მომდურნ-მოამაყენი

ავტორი: სალომე აფციაური

ისინი იღვიძებენ კონკრეტული მიზნით-ფული იშოვონ. მათ ხომ ოჯახი ჰყავთ გამოსაკვები, შვილებისთვის აქვთ ტანისამოსი საყიდელი, ვალები-გასასტუმრებელი, საყოფაცხოვრებო ნივთები-შესაძენი… ზოგიერთისთვის დედამიწის მკვიდრობა ისეთი რთულია, თავს უფლებასაც კი არ აძლევენ სხვა, უფრო დიდი სურვილები იქონიონ, უფრო მაღალი მოთხოვნები ჰქონდეთ,უფრო მეტი კომფორტი შეიქმნან. ზოგს მწირი განათლება უშლის ხელს დასაქმებაში, ზოგს არ უმართლებს,ზოგი ნეპოტიზმის ზვარაკია,ზოგის ქონება თავაშვებულ ცხოვრებას შეეწირა, ზოგისა – ჯანმრთელობას. ფაქტი კი ისაა, რომ ადამიანებს აკლიათ ფინანსები ელემენტარული რამეებისთვის.
ისინი წელებზე ფეხს იდგამენ, კანს იტყავებენ, ითმენენ უფროსის „ხუშტურებს“, აკეთებენ ერთი და იმავე მონოტონურ საქმეებს, რომ სახლში, ჯიბე(ოდნავ)სავსენი დაბრუნდნენ.

ასეთი ხალხისთვის სახელმწიფო ისეთივე ფერის გამხდარა, როგორიც მათივე გაუ(სა)რემონტებელი, ანდა ღუმლით გაჭვარტლული სახლია, ისეთი ეჩვენებათ ხელისუფლები, როგორადაც თავის უფროსს ხედავენ, ისეთი უსამართლო ჩანს ყოველი, როგორც მათი ცხოვრება, ჯიბრში რომ ჩადგომიათ და ამოსუნთქვის დროსაც არ აძლევს, არამედ წურწურით ოფლს ადენინებს და ჭირვეულად უყვირის: „მემსახურე, მემსახურე!“

tumblr_ngwbafu1Lc1qd8tjxo1_1280რა გასაკვირია ასეთი ადამიანები თუ სამდურავ სიტყვებს არ დაიშურებენ ქვეყნისთვის, რა გასაკვირია თავის უბედობას თუ მმართველ პარტიას ან რომელიმე პოლიტიკურ პირს დააბრალებენ მაშინ, როდესაც არ ძალულთ ხმა აიმაღლონ საკუთარი უფროსის წინაშე. ისინი დაუფარავად ლანძღავენ ქვეყანას, თვლიან, რომ ბედმა უმუხთლათ აქ რომ გაჩნდნენ, ძალაგამოლეულნი იმედსაც კარგავენ და ამოიგმინავენ -ა მ ქვეყანას არაფერი ეშველებაო. მე ხშირად მგონია, რომ ქვეყანა თითოეული ადამიანისთვის საკუთარ პირად სივრცეს, მატერიალურ მდგომარეობას, ბედნიერებას თუ უბედობას უდრის.

ადამიანების ბუნებრივი მოთხოვნილება განტვირთვაცაა. მათ შეუძლიათ თვეობით იმუშაონ, თეთრს თეთრი დაამატონ, ხელის კანკალით გადათვალონ რამდენი დახარჯეს და მომდევნო დღისთვის ხარჯების შემცირებას ეცადონ. ბოლოს ეს გადაქანცული, თვალებგამოღამებული ადამიანები სუფრას მიუსხდებიან, მათ თვეობით ნაგროვებ-ნალოლიავებ ასიგნაციებს რომელიმე კაფე-რესტორნის მიმტანს ჩააბარებენ, ბოლო თეთრამდე გაიხარჯებიან განცხადებით: “მეყო! მეც ხომ ვიმსახურებ ადამიანურ დასვენებას და მოლხენას.“ უმალ გაიხსენებენ სადღეგრძელოებს, არც მათ თანამიმდევრობას აურევენ და არც ტრადიციული სუფრის წეს-ჩვეულებებს უღალატებენ. აი აქ, ჭირგამომვლილ ლხინში გაეხსნებათ მეხსიერების დახშული კარი და გაიხსენებენ რუსთაველს, შესვამენ ქართლის დედისას, ყველა ქვეყნისთვის ომში დაღუპულისას და პატივსაც მიაგებენ დუმილით. ქალებს დალოცავენ, ვაჟკაცობას შეუქებენ ერთურთს, ძმობასაც აღუთქვამენ. ღვინის ქება-დიდებასაც მოჰქყებიან და ქართული კერძეულისასაც. მაშინ, შემთვრალნი, ალკოჰოლით გაჟღენთლ-მოლხენილნი, ჭეშმარიტად იამაყებენ ,რომ ქართველები არიან. რომელ მათგანს დასცდება ამ დროს სამდურავი, მაწყენარი სიტყვა ქვეყნის წინაშე.

და როცა ყველაფერი ღრეობაში გადაინაცვლებს და სასმელი მარგებლობის ლიმიტს დიდი მანძილით გადააჭარბებს, მაშინ გახდება ყველა თავისი თავი, დაღლილი, გაღიზიანებული და ყველა დაცლის თავს აგრესიაში, გინებაში, მუშტებში, და ეს სიტყვები, თუნდაც თანამესუფრის მიმართ ნათქვამნი, იქნება შრომით დაღლილი ადამიანების გვიანი რეაქცია, გაბრძოლება, და ძალის დემონსტრირება, სადღაც, სხვაგან. მერე რა, რომ არა სამსახურში. მერე რა, რომ არა უსამართლობის შემაცქერლობის ჟამს. მერე რა, რომ გვიან და არასწორ ადგილას. მთავარი, ნეგატიური ენერგიისგან თავის დახსნაა, ყველა აზრის გათიშვა-„რა მელის ხვალ“, „რა დამიშავდება ახლა“,“სწორად ვიქცევი თუ არა“. ისინი უბრალოდ ყველაფერს ამოანთხევენ და მომდევნო დილით, მწოლიარენი, თავის ტკივილში გაბრუებულნი ამაოდ ეცდებიან წინა ღამის ამბების გახსენებას. ვინც ვერ გაიხსენებს, მომხდარს სხვებს გადააბრალებს, ხოლო ვინც ფრაგმენტებს მაინც აღიდგენს, ეცდება დაივიწყოს, გონების ბნელ კუნჭულში, საგულდაგულოდ გამოკეტოს ყოველი და თვალებჩაწითლებული აკანკალებული ხელით მოსვამს მინერალურ წყალს.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s