უნივერსიტეტი გუშინ და დღეს

ავტორი: თათა ჭყოიძე

არამგონია არსებობდეს თსუ-ელი, რომელიც ერთხელ მაინც არ შეჯახებია იმ ბიუროკრატიას, რომელიც ასეა გამეფებული ჩვენს უნივერსიტეტში. უამრავი სამსახური, გაბერილი შტატები, გაუთავებელი სირბილი ერთი კორპუსიდან მეორეში და კასკადი პასუხგაუცემელი კითხვებისა, ეს თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის რეალობა და თითოეული სტუდენტის ყოველდღიურობაა.

მარტივია ვითარების „ცისფერ მთებთან” ასოცირება, შესაძლოა ამ ყველაფერმა ღიმილიც კი მოგვაროს რიგით სტუდენტს, თუმცა, ფაქტი, რომ წლიდან წლამდე არაფერი იცვლება, თაობები კი იზრდებიან, მოგვიწოდებს დავიცვათ ჩვენი უფლებები და თავად უნივერსიტეტის ავტორიტეტი საზოგადოებაში.

ინდივიდუალურ საკითხებთან შედარებით გაცილებით რთული და კომპლექსურია ადმინისტრაციული მართვის სიტემა, ერთი შეხედვით ამოუცნობი და ბევრი პრობლემის მატარებელი. უნივერისტეტის ავტონომია, სამართლებრივი თუ აკადემიური დამოუკიდებლობა არა რომელიმე ერთი კონკრეტული პირის, არამედ თითოეული ლექტორისა და ჩვენი, „განათლების მაძიებელთა“ ხელთაა. ამიტომ უპირველეს ყოვლისა, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ნაკლებობა იწვევს აღნიშნულ ბიუროკრატიასა და იერარქიულობას.

ბოლო დროის განმავლობაში ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანოს „თვითმართველობის“ სისტემა. იგი იყო პოლიტიკურად მართული ახალგაზრდების გაერთიანება, რომელიც ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებოდა მოწინააღმდეგეებს. მეხუთე მოწვევის არჩევნების შემდეგ, რომელიც 2014 წელს ჩატარდა, ვითარება შეიცვალა. ახალმა წევრებმა და მმართველებმა შეძლეს სისტემის   პოლიტიკური ძალების გავლენისაგან გათავისუფლება, რაც პოზიტიური მოვლენაა. თუმცა, სტუდენტური თვითმართველობის მიმართ კრიტიკა კვლავაც არ ცხრება.

2 დღის განმავლობაში წევრების ტრენინგებზე დახარჯული 24600 ლარი სტუდენტთა ნაწილის აზრით გაფლანგულია. უნივერსიტეტის ბიუჯეტის აუთვისებლობისა და გარღვევის არგუმენტით ზემოთხსენებული ტრენინგის ჩატარების გამართლება არასაკმარისია და იგი მეტ კონკრეტიკას საჭიროებს. მსგავსი ფაქტები მხოლოდ თვითმართველობის საწინააღმდეგოდ მეტყველებს. თუმცა, ამავდროულად უნდა აღვნიშნოთ მათი როლი უნივერისტეტში სარემონტო სამუშაოების დაწყების საქმეში, რაც, თავის მხრივ, წინ გადადგმული ნაბიჯია.

სტუდენტთა ნაწილმა 7 მარტს გამართა აქცია პირველი კორპუსის ეზოში. მათი ძირითადი მიზანი სტუდენტური თვითმართველობის პრივილეგიების წინააღმდეგ ბრძოლა იყო. აქციის მიმდინარეობისას გამოიკვეთა უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატის, გიორგი გაფრინდაშვილის მიმართ ბრალდებები. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიება ადასტურებს აღნიშნული პირის ჩართულობას სტუდენტების წინააღმდეგ ბრძოლის მავნე პრაქტიკაში. ცხადია, რომ იმ პირის მიმართ, რომელმაც უნივერსიტეტში მაღალი თანამდებობა უნდა დაიკავოს მსგავსი ეჭვები არ უნდა არსებობდეს, თუმცა სამართლებრივი თვალსაზრისით ამას დამტკიცება სჭირდება. დემონსტრაციების პარალელურად, თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში „ოდეერის“ ინსტიტუტის შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ პროტესტს სხვა გაქანება მისცა და ერთგვარად ჩიხში შეიყვანა. ამ უკანასკნელის დადასტურების შემთხვევაში, ეჭვის ქვეშ დადგება, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური დამოუკიდებლობის საკითხი.

თუმცა,  7 მარტამდე განხორციელებეული მოვლენები, რექტორის სასურველი კანდიდატის ჩავარდნა  პროცესის ის მეორე მხარეა, რომლის გათვალისწინებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. დემონსტრაციები იმ ფაზაშია შესული, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს მარტივად შეუძლიათ სტუდენტური ძალის საკუთარი ინტერესებით გამოყენება.

სწორედ პრობლემებთან ბრძოლით, დაპირისპირებით იწყება განვითარება და პროგრესი. არ ყოფილა შემთხვევა, რომ უნივერსიტეტელებს საკუთარი აზრი არ დაეფიქსირებინოთ ქვეყნისა თუ ერის მნიშვნელოვან საკითხებზე. ისინი ყოველთვის გრძნობდნენ ამ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას, მოვალეობას და მაშინ, როცა საქმე უნივერსიტეტის დღევანდელობასა და მომავალს ეხება, გაცილებით მკვეთრად რეაგირებენ.

აზრისა და გამოხატვის თავისუფლება იმ ძირითად ფასეულობებშია, რომლებიც ასე ძალიან მოგვწონს დასავლურ სამყაროში. ჯანსაღი პროცესები, მათ შორის საპროტესტო აქციები მიზნის მიღწევის საშუალებებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. იმავე დასავლეთში ამბობენ, რომ ერთის თავისუფლება, მაშინ მთავრდება, როცა მეორის იწყება. ამავდროულად, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება აზრის გამოხატვის ფორმას, იმ მიდგომებს, რომლებიც საღად მოაზროვნე, თავისუფალ ადამიანს გამოარჩევს სხვათაგან.

ეს არ არის შეჯიბრი უნივერსიტეტისადმი პატრიოტიზმში, თან პატრიოტიზმიც ხომ ფართო ცნებაა და  ბევრ განსხვავებულ აზრს გულისხმობს. მართალია, ქართველ კაცს რადიკალიზმი თითქოს სულში აქვს გამჯდარი და ყოველ წუთს ლამობს ამოხეთქოს, მაგრამ დემოკრატია და ლიბერალიზმი, ჩვენივე არჩევნის გამო, ერთმანეთისადმი სოლიდარობასა და პატივისცემის გამოხატვას გვაკისრებს.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s