გვეშველება რამე?! – პასუხის ძიებაში

hand-792920_960_720ავტორი: ანა ჯიშკარიანი

დღეს თეთრიწყაროს რაიონში ვიყავი. როგორც „ვიკიპედიამ“ მითხრა, თურმე თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ასურეთში 1819 წელს გერმანელი კოლონისტები ჩამოუსახლებიათ,  გერმანელებს აქ ერთ საუკუნეზე ცოტა მეტი ხანი გაუტარებიათ, შემდეგ კი, 1941 წელს, ბატონი იოსებ „ბესარიონოვიჩის“ ნებით, კვლავ გადასახლებაში მოყოლილან, ძია სტალინს სულ ექვსი საათი მიუცია მათთვის, რომ საკუთარი შრომითა და ოფლით აშენებული სახლ-კარიდან აბარგებულიყვნენ და გადახვეწილიყვნენ, ისე თითქოს არც უცხოვრიათო აქ… საწყენი ამბავია, არც თუ მოსაწონი, ვერც მთლად სამართლიანი. თუმცა, ჩვენ ხომ უკვე ვიცით, უსამართლობები წარსულშიც ხშირად ხდებოდა, აწმყოშიც ხდება და მომავალშიც მოხდება უსათუოდ, მაგრამ ჩემი პოსტი  ცოტა უფრო სხვა ამბავზეა, სხვა პრობლემაზე…

მოკლედ მოგიყვებით, იმას, თუ რა მოასწრეს ამ უცხო ქვეყანაში გადმოხვეწილმა გერმანელებმა ერთ საუკუნეში: სოფელი, სადაც ფაქტობრივად არც არაფერი არსებობდა მანამდე ამ ერთ ასწლეულში სრულიად გარდაიქმნა: აიშენეს სახლები, სოფელში გზები გაიყვანეს, საკუთარი ძალებით ააშენეს ეკლესია, დასვენებისა და გართობისთვის პარკი მოაწყვეს, სოფლის მეურნეობა განავითარეს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ყვება, ეს პერიოდი ასურეთის „ოქროს ხანად“ მიიჩნევა თურმე, ამაყობენ, გარშემო არსად, რომ ელექტრო-ენერგიის შესახებ ლამის არც არაფერი იცოდნენ, ჩვენს სოფელში გერმანელებმა საკუთარი ჰესი ააგეს და მთელი სოფელი გაანათესო. მოკლედ ლეგენდები დადის გერმანელების „კაი ბიჭობაზე“.

მერე გერმანელები წავიდნენ, ასურეთში ახლა უკვე რაჭველები ჩამოასახლეს, და რა მოხდა? გადის ისევ დაახლოებით ერთი საუკუნე და დღეს ასურეთი ერთი მივარდნილი სოფელია, დღეს იქ ჩასული ვხედავ, რომ ამ ერთი საუკუნის განმავლობაში ქართველმა ახალმოსახლეებმა გერმანელების დანატოვარს არათუ რამე შემატეს, პირიქით ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებაც კი ვერ შეძლეს, ლამის საჩუქარივით, რომ გადაეცათ წინამორბედი მცხოვრებლებისგან. დღეს ქართველები გერმანელების მიერ ორასი წლის წინ აშენებულ სახლებში ცხოვრობენ, სახლები ზუსტად ისეთივეა, არც ერთი ნაბიჯი წინ, არც ერთი ნაბიჯი უკეთესობისკენ, იქნებ გგონიათ რელიკვიებისა და სიძველეების უზომო სიყვარულის გამო ხდება ასე? მე ვფიქრობ ცოტა სხვა ამბავია, ქართველებს უმოქმედობის სენი, რომ გვჭირს ისევ იმ პრობლემამდე მივდივარ. ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლე ყვება, თურმე გერმანელებს სურსათის მარაგიც კი იმდენი ქონდათ დაგროვებული, მათ კვალზე ჩამოსახლებულ რაჭველებს ორი წელი შრომაც კი არ დასჭირვებიათო, ეს ფრაზა კიდევ უფრო მეტად მხვდება გულზე, რას ნიშნავს: „შრომა არ დაგჭირვებია“?

ფიქრს უფრო ზოგად პრობლემამდე მივყავარ, როგორ მოახერხა გერმანიამ ის, რომ დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ეკონომიკა აქვს? საქართველოში კი რა ხდება? აბა რავიცი, რა გითხრათ, რით გაგახაროთ…

ასურეთში დღეს ამ პრობლემის პატარა მოდელი დავინახე და მივხვდი, ეკონომიკურ ზრდას, ვერც მხოლოდ სწორი სახელმწიფო პოლიტიკა გამოიწვევს (რა თქმა უნდა ესეც აუცილებელი პირობაა, თუმცა არა ერთადერთი), ვერც ინვესტიციების ბუმი, ვერც ციდან „პაჭკა-პაჭკა დოლარების წვიმა“, ეკონომიკური და საერთოდ სახელმწიფოებრივი ზრდის მთავარი წინაპირობა ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრი მგონია, მზადყოფნა იმისთვის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში მზად იყო შრომისთვის, წინსვლისთვის. რაღაც ახლის და უკეთესისკენ სწრაფვის სურვილია ის სტიმული ეკონომიკაზე ყველაზე უკეთ რომ აისახება. და ალბათ, სწორედ ეს გვაკლია, ჩვენ ველოდებით, რომ მთავრობამ უნდა მოგვიაროს, გვაჭამოს და გვასვას, გვიმკურნალოს და გვიწამლოს, ხშირად ვკითხულობთ: „გვეშველება რამე?“

კარგი პასუხი ალბათ ესაა, როცა ხვდები, რომ საქმე ცუდადაა და იხრჩობი ხავსის იმედად ყოფნა არასწორი სტრატეგიაა, თავად უნდა გაანძრიო ხელ-ფეხი და აუცილებლად გეშველება.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s