“უცხოს” ბარიერი

ავტორი: ნარმინა გუსეინოვა

 

დედაჩემის სოფელში რომ ჩახვიდეთ, რომელიც მარნეულში მდებარეობს, ტიპურ აზერბაიჯანულ სოფელში აღმოჩნდებით და წამიერად დაგავიწყდებათ ის ფაქტი, რომ საქართველოში იმყოფებით. დაკრძალვა, ქორწილი, სტუმრობა და თემის სხვა ღონისძიებები ადგილობრივი ეთნოსის – აზერბაიჯანელების კულტურიდან გამომდინარე ხორციელდება.

ეთნიკური რუკაეს თვითმყოფადობის შენარჩუნებაა თუ „ინტეგრაციის“ არასწორი მიმართულება?

უკანასკნელს ინტეგრაციას დავარქმევთ თუ მხარეთა ტოლერანტულ და მშვიდობიან თანაარსებობას, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ზოგს სიტყვა „ინტეგრაცია“ არ მოსწონს ასიმილაციაში ერევა და ჰგონია, ეს არის კულტურული თუ ეროვნული იდენტობის დაკარგვა და აღრევა სხვა, დომინანტ კულტურაში. მე კი ვთვლი, რომ შუალედიც არსებობს, შეინარჩუნო შენი და მიიღო სხვაც.

ზოგადად, ჩემი გადმოსახედიდან, არსებობს ბარიერის ორი ძირითადი სახე, რომელთა გადალახვაც უჭირთ ორივე მხარის წარმომადგენლებს – ეთნიკურად ქართველებსაც და არაქართველებსაც.

ავიღოთ ცნება „მოქალაქეობა“ და განვსაზღვროთ, რა შინაგანი და გარეგანი ბარიერები შეიძლება, გააჩნდეს მას:

ჩემთვის მოქალაქეობა არის ქვეყნის „მშენებლობაში“ აქტიური ჩართულობა, რომელიც გამოიხატება არჩევნებზე ხმის მიცემაში, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ინფრომირებულობაში, კონკრეტულ კანონპროექტზე საკუთარი აზრის ქონა/დაფიქსირებაში, სახელმწიფო ენის ცოდნასა და სხვა მრავალ აქტივობებში.

იმ შემთხვევში, თუკი ადამიანი არ არის ისეთი მოქალაქე, რომელზეც ზემოთ გავამახვილე ყურადღება, იმ მიზეზით, რომ მას უბრალოდ არ აინტერესებს ან არ თვლის საჭიროდ, მსგავსი აქტივობები განახორციელოს, საქმე გვაქვს შინაგან ბარიერთან. ასეთმა ადამიანმა/მოქალაქემ ჯერ შინაგანად უნდა დაძლიოს უინტერესობისა და „რა ჩემი საქმეას“ ბარიერი და მხოლოდ შემდეგ თუ მოახერხებს ჩართულობას. სიტუაციის სიმძაფრე ერთნაირია როგორც ქართველის, ასევე აზერბაიჯანელის თუ სხვა ეთნიკურად არაქართველის შემთხვევაში. თუკი ქართველიც არ გამოირჩევა მოქალაქეობრივი აქტიურობით, მაშინ მასაც გააჩნია შინაგანი ბარიერი და არც მას შეგვიძლია, ვუწოდოთ „მოქალაქე“, მიუხედავად იმისა, რომ ქართველია. თუ ეს სიტუაცია ეხება არაქართველს, მაგალითად, აზერბაიჯანელს, იგი აზერბაიჯანშიც რომ ცხოვრობდეს, მაინც ექნება მსგავს ბარიერთან საქმე, რადგან აქ არაფერ შუაშია მისი ეროვნება ან სახელმწიფო. ეს არის მისი შინაგანი ბარიერი და მხოლოდ საკუთარი ინიციატივით თუ შეძლებს გადალახვას.

გარეგანი ბარიერი შეიძლება იყოს სახელმწიფოს ნაკლები ან სუსტი მექანიზმები. მაგალითად, თუ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ეთნიკურად არაქართველ მოქალაქეს სურს გაეცნოს ქართულ ლიტერატურას, მაგრამ სოფელში არ არსებობს ბიბლიოთეკა ან არსებობს და მოსახლეობას არ შეუძლია გამოყენება, ეს არის გარეგანი ბარიერი, რომელიც ჩვენზე არ არის დამოკიდებული.

ბევრი ბარიერის ჩამოთვლაა შესაძლებელი, როგორც შინაგანი, ასევე გარეგანის და მათ შორის ყველაზე გადაულახავად შეგიძლიათ რომელიმე თქვენთვის მნიშვნელოვანი დაასახელოთ. ჩემთვის კი ყველაზე დიდი ბარიერი შინაგანია – ეს არის „უცხო“.

„უცხოს“ ბარიერს ვუწოდებ ადამიანთა აზრს, რომლის თანახმადაც ეს პიროვნება მიუღებელი და უცხოა ადამიანთა კონკრეტული ჯგუფისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სანამ ვიტყვით, რომ „ის ქართველია და მე მას ვერასდროს შევეგუები, რადგან ის ჩემგან ძალიან განსხვავებულია“, „მე ვცხოვრობ უცხო ქვეყანაში და აქ რა უნდა გავაკეთო“, „აზერბაიჯანელის სამშობლო აზერბაიჯანია და მას როგორ შეიძლება, საქართველო და ჩვენ, ქართველები ვუყვარდეთ“ და ა.შ., ყოველთვის საქმე გვექნება გადაულახავ ბარიერთან.

ჩემი აზრით, „უცხოს“ ბარიერი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შინაგანი ბარიერია, რომელიც სხვა დანარჩენ პრობლემებსა თუ ბარიერებს იწვევს; კერძოდ, ამის შემდეგ ადამიანი არ ცდილობს, ისწავლოს ქართული ენა და ჩნდება ენობრივი ბარიერი, არ უყურებს ქართულ არხებს და ჩნდება ინფორმაციული ბარიერი, და ა.შ.

სანამ აღნიშნული ბარიერი შინაგანად არ გადალახა ადამიანმა, რაც არ უნდა ბევრი ქართველი მასწავლებელი ჩავიდეს სოფლებში ქართული ენის სასწავლებლად, ადგილობრივი მოსახლეობა ენის სწავლის სურვილსაც კი არ გამოიჩენს (ეს ეხება არა ყველას, არამედ მათ, ვისაც ეს ბარიერი გააჩნია).

„უცხოს“ ბარიერის გადასალახად ორივე მხარეს სჭირდება იმის გააზრება, რომ ეს არ მოიტანს კარგს რომელიმე მხარისთვის, რადგან ისინი ერთ ქვეყანაში ცხოვრობენ და მათი დაქუცმაცებულობა მხოლოდ შინაგან დაძაბულობას გამოიწვევს და არ მისცემს ქვეყანას ჰარმონიული განვითარების საშუალებას.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s