ერთი საათი ჟურნალისტიკაში

ავტორი: რუსუდან დუმბაძე

– ქალბატონო მაია, გამარჯობა! ახლა დამიმთავრდა ლექცია. დარჩა ანონსი?
– მოიცა შევხედავ.. კი, რუსუდან. 15-იანი მაქვს
– კარგი, მოვალ.

ასე იწყება და მთავრდება დიალოგი რედაქტორთან, რომლის სააგენტოშიც სტაჟირებას გავდივარ. ვიცი, რომ პოლიტიკური ანონსები, უმეტესად, დილის საათებშია, ამიტომაც მიხარია 15:00 საათიანი ანონსის არსებობა და დაუზარელად მივეშურები ოფისისკენ. გზაში ვგეგმავ, თუ რას, როგორ გავაკეთებ. ოფისში მისულს რედაქტორი მიმაბარებს რეპორტიორს, რომელთან ერთადაც წავალ ანონსზე.

ჩვენმა რეპორტიორმა მაკამ გვითხრა, რომ მივდივართ სასტუმრო „მარიოტში“ ქართველი პოლიტიკოსებისა და მათი უცხოელი კოლეგების შეხვედრის გასაშუქებლად. მისვლამდე სხვა არაფერი ვიცით. ფოიეში გვხვდებიან სხვა ჟურნალისტებიც – ტელევიზიებიდან, ინტერნეტგაზეთებიდან, რადიოდან. ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ. იღებენ პრესრელიზს, შეავლებენ თვალს და მობილურებში „ძვრებიან“. მეც ვიღებ პრესრელიზს და ვკითხულობ. უმეტეს შემთხვევაში, არ მომწონს პრესრელიზის ფორმა. ის უფრო სარეკლამო ხასიათისაა, ვიდრე საინფორმაციო. სიმართლე გითხრათ, ჯერ არც კი ვიცი როგორი უნდა იყოს კარგი პრესრელიზი. ხშირად ვამჩნევ, რომ ჟურნალისტები პრესრელიზის ტექსტს „copy-paste”-ით მოიხმარენ.

home-newspapers-micsველოდები, როდის დაიწყება შეხვედრა. მანამდე მისაღებ ოთახში ალაფუშეტის მზადებაა – ყავა, ჩაი, ტკბილეული. საათი 3-ს გადაცდა. პოლიტიკოსები ნელ-ნელა იკრიბებიან. ზოგიერთი გადაკოცნით და დიდი მოკითხვებით ხვდება ჟურნალისტებს. ხშირია არაპოლიტიკური საუბარიც.

სოფლიდან ჩამოსული ბავშვი ქალაქელებს რომ დაუწყებს დაკვირვებით ყურებას, ზუსტად ისე ვაკვირდები ჟურნალისტებს და ყველა დეტალს ვეცნობი – როგორ სვამენ კითხვას, როგორ ემზადებიან ჩართვამდე, რას აკეთებენ და ა.შ.

შეხვედრიდან 5წუთის შემდეგ ქართველი პოლიტიკოსი გამოდის და ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს. კითხვას, როგორც წესი, წამყვანი ტელევიზიის ჟურნალისტი სვამს. იშვიათად უჩნდებათ კითხვები რადიოს ან გაზეთის ჟურნალისტებს. ვუყურებ. კიდევ ერთი რაზეც ღიმილს ძლივს ვიკავებ, პოლიტიკოსის საუბარია. ის ყვება, თუ რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე, რა საკითხს გაუსვეს ხაზი, რამ შეაშფოთა უცხოელი კოლეგები მაშინ, როცა შეხვედრა 5 წუთის დაწყებულია. ამას რეპორტიორები ყურადღებას არ აქცევენ, უფრო მეტიც, საერთოდ არ უსმენენ. თავს უქნევენ, ეთანხმებიან.

საერთო კომენტარის მერე ტელევიზიები ცალ-ცალკე წერენ სინქრონებს რესპონდენტებთან. მე, ჩვეულებრივ, ვაკვირდები. პოლიტიკოსი ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტს ეუბნება: „რა გინდა, როგორც შენ გაწყობს, ისეთი კომენტარი მოგეცი“ და იცინის. „თუ გინდა გავაგრძელებ და თქვენს წამყვანზეც ვიტყვი.“ კვლავ იცინის, ჟურნალისტიც იცინის, სხვებიც იცინიან. კომენტარის გაკეთებამდე პოლიტიკოსები ერთმანეთს ეუბნებიან: “ეგრე, ციფრებით არ ილაპარაკო, ვერ მიხვდებიან“. აქეთ, მე, ჩემი რეპორტიორი და სხვა ჟურნალისტები ჩაწერილი სინქრონების გაშიფვრას ვიწყებთ. მათ წუწუნი დაიწყეს, თუ როდის გამოიგონებს განვითარებული მსოფლიო ავტომატურად გაშიფვრის ტექნოლოგიას. სანამ მსოფლიო გამოიგონებს, მანამ ვწერთ, ვშიფრავთ რესპონდენტების საუბარს და ვამზადებთ ახალ ამბავს, ანუ ნიუსს. მე ამ ყველაფერს „ტყუილად“ ვაკეთებ. ჩემი ნიუსი არ გამოქვეყნდება. დანარჩენები ტელეფონით აწვდიან სააგენტოებს და ისე, რომ რესპონდენტების საუბარში არაფერს ცვლიან. ოღონდ არაფერი არ შევცვალოთო, გრამატიკულადაც არ ასწორებენ მათ საუბარს.

ბოლოს უკან ოფისისკენ ვბრუნდებით. საბოლოოდ, ახალი ამბავი გაკეთდა, გაშუქდა. განსაკუთრებული ხომ არაფერია, მაგრამ მზადების პროცესში იქ ყოფნა ერთი დიდი სიხარული და მწუხარებაა ჩემთვის. სიხარული რატომაცაა აღარ დავაკონკრეტებ და მწუხარება იმიტომ, რომ არ მინდა ასეთ გარემოში მომავალში მოვხვდე. მინდა უფრო მეტად მომზადებული ჟურნალისტები გვყავდეს, მეტად მომზადებული იყოს შეხვედრები, პროფესიონალები მუშაობდნენ ყველგან, ყველა სფეროში. ოფისში მისულს ერთადერთი საქმე დამრჩა – სასტუმროში დაწერილი ახალი ამბავი კომპიუტერში ავკრიფო და რედაქტორს გავუგზავნო, რომელიც შაბათ-კვირას ამოწმებს ჩემს ნიუსებს.

ახალი ამბების რეპორტიორებისგან ხშირად მომისმენია, რომ მათ „სიღრმეებში ჩასვლა“ არ ევალებათ და არც ინფორმაციის ზედაპირულობაა მაინც და მაინც მათი ბრალი. მომისმენია, რომ რეპორტიორებს მხოლოდ ამბის სწრაფად მიწოდება/გავრცელება მოეთხოვებათ. ანალიზი და თემის ფართოდ გაშლა კი საგაზეთო საქმეა. მინახავს, როგორ კამათობენ მიკროფონის კადრში გამოჩენა-არგამოჩენაზე. როგორ ეჩქარებათ, ეზარებათ საქმის კეთება. როგორ ბრაზდებიან შენიშვნებზე და ა.შ.

პროფესიონალიზმი და მაღალი პასუხისმგებლობა ის არის, რაც, ჩემი აზრით, დღევანდელ ახალი ამბების ჟურნალისტებს აკლიათ და რაც ისეთივე საჭირო და აუცილებელია, როგორიც სხვა ნებისმიერი სფეროს ჟურნალისტისთვის. ვფიქრობ, ჟურნალისტების უპასუხისმგელობა ამბის მიმართ ზერელე დამოკიდებულებაში, ზედაპირულად დასმულ კითხვებსა და დაკოპირებულ ტექსტებში ჩანს. ისინი არ არიან  ორიენტირებული ინფორმაციის გავრცელების შედეგზე, რადგან მათი მთავარი საფიქრალი საქმის მალე დამთავრებაა.

 

ადრე ვფიქრობდი, რომ ახალი ამბების რეპორტიორობა კარგ ჟურნალისტად ვერ ჩამომაყალიბებდა. ახლა კი მგონია, რომ ამ პროფესიის ნებისმიერ მიმართულებაში შესაძლებელია იყო პროფესიონალი, თუკი საქმეს კეთილსინდისიერად შეასრულებ.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s