ახალი წელი წინსაფრით

jhgავტორი: ნანუკა მეშველაშვილი            

ნინო უკვე მეათე წელია  საახალწლო სუფრისთვის საყიდელი ნობათის სიას ადგენს ისე, რომ შვილებს, დედამთილს, ქმარსა და ქმრის მეგობრებს ერთნაირად მოეწონოთ. ბაზარსა და მაღაზიებში წასვლა რამდენჯერმე უწევს, ძირითადად მარტოს. ქმარი საყიდლებზე მხოლოდ იმ დღეს მიჰყვება, როცა გოჭი და ღვინო უნდა შეიძინონ. მიჰყვება არა იმიტომ, რომ ცოლს მიეხმაროს, უბრალოდ სჯერა, რომ „ბარაქიანი“ გოჭისა ხარისხიანი ღვინის შერჩევა  მასავით არავის ეხერხება.

28 დეკემბერი

„ნიგოზი საცივისთვის, გოზინაყისთვის. კომბოსტო ტოლმისთვის, სანელებლები… რამე არ გამომრჩეს…“  პირველადი სადღესასწაულო  სია უკვე შედგენილია. კონსულტაციები დედასთან და დედამთილთან გავლილია. ადრიანად ბაზარში უნდა წავიდეს, შემდეგ მაღაზიები მოიაროს, ნაძვის ხისთვის ახალი მოსართავები და  ოჯახის წევრებისთვის საჩუქრები იყიდოს.

29 დეკემბერი

ნამცხვრების მასალა, ჩურჩხელები, ხილი, ტკბილეული, ხელსახოცები, ახალი ცოცხი… მეორადი სადღესასწაულო სიაც მზადაა. ისევ საყიდლებზე – ბავშვებს რომ უყვართ ის შოკოლადი გათავებულა. სხვა მაღაზიაში წავიდა, იქაც არ აღმოჩნდა.  მთელი ქალაქი მოიარა, მაინც გაახარა შვილები.

30 დეკემბერი

ბოლო დეტალები სუფრისთვის – მესამე სია. კვლავ საყიდლებზე… ხო, მეუღლის დანაბარები „ნაბეღლავებიც“ არ უნდა გამორჩეს. ამჯერად სახლში მალე უნდა დაბრუნდეს და კერძების მზადება დაიწყოს. ტოლმა შეახვიოს, ხაჭაპური გამოაცხოს, საცივი მოამზადოს. თევზი და ქათმები შეწვას. გოზინაყი… ნამცხვრებიც დღეს უნდა მოასწროს.

 31 დეკემბერი

დილა სახლის დალაგებით იწყება. საგულდაგულოდ უნდა დაალაგოს, გარეცხოს, დააუთოვოს. „საღამოს ნადიმისთვის“ ჭურჭელი მოამზადოს. სამ ბავშვსაც არ უნდა მოაკლოს ყურადღება. ამასობაში ღამდება და სუფრის გაშლა იწყება. ქმარიც აფუსფუსდა. გოჭი, რომელიც საგულდაგულოდ შეაწვევინა, ეს-ესაა მოიტანა. სასმისებში ღვინოს ასხამს. დაიწყო ძმაკაცებისა და ძმაკაცების ძმაკაცების მოპატიჟება-გადაპატიჟება. საუცხოო ღვინით ტრაბახი და ბოლო სუფრიდან გამოყოლილი  განსხვავებულების შეხსენება.

10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1… „გილოცავთ! ბედნიერი ახალი წელი!  ნინო მოდი, შენი სადღეგრძელოა – დიასახლისს გაუმარჯოს, ასეთი სუფრა რომ გაგვიწყო. ნინო, ოქროს ხელები გაქვს. ნინო, ცოტა ხანს მაინც დაჯექი ჩვენთან. გამოდი რა სამზარეულოდან, ისედაც ყველაფერია უკვე…“

გადაღლილ ნინოს წელსაც დაავიწყდა სილამაზის სალონში ჩაწერა. წელსაც ვერ იყიდა ის სუნამო, ასე ძალიან რომ მოსწონს. ამ საახალწლო ფასდაკლებებზეც  ვერ მოახერხა საყიდლებზე წასვლა და სასურველი სამოსის შეძენა. რამდენიმე თვით ადრე ამაოდ ამბობდა, რომ ამ  წელს მაინც აღარ დაიღლებოდა სამზადისში და მომავალ წელს ახლობლების გარემოცვაში შეხვდებოდა. სულ ტყუილად დაჰპირდა მეგობრებს, რომ 10-წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ მათთან ერთად გაატარებდა სადღესასწაულო საღამოს.

ნინო ამ ახალ წელსაც ინერტულად შეხვდა. ახლაც არ ჰქონია საზეიმო განწყობა. ეს 12 საათიც მეუღლის მეგობრების რომელიღაც სადღეგრძელოს წარმოთქმისას  შესრულდა.  ამ ახალ წელსაც გადაავიწყდა წინსაფრის მოხსნა. წელსაც რუტინული ახალი წელი დადგა, წინსაფრით…

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s