვიღაცები, რომლებისთვისაც ეს იქნებოდა სერიოზული დარტყმა და გულის გახეთქვა. ამიტომ ვუთხარით, მოდი, ცოტა ხანი ვაცადოთ ამ ხალხს, რომ შეეგუონ ჯერ შენს გრძელ თმას და მერე ვნახოთ, როგორ შეეგუებიან შენს გახვრეტილ ყურს, ესე ყველაფერი ერთბაშად არ დავამხოთ თავზე-მეთქი. რაღაც დონეზე ყველა ვცდილობთ, რომ თან ვიყოთ განსხვავებულები, მაგრამ თან რაღაც დონეზე მშვიდად ვიცხოვროთ ამ ერთნაირობაში ან იმ მოთხოვნებში, რაშიც საზოგადოება გვიწესებს.

როცა ხარ განსხვავებული, და როცა ისეთი ნიშნით ხარ განსხვავებული, რომელიც შენზეა დამოკიდებული და შეგიძლია შეცვალო, როგორც წესი, ადამიანები მარტივად ცვლიან, მაგალითად, ჩემს ეკლესიაში ჩემს ხელში საკვირაო სკოლაში გამოზრდილი გოგო-ბიჭები როგორც კი სტუდენტები ხდებიან, ქრებიან ჩვენი ასპარეზიდან მიუხედავად ძალიან თბილი და ძალიან ახლობლური ურთიერთობისა იმიტომ, რომ იციან საზოგადოების მოთხოვნა სხვანაირია და ეშინიათ, რომ სოციალურ ქსელებში არ მოიწონონ ჩემი სურათი, ან არ მოვნიშნოთ რომელიღაც ფოტოზე, რომელშიც შეიძლება ეკლესიის მსახურების დროს მოხვდა იმიტომ, რომ არ გამოჩნდეს რამე კავშირი განსხვავებულ რელიგიურ ჯგუფთან.

ეს ბავშვები ზოგი იმდენად სერიოზულ დისტანცირებას ახდენენ, რომ მეგობართან ერთად შეიძლება ქუჩაში შეგხვდეს და არ მოგესალმოს, ვიღაცამ არ იეჭვოს, რომ ის არის განსხვავებული. ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად ნაცნობი განცდა, იმდენად ნაცნობი განცდა, რომ ის შიშის ჟრჟოლა, რომელიც ძარღვებში დაგივლის, აი, იმ ბავშვების დანახვაზე მე ისევ მივლის ხოლმე. როდესაც მათი ტოლი ვიყავი და ეკლესიაში მივდიოდი, როცა ქუჩაში ნაცნობი შემხვდებოდა და მკითხავდა, რას აკეთებ წერეთელზე, შენ ხომ ნაძალადევში ცხოვრობო, ვცდილობდი, რომ რაღაც მომეფიქრებინა, მაგალითად, მეგობრების სანახავად მივდივარ, რაც ტყუილიც არ იყო, მაგრამ არც მართალი იყო.

იყო უმცირესობაში, არის ერთგვარი უსიამოვნო და არაკომფორტული განცდა, მაგრამ შეიძლება ეს აქციო შენს პრივილეგიადაც, თუკი ვინმემ რამე შეცვალა ამ სამყაროში, ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც ე.წ მეინსტრიმში არ ჯდებოდნენ და რაღაც განსხვავებულს ფიქრობდნენ, განსხვავებულს ამბობდნენ, ან განსხვავებული ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ.

ჩემთვის, როგორც ღვთისმსახურისათვის, ეს უმცირესობა-უმრავლესობის პრობლემა, კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ, ჯერ ერთი, არითმეტიკა და ანგარიში არ მიყვარს და ის არითმეტიკა, რომელიც ადამიანებს რაღაცნაირად აჯგუფებს, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ის არითმეტიკა, რომელიც ამ სამყაროში მოქმედებს, ძალიან კარგად ჩანს, ჩვენს გამონათქვამებში, მაგალითად, “როგორ შეიძლება ყველა მტყუანი იყოს და შენ იყო მართალი”. ხომ გვაქვს ეს განცდა, რომ როგორ შეიძლება მე ერთი ვიყო მართალი და სულ ყველა ცდებოდეს, ეს არის ის არითმეტიკაა, რომელიც ყველაზე მარტივად მოქმედებს. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ აი ის ადამიანები, რომლებიც ერთები იყვნენ და სხვანაირად ფიქრობდნენ, ყველაზე უფრო ფასეულ სათქმელს ამბობდნენ.

იერემია წინასწარმეტყველს, სხვა წინასწარმეტყველები, მღვდლები, ტაძრის მსახურები, ხალხი განუდგა და ეუბნებოდნენ, რომ შენა ხარ მოღალატე, შენნაირი ადამიანი უნდა ჩაქვავდეს, იმიტომ, რომ შენ ამბობ იმას, რაც განსხვავებულია ყველა დანარჩენისაგან, იერემია ამხელდა თავის ხალხს, ამხელდა ღვთისაგან დაშორებაში და ეს აბსოლუტურად არ ჯდებოდა იმ ყოველდღიურობაში, რომლითაც ტკბებოდნენ სასულიერო პირებიც, საერო პირებიც, ერიც, ბერიც, ყველა აბსოლუტურად, ეს ერთი კაცი იყო, რომელიც განსხვავებულად ლაპარაკობდა, უმცირესობაში იყო.

ერთი იყო იესოც, რომელიც ლაპარაკობდა იმაზე, რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა შაბათისათვის და არა შაბათი ადამიანისთვის, შაბათი არის ყველა ის წეს-წყობა, ყველა ის ლიტურგიული, რელიგიური, იურიდიული, გნებავთ სოციალური დაწერილი თუ დაუწერელი კანონები, რითიც იმართება საზოგადოება. შაბათი იყო ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინება იმისა, რომ ადამიანები ღმერთის საამებლად ცხოვრობდნენ და თუ ვინმე შაბათს არღვევდა, ეს იყო ცხადი ნიშანი იმისა, რომ ეს ადამიანი იყო ღვთის პირიდან გადავარდნილი. სწორედ ამის რღვევა დაიწყო იესომ, ყველას დინების საპირისპიროდ სიარულით და ეუბნებოდა, რომ ეს ყველაფერი სხვა რამისთვის შეიქმნა.

ალუდაც ერთი იყო, ალუდა, რომელიც ჩემთვის არის ყველაზე ძვირფასი პერსონაჟი. ხანდახან მგონია, რომ ეს ადამიანი მართლა ცხოვრობს ჩემს გვერდით, იმიტომ, რომ მაგალითად, როდესაც სამთაწყაროში ინციდენტი მოხდა და ეს ინციდენტი გაგრძელდა ერთი პარასკევი, ორი პარასკევი, სამი პარასკევი და მეოთხე პარასკევს საერთოდ შეუცვივდნენ იმამს ოჯახში, ცოლი უცემეს და სოფელი იყო მივარდნილი მუსლიმი წინამძღვრის კარზე, არ მშველოდა არც ლოცვა, არც სახარების კითხვა, არც ადამიანებთან საუბარი, არაფერი არ მშველოდა, შევედი ჩემი შვილების ოთახში, გამოვურთე ტელევიზორი, დავაკეცინე ყველა ელექტრონული მოწყობილობა, გადმოვიღე და ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე „ალუდა ქეთელაური“. იმან, რომ ნაწარმოებში მომხდარი ამბავი ისე ძალიან ჰგავდა, რაც ამ ქვეყანაში ხდებოდა, ამან რაღაცნაირი შვება მომცა. აქაც იყო აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანი, რომელიც ერთი იყო, უმცირესობა იყო იმ თავის თემში და ის მართალი იყო. მართალი იყო ღვთის თვალში და ადამიანების თვალშიც, წესით მართალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ადამიანებმა ეს სიმართლე ვერ დაინახეს.

ჩემი მოხსენება მარტო უმცირესობა კი არ არის, უმცირესობა უმცირესობაში, ხომ? თანამედროვე ცხოვრებაში, ბევრი რამე შეცვალეს იმ ადამიანებმა, რომლებიც უმცირესობის ჯგუფს წარმოადგენდნენ და ჩემთვის, როგორც ბაპტისტი ღვთისმსახურისათვის, ერთ-ერთი საამაყო ასეთი ადამიანი არის მარტინ ლუთერ კინგი. ადამიანი, რომელიც იყო უმცირესობა თავის საზოგადოებაში და შეცვალა არა მარტო ერთი ქვეყნის ისტორია, არამედ – სამყარო და ადამიანის აღქმა მთელ სამყაროში.

ეს კაცი იყო უმცირესობა თავის უმცირესობაშიც, ეს ის კაცი იყო, რომელსაც პირველივე წამოწყებაზე გვერდში არ დადგომიან შავკანიანი თემის წარმომადგენლები, არც თავისი ეკლესიის წარმომადგენლები, არც თავისი კოლეგები, ერთ-ერთი პირველი ვინც მის გვერდით დადგა, იყო ებრაელი რაბინი. უცნაური პარადოქსია, რომ როდესაც განდიმ დაიწყო თავისი მოღვაწეობა, არც მას ედგნენ გვერდით თავისნაირები, არც რელიგიურად, არც ეთნიკურად. მის გვერდით იდგა ერთი ქრისტიანი პასტორი, რომელიც ინდოეთში მოღვაწეობდა. უმცირესობა რომ რაოდენობის ამბავი არ არის, ეს თუნდაც განდის შემთხვევაში არის ძალიან ცხადი იმიტომ, რომ ეს კაცი თავის ქვეყანაში უმრავლესობას წარმოადგენდა.

როცა რაღაცა ნიშნით ხარ უმცირესობაში და თუ ეს არის არა დამალული – ან როცა ხარ ბაპტისტი ღვთისმსახური და საზოგადოებამ იცის, რომ შენ განსხვავებული ჯგუფის წარმომადგენელი ხარ, გაქვს იმისი განცდა, რომ შენ უნდა იფიქრო შენს ვიწრო თემზე და რაც შეიძლება ხმამაღლა თქვა შენი თემის სატკივარი. ეს კარგიც არის და ცუდიც იმიტომ, რომ მერე იკეტები ადამიანი ერთი წრის პრობლემაში.

ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ როდესაც 2011 წელს მაგალითად რელიგიური თემების რეგისტრაციასთან დაკავშირებით კანონის ცვლილება მოხდა, ცხადი გახდა, რომ ის რელიგიური უმცირესობები, რომლებიც საქართველოში არიან, უმეტესობა ამასთან ეთნიკური უმცირესობაცაა, რაც მათ აქცევს ორმაგ უმცირესობად და მათი ხმა გაცილებით ნაკლებად ჟღერს. აღმოვაჩინე, რომ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეთნიკურად უმრავლესობის წარმომადგენელი ვიყავი, ჩემი ნათქვამები გაცილებით უფრო ხმამაღლა ისმოდა, ვიდრე, მაგალითად, სომხური ეკლესიის ეპისკოპოსის ნათქვამები, ან მუსლიმი თემის ლიდერის, შეიხის ნათქვამები.

გარდა ამისა, ჩვენ ვცხოვრობთ მედიის „მეფობის“ ხანაში, სადაც მედია კარნახობს რაღაცეებს და მედიას ძალიან უყვარს ეგზოტიკური ტიპები და როდესაც აღმოაჩენენ განსხვავებულ, ეგზოტიკურ ადამიანს, იმას ეჭიდებიან. მსგავსი “ეგზოტიკური მოვლენა“ აღმოაჩინა მედიამ რუსუდან გოცირიძის სახით, რომელიც არის ბაპტისტი, არის ქალი და თან ეპისკოპოსი. ჩემი უმცირესობაში ყოფნა, რომელიც ძალიან ხშირად იყო ჩემთვის დაბრკოლება, იქცა რაღაცა კარების გასაღებად, უცებ იქცა სერიოზულ პლატფორმად.

ხშირად მიფიქრია მე რომ ვყოფილიყავი კაცი, ბაპტისტი ღვთისმსახური შეიძლება ჩემი გვარ-სახელი არავის გაეგო, თუნდაც თავი გამეგიჟებინა იმავე რამის თქმით, რასაც ახლა ვამბობ. ან მე რომ ვყოფილიყავი ქალი, მაგრამ ვყოფილიყავი მართლმადიდებელი, ვყოფილიყავი ძალიან აქტიური და ძალიან ხმამაღლა გამეჟღერებინა ის ფასეულობები, რასაც ახლა ვაჟღერებ, შეიძლება ძალიან ცოტა ვინმეს გაეგო ჩემი ნათქვამი. ისევე როგორც, ძალიან ბევრი ძვირფასი ადამიანის ნათქვამი არ ისმის ხოლმე ხმამაღლა.

ხანდახან ის, რომ ხარ უმცირესობა და ხარ უმცირესობაში უმცირესობა, შეიძლება ამან გაცილებით უფრო ხმამაღალი სათქმელის საშუალება მოგცეს. ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა. ჩემს შემთხვევაში ძალიან ხშირად სწორედ იმის გამო, რომ ვარ უმცირესობა უმცირესობაში, ამიტომ ვარ საინტერესო და ამიტომ დაინტერესდა მაგალითად, თქვენი აუდიტორიაც რუსუდანით. ამის გამო ინტერესდებიან ხოლმე ჟურნალისტებიც.

როდესაც მოდიან ჩვენს ეკლესიაში და ვეუბნები, მე არა ვარ, მაგრამ არიან ჩვენი ღვთისმსახურები, რომელსაც შეუძლიათ პასუხი გაგცენ ჩვენი ეკლესიის მიდგომებთან დაკავშირებით, ჟურნალისტს ურჩევნია რომ ვიღაც „უცნაური“ ადამიანი ჰყავდეს ეკრანზე, ეს პოზიტიურად წარმოაჩენს ჩემს თემს თუ ნეგატიურად, ეს სხვა სათქმელია.

ყოფილა ისეთი შეხვედრებიც, არამარტო საქართველოში, სადაც ერთადერთი ქალი ვმჯდარვარ. ხშირად ასეთი კურიოზული მისალმება ყოფილა – dear lady and gentlemen, იმიტომ, რომ ერთადერთი ქალი ვყოფილვარ და ladies თქმას აზრი არ ჰქონდა. ასეთი სიტუაცია ძალიან ხშირადაა. პირველი განწყობა არის ისეთი, რომ ეს არის ქალი, რომელიც უნდა აქ იჯდეს. არ ვიცი, რატომ ზის, მაგრამ იჯდეს. შეიძლება რაღაც დონეზე შენი სათქმელის თქმისათვის სერიოზული ნაბიჯების გადადგმა დაგჭირდეს იმიტომ, რომ უმცირესობა ხარ უმცირესობაში.

ხანდახან ეს ძალიან კარგად ჩანს ხოლმე ძალიან ვიწრო წრეშიც კი, მაგალითად, როდესაც ჩვენი ეკლესიის ღვთისმსახურები ვსხედვართ, რაღაცაზე ვმსჯელობთ. როგორც წესი, ერთადერთი ქალი ვზივარ ხოლმე. როდესაც უნდა შევისვენოთ, ჩაი ან ყავა დავლიოთ, მაშინვე ვიქცევი ხოლმე ქალად, ქალი რას აკეთებს, უნდა ჩაი დაასხას, ყავა დადგას. მაგრამ მერე, რაღაც ეტაპზე ვიფიქრე, რატომ წამოვხტები ხოლმე, ხომ შეგიძლია იჯდე, სულ ყველანი ვართ კოლეგები, ყველას ერთნაირად მოგვშივდა, ყველანი დაღლილები ვართ, ყველას სკამიდან კარადამდე ერთი და იგივე მანძილია, ყავის მოდუღება არ არის ბიოლოგიურად შეუძლებელი არც ერთი ჩვენგანისათვის, მაგრამ ვფიქრობ თუ ზიხარ და ელოდები როდის მოადუღებენ ყავას ან სხვა დაგისხამს ჩაის ან ჩაგიყრის შაქარს, მაშ რიღასი ღვთისმსახური ხარ, ღვთისმსახურება ხომ ის არის, რომ შენ უნდა იყო სხვისთვის დამხმარე, სხვისთვის მშველელი და ვინც უფრო პირველი წამოხტება ჩაის მოსადუღებლად, წესით ეს უნდა იყოს ყველაზე ძვირფასი ფასეულობა და აქ სულ ყოველთვის ორჭოფობაა, ახლა მე რომ წამოვხტე, წამოვხტები როგორც ქალი თუ როგორც ღვთისმსახური, ვინა ვარ ახლა მე, ვარ კარგი ღვთისმსახური თუ ვარ ის ქალი, რომელსაც ჩვეულებრივად ეს ევალება და ამას გააკეთებს?

დიდი ხუთშაბათობის დროს ჩვენ გვაქვს ხოლმე ფეხბანის რიტუალი და ყოველ წელს ერთ-ერთი ღვთისმსახური, რომელიც მთავარი მწირველი არის ხოლმე ის ბანს ფეხს 12 ადამიანს. 12 სხვადასხვა ტიპის ადამიანს ვარჩევთ ზოგი ღვთისმსახურია, ზოგი არის მაგალითად ბავშვები, ქალები. ერთ-ერთ წელს მე მხვდა წილად პატივი, რომ მთავარი მწირველი ვყოფილიყავი და ფეხთბანა მე შემესრულებინა. ზოგმა მითხრა, რომ ეს იყო სრულიად საოცარი რამ იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ვხედავდით, როგორ აღასრულებდა ქალი ღვთისმსახურის ყველაზე ლიტურგიულ მომენტს, მაგრამ ვიღაცეებმა მითხრეს, რომ ეს იყო სრულიად მიუღებელი იმიტომ, რომ ამით შენ აჩვენე ის, რაზეც ზოგადად ლაპარაკობს კულტურა, რომ ქალის მთავარი ფუნქცია არის ბანოს ფეხი სხვებს: ქალებს, კაცებს, მამამთილებს, დედამთილებს, ესეც ხომ ჩვენს ტრადიციებშია.

ეს დილემა ყოველთვის დგას ხოლმე, მე რომ რამეს ვაკეთებ, ვაკეთებ როგორც ღვთისმსახური თუ ვაკეთებ, როგორც ქალი. ან, როდესაც სადღაც ვარ და მე მომიჩენენ ხოლმე არასაპატიო ადგილს და მე იქ ვარ ხოლმე, როგორც ჩემი ეკლესიის წარმომადგენელი, მე ვინა ვარ მაშინ, მე ვარ მაშინ ქრისტიანი, რომლისთვისაც პატივი უნდა იყოს, რომ არის ბოლოში იმიტომ, რომ ის ვინც ბოლოშია, იქნება წინ. თუ მე ვარ მაშინ ჩემი ეკლესიის წარმომადგენელი და თუ მე უკან მომიჩენენ ადგილს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი ეკლესია არის სადღაც მეათე ხარისხოვანად მიჩნეული და მე უნდა ავდგე და დავაფიქსირო ეს და ვთქვა, რომ ჩემი ადგილი აქ კი არ არის, ჩემი ადგილი უნდა იყოს ამის, ამის, ამის და ამის გვერდით იმიტომ, რომ თუ ეს ქვეყანა არის დემოკრატიული ქვეყანა, თუ ეს ქვეყანა არის რაღაც ძირეულ ფასეულობებზე აწყობილი ქვეყანა, მაშინ ჩემი ადგილი უნდა იყოს ამ ღვთისმსახურის, ამ ღვთისმსახურის, ამის და ამის გვერდით.

ძნელია, იყო უმცირესობა უმცირესობაში. იმიტომ, რომ ეს როლები სულ თამაშობს. სად, რომელ როლში დგახარ ამ საზოგადოებაში არის ძალიან რთული გასარკვევი. პირველი მესიჯი რა არის სათქმელი შენთვის, პირველი მესიჯი ის არის შენთვის, რომ შენ ხარ ქრისტიანი, თუ პირველი მესიჯი ის არის, რომ შენ ხარ ქალი, თუ პირველი მესიჯი ის არის, რომ შენ ხარ უმცირესობის დენომინაციის წარმომადგენელი. ამდენად არცთუ ისე მარტივად გადის ზღვარი ამ ყველაფერს შორის.

მაგალითად, როდესაც მეკითხებიან როგორ მოგმართოთ? მოგმართოთ, როგორც მეუფე რუსუდან, ქალბატონო რუსუდან თუ რუსიკო, თუ რუსო, თუ რუსა, თუ „ჰეი, შენ“. მე როგორ უნდა ვუპასუხო, უნდა ვუთხრა მომმართე მეუფე რუსუდან იმიტომ, რომ ამით ჩემი ეკლესიის ადგილი დავაფიქსირო, მაგრამ აქ მეც ვარ. ჩემთვის უფრო კომფორტული იქნება, თუ ვინმე მომმართავს რუსუდანით და არა მეუფე რუსუდანით, მაგრამ რაღაც მომენტში მიწევს ამის მოთხოვნა, რომ მე ვარ მეუფე რუსუდანი იმიტომ, რომ მე ვარ ჩემი ეკლესიის წარმომადგენელი და მე თუ რუსათი მომმართავენ ჩემ მიმართ კი არ არის ასეთი განწყობა, ეს არის ჩემი ეკლესიის მიმართ. ასე რომ, ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, ჩემთვის ეს არის ყოველდღიური არჩევნის კეთება, ვინ ვარ, სად ვარ და რა ვარ. დღეს, რომ აქ მოვდიოდი, ვფიქრობდი და განსაკუთრებით იმის გამო, რომ ამ თემაზე უნდა მელაპარაკა, ვფიქრობდი, ანაფორით წავიდე? მაშინ ვიქნები ძალიან მეინსტრიმული, არადა ქალი ვარ ღვთისმსახური და ანაფორიანი ქალი ღვთისმსახური არ არის მეინსტრიმული, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ეს ბარიერიც დამენგრია და მოვსულიყავი ასეთი სამოქალაქო ფორმით. რომ აი ეს, უმცირესობა უმრავლესობის, საზოგადოებისაგან მოთხოვნის მომენტები რაღაც ცოტა სხვა ჭრილიდან დამენახა. იმედია, ძალიან არ შეგაბეზრეთ თავი სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა, დიდი მადლობა!

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s