ძირს ესთეტიკური ფაშიზმი –  შენ ხარ იდეალური!

ავტორი:    ანა ათაბეგაშვილი

 მე შემიძლია ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდო და არ დაგინდო თუ სილამაზე არის ერთადერთი რამ, რაც გაგაჩნია, და თუ გარეგნობა შენი ერთადერთი საზრუნავია, რისი მეშვეობითაც აღწევ წარმატებას. არსებობს სამგანზომილებიანი ადამიანი სადღაც, ტანსაცმელს, მაკიაჟსა და სიშიშვლეს მიღმა, „ნუდსმიღმა, როგორც ეძახიან.

ტონი მორისონი

90-60-90 – ყველასთვის ნაცნობი რიცხვებია, ერთნაირი ასოციაციებით: გაგონებისთანავე წარმოგვიდგება გონებაში მაღალი, გამხდარი გოგონა, წვრილი წელით, მაღალი წვივით, უნაკლო სხეულით, უნაოჭებო სახით – ეს მცირე ჩამონათვალია სილამაზის იმ მკაცრი სტანდარტებიდან, რომლებსაც ქალების უმრავლესობა უმოწყალოდ ცდილობს შეესაბამებოდეს. ეს ის მიზანია, ყველა საშუალებას რომ ამართლებს: მათ შორის  უმკაცრეს დიეტას (ზოგ შემთხვევაში საერთოდაც შიმშილს), საკუთარ სხეულზე და კანზე ძალადობას და ა.შ.

სწორედ „მარადიული სილამაზისკენ“ სწრაფვამ წარმოშვა ახალი ტერმინი: „ესთეტიკური ფაშიზმი“, რომელიც აღნიშნავს ადამიანის გარეგნული სილამაზის მიხედვით შეფასების ტენდენციას, რასაც საფუძვლად უდევს  სილამაზის კონკრეტული, კულტურულად და ისტორიულად სპეციფიკური სტანდარტები, რომლებიც გაბატონებულია მოცემულ კულტურაში და ძლიერ განსაზღვრავს  ადამიანის მიერ როგორც სხვების, ისე საკუთარი ღირებულების აღქმას.

სილამაზის სტანდარტებმა თავი უძველეს დროში დაიმკვიდრა: ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში ლამაზი ქალი აუცილებლად მოგრძო სახის, ტანმაღალი იყო. არ უნდა ჰქონოდა დიდი მკერდი, ეს სიმახინჯედ ითვლებოდა. უნდა ჰქონოდა ძალიან გამხდარი თეძოები და გრძელი ფეხები, დიდი ტუჩები და გამოკვეთილი თვალები, სწორედ ამისთვის იყენებდნენ კონტურს. არ უნდა ჰქონოდა სხეულზე თმა, მათი დროის ეპილაციის მეთოდი მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ უცნობია.   მაიას ტომის ქალები იმისთვის, რომ მომხიბვლელები ყოფილიყვნენ, ბევრ ტატუს იკეთებდნენ სხეულზე, სახეს კი წითელი საღებავით იღებავდნენ. ეს ტომი მზეს სცემდა თაყვანს, ამიტომ ცდილობდნენ მას დამსგავსებოდნენ, სილამაზის პიკი იყო მრგვალი სახე და პატარა ცხვირი. იცლიდნენ კბილებს და  მათ ადგილას ძვირადღირებულ ქვებს იწყობდნენ.

ჩინელების მოსაზრებით, ქალს უნდა ჰქონოდა ძალიან პატარა, მინიატურული ფეხი. იაპონელებისთვის, მით უფრო ლამაზი იყო ქალი, რაც უფრო მოკლებულია ქალურობას. მათი აზრით, ქალის სხეული ნებისმიერ ასაკში უნდა ჰგავდეს მოზარდისას. ძველი ბერძნების წარმოდგენები ქალის იდეალურ გარეგნობაზე ასახულია აფროდიტეს ქანდაკებაზე. მისი სიმაღლე 164 სანტიმეტრია, ესაა „იდეალური“ სიმაღლე ქალისთვის. მათი აზრით, ქალს უნდა ჰქონოდა ოდნავ წინ წამოწეული ცხვირი და დიდი თვალები. ძველი რომაელები კი თვლიდნენ, რომ ქალს სრულყოფილებამდე აკლდა ფერმკთალი კანი და ნათელი თმა.

 ეს სტერეოტიპული მოსაზრებები დროთა განმავლობაში იცვლება : თუ რუნებსის პერიოდში ქალებს ეშინოდათ არავის ეწოდებინა მათთვის „გაძვალტყავებული“, ახლა ანორექსია უკვე ტრენდია.  სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერს ზოგჯერ ფატალურ შედეგებამდეც მივყავართ – უამრავი მოდელი საოცნებო  მოდის სახლთან კონტრაქტის დასადებად უმკაცრეს დიეტაზეა და სწორედ ამ დაავადებით იღუპება. უფლებადამცველები ხშირად აკრიტიკებენ სილამაზის კონკურსებს, ვინაიდან ეს ისევ სტანდარტების და გარეგნული სტერეოტიპების დამკვიდრებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, „სილამაზეების შედარება“ აშკარა განივთებაა.

„ფაშისტური ესთეტიკის“ განმარტების დასასრულს წაიკითხავთ, რომ სასურველი ანარეკლის დასანახად სარკეში საჭიროა დიდძალი ფიზიკური, ემოციური და ფინანსური დანახარჯები.  ეს იცის ყველა ქალმა, მაშინ რა აიძულებს მათ  საკუთარი ნერვული სისტემის ხარჯზე  უარი თქვან ჭამაზე, დაუფიქრებლად დაწვნენ  საოპერაციო მაგიდაზე, დეპრესიამდე მივიდნენ ვერ შესრულებული მიზნების გამო. ფემინისტური საზოგადოება ამის ახსნას ძალადობრივ პატრიარქალურ კულტურაში ხედავს, სოციალურ ნორმებში, მოთხოვნებსა და მოლოდინებში, რომელიც სოციალურადაა აგებული და დროში ცვალებადია: „მჩაგვრელ წეს-ჩვეულებებთან და ტრადიციებთან მებრძოლი, დამოუკიდებელი, განათლებული, რეალიზებული ქალებიც კი ხშირად ნებაყოფლობით ებმებიან ამ აბლაბუდაში.  ისინი  თავს უხრიან სილამაზის იმ ფაშისტური სტანდარტების მოთხოვნებს, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე მკვიდრდებოდა, მყარდებოდა, მერე იცვლებოდა და კვლავ ახლებური იმპერატივებით და ინსტრუქციებით ბრუნდებოდა ჩვენს წინააღმდეგ, ხშირად ჩვენი დეჰუმანიზაციის მიზნით.“ სტატიის ავტორი პარალელს ავლებს  საპირისპირო სქესთან: მისი თქმით, ქალებს აშინებენ ასაკის მატებით, ნაადრევი სიბერით, თითქოს მხოლოდ ქალები ბერდებოდნენ:  აშინებენ რომ ნაოჭებშეპარული და ჭკნობადი კანი აღარ არის მიმზიდველი, კაცი კი რაც უფრო ასაკშია, მით უფრო სასურველია.

 იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი ფემინისტი საკითხის ახლებურ გააზრებას გვთავაზობს, რომლის მიხედვითაც  სილამაზეზე ზრუნვა  შეიძლება შემოქმედებით პროცესად განვიხილოთ, ფემინისტურ დისკურსში სტანდარტებზე მსჯელობისას ძირითადად მაინც მის რეპრესიულ მახასიათებლებზე კეთდება აქცენტი. ნაომი ვულფი 1991 წელს გამოცემულ წიგნში „სილამაზის მითი: როგორ გამოიყენება სილამაზის ხატები ქალთა საწინააღმდეგოდ“ (The Beauty Myth: How images  of beauty are used against women) ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ რაც უფრო გაძლიერდა ქალი, როგორც სოციალური ფიგურა, მით უფრო გაიზარდა იმის მოლოდინი, რომ ის ფიზიკური სილამაზის სტანდარტების ერთგული  იქნება. ვულფი აკრიტიკებს მოდის და სილამაზის ინდუსტრიებს,  ითხოვს ყველა ქალს ჰქონდეს უფლება ის აკეთოს რაც  უნდა, ისე გამოიყურებოდეს როგორც უნდა და არ ეშინოდეს საზოგადოების რეაქციის, არ ეშინოდეს,  რომ სილამაზის აღიარებული სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში ფსიქოლოგიური და სოციალური წნეხის ქვეშ მოექცევა. წიგნის ავტორის თქმით, „სილამაზის მითს“ არანაირი კავშირი არ აქვს ქალებთან, იგი პირდაპირ კავშირშია კაცების ინსტიტუტებთან და მათ ინსტიტუციურ ძალაუფლებასთან.

ვფიქრობ, როცა საზოგადოების ნორმების დამკვიდრებაზე  ვლაპარაკობთ, არ უნდა გამოგვრჩეს მედია: მისი წვლილი არაბუნებრივი სიგამხდრის და არამიწიერი სილამაზის მქონე ქალების აქტუალიზებაში უდიდესია. არაბუნებრივად ლამაზი გამოსახულებების რეკლამირება ამცირებს ქალების თვითშეფასებას, განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს მოზარდ გოგონებზე. ხედავენ რა დიდ სხვაობას მათ სხეულსა და რეკლამირებულ სხეულს შორის, მოზარდებს უჩნდებათ არასრულყოფილების კომპლექსი. „მაკიაჟის ქვეშ და ღიმილს მიღმა, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. ბევრი გოგო მბაძავს, მე მინდა მათ ვუთხრა, რომ ბუნებრიობა არის ლამაზი. მათ კარგად არ იციან, რომ თითოეული შოკისმომგვრელი გარეგნობის უკან უამრავი დიზაინერის, ვიზაჟისტის შრომა და ფოტოშოპი იმალება. სელებრითების სილამაზის ცნება ძალიან გაზვიადებულია. ამაზე დიდად არ უნდა იღელვოთ, თქვენი თავი ისეთი უნდა შეიყვაროთ, როგორც ხართ!“ – ეს სიტყვები მსახიობ ანჯელინა ჯოლის ეკუთვნის.

ბოლო პერიოდში გააქტიურდა კამპანია „ესთეტიკური ფაშიზმის“  წინააღმდეგ:  ჟურნალი Vogue გამხდარ მოდელებთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს,  ეს გადაწყვეტილება ძალაში 2012 წლის ივლისში შევიდა. სრულ და მრგვალი ფორმების მქონე ლამაზმანებს ხშირად შეხვდებით ქალების ჟურნალებში, მოდის საიტებზე : „იმისათვის, რომ მამაკაცებს მოეწონოთ, საკმარისია, პატივი სცეთ და გიყვარდეთ საკუთარი სხეული!“ – აცხადებენ „მსხვილი სილამაზის“ მომხრეები.

ცნობილმა ბრენდმა  H&M უარი თქვა 90-60-90 პარამეტრების მოდელების აყვანაზე და საცურაო კოსტიუმების სარეკლამო კამპანიისთვის აირჩია ჯენი რანკი, მოდელი რომელიც ამერიკულ 12 ზომას, ანუ საერთაშორისო ზომა L-ს ატარებს და არ გამოირჩევა სიგამხდრით. ბრენდის სპიკერის, ჯენიფერ ვარდის თქმით, მათი მიზანი იდეალის წარმოჩენა არ ყოფილა, მათ იპოვეს მოდელი, რომელსაც კოლექციის ჩვენება მკაფიოდ და სრულყოფილად შეუძლია.

ასევე, საცვლების ბრენდმა Swimsuits for All საკუთარ რეკლამაში გადასაღებად არჩევანი გამხდარი გოგოების ნაცვლად ცელულიტიან, არც თუ ისე მაღალ ქალებზე გააკეთა. შემდეგ კი მათი მონაწილეობით პოპულარული ჟურნალისთვის Sports Illustrated სკანდალური ფოტოკალენდარიც შექმნა.

swim

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s