უნივერსიტეტი ჩვენია

tsu_16895   ავტორი: ნანუკა მეშველაშვილი 

ჩემი სამზარეულოს ზომის ოთახი, რომელსაც დღემდე ჯიუტად აუდიტორიას ეძახიან, 1 ტრიბუნა, 6 მაგიდა, 30 სტუდენტი და 70-დან 80 წლამდე ასაკის ინგლისური ენის ლექტორი, რომელიც რუსული აქცენტით მოგვესალმა – პირველი დღე და პირველი ლექცია უნივერსიტეტში.

პედაგოგი თავდაპირველად ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ჩვენი ქულებით დაინტერესდა და „დავაი ნაპიშიწე ვაში აცენკიო“ გვთხოვა. დონის დასადგენი ამ ტესტის შემდეგ მაინც ყველანი ერთ ჯგუფში დავრჩით. მთელი წლის განმავლობაში სკოლის მსგავსად, ვაბარებდით ინგლისურ სიტყვებს, ტექსტებს, დავალებებს – არც ის იშურებდა „მალაძეცსა“ და „უმნიცას“.

შემდეგი ლექცია უკვე უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის 048-ე აუდიტორიაში ტარდებოდა. ნულ სართულზე ჩასულს, კორიდორში მისტიკური სიჩუმე, ნესტის სუნი და ძველი, დაზიანებული ინვენტარი დამხვდა. ღრმად დარწმუნებული, რომ სარდაფში აღმოვჩნდი, უკან გავბრუნდი. იქამდე ვერ ვიჯერებდი, რომ ლექცია ამ სართულზე მიტარდებოდა, სანამ დაცვის თანამშრომელმა თავად არ მიმიყვანა აუდიტორიის კარამდე.

მთავარი ჯერ წინ იყო – შემდეგ ლექციას არც მეტი, არც ნაკლები მესამე კორპუსში უნდა დავსწრებოდი. დაახლოებით 15-წუთიანი ძებნის შემდეგ როგორც იქნა ვიპოვე რკინის ჭიშკარი, რომლის დანახვისთანავე ბავშვობა და დიდი ბებო, ელისო გამახსენდა. ელისო ბებოს ეზოსაც სწორედ ასეთი ჭიშკარი აქვს, თიანეთში. „ნაცნობი“ ჭიშკრის შემდეგ, ჩემს სკოლაზე ბევრად პატარა, ძალიან ძველ შენობაში შევედი, სადაც თანამედროვეობის კვალი მხოლოდ ოთახების სანომრეებს ეტყობოდა. როგორც იქნა, ვიპოვე სასურველი აუდიტორია, თუმცა, ლექცია ვერ ჩატარდა – ძალიან ცხელოდა, ფარდებისა და კონდიცირების გარეშე, აუდიტორიების განლაგების გამო შიგნით  დიდხანს დარჩენა შეუძლებელი იყო,  ამიტომ  „ვინ ვარ და რატომ ჩავაბარე უნივერსიტეტში“  – 15-წუთიანი გაცნობის შემდეგ დავიშალეთ.

დაიწყო სასწავლო პროცესი – ბევრი გაუგებარი საგანი, კიდევ უფრო გაუგებარი   მასალები, აი ისეთი, სინუსისა და კოსინუსის მსგავსად, არასდროს რომ არ დაგვჭირდება და მაინც საგამოცდო საკითხების 90 პროცენტს იკავებს. არა იმიტომ, რომ სილაბუსის გადახედვა, ძველი მასალის განახლება შეუძლებელია, უბრალოდ იმიტომ, რომ ლექტორმა, რომელიც ამას გასწავლის, თავადაც ასე ისწავლა და ღრმად სწამს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტება, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი პროფესორების ნაწილი თანამედროვეობას ფეხს ვერ უწყობს, მათთვის ახალი სასწავლო მეთოდები, დასავლური, ლიბერალური ღირებულებები მიუღებელია. საბჭოთა ყაიდაზე გაზრდილებს ჩვენთან საერთო ენის გამონახვა ყველაზე მეტად უჭირთ. სრულიად გაუცხოებულები ერთმანეთს ვერ ვეგუებით და სწორედ ეს იწვევს პროტესტსა და ხშირ შემთხვევაში აგრესიასაც კი.

„ქ-ნი ქეთევანს ძალიან უნდა სცდებოდეს, მაგრამ ვერ სცდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქ-ნი ქეთევანი 35 წელია ახალგაზრდებთან მუშაობს დღეში 7 საათს შაბათ-კვირის გამოკლებით და ყოველ ახალ სემესტრში სულ უფრო დაჩლუნგებულ თაობას აწყდება. ნუ გიკავიათ სირაქლემას პოზა და ნუ იტყუებთ თავებს. ის, რაც დღეს ხდება თბილისში (სოლიდარობა) ბუნებრივია მისასალმებელია, თუმც ასეთები გვინახია, სხვალ, რომ ყველას დაავიწყდება ყველაფერი და როგორც კი ვინმე ფეხზე დადგება სასწრაფოდ ყელში წაუჭერენ. ეს იცის ქ-მა ქეთევანმა და ამის დიდი გამოცდილება აქვს ქ-ნ ქეთევანს. ეს ცნობისათვის“.

ამ ტექსტის ავტორი ზემოაღნიშნული პროფესორების დამოკიდებულების საჩვენებლად ერთ-ერთი კარგი მაგალითია. ასე ეხმაურება ის 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ ახალგაზრდების აქტივობასა და სოლიდარობას. სწორედ ასე უჭირთ ჩვენი გაგება და შეყვარება იმ პედაგოგებს, რომლებთანაც მუდმივად ინტერესთა კონფლიქტი გვაქვს. უნივერსიტეტი კი იქამდე ვერ განვითარდება, სანამ აკადემიური პერსონალი ჩვენზე არ იფიქრებს, სანამ საკუთარი ინტერესების ნაცვლად თუ არა, საკუთარ ინტერესებთან ერთად მაინც ჩვენი ინტერესების დაცვასაც არ ისწავლის. სანამ  ჩვენზე მორგებულ სისტემას არ შექმნიან, სანამ კანცელარიაში ჩვენ მიერ შესულ განცხადებებსა თუ საჩივრებზე რეაგირებას არ მოახდენენ, სანამ საკუთარი გადაწყვეტილებების სისწორეში დასარწმუნებლად აზრს ჩვენც არ გვკითხავენ…

ჩვენ, სტუდენტებს,  ხშირად გვეუბნებიან, რომ მარტივად ვექცევით მავანთა გავლენის ქვეშ, რომ ჩვენი აზრებისა და შეხედულებების ფორმირება ადვილი საქმეა, რომ შესაძლოა ნებსით თუ უნებლიედ, პროტესტითა და უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრით წყალი მავანთა წისქვილზე დავასხათ. თუმცა ისინი ვერ ხვდებიან მთავარს, რომ სტუდენტებს მათგან განსხვავებით, ეს „წისქვილები“ სრულიად არაფერში გვჭირდება. რომ ჩვენ მხოლოდ თანამედროვე, ჯანსაღი სასწავლო გარემო გვსურს.

სირცხვილია, როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტი  მიკროფონსა და კამერას პირველად უნივერსიტეტის დამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე ხედავს. როცა  დიპლომის აღებამდე ცოტა ხნით ადრე იგებს, რა განსხვავებაა კადრ-სინქრონსა და რეპორტაჟს შორის. როცა ბაკალავრის ხარისხის მიუხედავად, ბაზარზე მაინც არაკონკურენტუნარიანები ვართ.

მე მიყვარს ჩემი უნივერსიტეტი. აი ისე, ადამიანები ყველა ნაკლის მიუხედავად, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე რომ გვიყვარს, ოღონდ ერთი განსხვავებით – ამ ადამიანებს ისეთებად ვიღებთ როგორებიც არიან, არ ვცდილობთ მათ შეცვლასა თუ გადაკეთებას, უნივერსიტეტის ისეთად მიღება კი როგორიც ამჟამად არის, ჩვენი მხრიდან, სულ მცირე, ინდიფერენტულობა, უპასუხისმგებლობაა.

პატივცემულო პროფესორებო, თქვენ ვალდებული ხართ, იზრუნოთ „ნომერი პირველი“ უნივერსიტეტის განვითარებასა და პროგრესზე. იზრუნოთ სტუდენტებზე,  უკეთეს და დახვეწილ  სასწავლო კურსებზე, მოერგოთ ჩვენს ინტერესებსა და მოთხოვნებს,  იმიტომ რომ უნივერსიტეტი  ჩვენია!

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s