„ჩამოთრეულთა“ ათი მცნება და მე, რიგითი „ჩამოთრეული“

ავტორი: ანა ჯიშკარიანი
თბილისში ჩამოსულების, ან გნებავთ „ჩამოთრეულების“ ათი მცნება, რომელიც თავის დროზე, ხოხობმა გმირულად ამოკაწრა ნისკარტით, იმ ცხელი წყაროს პირას მიგდებულ ქვაზე, რომელშიც მერე თვითონვე ჩაიხრჩო:

მცნება პირველი: „ტფილისი არის ურთიერთობა, გიყუარდეს იგი, ვითარცა თავი თვისი.“
მცნება მეორე: თაყვანი ეც ჭეშმარიტ თბილისელთა, რათა კეთილი გეყოს შენ და მიღებულ იქნე დედაქალაქსა შინა.
მცნება მესამე: „ არა მიკროფონ იპყრა ხელსა შენსა, ჩამოსვლიდგან (ჩამოთრევითგან) პირველივესა თვესა“
მცნება მეოთხე: „დღეი იგი აღდგომისაი და ბრწყინვალე დღესასწაულთაი დაჰყავ სოფელსა შენსა, რათა ჭეშმარიტ თბილისელთ სიხალვათე ჰპოვონ ქალაქსა თვისსა“.
მცნება მეხუთე: „არა იძერსკო“ (რათა განირჩეოდე ჭეშმარიტ თბილისელთაგან)
მცნება მეაქვსე: „არა ტო სთქვა, თვინიერ ძირძველ თბილისელთაგან ნებართვისა“
მცნება მეშვიდე: „არა ლь ჰქმნა“
მცნება მერვე: „არა ფეხი წაგიცდეს შარდენსა ზედა“
მცნება მეცხრე: „ჩამოთრეულთ არა ეგებით ხელთ „აი ფოუნის ჭერა“, არცა ქალაქის მმართველობაი, არცა თავის მაღლა ჭერაი.
მცნება მეათე: უკუეთუ გლდან-სანზონა-ვარკეთილ- სამგორ მყოფობ, არა სცნო თავი თბილისელად (კადნიერებაში ჩამოგერთმევის)

საბრალდებო ოქმი:

მოქალაქე ბ.ი. , სოფელი ბანძადან მხილებულ იქნას მეორე და მეშვიდე მცნებების უხეშად დარღვევაში. კერძოდ აღნიშნული ახალგაზრდა მიუხედავად იმისა, რომ „რაღაც ორი დღის ჩამოთრეულია სოფლიდან“ შეიმჩნევა მიკროფონთან ხშირ კონტაქტსა და ლь-ს ხშირ გამოყენებაში (მსმენელების თქმით, ტყვიამფრქვევივით ისვრის ლь-ებს) , ჭეშმარიტ თბილისელთა გარემოცვაში, რაც ზიანს აყენებს მათ სათუთ და გოიმობისადმი ალერგიულად განწყობილ სმენას.

მიესაჯოს: ძილის წინ, თბილისის ანძისკენ (აი, ეიფელს, რომ ჯობია და ეს ჟანეტმაც, რომ იცის იმისკენ) პირშექცეულმა ასჯერ გაიმეოროს: „გოიმი ვარ, მაგრამ შენთვის გავკარგდები, თბილისო“
მსჯავრი გამოტანილია „კარენოი თბილისელთა საბჭოს“ იგივე კთს-ს მიერ:

ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე: გ. გაჩეჩილაძე (იგივე „უცნობი“), მისივე განცხადებით:

გამარჯობა, ათი მცნება და ბ.ი.-ს გასაჭირი იქეთ იყოს და მეც ერთი რიგითი „ჩამოთრეული“ სტუდენტი ვარ, გურიიდან „ჩამოვეთრიე“… . უკვე სამი წელია, რაც მშობლიური სოფლიდან წამოვედი, ჩემი წილი „მიკროფონის“, ( ჰო, შემირცხვეს თავი და მეც ჟურნალისტობაზე ვოცნებობ) ჩემი წილი ცხოვრების და თავგადასავლების აღმოსაჩენად, მოკლედ ყველაფერი იმის, რაც ჩემი წილია და მე მეკუთვნის, რა ვუყოთ, რომ სოფელში ვერ დაველოდე ამ ყველაფერს, შეაგვიანდებოდათ ვიცი, მე კიდევ მოუთმენელი ვარ…

მე ვიცი, რომ თბილისში არ უყვართ არა ვერა-ვაკურ სლენგზე მოსაუბრეები, ცენტრში მცხოვრებლებს არ უყვართ გარეუბნებში მაცხოვრებლები. მე ვიცი, რომ თბილისელები ძალიან რთულად თუ აღიარებენ ხოლმე, არათბილისელის „კაი ტიპობას“, ერთხელ სადღაც ისიც კი მოვისმინე, რომ აქ, ამ ქალაქში „თბილისური ურბანული ფაშიზმია“ დამყარებული, ან თუ გნებავთ „სნობიზმი“ უწოდეთ, ჰო, მე ეს ყველაფერი ვიცი, სანამ „ჩამოვეთრეოდი“ ათ მცნებასაც კარგად გადავავლე თვალი და მაინც აქ ვარ. თუმცა,მე ისიც ვიცი, რომ აზროვნება, განათლება და შრომისუნარიანობა ისაა, რაც უნდა მოიპოვო,(ჭეშმარიტად ღირებული კი სწორედ ეს თვისებები მგონია) მას „თბილისელობის“ მსგავსად მემკვიდრეობით ვერ მიიღებ, ამიტომაც, მე მაპატიეთ,მაგრამ დავფიქრდი და „თბილისელი შოვინისტის“ სტატუსს ისევ „ჩამოთრეულის“ სტატუსი მირჩევნია. ჩემთვის ასეა და აბა რავიცი.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s