“სხვა”

საკონკურსო პოსტი
ავტორი: ანა  გოგოჩიშვილი

 მახსენდება მშობლიური ქალაქის ერთი ჩვეულებრივი  საჯარო სკოლა, ჩვენ – მერვე კლასის მოსწავლეები და საკლასო ოთახის ფანჯრები, რომლიდანაც ჩანდა დაბალი შენობა, სადაც იყო ,,სხვა“ ან იყვნენ ხოლმე ,,სხვები“-,,რაღაცნაირები“, ,,რამენაირად“, რომ უყურებდნენ ჩვენი კლასის და კიდევ სხვა ბევრი ფანჯრიდან. ისინი იყვნენ ხოლმე სადღაც, მაგრამ ჩვენ გვერდით თითქმის არასოდეს.

მერე  ,,სხვები“  თანდათან უფრო ხშირად ჩნდებოდნენ ქალაქის ქუჩებში – ხელჯოხით, ეტლით, სათვალით ან სხარტად ათამაშებდნენ თითებს და ასე  საუბრობდნენ. არ ვიცოდით რაზე, ვერ ვარკვევდით, არც გვესმოდა. აი, ისინი კი შესაძლებლობების შეზღუდვის გარეშე იტანდნენ მათკენ მიმართულ მზერას – ცოტა მოშორებით  ვინმეს  ორი თვალი ჯერ რომ გადაკვეთდა მანძილს, მერე ამოიღებდა მიზანში ,,სხვას“ და სრულიად მოურიდებლად – მ ი ა ჩ ე რ დ ე ბ ო დ ა… ამ დროს კი შესაძლოა ,,სხვა“ უბრალოდ ეტლიდან იხრებოდა, რომ ბებოსგან მზესუმზირა  ეყიდა, ან უკვე გადაკვეთილი ჰქონდა ქუჩა ხელჯოხის სრიალით… თუმცა, ყოველთვის გამოჩნდებოდა ვინმე თავის ქნევით და თან მოჰქონდა ერთი გაბმული ,,ნწ,ნწ,ნწ“ (ლოყაზე ხელის ცემით),მაშინ, როცა ,,სხვა“ მშვიდად ათვალიერებდა ქუჩას. მოვიდოდა ვიღაც და ყურში გიჩურჩულებდა ან სულაც ჩუმად გამოსცრიდა ,,სხვების“ ამბავს… ,,საცოდაობის ამბავს“ (ლამის დაუსრულებლად)მაშინ,როცა  ,,სხვა“   შესაძლოა მარდად ათამაშებდა თითებს- ვინ იცის, იქნებ თავის ,,სხვას“ სულაც სიყვარულს უხსნიდა…

 საკლასო ოთახის  და კიდევ სხვა ფანჯრებიდან ისევ იყურებოდნენ….

მერე მოვიდა სკოლის დამთავრების დრო.. ბევრმა უნივერსიტეტს მიაშურა – ოღონდ ,,სხვამ“ ვეღარ. კიდევ ის, რომ ქალაქს მოემატა ყვითელი ტრანსპორტი ვიწრო კიბით, რომელზეც ადიოდნენ (ოღონდ ,,სხვები“ ვერა) მშვიდად,სწრაფად, აეტორღიალებოდნენ, ზოგჯერ გადაუვლიდნენ ერთმანეთს რატომღაც (მგონი საზოგადოებრივ ცნობიერებას ეძახიან) და იყო ერთი ორომტრიალი,  ,,საავტობუსო“ ლექციები უზრდელ ახალგაზრდებზე, ბევრი ,,ნწ,ნწ,ნწ’’  და  ა.შ.

სადღაც, რომელიმე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს თითქმის არასოდეს ესაუბრებოდნენ ,,სხვებზე“, ხოლო სკოლის მოსწავლეს გაცინების ან ,,სხვისათვის“ ე.წ. გაჯავრების შემთხვევაში ვინმე ავტორიტეტული პედაგოგი თითის ქნევით ეტყოდა, რომ ეს ცუდია და მორჩა, ხოლო კითხვა რატომ ? – ჩვენში დიდად მიღებული ფორმა არ გახლდათ.

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქვეყანა….

ვერც კი მივხვდით, რომ  ახალი სახელწიფოს შენების გარიჟრაჟზე  სადღაც მიგვავიწყდა თავისუფლებაც, თანასწორობაც და ძმობაც. სადღაც გაგვეფანტა ჩვენსა  თუ ,,სხვებში“ არსებული პოტენციალი, შესაძლებლობა, ურთიერთგაგება, ნდობა და ა.შ. მოკლედ ის, რასაც უფრო აკადემიურად სოციალურ კაპიტალს დავუძახებდით.

აი, ასე და   ამგვარად გააქტიურებულ, მოფუსფუსე ,ჩაბეტონებულ ურბანულ თუ ზოგჯერ ფსევდო-ურბანულ სივრცეში  (და ზოგადად ქვეყანაში) ცდილობენ  ,,სხვები“ ჩვენ  მიერ ჩარაზული გარემო გაარღვიონ  და ვთვლი, რომ მიუხედავად ბევრი სირთულისა გამოსდით კიდეც. თუმცა, მათ და კიდევ სხვა პრობლემების მქონე ადამიანებს  საზოგადოება განყენებულ არსებებად წარმოიდგენს.

მთელ ამ ამბებში ოპტიმიზმის საფუძველს კი ისევ ჩემი ,,სალანძღავი“ თაობა მაძლევს, რომელიც თანდათან ცვლის და დარწმუნებული ვარ შეცვლის, გადაახალისებს ჩვენს მენტალიტეტს მრავალი კუთხით, ვინაიდან სხვაგვარად უკვე შეუძლებელია.

ახლა ვწერ ამას, ვიცი, რომ სოლიდარობამ ჩვენში ცოტათი იმატა, თუმცა ჯერ კიდევ ჩემს მშობლიურ ქალაქში ისევ არის ჩვეულებრივი საჯარო სკოლა, მისი და კიდევ სხვა ბევრი ფანჯრიდან უყურებენ ,,სხვებს“ გარეთ გამოსულებს, მაგრამ არც ახსენდებათ  ახლობელთაგან მიჩუმათებულები, გადამალულები… სადღაც ერთ პედაგოგს ისევ წამოსცდება მათი ,,საცოდაობის ამბავი“. ამ დროს კი ,,სხვებს“ უბრალოდ სურთ ისინი პიროვნებებად მივიღოთ, ვინაიდან ჩვენთან მიმართებაში ეს მათ უკვე შეძლეს -მიგვიღეს თავისად…

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქვეყანა …

One thought on ““სხვა”

  1. Pingback: Page not found | Libcenter

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s