ზაზა ფირალიშვილი – მსოფლმხედველობრივი პროცესები საქართველოში

ზაზა ფირალიშვილილექცია წაკითხულია „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში“ 2013 წლის 6 დეკემბერს 

ზაზა ფირალიშვილი – ფილოსოფიის დოქტორი;  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მუშაობს რელიგიისა და ხელოვნების, ფილოსოფიისა და რელიგიათმცოდნეობის საკითხებზე; არის რამდენიმე ათეული სამეცნიერო ნაშრომისა და ფილოსოფიური ესსეს ავტორი; სხვადასხვა დროს მიწვეული მეცნიერის რანგში უმუშავია აშშ-სა და იაპონიის უნივერსიტეტებში.


რას წარმოადგენს ლიბერალიზმი? რა არის ის, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, რისკენაც ჩვენ მივისწრაფით, აი, ასეთი სახელმწიფო გვინდა, ასეთი საზოგადოება გვინდა, გარკვეული უნდა იყოს იმთავითვე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ რაღაც სხვას ვაკეთებდით და არ ვაკეთებდით იმას, რაც უნდა გვეკეთებინა.

ყველაზე საშიში ხალხი ის მგონია, ვისაც ყველა ამ კითხვაზე პასუხი აქვს. ამასთანავე ყველაზე საშიშია ხალხი, ვისაც კითხვები არა აქვს და რაღაც სიცხადეების, კონვენციების, ალგორითმების ტყვეობაშია. მე თუ მკითხავთ, ყველაზე საშიშ ალგორითმად შეიძლება იქცეს ლიბერალიზმი, თუ ის ყალბი სიცხადეა.

ისევე როგორც, ვთქვათ საშიშ ალგორითმად იქცა ისეთი ფენომენი, როგორიც არის სოციალიზმი. თავისთავად აბსოლუტურად კეთილშობილი ფენომენი, რომელსაც თავისი მიზანდასახულობების თვალსაზრისით ვერაფერს დაუწუნებ ადამიანი. აგებულია ძალიან ღირებულ ადამიანურ ფასეულობებზე და უცებ იქცა რაღაც ყალბ სიცხადედ როგორც კი  ის იქცა ყალბ ალგორითმად, რაღაც ქცევის წესად, რაღაც უცნაურ კონვენციად. იმის გამო რომ სოციალური გარემო, რომელიც მის განვითარებას ცდილობდა, არ აღმოჩნდა უნარიანი დაეცვა ელემენტარული რაღაცა – რაციოს ინტერესები ამ იდეის განვითარების ყველა საფეხურზე.

როდესაც მსოფლმხედველობით პროცეზებზე ვსაუბრობთ, ჩვენ უნდა მოვძებნოთ ფუნდამენტური იდეები, ხელახლა ვშვათ ჩვენში ის იდეები, რა იდეებითაც ცხოვრებას ვაპირებთ. იდეა, რომელიც მოდის გარედან, მოდის როგორც ალგორითმი, არ არის ის იდეა, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ. ნებისმიერი იდეა უნდა იშვას ჩვენში.

ძალზე ბევრს ვსაუბრობდით თავის დროზე დემოკრატიასა და ადამიანების უფლებების შესახებ, ეს საუბრები იწყება 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან. რომ გავიხსენოთ ის სამოსელი, რომელშიაც იგივე დემოკრატიის, ლიბერალიზმის იდეა ან ადამიანის უფლებების იდეა  იყო შემოსილი მაშინ, შეიძლება შეგვეშინდეს კიდევაც.

ხშირად ვიმეორებ იმ ფორმულას, რომელსაც ატრიალებდა ერთი ცნობილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, საბედნიეროდ ის განიდევნა პოლიტიკური სივრციდან. ის ამბობდა, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ერთიანი, ლიბერალური, დემოკრატიული, ნატოს წევრი, მართლმადიდებელი, ნეიტრალური საქართველოსათვის.

რა აჯაფსანდალი იყო ჩვენს ტვინში წარმოიდგინეთ, ეს აჯაფსანდალი არ იყო მხოლოდ  მის ტვინში, ის ახერხებდა, რომ თავის მიტინგებზე სულ მცირე 5-6 ათასი ადამიანისთვის მოეყარა თავი, ეს უკვე ნიშნავს, რომ რაღაცა წესრიგში არ არის. რაღაცა იდეები არის დასაზუტებელი. რაციო სრულიადაც არ არის ზედმეტი რომ ეს იდეები დაზუსტდეს.

ჩემთვის მაგალითად, ის ლიბერალი, რომელიც აღშფოთებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც სამარშუტო ტაქსებში იწრენ პირჯვარს ეკლესიის დანახვაზე, ჩემთვის არანაკლებ უცნაური ლიბერალია, ვიდრე ის ქრისტიანი, რომელიც, ვთქვათ, ძალადობაში ხედავს ქრისტიანობას.

ლიბერალი, რომელიც ცდილობს ააგოს ლიბერალური მონასტერი ქვეყანაში და  განდევნოს სხვა ნებისმიერი იდეოლოგია კომფორტია, რა თქმა უნდა. თუკი არ იარსებებს განსხვავებული, არაჩვეულებრივად კომფორტული გარემო შეექმნება, მაგრამ შეექმნება სიცარიელე. გარემო, რომელიც ვერაფერს ვერ შობს, იმიტომ რომ თუკი  გვინდა,  რომ რაიმე იშვას, ის უნდა იყოს წინააღმდეგობაში რაღაცასთან, დიალოგში უნდა იყოს რაღაცასთან, თუ დიალოგში არ იქნება, ის მკვდარია. ასე რომ ის ლიბერალი, რომელიც მასხარად იგდებს ადამიანს პირჯვრის გადაწერის გამო, უფრო შემთხვევით არის ლიბერალი, ვიდრე ის ქრისტიანი, რომელიც აღშფოთებულია ხანუქას დღესასწაულის აღშნიშვნით.

მე ეს გამოცდილი მაქვს, ჩემი ახალგაზრდობის განმავლობაში, 70-იანი წლებში. შემიძლიათ გითხრათ, რომ პირველი აზრი რაც მიჩნდება, იმ ეპოქის მსოფლიო რელიგიების გახსენებაზე, ეს გახლავთ ყალბი იდენტობები, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ამიტომაც არის მონობა უბედურება ნებისმიერი ხალხისათვის. მონობა შობს ყალბ იდენტობას. მონობა შობს მონობის კომფორტს, როდესაც შენ შეგიძლია ნაციონალურ– უტოპიურ წარმოდგენათა გარემოცვაში იარსებო. ჩვენ ამ ყალბი იდენტობებით შემოვედით იმ გარემოში, რა გარემოშიც დღეს ვართ. თქვენ თაობასაც უწევს აი, ამ ყალბი იდენტობების ჩამობერტყვა.

ჩვენ, როგორც საზოგადოება, თავს ვიცავდით იმ გარემოსაგან, რომელშიც აღმოვჩნდით. სხვა   ფორმებიც   არ   არსებობდა.   რეალური   თავდაცვის   მექანიზმების     გამომუშავება წარმოუდგენელი იყო და შესაძლებელი იყო მხოლოდ ილუროზურლი თავდაცვითი ნაგებობების აგება საკუთარი თავის ირგვლივ. ის, რაც გიხსნის ერთი სიტუაციიდან შეიძლება აღმოჩნდეს უბედურება მეორე სიტუაციაში. ჩვენ ახალ სიტუაციაში შემოვაბიჯეთ ამ ყალბი იდენტობებით და ეს იდენტობა იქცა ჩვენს უბედურებად.

მთელი ჩვენი ისტორია დაახლობით 98 წლამდე იყო ამ იდენტობების დღესასწაული. თუკი ვინმეს გახსოვთ, რა მნიშვნელობით ხმარობდნენ ცნებას „ეროვნული“ , შემარწუნებელი იყო არა მიტომ რომ საშიში იყო ვინმეს წინააღმდეგ, არამედ შემაძრწუნებელი იყო თავისი არაადეკვატურობით იმ ისტორიული გარემოსი, რომელშიდაც ჩვენ ვიყავით.

ძალიან კარგი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, იყო ასეთი ფრანგი ფსიქიატრი პიერ ჟანე (Pierre Janet), მას ჰქონდა ასეთი ცნება „პრეზენტიფიკაციის უნარის ნაკლებობა“. ამ დაავადების მქონე ადამიანს, როდესაც უსვამ კითხვას, ვინ არის, რას აკეთებს აქ და ახლა, ის იმის ნაცვლად, რომ თქვას მე ვარ ესა და ეს, ვზივარ ამ სკამზე და გესაუბრები შენ, საუბრობს, თავის დიდებულ წარსულზე, ან დიდებულ მომავალზე. ვერასდროს მოახდენ მის ფოკუსირებას იქ, რასაც ქვია ახლა და აქ.  არაფრით არ უნდა აქ დაბრუნება.

რეალურად ჩვენ ვართ ახლა და აქ. ცნება „ეროვნულისა“ ეს იყო „აქ და ახლა-დან“ გაქცევის ფორმა. ცნება დემოკრატიისა იყო არა იმ შინაარსის მატარებელი, რა შინაარსისაც უნდა ყოფილიყო, არამედ სწორედ „აქ და ახლა-დან“ გაქცევის ფორმა. ხშირად  მეჩვენება  ხოლმე, რომ ლიბერალიზმის ცნება დღეს არის „აქ და ახლადან“ გაქცევის ფორმა ბევრი ადამიანისათვის, ზოგჯერ კოლექტიური გაქცევის ფორმაც. დასავლური იდეაც ბევრისთვის, ისევე როგორც სტალინისტისათვის რუსეთთან ჩახუტება, არის „აქ და ახლადან“ გაქცევის ფორმა. ერთიცა და მეორეც ეგზისტენციალური კაპიტულაციის ფომებია. ხვდებით რა შინაარს ვდებ? მე სამყაროს კაპიტულაციას ვუცხადებ ოღონდ ამის კომუფლირებას ვახდენ დასავლური იდეით, ლიბერალიზმის იდეით, სტალინისტური იდეით, იმავევე მართლმადიდებლური იდეით და ა.შ.

რეალურად ამის მიღმა დგას კაპიტულაცია, იგივე პრეზენტიფიკაციის უნარის დეფიციტი, აქ და ახლა ყოფნის დეფიციტი. ლიბერალიზმი არ ნიშნავს იმას, რომ მე აღმოვაჩინო მტერი, რომელსაც შევებრძოლები და ვამხელ როგორც არალიბერალს, თავისუფლების დამრღვევს და ა.შ. ლიბერალური იდეის კერიაცია ნიშნავს დიალოგს ნებისმირთან. ძენ ბუდისტი ბერი მედიტაციის პროცესს ტექნიკას მიხსნიდა. საოცარი რაღაც მითხრა, რაც ცხოვრების ყველა სფეროზე ვრცელდება. თქვა, რომ მედიტაციის აქტში როცა რაღაცა გაწუხებს, რაღაც იდეა აბეზარად არ გეშვება, გახსენდება, რაღაც სახე მოდის გამუდმებით. ნუ შეებრძოლები , ნუ შეეცდები, რომ განდევნო ის შენგან. შეეცადე მიიღო ის მთელი არსებით და შეეცადე, რომ მან თქვას ის, რის თქმასაც აპირებს იმიტომ, რომ განდევნი თუ არა, ის შურს იძიებს შენზე. ასეთივეა ფორმულა ლიბერალური აზროვნებისა. მე ის   უნდა მივიღო მთელი არსებით, გავიგო რისი თქმა უნდა მას. თუ ამას არ გავიგებ, ის შურს  იძიებს შენზე.

რამდენი ხანია ვამბობ რომ ეს მუდმივი მხილებები არალიბერალური ინსტიტუციებისა, წრეებისა, წოდებებისა, დაპირისპირება და მით უმეტეს შეთქმულთა პოზები  კიდევ  უარეს რეაქციას გამოიწვევს. ვერ განდევნი, ის არ განიდევნება, შეუძლებელია. რახან ის არსებობს როგორც ინსტიტუტცია, იდეოლოგია შენ ეს უნდა მიიღო და დიალოგის აქტში უნდა შემოიყვანო შენთან. თუ შენ დიალოგის აქტში ვერ შემოიყვან, მაშინ ნუღარ ილაპარაკებ ლიბერალიზმზე და დემოკრატიაზე ანუ შენც ისეთივე ფუნდამენტალისტი ხარ შენს ლიბერალიზმში, როგორიც ის არის თავის ქრისტიანობაში.

რითი განასხვავებს არისტოტელე თავისუფალ ადამიანს მონისაგან ?- ორი ნიშნით, ერთი რომ თავისუფალ ადამიანს აქვს უნარი თავისი მოქმედების შედეგის წინასწარ განჭვრეტისა, ანუ ელემენტარული მიზეზ–შედეგობრივი კავშირის დამყარება შეუძლია  და მეორე – ფანტასტიკური რაღაცა – დიალოგის უნარი. ადამიანი, რომლსაც მეორე ადამინთან დიალოგის უნარი არა აქვს, ის შეუძლებელია იყოს თავისუფალი ადამიანი.

ყალბი იდენტობები რომ ვახსენე, იგულისხმება ყალბი იდეებიც, რომელიც სიცხადეებად გვიზის გონებაში. თურმე შეიძლება ფლობდეთ რაღაც სიცხადეებს, რაღაცეები ვიცოდეთ აბსოლუტური მნიშვნელობით, თავისი აბსოლუტური სიცხადით.

თუკი რამის გაგება გვინდა, შეგვიძლია მხოლოდ დიალოგით მეორე ადამიანთან. ეს არის ერთადერთი გზა და ეს არის არამხოლოდ ლიბერალური იდეა, ეს არის არაჩვეულებრივი ქრისტიანული იდეა. უბრალოდ სახარებას არ კითხულობენ, თორემ სახარებაში მაცხოვარი ამბობს, სადც ორნი, გინდა სამნი ჩემი სახელით შეიკრიბებით, მეც იქ ვარო. სადაც დიალოგია მეც იქ ვარო. სადაც დიალოგია იქ არის გზა და ჭეშმარიტება. უბრალოდ ცუდად კითხულობენ იმ ტექსტსაც. ინსტიტუციური იდენტობები ძალავს იმ  გახსნილობას და ღიაობას, რომელიც უნდა შემოიტანოს რეალურად ამ ტექსტმა  ადამიანში.

ყალბი იდეოლოგიების ბუდეა საქართველო. ჩვენში ასეთი ყალბი წარმოდგენების სისტემაც არსებობს, რომ შეუძლებელია იყო ერთდროულად ქრისტიანი და ლიბერალი. რას ქვია შეუძლებელია. ქრისტიანი სწორედ იმ შემთხვევაში ხარ, თუ ლიბერალი ხარ. თუ ეს ორი რამ ერთმანეთს გამორიცხავს, ესე იგი რაღაც არ არის წესრიგში შენში.

ისევ ძენ ბუდისტი ბერით დავამთავრებ. მიმღებლობა – ეს არის ჩემი ვალი, როგორც ადამიანისა, ლიბერალისა, ქრისტიანისა, დემოკრატისა, და ა.შ. მიმღებლობა მეორე ადამიანისა. მე როგორც კი გავიხსნები მეორე ადამინისათვის, ის აღარ იქნება ჩემთვის ისეთი საშიში, როგორიც ჩანდა. თვითონაც იგრძნობს სივრცეს, ჰორიზონტს ჩემში სამოძრაოდ, ისევე როგორც მე მასში. ამ ჰორიზონტების გადაფარვა თუ არ მოხდა, ჩვენ  ვერ  ვიარსებებთ  ამ  ქვეყნად  და  ვიქნებით  მუდმივი  პერმანენტული  სამოქალაქო  ომის პროცესში, რომელშიდაც ეხლა ვართ. მაშინაც კი, როდესაც ჩვენ მიტინგებს არ ვმართავთ და ერთმანეთს ქვებს არ ვესვრით, მაშინაც სამოქალაქო ომია საქართველოში.

მე შენ არ გირიგდები, მე მჭირდება ჰერმენტული, სტერილური გარემო, სადაც შენისთანები არ იქნებიან საიმისოდ რომ მე ლიბერალურ სამოთხეში ვიყო და რა მოიტანა სტერილურმა გარემომ 30-იან, 40-იან 50-იან წლებში? – მოიტანა უბედურება. ახლა იგივეს ვერ მოიტანს. ყოველ შემთხვევაში იგივე პრობლემა რომ დაეკიდება ატმოსფეროში, ეს აშკარაა.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s