ადამიანი, როგორც უმაღლესი ინსტანციის მსაჯული

ავტორი: ნინო გელაშვილი

ვინ და როდის მიანიჭა ადამიანს უმაღლესი ინსტანციის მსაჯულის უფლება-მოვალეობები, ჯერ კიდევ გაურკვეველი წარმოშობისა და ეტიოლოგიის მოვლენაა, თუმცა, ცხადია,რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებობს მსაჯულთა ორი კატეგორია – ნაფიცთა და მეორენი, რომლებმაც სრულიად არ იციან სამართლის ენა, მაგრამ თავად წერენ კანონებს, ამავე კანონის საფუძველზე შეუძლიათ, გადააბიჯონ ჩვეულებრივ მორალს და დაიცვან თავიანთი „უზენაესი“ დებულებები, გახდნენ ზეადამიანები; განაჩენი გამოუტანონ ყველასა და ყველაფერს, ვინც/რაც ამ კანონს შეეწინააღმდეგება. მაგრამ რამდენად ლეგიტიმურია ეს კანონები ან კანონმდებლისა და ამავე კანონის აღმსრულებლის შეთვისების აქტი,ეს ჯერ კიდევ საკითხავია.

მსაჯული ადამიანები ბევრი საინტერესო და ამავდროულად უცნაური თვისებებით გამოირჩევიან. მაგალითად, მათ უმცირეს ვადასა და ზედმეტი სამართლებრივი პროცედურების გარეშე, შეუძლიათ ვერდიქტი გამოუტანონ შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებულ დედას – ჯერ გილიოტინაზე გაუშვან, შემდეგ გადაიფიქრონ და წმინდანად შერაცხონ,შემდეგ კვლავ გილიოტინაზე დააბრუნონ;სასიკვდილო სასჯელი მიუსაჯონ  ან უკეთეს შემთხვევაში უკაცრიელ კუნძულზე გადაასახლონ გეი აქტივისტები;ბესტიარიუმში შეაგდონ „ნაც-ქოცები“ და ზედ სპორტსმენებიც მიაყოლონ;საქმიანობის უფლება ჩამოართვან ჟურნალისტსა და მის რესპონდენტს; ჯვარს აცვან მხატვარი;რომელმაც ნახატით გამოხატა საკუთარი პროტესტი;გაკიცხონ პატარა გოგონა,რომელიც შემთხვევით ფანჯრიდან გადავარდა. მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა ასაკს,სქესს და პროფესიას,დამნაშავეს და უდანაშაულოს ,მსაჯულისთვის დამნაშავეა ყველა,ვინც უბრალოდ არ მოსწონს ან ვინც მისი კანონების ჩარჩოს ცდება.

კიდევ ერთი საინტერესო და უცილობლად ყურადსაღები  მახასიათებელი არის ადგილი, რომელიც ადამიანმსაჯულებს აერთიანებს – ის დიდწილად სოციალური ქსელია. რატომ სოციალური ქსელი? ამ კითხვაზე პასუხი საკმაოდ მარტივია  – “ფეისბუქი” არის საშუალება,რომელიც ნებისმიერ ადამიანს ანიჭებს საკუთარი ემოციების გამოხატვის საშუალებას;მას შეუძლია სრულიად უცნობი ადამიანები თუნდაც სხვადასხვა შეხედულებების მქონე თანამოაზრეებად გააერთიანოს და მიანიჭოს მსაჯულის ფუნქცია. ასევე მარტივი ფსიქოლოგიური მექანიზმია აგრესიის გამოვლენა მაშინ, როდესაც ადამიანს შეუძლია თავისუფლად შენიღბოს საკუთარი ვინაობა. “ფეისბუქზე” გამოჩენილ სითამამეს კიდევ ერთი საფუძველი აქვს, ის სრულიად თავისუფალია შეზღუდვებისგან – გამოტანილი განაჩენის გამო არავინ გაგკიცხავს და ვერც ვერავინ გიჩივლებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი მსაჯულების ინსტიტუტის კოლექტიური ფსიქოლოგიაა. მე-19 საუკუნის ბოლოს რამდენიმე ნაშრომი შეიქმნა, რომელთა მიზანი ახალი სოციალური ჯგუფის ბრბოს ანალიზის საფუძველზე კოლექტიური ფსიქოლოგიის დაფუძნება იყო. მათ შორის ერთ – ერთი ს. სიგელეს ნაშრომი – “დამნაშავე ბრბოა”, სადაც სიგელე წერს: „ უმრავლესობა აქ მოსულია ცნობისმოყვარეობით, აღტკინებული, მაგრამ უეცრად ციებ-ცხელება იპრყრობს ყველას. ადამიანი, რომელიც მოეშურებოდა მხოლოდ იმისთვის, რომ ხელი შეეშალა უდანაშაულოს მკვლელობისათვის, ერთ-ერთი პირველი იქცევა მსაჯულად და ის ესწრაფვის მის მკვლელობას.“ საინტერესოა ისიც, რომ როგორიც არ უნდა იყოს ბრბოს შემადგენელი ინდივიდები, მათი ცხოვრების წესი და დასაქმება, ხასიათი და ჭკუა ,ბრბოდ გადაქცევა საკმარისია იმისთვის, რომ შეიქმნას კოლექტიური სულის გვარობა, რომელიც აიძულებს მათ ერთად გრძნობდნენ, ფიქრობდნენ, მოქმედებდნენ სრულიად სხვაგვარად, ვიდრე იფიქრებდა, იმოქმედებდა და იგრძნობდა ყოველი მათგანი ცალ-ცალკე.  აქვე ერთვება მიბაძვის ფენომენიც – ისე როგორც ინფექციური დაავდება ვრცელდება და იწვევს ეპიდემიას, ასევე ვრცელდება გარკვეული ქცევებიც, რომელსაც მორალურ ეპიდემიამდე მიჰყავს საზოგადოება და ნიველირებული სუბიექტების შექმნას უწყობს ხელს.

მეც არ მომწონს ბევრი რამ, მეც არ მომწონს სხვისი საცვლების დარაჯად ქცეული ადამიანები, არ მომწონს წარმოსახვით, შეურაცხყოფითა და აგრესიით გაჟღენთლი, დაუნდობელი საზოგადოებრივი განაჩენი; არ მომწონს პრინციპი: “სადაც დამნაშავე ბევრია, იქ არავინ არ უნდა დაისაჯოს”; არ მომწონს ადამიანი, როგორც უმაღლესი ინსტანციის მსაჯული; მაგრამ არ მომწონს არც ჩემი თავი, როგორც მსაჯული, რადგან მჯერა, რომ უდიდეს მორალურ-ზნეობრივ საფეხურზეა სწორედ ის საზოგადოება, რომელსაც შესწევს ძალა, სხვისი დანაშაულის საფუძველი საკუთარ თავში ეძიოს. მჯერა იმისაც, რომ კოცონზე წამებულნი უფრო ბედნიერად თვლიან თავს, ვიდრე მათი ჯალათები,ვიდრე ადამიანები –  როგორც მსაჯულები.

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s