რელიგიის თავისუფლება

ავტორი: მარიამ არბოლიშვილი

კონსტიტუცია არის, ის რაც თითოეულ მოქალაქეს აერთიანებს და გვანიჭებს უფლება-მოვალეობებიდან წარმოქმნილ პასუხისმგებლობას. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში ვკითხულობთ, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები გამოხატავენ „ურყევ ნებას“ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის.

სწორედ დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპები განაპირობებს ქვეყანაში პლურალური გარემოს ჩამოყალიბებას.

დღეს საქართველოში აზრის, სინდისის, რელიგიის თავისუფლებას იცავს როგორც კონსტიტუცია და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანო, ასევე საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, რომლებიც გულისხმობენ ისეთი გარემოს არსებობას, სადაც დაცული იქნება ინდივიდის რწმენის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება.

და მაინც, რატომ ხდება, რომ საზოგადოება აგრესიით არის განწყობილი განსხვავებული რელიგიური ჯგუფების მიმართ, როგორც ეს მოხდა ქობულეთის „მუსლიმ ბავშვთა პანსიონის“ და სოფელი მოხეს შემთხვევაში. რატომ ხდება, რომ იეჰოვას მოწმეებზე ხშირია ფიზიკური ზეწოლის ფაქტები და ეს ინფორმაცია თავს იყრის სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშებში.

სახელმძღვანელოებში წერია, სკოლებში გვასწავლიან, რომ ჩვენ საუკუნეების მანძილზე მშვიდობიანად თანავცხოვრობდით სხვადასხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ ჯგუფებთან. ჟან შარდენიც ამბობდა, რომ ამ ქვეყანაში შეგეძლო გეცხოვრა და დაგეცვა შენი ეთნიკური და რელიგიური იდენტობა.

მაგრამ ფაქტია, რომ ახლა ჩვენ არც მეჩვიდმეტე საუკუნეში და არც დავით აღმაშენებლის ეპოქაში არ ვცხოვრობთ. თანამედროვე საქართველოში რელიგიური ნიადაგზე ფიზიკური დაპირისპირებების ფაქტები მრავლადაა. ადიგენის მუნიციპალიტეტში, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მესამე ფიზიკური ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის. ბოლო შემთხვევაში, მოტივი რელიგიის საკითხთა ეროვნული სააგენტოს ნებართვა გახდა, რომლის მიხედვითაც სოფლის მუსლიმ მცხოვრებთათვის უნდა გამოყოფილიყო ცალკე  ტერიტორია სასაფლაოსთვის. ამ ფაქტს აპროტესტებდა სოფლის ქრისტიანი მოსახლეობა. დაპირისპირების შედეგად ფიზიკური დაზიანება მიიღო სამმა მუსლიმმა მოქალაქემ. საქმე აღიძრა 156-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს დევნას სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის, სინდისის, რწმენის ან მრწამსის საფუძველზე.

სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლობა. კანონი იცავს ყველა რელიგიური მრწამსის ადამიანს, მაგრამ პრაქტიკულად ვხედავთ, რომ საზოგადოება ვერ ახერხებს იყოს შემწყნარებელი. შეიძლება ოდესღაც ვიყავით ტოლერანტულები და გამოცდილებაც დიდი დაგვიგროვდა, მაგრამ დღეს მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით ყველაზე ნაკლებ სარწმუნოა ვისაუბროთ ისე, თითქოს ეს პრობლემა არ იყოს საქართველოში.

ქართულ საზოგადოებას რიგი საკითხების მიმართ ორი უკიდურესობა ახასიათებს, ან თვალს ვხუჭავთ და ვხდებით ინერტულები, ან ფიზიკური დაპირისპირების გზას ვირჩევთ, თითქოს ძალადობა იყოს პრობლემის მოგვარების საშუალება (და ეს არ ეხება მხოლოდ რელიგიის საკითხებს).

ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთავარია, რომ საქმე იყოს ობიექტურად გამოძიებული და დამნაშავეები იყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი. მაგრამ მხოლოდ გამოძიება ვერ შეცვლის საერთო ფონს, მნიშვნელოვანია, რომ როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების სისტემაში მიეწოდებოდეთ მოსწავლეებს ინფორმაცია ტოლერანტობის, მისი საჭიროებასა და მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

დღეს საქართველოში თანაცხოვრობენ მართლმადიდებელი, მუსლიმი, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის, კათოლიკე, იუდეველი რელიგიური ჯგუფის წევრები. როგორც თითოეული ჯგუფისთვის, ისე სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფა. პრობლემა იქნება აქტუალური იქამდე სანამ არ გაჩნდება სახელმწიფოს ნება და არ გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები; სანამ არ შეწყდება უმრავლესობის უპირატესობაზე აქცენტირება.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s