ჰუმანიტარული მეცნიერებების კრიზისი

ავტორი:ლიკა ჩხაიძე

„ისტორიიდან რომ ამოვიღოთ კულტურა,
დაგვრჩება მხოლოდ ზოოლოგია.“ (ბაჩანა ბრეგვაძე)

platon-aristotelesჩვენს ქვეყანაში ჰუმანიტარული მეცნიერებების კრიზისზე საუბარი გიჩენს  ბუნებრივ შეკითხვას, ხარ თუ არა ადეკვატური ეპოქასთან მიმართებით. არის თუ არა ტექნოკრატულ საუკუნეში ასეთი თემების განხილვის დრო და დგას თუ არა დღის წესრიგში მრავალმხრივი ჰუმანიტარული განათლება, ვიწრო სპეციალიზაციების პარალელურად.

საქართველოში სოციალურ-პილიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, დიდი ხანია ამ პრობლემის გადასაჭრელად თანხების გამოყოფა ფუფუნებად ითვლება. ისევე როგორც ზოგადად კულტურულ განვითარებაზე მსჯელობაა ფუფუნების საგანი. კულტურა მართლაც დგას ყოფით საკითხებზე მაღლა და შედარებით სხვა მატერიებზე ფიქრს საჭიროებს, თუმცა, თანდათანობით, სიტუაცია სავალალო ხდება.

კულტურული განვითარებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების კრიზისი დიდი ხანია პრობლემაა, თუმცა ამ პრობლემის სიმძიმე განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც თვითონ გავხდი ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მიუხედავად, პირველივე კურსზე შეხვედრილი უამრავი წინააღმდეგობისა, ადმინისტრაციული პრობლემისა, აქ ჩემი უნივერსიტეტის პრობლემებზე არ დავვიწროვდები, რადგან საკითხი უფრო გლობალურად უნდა დაისვას. უბრალოდ, სახელმწიფო უნივერისტეტი ერთგვარად სარკეა იმ პროცესებისა, რაც დღეს ჰუმანიტარულ მეცნიერებებში მიმდინარეობს.

დავიწყოთ იმით, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჰუმანიტარულ ფაკულტეტს მისაღებად უფრო ნაკლები საკონკურსო ქულა სჭირდება, ვიდრე მაგალითად, იურიდიულს, სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებებს, ეკონომიკურს თუ სხვ. ცხადია, ეს გამოწვეულია კონკურენციის დაბალი მაჩვენებლით, თუმცა პრობლემა აქვე უნდა ვეძებოთ. დღეს საქართველოში ზემოთ ხსენებულმა ფაკულტეტმა ე.წ. პრესტიჟი დაკარგა, საყოველთაოდ მიღებულია აზრი, რომ ჰუმანიტარი განწირულია უმუშევრობის ან დაბალი ანაზღაურებისათვის, ფაქტობრივად, უნდა შეეგუო, რომ ქვეყანას, როგორც კადრი, არ სჭირდები და ასეთი სპეციალიზაციის მქონე, პირიქით, ტვირთიც კი ხარ ქვეყნისათვის.

ჰუმანიტარული დარგებიდან სახელმწიფომ სრულად დააფინანსა ქართული ფილოლოგიის, ისტორიის, არქეოლოგიის, ფილოსოფიის მიმართულებები, რეალურად, რეფორმა პოპულარიზაციის თვალსაზრისით წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ამ სპეციალობებს დაინტერესებული სტუდენტები ისედაც ჰყავდა, პარალელურად კი უამრავი სხვა დარგი სიკვდილის პირასაა. ცალკე განხილვის საგანია ინგლისური ფილოლოგია, რომელზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა, თუმცა, მეცნიერების კვდომის ყველაზე სრულყოფილ მაგალითს სწორედ ამ სპეციალობაზე შეხვდებით. სიტუაცია რომ შევაჯამოთ, მივიღებთ გამაოგნებელ სურათს, დასავლეთ ევროპული ენების ფილოლოგია, კავკასიოლოგია, არმენოლოგია, ებრაისტიკა-არამეისტიკა, კლასიკური, ბიზანტიური ფილოლოგია და ა.შ აბსოლუტურად ცარიელია, მიმართულებები კვდება. შესასწავლი, საკვლევი, სათარგმნი კი უამრავია, თუმცა არც სტუდენტსა და არც აკადემიურ პერსონალს ამ მეცნიერებებზე ზრუნვის სურვილი და მოტივაცია აღარ აქვთ.

ამ პრობლემაზე საუბარი, ერთი შეხედვით ჰგავს იდეალიზმისა და მატერიალიზმის დაპირისპირებას, ცალსახა ეკონომიკური კრიზისის პერიოდში ხელისუფლება შესაძლოა ვეღარ ფიქრობს ჰუმანიტარულ დარგებზე, თუმცა ერთი რამ ცხადზე ცხადია, ძალიან მალე ამ კადრების საჭიროება დადგება და ეს ინდიფერენტულობა ქვეყანას აუცილებლად შეახსენებს თავს. კავკასიის რეგიონში მდებარე ქვეყანაში მალე კავკასიოლოგი იქნება საძებარი, მაშინ, როცა ამ თვალსაზრისით, უამრავი პრობლემის წინაშე ვდგავართ.

ახლა სკოლა და უნივერსიტეტი ერთმანეთს აკისრებენ პასუხისმგებლობას. სკოლა, თურმე სრულიად „დაუმუშავებელ მასალას“ აგზავნის სტუდენტად უნივერსიტეტში, ხოლო უნივერსიტეტი, თავის მხრივ, არაკვალიფიციურ კადრებს ამზადებს, რომლებიც ისევ სკოლებში საქმდებიან და მომავალ თაობებს იმავე პრინციპებით ზრდიან. ერთ წრეზე ვტრიალებთ.

ერთი რამ უდავოა, ჰუმანიტარების უმრავლესობა დღეს მეცნიერებისათვის მოწოდებული არ არის. რეალურად,  ქვეყანა, რომელიც შუასაუკუნეებიდან მოყოლებული საგანმანათლებლო, მთარგმნელობითი კერებით იყო ცნობილი, დღეს მოქცეულია კულტურულ კოლაფსში, ახალი ტექსტების თარგმნა გვიანდება, კარგი თარგმანი უფრო და უფრო იშვიათი ხდება, კვლევები მხოლოდ ვიწრო სამეცნიერო წრეებში მიმდინარეობს. ვფიქრობ, საჭიროა გავიაზროთ, რომ ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარების გარეშე შეუძლებელია ფეხი ავუწყოთ ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე კულტურულ პროცესებს. მსოფლიო კულტურებს აერთიანებს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ფასეულობები და ჩვენ მათგან მოწყვეტილნი არ უნდა ვიყოთ. სამყაროს აღქმის ყველაზე მეტ განზომილებიანი საშუალება სწორედ ჰუმანიტარული მეცნიერებებია და ამ დარგში მოღვაწეებმა აუცილებლად უნდა იგრძნონ, რომ ქვეყანაში მათი არსებობა საჭირო, შრომა კი დაფასებულია.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s