ხელისუფალი, რომელსაც ჰგავხარ

საკონკურსო პოსტი

ავტორი: მარიამ მენაბდიშვილი          

პირველად, როცა დავაკვირდი ნიკიტა ხრუშჩოვსა და ჯონ კენედის, რომლებიც ერთ ფოტოზე იყვნენ გამოსახულები, ალბათ გარეგნულად რომელიმე მათგანი რომც არ მცოდნოდა, მაინც ვიტყოდი, რომ კენედი თავისუფალი, დემოკრატიული, პროგრესული სახელმწიფოს პრეზიდენტია და ისევე ლაღად და თავისუფლად უჭირავს თავი, როგორ ქვეყანასაც მართავს, აი, ხრუშჩოვი კი, პიჯაკზე მწკრივად განლაგებული მედლებით, ზუსტად ისეთია, როგორიც საბჭოთა სოციალისტური იმპერია.

მერე პუტინის და ობამას შეხვედრას ვუყურე და თითქოს ისტორია განმეორდა: უშუალო და „ჩვეულებრივი“ ობამა ისწორებს წინდას, ხუმრობს და პუტინი კი მის წინ ინდეფერენტული, მკაცრი, იმპერიალისტური გამომეტყველებით ზის და თითქოს არც ისმენს, რას ეუბნებიან. ჩემი აზრით, ეს ორი პრეზიდენტი თავისი ქვეყნის განვითარების დონესა და ხასიათს ზუსტად თუ არა, დაახლოებით მაინც გამოხატავს. მოკლედ მაჩვენე, ვინ არის შენი ქვეყნის ლიდერი და გეტყვი, როგორ სახელმწიფოში ცხოვრობ შენ. ერთი რამეცაა, კონსტანტინე გამსახურდიასი არ იყოს, ხალხი ზუსტად ისეთ მმართველს რომ იმსახურებს, როგორიც ჰყავს…

მიუხედავად იმისა, რომ დღეს განსაკუთრებით, პოლიტიკოსები ცდილობენ, მაქსიმალურად „შეფუთულები“ გამოჩნდნენ საზოგადოების წინაშე, წარმოაჩინონ ის ღირსებები, რაც რიგ შემთხვევაში არც გააჩნდათ და ვერც ვერასოდეს შეიძენენ, ამომრჩევლის მოტყუებას მხოლოდ მოკლე ვადაში ახერხებენ (ცხადია, ამომრჩევლის განვითარების დონესაც გააჩნია).

  ვფიქრობ, სწორედ აქ მივადექით ჩვენს ერთ-ერთ გადაუჭრელ პრობლემას, რომელიც ჩვენი ემოციური ბუნებისა, ეკონომიკური მდგომარეობით, ისტორიული პროცესებითა თუ სხვადასხვა ფაქტორებითაა განპირობებული. ეს არის კერპების, ერის მამების ძებნა, ასევე ფინანსური კეთილდღეობის გამო მდიდარი ადამიანის გადამრჩენელად წარმოსახვა, წამოგება ისეთ დაპირებეზე, როგორიცაა „უფასო ფული,“ „ერთი მილიონი ყველა სოფელს…“ ცხადია, ასეთი დაპირებების ხალხისთვის მიცემა ეფექტური იყო იმ ადამიანისგან, რომელსაც მილიონები ნამდვილად უჭირს და თუ ქართველმა გულუბრყვილო ამომრჩეველმაც მაშინვე აიტაცა, რადგან იფიქრა, რომ ნამდვილად „უფასოდ,“ მუშაობის გარეშე მიიღებდა ფულს.

ადამიანი, რომელმაც ამომრჩეველს ასეთი დაპირებები მისცა, სავარაუდოდ დარწმუნებული იყო, ხალხი ამას დაიჯერებდა, მოყტუვდებოდა ან თავს მოიტყუებდა; ასევე დარწმუნებული იყო იმაში, რომ აღნიშნულ მესიჯებს მხოლოდ საარჩევნოდ იყენებდა და მათ შესრულებას ვერ შეძლებდა ან თვითონაც ისტერიულად სჯეროდა იმის, რასაც სხვას აჯერებდა…

საზოგადოება ემსგავსება მმართველს, ეგზალტირებული იჯერებს იმას, რაც მის ლიდერსაც არ სჯერა, ადვილად ეხვევა მითოსში და იქმნის ილუზიებს მუდმივი სოციალური კეთილდღეობის შესახებ, ეს ყველაფერი კი ძალიან მალე მთავრდება, როცა ხალხი ხვდება, რომ ის – მესია ამას არ ან ვერ აკეთებს.  თუ მთავრობა არ მუშაობს, არ მუშაობს ხალხიც და პირიქით, მერე იწყება ერთმანეთზე გადაბრალება, გარეშე პრობლემების ძებნა… სწორედ ამ რეალობის წინაშე ვდგავართ ახლა და ვიდგებით იქამდე, სანამ მესიებსა და მარჩენლებს დავუწყებთ ძებნას,  სანამ ჩვენ თვითონ არ დავიჯერებთ იმას, რასაც ცოტა ხნის წინ კატეგორიულად უარვყოფდით, სანამ ჩვენ თვითონ, ჩვენივე ძალებით არ მოვისურვებთ საკუთარი პრობლემების გადაჭრას და არ მოვინდომებთ ფენტეზის ჟანრში გადასვლას. ამ საზოგადოებიდან წამოსული ხელისუფალი კი დაგვემსგავსება ჩვენ და პირიქით.

ადამიანები ვერ იტყუებიან და ამისი მაგალითია დოკუმენტური მასალა ხრუშჩოვზე და კენედიზე, პუტინზე და ობამაზე, საქართველოს ახლანდელ ლიდერებზე… ან იტყუებიან, თუმცა ცოტა ხნით.

One thought on “ხელისუფალი, რომელსაც ჰგავხარ

  1. Pingback: ლიბცენტრმა კონკურსში მონაწილე ათი საუკეთესო ბლოგპოსტი გამოავლინა | Libcenter

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s