პრესტიჟი პრესტიჟისთვის

ავტორი: თიკო ლევანიშვილი

თითოეული ფოკუსი 3 უცვლელი კომპონენტისგან შედგება. ესენია გარდასახვა, მოქმედება, პრესტიჟი. ხალხს სამივე მათგანი სჭირდება იმისთვის, რომ დაიჯეროს სიცრუის სიმართლის ანუ მარტივად რომ ვთქვათ მოტყუვდეს. ფოკუზის ელემენტები ხშირად ცხოვრებაშიც იჩენს ხოლმე თავს.

პირველ მოქმედებაში ანუ გარდასახვის მომენტში ვამბობთ, რომ პროფესიას ჩვენ ვირჩევთ. ბავშვობიდან ვოცნებობთ ბიზნესმენობაზე, ბალერინობაზე, ჟურნალისტობასა და პრეზიდენტობაზე, ან სულაც არ ვოცნებობთ. ვსხედვართ ასე გულხელდაკრეფილები და ველოდებით როდის დაიწყება გამოცდებისთვის რეგისტრაცია, რათა შევავსოთ 20 უნივერსიტეტის 20 ფაკულტეტი თანაც ისე, რომ არ დავფიქრდეთ მომავალში ამ პროფესიით ადვილად დავსაქმდებით თუ არა. იმის გაფიქრება საერთოდ გვინდა თუ არა უმაღლესში ჩაბარება არც კი შეიძლება. რა თქმა უნდა, გვინდა. აბა, ჩვენნაირი ოჯახის შვილს უმაღლესი დიპლომი როგორ არ უნდა ჰქონდეს. ამასობაში კი, სანამ ჩვენ 4 წელი დიპლომისთვის ვსწავლობთ, ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთი დიდი ქარხნის მეპატრონე საზღვარგარეთ ეძებს კარამელის ჩამომსხმელს, რომელსაც 4 ციფრიან თანხას უხდის. ერთი უბედურება ის, რომ ჩვენთან არ არის მსგავსი პროფესიის შემსწავლელი დაწესებულება და მეორე უბედურება ის, რომ წარმოიდგინეთ, რა რეაქცია ექნება დედას, რომელსაც შვილი ეუბნება რომ კარამელის ჩამომსხმელი უნდა გამოვიდეს. არადა, მსგავსი ანაზღაურება ხომ ყველასთვის მიმზიდველია.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ პროფესია თავად გვირჩევს, მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა უკვე არჩევანი გაკეთებული. ზოგჯერ კი არა, ხშირად ასე ხდება. ბანკები ხომ სავსეა ფილოლოგი ოპერატორებით, სალონები ეკონომისტი სტილისტებით და ქუჩები, ყველასათვის ცნობილი, „ორდიპლომიანი იურისტებით.“

თუ გარდასახვა წარმატებით გავიარეთ, გადავდივართ მეორე ეტაპზე. მოქმედება ეს ის მომენტია, როცა უნივერსიტეტში გატარებულმა 4-მა წელმა უნდა მიგვახვედროს თუ რა არის ჩვენი პროფესია და ვინ ვართ ჩვენ, ამ პროფესიის, ადამიანები. „ცოდნის ტაძარში“ შესვლის დღიდან სტუდენტები უნდა სწავლობდნენ ყველაფერს თავის პროფესიაზე და სწავლის პერიოდი არ უნდა იწელებოდეს ისეთი საგნების შესწავლით, რომელსაც „ზოგად განათლებას“ ეძახიან და სინამდვილეში დროის ტყუილად კარგვაა. სტუდენტს არ უნდა შეექმნას ილუზიები, მან კარგად უნდა აწონ-დაწონოს რა რეალობაში ცხოვრობს, როგორი კონკურენტუნარიანი გარემოა, რა თვისებებია საჭირო იმისთვის, რომ თავი დაიმკვიდროს. უნივერსიტეტი თუ ამაში არ დაგეხმარა, დიდი შესაძლებლობაა იმისა, რომ შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი გახდეს და დაირღვეს მისი შრომითი უფლებები.

პრაქტიკა რომ ყველა პროფესიაში აუცილებელია, ფაქტია. დამსაქმებლები მუდმივად ითხოვენ გამოცდილ კადრს. გამოცდილება კი სტაჟირებიდან უნდა დაიწყო. წარმოვიდგინოთ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველკურსელი. ინტერნეტში ვაკანსიას წააწყდა, რომელსაც რომელიღაც საინფორმაციო სააგენტო აცხადებდა. მივიდა აიყვანეს და რას აკეთებს? სხვა რეიტინგული საინფორმაციო სააგენტოდან ინფორმაციას „აკატავებს“ თავისთან ისე, რომ არც ამ სააგენტოს უთითებს და არც ჟურნალისტს. რა მისი ბრალია, ასე დაავალეს და თან არც უნივერსიტეტში ასწავლეს ჟურნალისტური ეთიკა და ის წესები, რომელთა დაცვა აუცილებელია. არ ასწავლეს, მაგრამ ასწავლიან მე-4 კურსზე, ამ კურსზევე ასწავლიან რა არის „სინქრონი“ და „სთენდაფი.“ ხოლო თუ მანამდე მოუწია რომელიმე ტელევიზიაში სტაჟიორად მისვლა და იქ პროდიუსერმა „სინქრონებისა“ და კადრების აწყობა სთხოვა, თევზის თვალებით შეხედავს და ყველა ღმერთს დახმარებას შესთხოვს.

სტაჟირებამ რომ გამოცდილება უნდა მოგცეს, ცხადია, მაგრამ ამან ტყვეობაში როგორ შეიძლება გაქციოს, თავიდან ყურადღებას არ აქცევ. მიდიხარ სამსახურში, ხარ ბედნიერი რომ უკვე დასაქმებული ხარ (მე რა რომ ხელფასს არ იღებ, ყველაფერი ხომ ფული არ არის) და ხარ იმის იმედად, რომ ერთხელაც შტატში ჩაგსვამენ. ეს უკანასკნელი უფრო გადარდებს ადამიანს, ვიდრე ის, რომ ამ პერიოდში უფრო მეტი ისწავლო, უფრო განვითარდე და გამოიყენო ეს შანსი. ერთხელაც იაზრებ, რომ შენი თავი ამოწურე, უკვე ახალს ვეღარაფერს სწავლობ, კედლები ვიწროვდება შენთვის და სუნთქვა აღარ შეგიძლია. მაგრამ წამოსვლა არ გინდა, გერიდება სხვები რას იფიქრებენ, თან დროც გენანება, მაინც გულის სიღრმეში გაქვს იმედი, რომ „შრომა დაგიფასდება“ და გექნება შედეგი ანუ პრესტიჟი.

ზუსტად ესაა მესამე ეტაპი, როდესაც პრესტიჟი ან მოდის ისეთი, როგორიც შენ გინდა, ან მაინც მოდის ოღონდ ისეთი, როგორიც შენ არ გინდოდა.

1 წელია რაც ვმუშაობ და მივხვდი, რომ აქამდე ბევრჯერ შეიძლებოდა წამოვსულიყავი სამსახურიდან და არ დავლოდებოდი შტატში ჩასმას. აი ასე, ავმდგარიყავი, ყველასთვის მადლობა მეთქვა, წამოვსულიყავი და ჩემი თავი გამეთავისუფლებინა. მაგრამ მრცხვენოდა წამოსვლის, მრცხვენოდა რას იტყოდნენ, რომ ვერ გავუძელი, რომ სუსტი ვარ, რომ გამოწვევებს ვერ ვპასუხობ. ყველას აზრს ყურს ვუგდებთ და არ ვიაზრებთ, რომ უპირველესი პიროვნული თავისუფლებაა. ალბათ წლებს და გამოცდილებას მოაქვს ის, რომ მიხვდე, სად იზღუდება შენი უფლებები, სად გიყენებენ და როდის უნდა ადგე და ცხოვრებას „რესტარტი“ გაუკეთო. არადა, გამოცდილება ხომ საერთოდ არ სჭირდება იმას, რომ ყავას რომ ადუღებ სამსახურში სხვისთვის ეს კარგი არ არის. არადა იცით რა ბედნიერი ვიყავი სტაჟიორობის ჟამს ცნობილ ადამიანს ყავა რომ მოვუდუღე. პიჯაკი მეცვა, მხრებში გავიმართე, სარკეში ჩავიხედე მაკიაჟი ხომ ადგილზე მქონდა, თმა შევისწორე და ისეთი ამაყი სახით მივუტანე, თითქოს ეს-ესაა ობამასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწერე და ახლა მონტაჟის რეჟისორთან მივდიოდი კომენტარების მოსაჭრელად.

დრო გავიდა და მივხვდი, რომ პრესტიჟს პრესტიჟის გამო არ უნდა ელოდო. თუ აღარ მოგწონს შენი საქმე, უნდა ადგე და შეცვალო რამე. არ აქვს მნიშვნელობა მეზობელი თამრიკო და ხათუნა რას იტყვიან შენზე, მთავარია პიროვნულად თავისუფალი იყო. არ მინდა 8 წელი იმის მოლოდინში ვიყო როდის გავხდები თავისუფალი და ამასობაში ყოველდღიურად ჩემს „მე-სთან“ მქონდეს ბრძოლა. შედეგი ხომ ისაა, რასაც ყოველ დღე აკეთებ. ყველა წარმატებით ჩაბარებული გამოცდა ხომ შედეგია, თითოეული დახურული წიგნი ხომ შედეგია იმის, რომ რაღაც ახალი ისწავლე. პრესტიჟია ადამიანისთვის ახალი გამოწვევა, ცხოვრების ახალი დღე, როცა არ იცი რა იქნება. წარმატებულები და პროფესიონალები ხომ არ იბადებიან ან ხომ არ იღვიძებენ ასეთებად ერთ დღეს, მეც მგონია, რომ შედეგს თითოეული დღე მოიტანს. ზუსტად ასეთ შემთხვევაში შევძლებთ ილუზიონისტებისგან განსხვავებით რეალურ პრესტიჟს მივაღწიოთ.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s