კომუნიზმი მოკვდა! გაუმარჯოს ეკლესიას!

SSSR_25ავტორი: ანა მებურიშვილი  

დიდი ხნის წინ, როცა ჯერ კიდევ გეგმაში არ ვიყავი, ბაბუას კაბინეტში ერთი ხანდაზმული კაცის სურათი ეკიდა. ეს ნახატი წლების შემდეგ ჩვენი სოფლის სახლის აივანზე ვნახე. მასზე კიტელში გამოწყობილი კაცი იყო გამოსახული, რომელიც ჩუმად, თითქოს ულვაშებით დასცინოდა ბაბუას გულუბრყვილობასა და გაუაზრებელ ფანატიზმს. პაპა ამას არ იმჩნევდა, რადგან სწამდა, რომ ამ დამცინავმა კაცმა ტყვიაგაუმტარი სისტემა შექმნა.

იმედი მაშინ გადაეწურა, როცა სასიქადულო სისტემას ნახვრეტები გაუჩნდა და სისხლისგან დაიცალა. ვითარებამ მრწამსზე უარის თქმა აიძულა და სურათი კედლიდან გაქრა.

ის ადგილი დიდხანს ცარიელი არ დარჩენილა. კედელი ხატებითა და ჯვრებით გაივსო, თუმცა ახალი რელიგია შინაარსობრივად არ განსხვავდება თავისი პოლიტიკური წინამორბედისგან.

ხალხის ახალი ოპიუმის ეპიცენტრი სხდომათა დარბაზებიდან ეკლესიაში გადაინაცვლა, ხოლო ტელევიზიები კომკავშირის ყრილობების ნაცვლად მორიგი საკვირაო ქადაგებებით გვამკობენ ყოველგვარი ანალიზისა და კრიტიკის გარეშე.

სხვა მხრივ დიდად არაფერი არ შეცვლილა. ჩვენ ისევ გვებრძვიან. ერის სულიერი მამები გაფაციცებით ეძებენ მტრებს, სულიერსა თუ აბსტრაქტულს, დასავლეთიდან მოსულსა და მასონებისგან დაფინანსებულს. ბაბუას დროს ბოროტი ძალები ჭეშმარიტი კომუნისტის გადაბირებას ცდილობდნენ, ჩემს დროს კი საამაყო ქართველობას გვართმევენ.

ბაბუას დროს საბჭოთა ავადმყოფი მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელ ავადმყოფად ითვლებოდა, ჩემს დროს კი ქართველებს რჩეულებს გვეძახიან, რადგან ბოლო ჟამს ქრისტე ჩვენს ენაზე ამეტყველდება.

ბაბუას დროს კომუნიზმი ყველაზე სწორი იდეოლოგია იყო, ჩემს დროს კი მართლმადიდებლობა ყველაზე მართალი რელიგიაა.

ბაბუას დროს ბოროტ დასავლეთთან მებრძოლი კომ. პარტიის წევრები ბოლო თაობის როლს-როისებით დაიარებოდნენ, ჩემს დროს კი ანტიქრისტეს ცივილიზაციასთან მოქიშპე სამღვდელოება გასისინებული ჯიპებით იწონებს თავს.

ადრე თუ მტრის მხილება და დასჯა ვალდებულება იყო, ახლა მადლია.

ბაბუას დროს თუ ჯვაროსნული ომებისთვის ავღანეთში შესვლა იყო აუცილებელი, ახლა ტაბურეტიც საკმარისია.

ჩვენ აღარ გვყავს ბელადები, მაგრამ გვყავს სულიერი მამა, რომლის ყველაზე ალოგიკურ განცხადებასაც კი უაპელაციოდ ვიღებთ.

ისევ ნაკლებ ფიქრს ითხოვენ, რადგან კითხვებზე პასუხის ეშინიათ.

ისევ იცვლიან სიტყვებს სახელმძღვანელოებში, რათა არასასურველმა ტერმინებმა ბავშვები ჭეშმარიტი გზიდან არ გადააყენონ.

ისევ გვკარნახობენ, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რათა ერთ მშვენიერ დღეს დანა არ გავიყარონ მკერდში.

და ისევ არაოფიციალური პროპაგანდის ქვეშ ვცხოვრობთ, სადაც მედია ეკლესიას მხოლოდ პოზიტიური კუთხით აშუქებს.

ბაბუაზე ამან იმოქმედა, ჭკუა ასწავლეს და თავისი რწმენითი სისტემა შეტენეს. მეც იმავეს მიპირებენ, მაგრამ ჯერ არ დავბრმავებულვარ.

თუმცა ბევრი ვეღარ ხედავს. ბევრი რელიგიური სტერეოტიპებით გააბითურეს და ისინი ფანატიზმით გაბიბრუებულნი უაზროდ ყვირიან: კომუნიზმი მოკვდა! გაუმარჯოს ეკლესიას!

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s