როგორ იცვალა ფერი გიგიმ

  ავტორი: ნანუკა მეშველაშვილი    

გიგის თავდაპირველად ჟურნალისტიკის მიმართულებაზე არ ჩაუბარებია. არ მოსწონდა ქართული მედია და იმიტომ. ერთხელ უნივერსიტეტში  სატელევიზიო სიუჟეტის მომზადებისას მასთან ინტერვიუ ჩაწერეს. ჟურნალისტი იმდენად არაპროფესიონალად ეჩვენა, გაბრაზდა. სტუდენტობის მეორე წლის თავზე ჟურნალისტობა თავად გადაწყვიტა, თანაც ტელეჟურნალისტობა.

ფაკულტეტი შეიცვალა. შემდეგ ბედმა გაუღიმა –  „რაღაცა მანქანებით“ ერთ-ერთ ტელე-კომპანიაში სტაჟიორად აიყვანეს. და იყო სტაჟიორი ბევრი თვის განმავლობაში… დილიდან საღამომდე რომელიღაც ჟურნალისტის რომელიღაც სიუჟეტისთვის კომენტარების ჩასაწერად დადიოდა. იმ ჟურნალისტების, უმეტესად „ნიუსრუმში“ რომ ისხდნენ და მხოლოდ პირდაპირი ჩართვებისთვის  ან მთავარი გამოშვების რეპორტაჟებისთვის  ემზადებოდნენ. გიგის არ მოსწონდა ეს ე.წ. ელიტური ჟურნალისტიკა. ნერვებს უშლიდნენ  ხელმძღვანელებთან დამეგობრებული, პრივლეგირებული ტიპები. საკუთარ თავს ყოველდღიურად აძლევდა პირობას, რომ მსგავს ტენდენციას თავად შეცვლიდა.228797561

გიგის არც სნობი კოლეგები ხიბლავდა. ისეთები, მხოლოდ წარმატებულ ტიპებთან რომ აბოლებენ სიგარეტს და „საჭირბოროტო“ თემებსაც მხოლოდ მათთან განიხილავენ. (წარმატებას ძირითადად ცნობადობა განსაზღვრავს) აღიზიანებდა მათი მხრიდან ყოველი შემოხედვა, აი ისეთი, ზემოდან ყურებას რომ ეძახიან. არ მოსწონდა დამოკიდებულება, რომელიც მის შესაძლებლობებს მუდმივად ეჭვქვეშ აყენებდა. იმედი უცრუვდებოდა, როცა ხარისხიან მასალაზე კმაყოფილებას არავინ გამოხატავდა.

და აი, როგორც იქნა, თითქმის 2 წლიანი თავდაუზოგავი მუშაობის შემდეგ ხელფასი დაენიშნა. მიზერული, მაგრამ მაინც ხელფასი. მანამდე, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ ენთუზიაზმზე მუშაობდა.  საკუთარ თავთან დიდი ხნის წინ დადებული პირობა, მანკიერი ტენდენციის შეცვლის შესახებ კი სულ უფრო იშვიათად ახსენდებოდა.

გიგი მალევე მოხიბლა პოლიტიკოსების, ზოგადად, მაღალი ეშელონების  კეთილგანწყობამ და შინაურულმა გაღიმებამ. მათთან უშულაო ურთიერთობა  ახლა უკვე მის “კაი ტიპობაზე” მეტყველებს. კრიტიკული მასალების მომზადებას უმეტესწილად ერიდება. რაც უფრო აქტიურად ჩანს ეკრანზე, მით უფრო მეტია კეთილგანწყობაც.

არც ელიტური „ივენთების“ მოსაწვევებმა დააყოვნა.  სულ უფრო იმატა იმ ადამიანებთან ერთად გატარებულმა საღამოებმა, რომლებიც  ადრე თავადვე არ მოსწონდა.  მათ მიერ მომზადებულ პროდუქტსაც აღარ აკრიტიკებს, არადა ადრე არაპროფესიონალებად მიიჩნევდა.  გუშინ ერთად  დალიეს, უხერხულია.

გიგის მიზერულმა ხელფასმა უფრო და უფრო მოიმატა. გიგის დამოკიდებულებებიც უფრო და უფრო შეიცვალა. გიგი სწორედ იმ ადამიანთა რიგებს შეუერთდა, რომლებსაც საკუთარი პროფესია, მხოლოდ ხელობა ჰგონიათ. ხელობა, რომელიც ერთხელ უკვე ისწავლეს და პროდუქტიც მხოლოდ ამ ერთხელ ნასწავლის მიხედვით უნდა შექმნან. იმ ადმიანების თანამოაზრე გახდა, რომლებიც  ყველა საწინააღმდეგო, კრიტიკულ აზრს ქილიკით პასუხობენ.

გიგის facebook-ის გვერდზე მრავლად შეხვდებით ფოტოებს მათ  გვერდით, რომლებიც ადრე  განწყობის მიხედვით ესალმებოდნენ. რომლებისთვისაც წლების განმავლობაში მხოლოდ დამხმარე საშუალება იყო საკუთარი მასალის  მომზადებისას. რომლებსაც მისი ინტელექტი თუ პროფესიული უნარ-ჩვევები სრულებით არ აინტერესებდათ, არც სჭირდებოდათ. ახლა გიგისაც ხშირად ნახავთ ეკრანზე. სანაცნობო წრე და contact list-იც აშკარად გაზრდილია. კარგი ბიჭი ყოფილა, რას ერჩი.

გიგი მათ კარგად იცნობს, მათი ხასიათის ეს თვისებაც კარგად იცის. ზუსტად იცის, რატომ არის კარგი ბიჭი ახლა და რატომ არ იყო არავინ გუშინ. მაგრამ  ახლა გიგიც ამ საზოგადოების ნაწილია, უფრო მეტიც, მათი სრულუფლებიანი წევრი.

ფერი იცვალა გიგიმაც.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s