Bonjour tristesse… სალამი, სევდავ… დედამიწაზე

ავტორი: თამუნა ჯიბუტი

თბილისში შუაღამეს გადასცდა უკვე, 14 ნოემბერი დაიწყო. მე სახლს ვალაგებ, მთელი დღის დაღლილი ფეხზე ძლივს ვდგავარ, მაგრამ დილით ქალაქგარეთ მივდივარ და ასეთი ჩვევა მაქვს – სახლი დალაგებული უნდა დავტოვო. ტელევიზორში უცხოური არხიდან ისმის, რომ პარიზში ტერაქტი მოხდა, ბუნდოვნად მესმის რამდენი ადამიანი დაიჭრა, ჟურნალისტი ამბობს, 11 სექტემბრის მერე ყველაზე დიდი ტრაგედიააო. მე ყურადღებას არ ვაქცევ, „ჟურნალისტები სულ რაღაცას აბუქებენ“, ტელევიზორს ვრთავ და საწოლისკენ მივლასლასებ, ერთი აზრი კი გამკრავს ძილის წინ: ვინ იცის ახლა ვის რა უჭირს, მე კიდევ არც არაფერი მადარდებს-მეთქი.

12208830_192156714452561_767307380708121074_nდილით მატარებელზე დაგვიანებას გადავრჩი, wi-fi-ის ვიჭერ და მიხარია. „ფეისბუკზე“ შევდივარ და იქ საშინელება მხვდება, ჟურნალისტი არ აზვიადებდა… პირველი რაზეც მეფიქრება ისაა, როგორ შეცვალა „ფეისბუკმა“ ადამიანთა ცხოვრება, უშუალო მოვლენიდან ათასობით კილომეტრდაშორებულებიც კი ამბის მონაწილეები ვხდებით, ყველა რაღაცას აზიარებს, ყველა თავის აზრს გამოთქვამს, ცდილობენ სოლიდარობა, თანაგრძნობა გამოხატონ… ერთი წერს ჩვენ „დაგვერხევა“ ვიზა ლიბერალიზაციაზეო, მეორე იმაზე მსჯელობს, რა საფრთხეები ჰქონდა ევროპაში ლტოლვილების შეშვებას, მესამე ყველაფერს პუტინს აბრალებს, ვიღაც ამბობს, ამერიკა აფინანსებს ISIS-ისო… ისლამი ძალადობას არ ქადაგებსო… ყველა რელიგია ასაკრძალიაო… მთავარია, არ შეგვეშინდესო…

მე კიდევ ვგრძნობ, მეშინია. მაგისტრატურის საფრანგეთში გაგრძელებას ვფიქრობდი, უცებ კი ისეთი განცდა მაქვს, რომ საერთოდ ვეღარასოდეს შევძლებ პარიზში ჩასვლას… ვხვდები თუ რამდენად მეტად ეშინიათ ახლა იქ ადამიანებს, როგორი თავზარდაცემულები, გაოგნებულები არიან.

მერე ჩემი საქმეებით ვარ დაკავებული. საღამოს მთელი „ფეისბუკი“ საფრანგეთის დროშების ფერებში მხვდება. ბევრი ხომ თითქოს არაფერი, მაგრამ ასეთ მცირე მხარდაჭერასაც კი ადამიანებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთგან ვნახულობ, ბეირუთშიც მომხდარა ტერაქტი. ძალიან ბევრი პოსტავს, აქამდე სად იყავითო, ახლო აღმოსავლეთში რომ ხალხი იღუპება, იმაზე რატომ არავინ არაფერს ამბობსო. ჩემს ერთ მეგობარს ვეკამათები, რამხელა პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს პარიზის ტერაქტს, დიახაც, გაცილებით დიდი ვიდრე ბეირუთისას, თორემ ადამიანის სიცოცხლე როგორ უნდა შეადარო მეორისას, ან დაღუპულთა რაოდენობა ერთმანეთს.
მერე ვჩუმდები. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ჩვენს მთელ ამ ექსპერტობა-მსჯელობას აზრი არ აქვს, მაგრამ, ასე, საერთოდ არც არაფერს აქვს აზრი, ისევ, სჯობს ვიკამათოთ, ვილაპარაკოთ, შეცდომებით, უზუსტობებით, მაგრამ მაინც. მივხვდეთ, რომ ჩვენც მსოფლიოს ნაწილი ვართ, რომ ყველა ერთმანეთთან ვართ დაკავშირებული.

მთავარი, რაც ამბავმა უნდა გვასწავლოს, ალბათ, სწორედ ესაა – ომი სადღაც შორს კი არაა, ჩვენც მისი მონაწილეები ვართ. ევროპაც ვეღარ გააგრძელებს წაყრუებას – არ გამოდის ასე, „ველურ“ აღმოსავლეთში საშინელებები ხდებოდეს, განვითარებულ დასავლეთში კი მშვიდობა იყოს, ყველა საფრთხეშია, ყველას პასუხისმგებლობა აქვს. და რაც უფრო განვითარებული ხარ, რაც უფრო ძლიერი სახელმწიფო გქვია, მეტია შენი პასუხისმგებლობაც – ძალაუფლების პროპორციული.

ერთმა მეგობარმა დაპოსტა ფრაზა ჩემი საყვარელი სპექტაკლიდან „ტროელი ქალები“ – გლოვაზე როგორ უნდა ილაპარაკოო… მეც რა უნდა ვთქვა დაღუპულებზე, ტკივილს ან გრძნობ, ან – ვერა, დანარჩენი ყველაფერი ფარისევლობაა.

გვიან ვწერ ამ ბლოგს და სათაურზე ვფიქრობ. ერთი ფრანგული წიგნი გამახსენდა უცებ, „სალამი, სევდავ“. სალამი, სევდავ… სალამი, საფრანგეთო… მერე ბეირუთი მახსენდება. იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა იყო. საერთოდაც, აგერ საქართველოში, ჩემ გვერდით იტანჯებიან ადამიანები. ამიტომ უბრალოდ ვბეჭდავ: „სალამი, სევდავ… დედამიწაზე“…

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s