ყველა ჩემი სამშობლოა

ავტორი: თემურ ზოიძე

ყოველ მხრიდამ ისმის, რომ ჩვენი მოძმენიაჭარელები და ქობულეთლები ძალიან ცუდს მდგომარეობაში არიან და ნუგეშსაც ჯერაქამომდე არსაიდამ მოელიანაბა, ქართველობავ, ეხლა შენ იცი, როგორ დაანახვებ თავს შენს ახლად შემოერთებულს ძმებსა! ეხლა შენ იცი, როგორ დაუმტკიცებ ქვეყანას მამაპაპათ ანდერძს: „ძმა ძმისთვისა და შავ დღისთვისაო!“ ეხლა გამოჩნდება, ეს ანდერძი შენთვის ცარიელი სიტყვაა, თუ სავსე საქმეა!… ეხლა გამოჩნდება, შენ მარტო დღევანდელს დღეზედ ხარ მიბმული, თუ ხვალისათვისაც სწუხ და ჰფიქრობ!“

ილია ჭავჭავაძე, 1879 წელი, რჩეული წერილები, თავი II

გასულ წელს თბილისში სტუდენტურ ცხოვრებას ახალად ვიწყებდი და გასაქირავებელ ბინებს დავეძებდი საცხოვრებლად. მაკლერებიც შევაწუხე, ქუჩებიც ავატალახე და ბევრი  შეღებული კარიც გამოვიხურე, სანამ ერთი ძალიან კოხტა ბინა არ ვიპოვე ჩემს უნივერსიტეტთან ახლოს. ბინის მეპატრონეს მოვეწონე კიდევაც, როცა ვუთხარი სრული გრანტით ჩავირიცხე უნივერსიტეტში მეთქი და უკვე ყველაფერზე შეთანხმებულები ვიყავით, როცა მკითხა, ისე, საიდან ჩამოხვედი თბილისშიო. არ დავბნეულვარ, მაშინვე ვუპასუხე, აჭარიდან-მეთქი. აი, მაშინ მისი გამომეტყველება ბათუმური ამინდივით შეიცვალა, მოიქუფრა და დადუმდა. როცა დავიბენი და ვერ მივხდი, რა ხდებოდა, მაშინ მითხრა, ბინა აღარ ქირავდებაო. რას ვიზამდი, გამოვბრუნდი პირში ჩალაგამოვლებული, მაგრამ ზურგს უკან კითხვა მომეწია: „აჭარაში სად, ბათუმში ცხოვრობ თუ უფრო ზევით?“ რაში გაინტერესებთ-მეთქი და, რა ვიცი, ხომ უნდა ვიცოდე რა ჯურის ხალხი იცხოვრებს ჩემს ბინაში, მისაღებ ოთახში გაკრულ ხატებს ეგრე ვერ დავტოვებდიო. აღარაფერი მითქვამს, ისე გამოვბრუნდი.

მაღალმთიან აჭარაში დავიბადე და მთელი თვრამეტი წელი იქ გავატარე, მაგრამ არასდროს შემინიშნავს ადგილობრივებში დანარჩენი საქართველოს მიმართ შიშნარევი, ზიზღიანი თუ ეგზოტიკური დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა ისლამის მიმდევარია, სრულიად უკონფლიქტოდ თანაცხოვრობენ დანარჩენ ქრისტიანულ ნაწილთანაც. უფრო მეტიც, ვიცი მუსლიმი ოჯახები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულის პატივსაცემად ჯეჯილსაც თესავენ და პასკასაც აცხობენ.

სანამ  აჭარის იქითა გაუცხოებებს შევეჩეხებოდი, მანამდე ჩემს მშობლიურ რაიონშიც მივიღე გამოცდილება: შუა ხნის ასაკს გადაცილებულ ბებია-ბაბუებისგან მომისმენია ვიღაცის მისამართით დასმული კითხვის ასეთი ფორმულირება: ეგ აჭარელია თუ ქართველიო. ჯერ კიდევ მაშინ ვფიქრობდი ამაზე, თუ რატომ ამბობდნენ ასე და მე უნდა გამემეორებინა იგივე თუ არა, მაგრამ ბოლოს მაინც ვერ ვხდებოდი, რატომ უნდა გამესვა ხაზი საქართველოსა და აჭარას შორის, როცა ჩვენს სკოლებში სწავლა ერთიანი საქართველოს ჰიმნით იწყებოდა და სწავლაც იმ ქართულითვე გრძელდებოდა, ასეული წლებით რომ დაკარგული ჰქონდა აჭარას. საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათად ხდებოდა და ახალგაზრდა თაობას ამაზე მსჯელობაც კი არ სჭირდებოდა, რადგან ყველამ ერთსულოვნად ვიცოდით ჩვენი სამშობლოს სახელიც, მდებარეობაცა და საზღვრებიც. ის რამოდენიმე შემთხვევა კი სტრეოტიპია სამშობლოს ცენტრს მოწყვეტილი ვაკუუმირებული რეგიონის ასაკოვანი მცხოვრებლების გაუცხოებით გამოწვეული.

ამას წინათ ერთი ჩემი თანარაიონელის სტატია წავიკითხე, რომელსაც უნივერსიტეტში პრობლემა შეექმნა თავისი წარმომავლობისა და მრწამსის გამო და ბოლოდროინდელი ტერორისტული ციებ-ცხელების გამოისობით ისლამოფობიის მსხვერპლი გახდა. სტატიას ვკითხულობდი და ვერ ვიჯერებდი, ეს ყველაფერი როგორ შეიძლება სიმართლე იყოს მეთქი, მაგრამ შემდეგ ჩემი შარშანდელი გამოცდილება ამომიტივტივდა, როცა ქობულეთელ ბიჭებთან ერთად ვცხოვრობდი თბილისის ერთ-ერთ იტალიურ ეზოში და უბნის ბიჭები რომ გვესტუმრნენ გასაცნობად, ჩვენი წარმომავლობა გამოიკითხეს და დედა საქართველოს სიყვარულზე ლექცია წაგვიკითხეს. პირში წყალჩაგუბებულები ვუსმენდით, სანამ კედელზე გაკრული ხატები არ შეამჩნიეს და  ლამის ისტერიულად არ გაუხარდათ, უი, თქვენ ნაღდი ქართველები ყოფილხართო.

ამ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ უბრალოდ გაკვირვებული ვარ, რადგან არ მახსენდება შემთხვევა, როცა მეგობარი შევიძინე ან დავკარგე მისი წარმომავლობისა თუ რელიგიური მრწამსის გამო. ეგ კი არადა, ახლაც ორი ქართველი ბიჭი ბინას ვიყოფთ მესამე, წარმოშობით შრი-ლანკელ ექიმთან ერთად, რომელიც ბუდიზმისა და ქრისტიანობის მიმდევარია. და მაინც, შეიძლება ნაკლებად გამიკვირდეს რასიზმის, ქსენოფობიისა და საქართველოსთვის უცხო რელოგიური მიმდინარეობების მიმართ არსებული არასწორი დამოკიდებულებების სიმწვავე ჩვენთან, რაც ნაკლებ ინფორმირებულობისა და „უცხოს“ ფენომენის დამსახურებაა, მაგრამ ახლა, როცა ოსმალეთის სამას წლიანი ბატონობიდან გამოხსნის შემდეგ 138 წელი გავიდა და აჭარა ისევ „ოსმალოს საქართველო“ გვგონია, უბრალოდ ძალიან სამწუხაროა.

ქართლკახეთი, იმერეთი,

გურია და სამგრელო

ყველა ჩემი სამშობლოა,

საყვარელი საქართველო.

აჭარა, აჭარაც ჩვენი სამშობლოა მთელი თავისი წარსულითა თუ აწმყოთი და არა მხოლოდ ზაფხულობით გახსენებული ბათუმის ბულვარებით, აჭარული ხაჭაპურითა და ქვიშაზე მოდუღებული ყავით.

14454455_1183944708314257_1036537812_n

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s