დეკარტეს მეტაფიზიკური მედიტაცია საქართველოს

ავტორი: ქეთი რაზმაძე

დეკარტეს მეტაფიზიკური მედიტაცია საქართველოს
-მოდით, მეგობრებო, ახლა ჩვენს სამშობლოს, ჩვენს.. აი.. მართლაც რომ ედემის ბაღს.. წალკოტს, ჩვენს საყვარელ ქვეყანას გაუმარჯოს!
– აზრზე ხარ რამდენი ხანია არსებობს ეს პატარა ქვეყანა? იმპერიები დაინგრა ძმაო!
– ვერც დაითვლი ბიჭო! საქართველო ოდითგან მოდის! ო-დ-ი-თ-გ-ა-ნ!

ასეთ „მეცნიერულ’’ საუბრებში საქართველოს ო-დ-ი-თ-გ-ა-ნ არსებობა აპრიორული დებულებაა ხოლმე. რამდენ საუკუნეს ითვლის აბსტრაქტული და განზოგადებული „ო-დ-ი-თ-გ-ა-ნ“ კაცმა არ იცის. თითქოს, კოსმოსში, რომლისთვისაც გარდაუვალია დროითი დასაზღვრულობა, პლატონის „ტიმაიოსიდან“ შემოიჭრება არაამქვეყნიური ძალა მუდამმყოფი საქართველოს სახით „დაბადების თარიღიც“ რომ არ აქვს. თავმომწონე და ბუნდოვანი მტკიცებები წარსულის შესახებ კარგად ფარავს აწმყოს გამოწვევებს და ალბათობის თეორიის არმცოდნე ადამიანებს აიმედებს, რომ საუკუნეების არსებობა ხვალინდელი სიცოცხლის გარანტია, მაშინ, როცა ზედიზედ 9 „რეშკა“ არ ამცირებს მეათეს „არიოლობის“ შანსს. მონეტის ყველა ახალი აგდება დამოუკიდებელი ხდომილობაა- საქართველოს ახლანდელი არსებობა აწმყოში განისაზღვრება. ამ დროს კი პარაზიტი „ო-დ-ი-თ-გ-ა-ნ“ ქმედითუნარიანობას ღრმად აძინებს.

მაინც როდიდან არსებობს საქართველო? ერთ მშვენიერ დღეს, რომელიღაც უცნობ წელს აღმოცენდა ორ ზღვას შუა და იმის შემდეგ ჩაძირვის საფრთხისგან დაცლილი მყარად დგას? მართალია, ლეგენდების უარყოფა ყველაზე რთულია, მაგრამ იქნებ მაინც დავეჭვდეთ და აღტკინება რაციონალურობით შევცვალოთ.

დეკარტე ყველაფერში დაეჭვდა და ამით დაამტკიცა საკუთარი არსებობა. „ვეჭვობ, მაშასადამე ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“- დაახლოებით ასე ჟღერს მისი მეტაფიზიკური მედიტაციების დასკვნა. ჩვენ კი იმიტომ გვიჭრის გონება, იმიტომ ვაზროვნებთ, რომ ვარსებობთ ქართველებად(ჩვენ ხომ გენეტიკურად მოგვდგამს ნიჭი). ასეთი მსჯელობა დეკარტეს ტექსტის უკუღმა წაკითხვას ჰგავს, მარჯვნიდან მარცხნივ:”ვარსებობ, მაშასადამე ვაზროვნებ“. ეჭვი კი არსად ჩანს. სინამდვილეში გამოცხადებულ ჭეშმარიტებებში დაეჭვება საფუძველია ისეთი ცოდნისა, რომელსაც ადამიანი თავად ქმნის, რომელიც მისთვის ცხადია და არა ხელშეუხებელი მოცემულობა აზროვნების უფლებას რომ გვართმევს ხოლმე. დაეჭვება არ არის შეურაცხყოფა, პირიქით, დაჟანგებულის გაცოცხლებაა, რომელიც მანამდე იმდენად მიუკარებელი და უფიქრალი იყო, რომ ჟანგი უფრო და უფრო იზრდებოდა.

1801-1917 წლებში „საქართველო“ რუსეთი იყო, 1921-1990 წლებში- საბჭოთა კავშირი. ეს უახლოესი წარსულიდან 2 სიკვდილია. მანამდეც ბევრჯერ მოკვდა. და თავიდან დაიბადა. თურმე სულ ცოტა ხნის წინ 1991 წლის პირველი აპრილს თავიდან დაიწყო არსებობა, რომელიც დასამტკიცებელია. დამტკიცებისთვის კი 26 წლის წინ შექმნილი ქვეყნისთვის სიტყვა „ო-დ-ი-თ-გ-ა-ნ“ აღარ ა-რ-ს-ე-ბ-ო-ბ-ს.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s