სექსუალური შევიწროება 

ავტორი: ანა ათაბეგაშვილი

სექსუალური შევიწროება ყველგან და ყოველთვის – ამ აზრმა გამიელვა თავში, როცა ამ საკითხში გასარკვევად საძიებო სისტემაში ზუსტად ეს ტერმინი ჩავწერე. ქუჩაში, სამსახურში, გზად და ხიდად, ჩაცმის, გარეგნობის ამ და სხვა მიზეზების თუ საერთოდ უმიზეზოდ – ეს კაცთმოძულის პოსტი არ არის. საკმარისია მეტი ყურადღება მიაქციო რა რეპლიკებს იწვევს შენი გავლა ქუჩაში იქვე მდგომ მამაკაცებს შორის, სად გიყურებენ კიბეზე ასვლის, ამაღლებულ ადგილზე დგომის და ა.შ დროს. ბევრი ჩვენგანი ამ ყველაფერს ჩვეულებრივ დამოკიდებულებად აღიქვამს, „ბიჭია რაა, შემოგხედავს აბა რას იზამს“, „წესიერად ჩაიცვი და არავინ არაფერს იტყვის“ და სხვ. საქართველოს რეალობა სწორედ ასეთია: ხანდახან მსხვერპლს გაცილებით მეტად ადანაშაულებენ, ვიდრე მოძალადეს. თუ მე მომინდა და მეგობრის დაბადების დღეზე მკვეთრი მაკიაჟით წავედი და ტაქსის ფულიც არ მაქვს, იძულებული ვარ, ჩუმად და მოთმინებით ავიტანო და მოვისმინო შემხვედრთა ყველა გამოხდომა და თვალი დავხუჭო შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე, ქცევებზე. იმიტომ რომ მე ჩემი გარეგნობით ბიჭის „პროვოცირებას ვახდენ“ და შედეგებისთვის მზად უნდა ვიყო. განვითარებასთან ერთად აზროვნება, შეხედულებებიც დაიხვეწა, მაგრამ ჯერ კიდევ ხშირია სექსისტური რეპლიკები ნებისმიერი ასაკის ადამიანის მხრიდან.

სექსუალური შევიწროვებაბევრი ბიჭი თვლის, რომ ეს ყურადღების ერთგვარი გამოხატვაა და სასიამოვნოც კი უნდა იყოს. სტვენა, სიცილი, სხვადასხვა ჟესტი, კოცნის გაგზავნა, გამოკიდება, ტელეფონის ნომრის თხოვნა, უწმაწური სიტყვები – ყველა გამვლელი ქალის შეთვალიერების შემდეგ ბევრისთვის ყოველდღიურობაა.

ეს ყველაფერი ქუჩაში, ტრანსპორტში თითქოს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, არ მოგვწონს და ვაპროტესტებთ კიდევ, ხმამაღლაც ვლაპარაკობთ, სახლშიც და მეგობრებშიც, მაგრამ როდესაც მსგავს ფაქტს სისტემატური ხასიათი აქვს, მით უფრო ეს სამსახურში ხდება, „მსხვერპლთა“ დიდი ნაწილი გაჩუმებას ამჯობინებს. იმიტომ, რომ თქმას ქმედება უნდა მოსდევდეს, ქმედებას სამსახურიდან წასვლა და ბევრ ადამიანს იცნობთ, ვისაც ეს უნდა? ან შეუძლია სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე? ბევრი ქალი შეგნებულად კი არ ჩუმდება, უბრალოდ თავისთავსაც კი ვერ უტყდება, რომ დიახაც, სექსუალურად ავიწროვებენ, ცდილობს სხვადასხვა მიზეზი მოუძებნოს იმას, რომ თანამშრომელი მამაკაცები მუდმივად აქებენ არა შესრულებული სამუშაოს, არამედ ლამაზი თმის, ტანის, ჩაცმის გამო. სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ სთხოვენ სამსახურში დარჩენას და მალ-მალე ახსენებენ, რომ დაწინაურება მარტივად არ ხდება. გაეროს მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში ქალების 50%-მდე განიცდის სექსუალურ შევიწროებას სამსახურში.

2006 წელს ამერიკის შეერთებულ შტატების სპეციალურ სექსუალურ შევიწროებაზე 12 025 საჩივარი შევიდა. აღნიშნული სტატისიკა 100%-ითაა გაზრდილი უკანასკნელ 5 წლის მანძილზე. ამ შემტყობინებიდან 15.4% კაცების მხრიდანაა წარმოდგენილი.

წინა კვირას მედიაში აქტიურად შუქდებოდა ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი თანამშრომლის, თათია სამხარაძის დაპირისპირება შალვა რამიშვილთან, რომელსაც სექსუალური ხასიათის შევიწროებაში ადანაშაულებდა. მან ფარული აუდიომასალის არსებობაზეც ისაუბრა, რომელიც მთავარი მტკიცებულებაა ამ საქმეში. ჩანაწერი ჯერ ისევ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ავთენტურობაზე მოწმდება. შალვა რამიშვილი ბრალდებებს უარყოფს, პროკურატურასაც მიმართა აღნიშნული ფაქტის გადამოწმების მოთხოვნით. რა მოხდა რეალურად ამას საზოგადოება სასამართლო პროცესის შემდეგ გაიგებს, თუმცა მას შემდეგ, რაც ეს საკითხი აქტუალური გახდა, ბევრი დაიწერა, ბევრი ითქვა, ურემი რომ გადაბრუნდა გზაც მერე გამოჩნდა (როგორც ხდება ხოლმე) და იმედი მაქვს სუბიექტური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ საზოგადოება უფრო ხმამაღლა ალაპარაკდა მიჩქმალულ შემთხვევებზე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ სექსუალური შევიწროება დასჯადი უნდა გახადოს და აღნიშნულის შესახებ განცხადებას ავრცელებს: „ სამუშაო ადგილას ქალთა სექსუალური შევიწროება განსაკუთრებით პრობლემურია, ვინაიდან ქალები, არსებული გენდერული და სამსახურებრივი იერარქიების გამო, ორმაგი ზეწოლის ქვეშ შეიძლება მოექცნენ. ვინაიდან სექსუალური შევიწროების ჩამდენთათვის კანონმდებლობა სასჯელს არ ითვალისწინებს და, ამასთანავე, ამგვარ შევიწროებაზე საუბარი მსხვერპლისთვის უკავშირდება სტიგმას, დამნაშავეები სრულებით დაუსჯელი, ხოლო ამგვარი ქმედებები გამოვლენის გარეშე რჩება.
ამიტომაც ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს, უსწრაფეს ვადებში მოახდინოს სტამბულის კონვენციის რატიფიცირება და კონვენციის მოთხოვნების თანახმად სექსუალური შევიწროება გახადოს დასჯადი ქმედება. ამგვარი მუხლის ძალაში შესვლამდე სასამართლომ მიიჩნიოს სექსუალური შევიწროება, როგორც სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფორმა.“

ადრე თუ გვიან, იმედია, მსგავსი შემთხვევების რაოდენობა შემცირდება, ამ შედეგის მისაღწევად კი ყველა ქალმა უნდა ამხილოს მოძალადე, რომელიც სავარძელს და სტატუსს არის ამოფარებული. ყველა ქალმა უნდა უპასუხოს შეურაცხყოფას, ქუჩაში, სამსახურსა თუ ტრანსპორტში, ყველამ უნდა დაიცვას საკუთარი უფლებები, იმის გამო, რომ წლების შემდეგ რაც შეიძლება ნაკლებმა გოგონამ უთხრას საკუთარ თავს: „მე სექსუალურად მავიწროებენ“..

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s