ანზორას სწავლა სწყურია ანუ ფიქრები ეროვნული გამოცდების წინ

 გამოცდაავტორი:ანა ჯიშკარიანი

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ანზორა. ისე კი ანზორი ერქვა, მაგრამ უბანში ანზორას ეძახდნენ, დედიკო – ანზორიკოს. ჰოდა მოდით, ჩვენც ანზორა დავუძახოთ, შინაურულად …

ანზორა აბიტურიენტი იყო, დიდად კი არ უნდოდა, მაგრამ დედიკომ თქვა, რას ქვია, ჩემი ანზორიკოს დიპლომი თუ არ ჩავიხუტე გულში, სიცოცხლე არ მინდა ისეო… მამამ უთხრა, ოღონდ შენ ჩააბარე, შე, ოხერო, (აქ ცოტა სხვა სიტყვა უთხრა, მაგრამ იყოს ასე) და BMW ჩემზე იყოსო (მოდელზე მოგვიანებით გადაწყვიტეს შეთანხმება), ჰოდა, რაღა დარჩენოდა ანზორას, დაჰყვა მშობლების ნებას. ასე გახდა აბიტურიენტი.

ყოველდღე რეპეტიტორებთან დადიოდა, უფრო სწორად მაშინ დადიოდა, როცა არ ეზარებოდა (ანუ იშვიათად). შარვლის უკანა ჯიბეში შუაზე გაკეცილი 48 ფურცლიანი რვეული და 20-თეთრიანი პასტა ედო. ასე გავიდა აბიტურიენტობის ხანა და ეროვნული გამოცდების დროც დადგა.

ჰო, მართლა, არ დამავიწყდეს, საგამოცდო განაცხადი, ბიძაშვილის მეზობელს შეავსებინა ანზორიკოს დედამ, ის მეზობელი თურმე კარგად ერკვეოდა ამ საგამოცდო ამბებში და შესაბამისად, ანზორიკოს სასურველი უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების ჩამონათვალში 71-მა ფაკულტეტმა მოიყარა თავი.

დადგა გამოცდების დროც.

ჩვენი ანზორა საკმაოდ გონიერი ბიჭი აღმოჩნდა. აი მაგალითად, ზოგადი უნარების გამოცდისთვის ერთი ძალიან კარგი სტრატეგია აირჩია, ამ სტრატეგიას „ყველა გ-ს” მეთოდი ჰქვია. პრინციპი საკმაოდ მარტივია: შედიხარ გამოცდაზე, იღებ პასუხების ფურცელს და ყველა კითხვაზე ერთსა და იმავე პასუხს ხაზავ „გ“-ს. (თუ თქვენი იღბლიანი ასო: ა, ბ ან დ-ა, შეგიძლიათ სურვილისამებრ „ყველა ა“, „ყველა ბ“ ან „ყველა დ“ სტრატეგია აირჩიოთ). ერთი ეგ იყო, პასუხების აღნიშვნას საკმაოდ მალე მორჩა ჩვენი ანზორა, უსაქმურობისგან რა ეკეთებინა აღარ იცოდა, იფიქრა, იფიქრა და საგამოცდო მერხზე ისტორიული წარწერა დატოვა: „აქ იყო ანზორა“, ამის შემდეგ, გამოცდის დაწყებიდან ნახევარ საათში, ადგა და ღირსეულად დატოვა საგამოცდო სექტორი.

სხვა გამოცდებმაც ასე თუ ისე, მსგავსი წარმატებით ჩაიარა.

შედეგები, რომ გამოცხადდა აღმოჩნდა, რომ ანზორას უნარებში 80 შესაძლოდან 24 ქულა დაუგროვებია. ჰოი საოცრებავ და სხვა გამოცდებშიც გადალახა მინიმალური ზღვარი. ჩვენი ანზორა სულხან კვერნაძის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. სწავლაში ყოველ წელს 2500 ლარს იხდიდა, 4 წელიწადში 10000 გამოვიდა (რა თქმა უნდა, თუ იმ ჩარჩენილი კრედიტების საფასურს არ გავითვალისწინებთ, უხვად რომ უგროვდებოდა ყოველი სემესტრის ბოლოს).უნივერსიტეტში მამიკოს ნაჩუქარი BMW-თი დადიოდა, გასაღებს დემონსტრაციულად ატრიალებდა ხოლმე და GRADUATION-ის დღეს, საყვარელი უნივერსიტეტის კედელზე კიდევ ერთი ისტორიული წარწერა დატოვა: „აქ იყო ანზორა“.

ამ ოთხი წლის ბოლოს კი:

დედიკომ ანზორას დიპლომი ჩაიხუტა გულში.

ანზორამ ჯოკრის თამაში ისწავლა.

10000-მა ლარმა ანზორას მამიკოს ჯიბიდან სულხან კვერნაძის უნივერსიტეტის ბიუჯეტში გადაინაცვლა.

სახელმწიფოს კი, კიდევ ერთი უმუშევარი, თუმცაღა „დიპლომიანი“ კადრი შეემატა.

ასე დასრულდა ანზორას ამბავი და ტაქსაობდა იგი დიდხანს და ბედნიერად.

ჭირი იქა, ლხინი აქა…

თუმცა, რავიცი, რაღა დაგიმალოთ და თუ ასე გაგრძელდა, ჭირი და ლხინი ჩვენდა სავალალოდ, ალბათ ადგილებსაც გაცვლიან…

ჰოდა…

ზღაპარი საკმაოდ პესიმისტური, თუმცა რეალისტური გამომივიდა, ამის დასტურად მინდა რამდენიმე  სტატისტიკური მონაცემი გაჩვენოთ:

2016 წელს საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41600-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

მისაღები ადგილების რაოდენობა კი, ჯამში 44000-ს აღემატება.

ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ აბიტურიენტზე ერთზე მეტი თავისუფალი ადგილი მოდის.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მინიმალური გამსვლელი ქულა საშუალოდ მაქსიმალურის მხოლოდ და მხოლოდ 25%-ია, გამოდის, რომ სულ ცოტა იღბალია საჭირო იმისთვის, რომ „ყველა გ“-ს პრინციპმა რეალურად იმუშაოს.

ჰოდა, სანამ მინიმალური ქულებით ჩვენს ქვეყანაში ასე ადვილია გახდე სტუდენტი, სანამ თითო აბიტურიენტზე ერთნახევარი ვაკანტური ადგილი მოდის, შეგვიძლია თავი დავიმშვიდოთ იმით, რომ დიპლომიანი ტაქსისტები არც მომავალში მოგვაკლდება.

მანამდე კი, მამიკოებო!

10000 გაამზადეთ! ანზორას სწავლა სწყურია!

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s