წიგნები თაროზე შემოსაწყობად

bookstoreავტორი: ლიკა ჩხაიძე

50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ, საკმარისი არ აღმოჩნდა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წიგნების სიას კიდევ 49 ასეთივე შეემატა და იხარა ერმა.  ამ სერიის წიგნების ზომაზე გამოჭრილმა თაროებმა ფუნქცია შეიძინეს. წიგნები დაიმტვერა და ცხადი გახდა, რომ ამ სერიის ყიდვის მიზანი  ერთნაირი  გარეკანისა და  ზომის წიგნების გვერდიგვერდ ჩამწკრივება უფროა, ვიდრე ჯანსაღი ლიტერატურული ინტერესი.

რა თქმა უნდა, ზემოთ მოყვანილი მაგალითი უტრირებულია და ყველა მკითხველზე არ ვრცელდება. ისიც სადავოა, ცალსახად ცუდია თუ არა წიგნების ამ ფორმით გამოცემა თუ შეგროვება.

თუმცა, ჩემი აზრით, პრობლემა არსებობს და ამიტომაც მისი ძებნა ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ.

ჩემთვის ამოუხსნელი ფენომენია, რა პრინციპით არჩევენ ქართველი გამომცემლები სათარგმნ ლიტერატურას. მაგალითისათვის, მარსელ პრუსტის „დაკარგული დროის ძიებაში“ ფაქტობრივად უთარგმნელია.  ითრაგმნა მხოლოდ „სოდომი და გომორი“, სულ რაღაც ოთხი თვის წინ და ისიც მისი მონუმენტალური რომანის („დაკარგული დროის ძიებაში“) მეოთხე ნაწილია.  ქართულად გვაქვს ჰენრი მილერის  ერთადერთი  ნაწარმოები, „კირჩხიბის ტროპიკის“ თარგმნის შემდეგ მისთვის გამომცემლებს ხელი აღარ უხლიათ. ცნობილი ფაქტია, რომ ჰემინგუეის წარმატებული რომანი „ვის უხმობს ზარი?“ 1967 წელს ითარგმნა, თუმცა წიგნად დღემდე არ გამოცემულა. ამის პარალელურად, არ დაუყოვნებია ჯონ გრინს („ბედის ვარსკვლავის ბრალია“, „თოვს და ითოვოს“), ჯეიმზ დაშნერს („ლაბირინთში მორბენალი“), ჰოლი სმეილს („გიკი გოგო“) და სხვა ავტორებს.   თარგმნა, როგორც პროცესი, ნებისმიერი ქვეყნის და ნებისმიერი ჟანრის ლიტერატურისა, ცალსახად დადებითია, თუმცა ხშირად მკითხველისთვის გაუგებარი რჩება გამომცემელთა კრიტერიუმები. ჩვენ ხშირად გვიჩნდება სავსებით ლეგიტიმური კითხვა, რას შესძენენ ახალს ეს ავტორები ქართულ ლიტერატურულ სივრცეს?

ისიც საკითხავია, ვინ ქმნის საქართველოში ლიტერატურულ ამინდს, გამომცემლები თუ მკითხველები. ჩვენ ვითხოვთ ლიტერატურას და შესაბამის პასუხს ვიღებთ, თუ იძულებულები ვართ მათ შემოთავაზებებს მოვარგოთ ჩვენი სურვილები?!

ფასი და ხარისხი ცალკე  პრობლემაა წიგნების სფეროში. თარგმნილი ლიტერატურის ხარისხი ხშირად ისეთი დაბალია, რომ ტექსტს ორიგინალთან საერთო აღარაფერი რჩება, რეალურად სხვა ავტორს კითხულობ, თუმცა, ალტერნატივა არ გაქვს. ქვეყანაში სტრუქტურირებული, დასაბუთებული კრიტიკა თარგმნის შესახებ თითქმის არ ისმის, ამიტომაც გამომცემლები არც თუ იშვიათად ურცხვად გვაიძულებენ ცუდი თარგმანები ვიკითხოთ.

წიგნების ფასი კი ნამდვილად გეომეტრიული პროგრესიით იმატებს, ამიტომაც არავის უნდა გაუკვირდეს წიგნის ფესტივალზე რამდენიმე დღით ადრე კატალოგებს მომლოდინე მკითხველი,  გამომცემლობების სტენდებთან გრძელი რიგები  და ფესტივალის მიმდინარეობისას ფაქტობრივად დასვენებული წიგნების მაღაზიების მომსახურე პერსონალი. ცხადია, რომ გამომცემლობებისათვის ფესტივალები ნაკლებად მომგებიანია. ბოლო წლებში მაღალ ფასებს მიჩვეულ წიგნის ერთგულ მოყვარულებს განსაკუთრებულად აღარც აქ ათამამებენ. თუმცა მკითხველისთვის მინიმალური ფასდაკლებაც საკმარისია, რომ ფესტივალიდან  დატვირთული დაბრუნდეს და მთელი წელი მომდევნო ფესტივალის მოლოდინში გაატაროს.

ამ ყველაფრით იმის თქმა მინდოდა, რომ საქართველოში მკითხველები ჩვენს ინტერესებს ჩვენვე უნდა ვიცავდეთ. არ არსებობს არანაირი 50 ან 49 წიგნი, რომელთა წაკითხვაც მართლა მოსასწრებია სიკვდილამდე, რადგან წარმოუდგენელია ლიტერატურული გემოვნება ისე განაზოგადო, რომ ყველანაირ მკითხველს მოერგოს.  მე პირადად, ჩემს საკუთარ ორმოცდაათეულში ამ სერიის წიგნებიდან ნახევარსაც არ შევიტანდი. ამიტომაცაა საჭირო, რომ აუცილებლად წასაკითხ ლიტერატურაზე არსებულ სტერეოტიპებს უარი ვუთხრათ. თანაც, ჩემი აზრით, ამა თუ იმ წიგნის წაკითხვის აუცილებლობის განსაზღვრა მკითხველის პრეროგატივაა და არა გამომცემლის. ლიტერატურული გემოვნების განვითარება ინდივიდუალური პროცესია, დასკვნამდე თუ რა არის წასაკითხი და რა არა, რა განგვავითარებს და რა პირიქით, თავადვე უნდა მივიდეთ. მითუმეტეს,  ეს ხომ ზუსტი მეცნიერება არ არის, რომ სწორი და არასწორი პასუხები იყოს დადგენილი. რა თქმა უნდა, ვხვდებით, რომ ეს მარტივად გამოსაცნობი მარკეტინგული მანიპულაციაა.

საქმე ისაა, რომ ჩვენ ლიტერატურა მართლა თაროზე შემოსადებად არ გვჭირდება, ამიტომაც აუცილებელია, რომ გამომცემლობებმა საკუთარი პასუხისმგებლობა გააცნობიერონ. ეს პასუხისმგებლობა კი ჩვენ უნდა დავაკისროთ მათ. ქართველ მკითხველს უნდა ჰქონდეს საშუალება იკითხოს მსოფლიო კლასიკური ტექსტები, რომლებიც არ აქვს მშობლიურ ენაზე,   ხელი მიუწვდებოდეს აუცილებელ სპეციალიზებულ ლიტერატურასთან (მაგ; ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის საკითხებზე) და ასევე, მუდმივად ჩართული იყოს მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებში, ეცნობოდეს თანამედროვე უცხოურ ტექსტებს და ეროვნულ ლიტერატურასაც თარგმნიდეს სხვადასხვა ენაზე. ლიტერატურული სივრცე ცოცხალი პროცესების ერთობლიობაა და მუდმივ აქტიურობას საჭიროებს.

თუმცა, აქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და სანამ ეს ყველაფერი დღის წესრიგში დადგება, ჩვენ ისევ შევაგროვებთ 50 წიგნს, რომლის წაკითხვაც სიკვდილამდე გვაქვს მოსასწრები და გამოსაჩენ თაროზე შემოვდებთ.

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s