ძილი თუ ღვიძილი?

საკონკურსო პოსტი

ავტორი: ქეთა კანდელაკი

ჩემს მეგობარს საუკუნოვანი ძილი სჩვევია. ადგება შეწვება და აღარ გამოწვება აღარასოდეს. არ გეგონოთ შეწოლილმა ფეისბუკი ჩამოსქროლოს ან მესიჯი გახსნას. სულ რომ ტელეფონი გადაუწვა რეკვით ნერვსაც არ შეირხევს და მე მისი ამ საუკუნოვანი ძილების ჟამს, დაჟინებით, წარმოდგენა არ მაქვს რომელი ღმერთის იმედად მყოფი, რომ, აი ახლა გაეღვიძება და მიპასუხებს, ვწერ ჩემი დღის ამბებს, ვუზიარებ ამა თუ იმ პოლიტიკოსის განცხდებაზე ჩემს აზრს, ვულინკავ საინტერესო და სასაცილო ბლოგებს და ათას უბედურებას, მნიშვნელოვან ახალ ამბებს ვუყვები და ასე უსასრულოდ ვაგრძელებ მისი პასუხის მოლოდინში.

იმ დღეს ევროკომისიამ რომ ანგარიში გამოაქვეყნა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ერთი წიოკი ავტეხე. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი ჭირსაც წაეღო ჩემი მეგობარიც და თავისი ძილიც. ვიქავე ხელები და ბოლოს, მაინც, ისევ რომელი ღმერთის იმედად მყოფმა არ ვიცი, მივწერე: “შენ იძინე და რომ გაიღვიძებ, მე უკვე, უშენოდ ამსტერდამის წითელ ქუჩაზე ვისეირნებ, არ გეგონოს ვიზა დამჭირდეს. ევროპა გავხდით ლამის.”

რა თქმა უნდა, აქ ყველა ის სმაილი აკლია, რომელიც, როგორც წესი, ჩემს უჟმურს სახეებს, იდეაში გამოხატავს, მაგრამ, ეგ იქეთ იყოს, იმ დღეს, ღმერთებს ნამდვლად შევეცოდე, ასე მგონია. მარადიული ძილიდან გამოვიდა ჩემი მეგობარი და ჩემი სიხარულნარევი ემოციაც არ დამრჩა კოსმოსში გაგზავნილი ჰანგებივით.

ისე, სულ მაინტერესებდა, ჩაკრულოთი როგორ აპირებდნენ ამხელა გალაკტიკის გაკვირვებას, მაგრამ მე ნამდვილად დავრჩი გაკვირვებული, როცა წარმოვიდგინე, რომ სულ ცოტა ხანში შემეძლებოდა, ყველაფერი, რაც ფოტოებზე მინახავს, რაზეც მხოლოდ მსმენია, საკუთარი ორი თვალით დამენახა, მეგრძნო და შემეფასებინა.

მაშინ ხმაამოუღებლად ვუთხარი საკუთარ თავს, რომ თავისუფლება არჩევანის ქონაა. აი მაგალითად, ვიზალიბერალიზაციაც გამოცხვა, ალაგებ ბარგს, ყიდულობ ბილეთს, იქ კიდევ რაღაც წვრილმან დეტალებს აგვარებ, ხოდა სად მიდიხარ? პირველად სად მიდიხარ? მაშინ კიდევ ერთხელ ვუთხარი საკუთარ თავს, რომ არჩევანის ქონაა თავისუფლება.

თუ გინდა სულ ნუ წახვალ, იჯექი და ელოდე როდის გაგიხსნის რუსეთი საზღვარს. მერე ჩალაგდი და წადი ჩრდილოეთით, მოკლედ, რომელი მიმართულებითაც გინდა, მთავარია გინდოდეს და სხვას არ წამოკრა ფეხი ვნებათაღელვით აგზნებულმა.

სოციუმის გარკვეული ნაწილის წარმოდგენა იმაზე, რომ ევროპა რყვნის, ევროპა კარგავს და კლავს, როგორც თამბაქო, ჩემი აზრით მარტივად აიხსნება. ადამიანებს ეშინიათ სიახლის და ეს სრულიად გასაგებია. ჩვენი სოციუმის აზროვნების ფორმირებაში და არა მარტო, მნიშვნელოვან როლს თამაშობს გამართული საგანმანათლებლო სისტემის, აღმასრულებელი სისტემის, ობიექტური და კრიტიკული მედია საშუალებების და სხვა კერძო ინსტიტუციების გამართული მუშაობის სინთეზი. საქართველოს გამოცდილებამ აჩვენა, რომ ზემოთ ჩამოთვლილთაგან, თითქმის არცერთი სისტემა გამართული არ ყოფილა და არც არის. შესაბამისად, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, ორად გახლეჩილი სოციუმი.

მე ვარ იმ სოციუმის ნაწილი, რომელის ნაწილსაც პროტესტის გრძნობა უჩნდება, როცა ადამიანის უფლებები ირღვევა, პროტესტის გრძნობა უჩნდება, როცა საქმე არ კეთდება ისე, როგორც უნდა კეთდებოდეს, იმ სოცუმის ნაწილი ვარ, რომლის ნაწილიც ყოველთვის მზადაა აკეთოს საქმე და აკეთოს კარგ შედეგზე ორიენტირებულად, ამ არასტაბილურ, ნიადაგმორყეულ ქვეყანაში პასუხისმგებლობით მოეკიდოს უმნიშვნელო რაღაცებსაც კი და გაიზიაროს და იგრძნოს სხვა ადამიანების გასაჭირი ყველა უჯრედით, მერე უკანასკნელი ხურდა მეტროში თავდაუბანელ, შარვალმოფრიალებულ ბიჭს ჩაუყაროს კონსერვის ჟანგიან ქილაში და სახლში მისულმა იტიროს.

ასევე ვარ იმ სოციუმის ნაწილიც, რომელიც მილიონ კითხვას მიჩენს და რომელიც იყო მიზეზი იმისა, რომ ათასჯერ გადავიკითხე, კარგად რომ დამეჯერებინა, სიახლის ის ნაწილი, სადაც ეწერა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა.

ბუფერულ არეალში მყოფი ჩვენი ცნობიერება, არ ვიცი, რამდენად გვაძლევს ევროპაში ინტეგრაციის და ასევე, სამოქმედო ძალებს. მე არ ვიცი რა დრო დაგვჭირდება არჩევანის სწრორად გაკეთებისთვის, არ ვიცი რა გზის გავლა დაგვჭირდება შრომის სიყვარულამდე, მაგრამ მგონია, რომ ეს ის არის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება.

სადღაც, გულის სიღრმეში მჯერა, რომ არჩევანი დასავლეთსა და ჩრდილოეთს შორის არ კეთდება. სადღაც, გულის სიღმეში მჯერა, რომ არჩევანი თავისუფლებასა და მონობას შორის არ კეთდება, რომ ეს არჩევანი საუკუნოვანი ძილიდან გამოსვლა-არ გამოსვლას ეხება და ჩვენ, ყველამ, დროა გადავწყვიტოთ, რაში ვხარჯოთ დრო, ერთადერთი რამ, რაც ცხოვრებაში გაგვაჩნია. სიზმრებში, რომელიც ძირითადად შავთეთრია და გაღვიძებისთანავე არ გვახსოვს, თუ მოძრაობაში, ჯანმრთელი აზროვნების ჩამოყალიბებაში და შენებაში. ისეთი აწმყოს შენებაში, სადაც ადამიანები თავისუფლად ისუნთქებენ.

ჩემს მეგობარს საუკუნოვანი ძილი სჩვევია. ადგება, შეწვება და აღარ გამოწვება აღარასოდეს. ჩემს მეგობარს აწმყოსგან თავის დასაღწევად ძილი საუკეთესო საშუალებად მიაჩნია.

ჰოდა, ჩემო მეგობარო,

აწმყო არჩევანია.

ძილი-დაკარგული დრო.

გაიღვიძე!

ევროპას არ სძინავს!

One thought on “ძილი თუ ღვიძილი?

  1. Pingback: ლიბცენტრმა კონკურსში მონაწილე ათი საუკეთესო ბლოგპოსტი გამოავლინა | Libcenter

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s