მე საზოგადოებაში

ავტორი: ნინი სანაძე

თანასწორობის ინსტიტუტის აუცილებლობაზე ისევ დავობენ. ძირითადად გავლენიან საზოგადოებრივ ჯგუფებში. დავის მიზეზი არა უშუალოდ თანასწორობის არსი, არამედ ძალაუფლებრივი სტატუსის შესუსტების შიშია.

ახალ საგანზე, ,,მე და საზოგადოებაზე“ უნდა ვისაუბრო, ცოტა დაგვიანებით, მაგრამ მაინც საგნის სწავლება თბილისის სკოლებში 2015 წლის სექტემრიდან უნდა დაწყებულიყო. ძირითადი მიზანი ახალგაზრდებში პიროვნული მახასიათებლების განვითარება და მნიშვნელოვან ღირებულებებზე ცოდნის ამაღლება გახლავთ, რაც თავისთავად საწინდარი იქნება იმისა, რომ ბავშვები ადრეული ასაკიდანვე დაფიქრდებიან საკუთარ როლზე სოციუმში და შეძლებენ თავის უკეთ დამკვიდრებას იმ კონკრეტულ გარემოში, სადაც ყოფნა მათთვის უფრო მოსახერხებელი და კომფორტულია. ეს ნამდვილად იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დასავლური ღირებულებების შესისხლხორცების მცდელობათა ამ ფრიად რთულ და ტანჯულ გზაზე.

მე და საზოგადოებათუმცაღა, სკოლებში საგნის დანერგვის პროცესი გაჭიანურდა – ქართველები რის ქართველები ვიქნებოდით დასავლური ღირებულებების მორიგ, მცირეოდენ გაფაჩუნებას ურაპატრიოტული შეძახილები არ დახვედროდა წინაღობად. საგნის შესახებ საჯარო განხილვების მოწყობა მოითხოვა წმინდა სინოდმა, „დემოგრაფიული ფონდის განვითარების“ პრეზიდენტმა ლევან ვასაძემ კი განაცხადა, რომ საგნის სწავლება ოჯახის სიწმინდეს უთხრის საფუძველს, ოჯახური ძალადობის გამოაშკარავებისკენ მოუწოდებს ახალგაზრდებს და ისეთ ტერმინებს აჩვევს ადრეული ასაკიდან, როგორიცაა ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და თანასწორობაო. დასანანია, რომ ,,რაინდებს’’ უჭირთ განსხვავების დანახვა ,,ოჯახური კონფლიქტების გასაჯაროებასა’’ და ოჯახში ძალადობის შესახებ პატარების ინფორმირებას შორის (რამეთუ საგანი რეალურად სწორედ ამ უკანასკნელ იდეას ემსახურება) უფრო სწორად, გულახდილად რომ ვთქვათ, მათთვის არახელსაყრელია ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოების ჩამოყალიბება, რადგან, როგორც ზემოთ ითქვა, მსგავსი რამ პირდაპირ ასოცირდება ,,მავანთა’’ ძალაუფლების ბერკეტების შესუსტებასა, და შესაბამისად, ჯიბეების შეთხელებასთან.

თითქოსდა უკვე ყბადაღებული თემაა ლიბერალური ფასეულობებისა და ფსევდო-ნაციონალური იდეოლოგიის ურთიერთჭიდილი, მაგრამ რეალურად ბევრი არაფერი იცვლება. საზოგადოების უდიდესი ნაწილი ინტელექტუალურ სიბნელეში ცხოვრებას ისევ ეროვნული მოტივების პატივისცემად აღიქვამს.

მაშ როდემდე უნდა ვისაუბროთ, როდემდე უნდა ვწეროთ?

იქამდე, სანამ სიტუაცია არსებითად არ შეიცვლება,

იქამდე, სანამ ხალხისთვის ბუნებრივ მოვლენად არ გადაიქცევა ელემენტარულ კონსტიტუციურ, ადამიანურ ღირებულებათა პრაქტიკული გაანალიზება

იქამდე, სანამ ჩვენი ცნობიერი ბოლომდე არ გაიაზრებს, რომ ლიბერალური ღირებულებები სულაც არ არის ეროვნული სულისკვეთების უშუალო მტერი.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევე როგორც ,,მე და საზოგადოების’’ დანერგვა სკოლებში, ასევე სხვა, მრავალ კეთილ საქმეთა განხორციელება, უსაზღვრო დროით გადაიწევს შორეულ მომავალში.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s