25 თებერვალზე

ავტორი: ანა გაგუა

ხვალ 25 თებერვალია და დედაჩემი მთხოვს ტაბახმელაში გავყვე, ამ დღის გმირებისათვის პატივის მისაგებად. უხერხულად ვიშმუშნები. ისიც ხვდება, რომ მეზარება.

– მე და ჩემი გოგოები მთელი სტუდენტობა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიტინგებზე დავდიოდით, იქ გავიგეთ ჩვენი ქვეყნის რეალური ისტორია, – მეუბნება მხოლოდ ამას და ვხვდები, ამ ფრაზაში უთქმელი კითხვაც-“შენ არ გადარდებს ქვეყანაში მიმდინარე ამბები?” რომ იგულისხმება.

არაფერს ვპასუხობ, ვიცი, რომ იცის ჩემი დამოკიდებულება და მეთანხმება კიდეც.

დედას გული წყდება, რომ ტაბახმელაში არ მივყვები. გული სწყდება, რომ ისიც და მისი სტუდენტობის მეგობრებიც გაიზარდნენ, ოჯახები ჰყავთ, ყოველდღიურ საზრუნავში არიან ჩაფლულნი და ნაკლები დრო რჩებათ ქვეყანაზე სალაპარაკოდ, საფიქრელად, ტაბახმელაში ერთად წასასვლელად.

ხვალ 25 თებერვალია. ამ დღეს თბილისი საბჭოთა მე-11 არმიამ დაიკავა. თავისუფლების და დამოუკიდებლობის სურვილის საბოოლოდ ჩახშობა სცადეს. წითელმა არმიამ ქართველი ახალგაზრდების სისხლით გააწითლა ტაბახმელა. ამ რუსმა ჯარისკაცებმა მერე კიდევ ბევრჯერ სცადეს იგივე, ამ ჯარისკაცებმა დედას მხოლოდ მოგონებებში დაუტოვეს სოხუმი, იქ გატარებული ბავშვობა, მე კი მხოლოდ გადმოცემით შემომრჩა მოგონებები ზღაპრულად ლამაზ ადგილზე. ამ რუსმა ჯარისკაცებმა თითქმის 90 წლის მერეც, ჩემს რეალობად აქციეს ომის შიში, ვერტმფრენის ყოველი გადაფრენისას კი, სკოლაში ხუმრობად “გვბომბავენ” დაგვიტოვეს. ამის მერეც, დღეს ზოგი ისევ გვსაყვედურობს, რატომ არ ენდობით, მათგან თავის ბოლომდე დახსნას რატომ ცდილობთ, განა ერთმორწმუნეები არ ვართო? ერთმორწმუნეობაზე გამახსენდა, იქნებ ჯამში ყველა მუსლიმ დამპყრობელს არ ჰქონდეს იმხელა ზიანი მიყენებული საქართველოს ეკლესიისთვის, რამდენიც რუსეთს, იმ „ცოტა“ საუკუნეში, ერთი ხელის ყველა თითიც რომ არ სჭირდება.

OKUPACIA

საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის შემოსვლა თბილისში

დედა იხსენებს, რომ სკოლაში ყოფნისას 25 თებერვალს ზეიმობდნენ, რადგანაც საბჭოთა კავშირი მათ სულ სხვა, გამოგონილი რეალობით აცხოვრებდა. ზოგჯერ მგონია, ვერ პატიობს თავს, მაშინ სიმართლე რომ არ იცოდა. ბაბუა თვეების იყო დედა რომ გარდაეცვალა, 6 წლიდან კი 3 და-ძმასთან ერთად მამის გარეშეც დარჩა. მამამისი 37 წლის რეპრესიებს შეეწირა. ეს მხოლოდ ჩემი ოჯახის ისტორია არ არის, ეს ყოველი მეორე ქართული ოჯახის ისტორიაა, თუ ყველასი არა.

შეხედეთ თქვენს მშობლებს, ისინი საბჭოთა კავშირში დაიბადნენ და თავისუფლება, ქვეყნის რეალური ისტორია ცხოვრების შუა ასაკში გაიგეს. დედა რუსთაველზე იყო 1989 წლის 9 აპრილს, ნათლად ახსოვს ყოველი მომენტი, მაგრამ, მისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია 1991 წლის 9 აპრილი- დამოუკიდებლობის აღდგენის და საბჭოთა მარწუხებისგან თავის დახსნის დღე.

გული სწყდება ტაბახმელაში რომ ვერ მიდის. მგონია, ფიქრობს, რომ თავის წილ ვალდებულებას ვერ იხდის იქ არ წასვლით.

დედა მასწავლებელია, ბავშვებს მათემატიკას ასწავლის. მე კიდევ მგონია, რომ მათემატიკაზე მეტს ასწავლის, უმეტესობა თავის ამბებსაც უყვება. მეც მყავდა უბრალოდ მასწავლებლები და “უფრო მასწავლებლები”, რომლებმაც საგანზე მეტი მასწავლეს. ვფიქრობ ,ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

მე ვერ მივყვები დედას ტაბახმელაში, მაგრამ არ მგონია ქვეყანა არ მადარებდეს. იქნებ, სხვანაირები ვართ ეს ახალი თაობა, სამიტინგოდაც აღარ გვაქვს საქმე, იქნებ, უფრო ძლიერი იარაღიც კი გვაქვს- ცოდნა. მე ასე მგონია.

არ ვიცი უკეთესი რა შემიძლია გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის, გარდა იმისა, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვარიანტი გავხდე, ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენო. ხანდახან, ღამით, ძილის წინ, ვფიქრობ დღეზე, როცა “დიდი გოგო” ვარ, ვმუშაობ ლექტორად და სტუდენტებს ჩემს საგანზე უფრო მეტს ვასწავლი. ვეუბნები, რომ  თუ ისწავლიან და მოვლენებს კრიტიკულად შეხედავენ, სხვები ვერ მოახვევენ თავს რაიმე აზრს და ყველაფერზე საკუთარი პოზიცია ექნებათ. ვეუბნები, რომ ცოდნა საუკეთესო იარაღია მტრის წინააღმდეგ, რომ თუ ქვეყნის ისტორია ეცოდინებათ, მაშინ ვერ მოატყუებენ.

ვხუჭავ თვალებს და წარმოვიდგენ, რომ ვმუშაობ იქ, სადაც ჩემი საქმეა ვუთხრა ახალგაზრდა გოგოებს, რომ ისწავლონ, იცოდნენ საკუთარი უფლებები, ჩამოყალიბდნენ ინდივიდებად და მხოლოდ მერე გათხოვდნენ, თუ ენდომებათ. ვეუბნები, რომ არავის, არავის აქვს უფლება მათზე ხელი ასწიოს. ვეუბნები დედებს, რომ სწორედ ეს ასწავლონ თავიანთ ქალიშვილებს, გაზარდონ პიროვნებებად და არა სხვის ცოლებად, ადამიანებად, სხვამ რომ უნდა უპატრონოთ, მიხედონ. წარმოვიდგენ, რომ ვმუშაობ იქ, სადაც ჩემი საქმეა, რომ გავაკეთო რამე იმისთვის, ადამიანები აღარ გამოიქცნენ მშობლიური სახლებიდან, რომ საქართველო მხოლოდ თბილისი არ გახდეს და გაპარტახებულ ადგილებად არ იქცეს სოფლები, რომელთა სილამაზითაც მთელს ევროპაში თავს ვიწონებთ.  აი, ასეთად წარმოვიდგენ თავს და ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ მე ერთ-ერთი ის მნიშვნელოვანი რამ ვიქნები, რასაც დედა ქვეყანას დაუტოვებს.

დე, ხვალ ტაბახმელაში ვერ წამოგყვები, მაგრამ, ისე გამოვიდა, რომ სამსახურში სწორედ 25 თებერვალზე მაქვს სტატია დასაწერი და პარლამენტის წინ ამ დღის გასახსენებელ აქციაზეც მისასვლელი ვარ. მაგრამ შენ თუ წახვალ, შენ ტაბახმელაში უთხარი მაროს, მე პარლამენტთან ვეტყვი, რომ მე აღარ მინდა მეტი მაროს სიკვდილი და მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ მისი ოცნებები თავისუფალ ქვეყანაზე, თავისუფალი ადამიანებით ახდება.

მე ასე მჯერა.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s