ვინ თქვა, რომ სამოთხე დედამიწაზე არ არსებობს

საკონკურსო პოსტი

ავტორი: ზაზა ნიკოლოზიშვილი

მუშაობა რაც დავიწყე, სახლში ან გვიან ვბრუნდები, ან არასდროს. დაგვიანების მიზეზი იმდენად ჩემი შრომისმოყვარეობა არ არის, რამდენადაც ათასობით ჩემნაირით გადაჭედილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რომც გამიმართლოს და მეტროში ან ავტობუსში ჩემი წილი ჟანგბადი ცხვირპირუხლებელი დამხვდეს, ფეხზე დასადგომი ადგილის მოპოვებაზე ფიქრი მაინც ფანტასტიკის სფეროა. ისე, რომ დავფიქრდეთ, ბოლო დროს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილის მოპოვება, ცხოვრებაში ადგილის დამკვიდრებაზე რთული გახდა. ცხოვრებაში კიდევ რამეს იზამ, მიდგებმოდგები, ვინმე პარლამენტარ ნაცნობს ნახავ (ეხლა ყველა მაინც პარლამენტშია და…) და შენი გულისთვის სადმე შტატს გაბერავენ ბოლოს და ბოლოს, ცოლის სტუდენტობის დაქალის ქმარი ხარ,მაგრამ, აი, საზ ტრანსპორტი ნაცნობებსაც კი არ სცნობს. თავისი არსით, ეს ერთგვარი სოციალისტური წყობაა, რომელმაც მხოლოდ მოხუცისა და ორსულის პატივისცემის” “ტრადიციასდიდი ხნის წინ გადააბიჯა და ახლა ამ პატარა გვირაბში, რომელშიც სინათლე ღვთიურის მაგივრად ან დიოდურია ან ჰალოგენური, ყველანი თანასწორები ვართ. მართალია, ზოგჯერ სტრიპტიზის მოცეკვავესავით ვკიდივარ ბოძებზე, მაგრამ გართობაც ხომ საჭიროა?!

ერთი სიტყვით, ან გვიან მოვდივარ, ან არასდროსცენტრალურ ქუჩებს ვერიდები ბავშვობიდან მძულს განათებული ვიტრინები და ამ ვიტრინებში გამომდგარი ლამაზად გამოწყობილი მანეკენები. რა სასაცილოა, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე უკეთ პლასმასტის თოჯინები იცვამენ და თან სეზონურადაც. უყურებ ამ ვიტრინებს, რომლებიც ნამდვილად იმაზე უკეთაა განათებული, ვიდრე გვირაბი ბოლოს და ანგარიშობ, რამდენი ხანი უნდა იმუშაო იმ პალტოსთვის, ან ჩექმებისთვის, რომელთა ღირებულებაც მინიმუმ ორჯერ აჭარბებს შენს ყოველთვიურ დაგვიანებულ ხელფასს. უყურებ, როგორ რჩებათ თვალები ღარიბი მშობლების ასევე ღარიბ შვილებს ამ ვიტრინებში გამოდგმულ ძვირფას სათამაშოებზე. ხედავ მზერას,რომლის ვერბალური გამოხატულებაც დაახლოებით ისე ჟღერს, როგორც დე, მა, მიყიდეთ სათამაშო და მთელი კვირა ვჭამ იმ მაკარონიან წყალწყალა სუპს”. ხედავ ამ ვიტრინებზე საცოდავად ჩამოკონწიალებულ ბოშა ბავშვებს და ამ ვიტრინებთან ატუზულ, სიცივისგან აკანკალებულ მათხოვრებს. ხედავ პატარა გოგონას, რომელიც უკვე მეოთხე წელია გეკითხება,ხომ არ გინდა, იყიდო ერთი ცალი ლიმონიაი, ის ერთი ცალი ლიმონი, რომელიც მისი დამპალი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და ბრაზი გიპყრობს. ასეთ დროს მხოლოდ მთავრობა,პარლამენტი და ნებისმიერი მმართველობითი ორგანო კი არ გძულს, საკუთარ თავსაც ვერ იტან,რადგან შენ, სამსახურიდან გვიან დაბრუნებულ ამ ერთ ჯიგარ მამულიშვილს არაფრის შეცვლა არ შეგიძლია. იმ ერთი ცალი ლიმონის ყიდვაც კი არ შეგიძლია, არათუ პალტოსი ან ჩექმებისდა,განა იმიტომ, რომ ლიმონის ფული არ გაქვს? – არამედ იმიტომ, რომ ფიქრობ, ეს შენ არ გეხება და როცა იმ საცოდავ გოგონას ათი ნაბიჯით გამოცდები და რაღაც სინდისის ქენჯნისმაგვარს იგრძნობ, საკუთარი თავის წინაშე თავს იმით იმართლებ, რომ ჩაის არ სვამ!

დრო რაც გადის, სულ უფრო და უფრო ხშირად ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ამ უძველესი და თვითმყოფადი ერის სამშობლოში, არაფერი პროგრესირებს, გარდა ამ უძველესი და თვითმყოფადი ერის გაუნათლებლობისა.

ჩვენი ყველა პრობლემა გაუნათლებლობიდან მოდის. არადა, რომ მიმოიხედო,ყველას უნდა იურისტი, ეკონომისტი, მედიკოსი ან სულაც ბიზნესმენეჯერი შვილი ჰყავდეს. ყველას უნდა, შვილისა თუ საკუთარ განათლებაში ფული ჩადოს; ერთი სიტყვით,ყველას უნდა რეალიზება. ვა, ისე ზოგჯერ ძილში სექსიც გვესიზმრება არა?..სინამდვილეში ყველას რეალიზება კი არ გინდათ, თქვენ უბრალოდ გსურთ ბევრი ფული გქონდეთ და არ გსურთ თოხსა და ბარზე მუშაობდეთ. სინამდვილეში უნივერსიტეტებსა თუ სხვა სასწავლო დაწესებულებების მსმენელთა უმრავლესობა ვერ ან არ აცნობიერებს განათლების მნიშვნელობას მის ცხოვრებაში. ჩვენ ვსწავლობთ არა ცოდნისთვის, არამედ ქულებისთვის, კრედიტებისთვის, დიპლომებისთვის, რათა შემდეგ ეს ჩვენი დიპლომები ამაყად მივართვათ რომელიმე ჩვენს ნაცნობ ჩინოვნიკს, რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვს მამაშენთან ერთად მოსკოვში გატარებული წლები და არ დაგზარდება და ძველი დროის ხათრით ერთ მოადგილეს კიდევ დაიმატებს. ბოლოს და ბოლოს, ამდენი საქმე აქვს და დამხმარე სჭირდება! წარმოგიდგენიათ რამდენად დამღლელია მთელი დღე ერთი ფეხის მეორეზე გადადება და შემდეგ პირიქით?

რამდენიმე დღის წინ ლილი გავაცილე სახლში და უკან ბოლო მატარებელს გამოვყევი. ვაგონში ჩემ გარდა კიდევ 7 ნახევრად მძინარე და ორიც სკამზე წამოწოლილი ადამიანია. ჩემგან მოშორებით ასე 40 წლის, მტვერში ამოგანგლულ, წვერგაუპარსავ კაცს თავი სახელურზე უდევს და თვალები აქვს დახუჭული. ასე ძირითადად ისინი იქცევიან,ვინც ვარკეთილამდე მიდიან. სახე დაღარული და ოფლისგან და მზისგან გაშავებული აქვს.ძველი ჯინსის შარვალი და ტყავის ისეთი გახუნებული ქურთუკი აცვია, ალბათ, ასაკით ორჯერ აღემატება. მე ლილისთან ერთად მშვენივრად გატარებულ საღამოზე ვფიქრობ,როცა დიდუბეში ამ ჩვენს ნაცნობს ტელეფონი ურეკავს. ჩინური ტელეფონია აი ისეთი,შემოწმებისას დოზიმეტრი სიცოცხლისთვის სახიფათო რაოდენობას რომ უჩვენებს და თან მოსაუბრის ხმა ყველას რომ ესმის. პატარა ბავშვის ხმაა.

მამა: “მალე მოვალ შვილო, ერთი ნახევარ საათში მოვალბაუნტი? ქოქოსიანი როა?კარგი, ჩემო სიცოცხლე, ორ ცალს მოგიტანკი, აი ცოტა ხანში მოვალ.” კაცის სახეზე მწარე, სიხარულნარევი სევდა და ის გამომეტყველება ერევა ერთმანეთს,

რომლის ვერბალური გამოხატულებაც ნეტავ უკვე ჩაძინებული დამხვდესავითჟღერსბაუნტის რეკლამა გამახსენდა – “ვინ თქვა, რომ სამოთხე დედამიწაზე არ არსებობს?”

მე ვამბობ!

One thought on “ვინ თქვა, რომ სამოთხე დედამიწაზე არ არსებობს

  1. Pingback: Page not found | Libcenter

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s