მომავალი ჩემი არჩევანია 

  picture   ავტორი: ელენე შუბითიძე  

კაცობრიობის განვითარების მანძილზე, უცვლელ და ამოუცნობ თემად რჩება დაბადების არსი. ის, რაც ყველა ჩვენგანს გვაერთიანებს და სამუდამოდ უხილავი ძაფებით გვაკავშირებს მზრუნველობის გამძაფრებული სენით შეპყრობილ მშობლებთან.
მებრძოლად იბადები, თვითგადარჩენის თანდაყოლილი ინსტიქტით პირველივე წამებიდან ცდილობ ადგილის დამკვიდრებას და ერთი შეხედვით, ეს არც ისე ცუდად გამოგდის. გადის დრო და ლოგიკა წესებს აღარ ექვემდებარება.
მეტი შესაძლებლობებით ნაკლებად მოტივირებული სულ უფრო აშკარად ექცევი უფროსთა გავლენის ქვეშ და გაუცნობიერებლად ხდები სხვისი ნების უშუალო შემსრულებელი. მორჩილებას გიქებენ და ამით წახალისებული კიდევ უფრო ბოლო საფეხურზე აყენებ საკუთარ ინტერესებს, სურვილებს, მიზნებს, მისწრაფებებს. გარემო გზრდის და გაყალიბებს სულიერი ღირებულებების გაუთვალისწინებლად, რაც საბოლოოდ ფატალური შედეგების უტყუარი წინაპირობაა.

 ის, თუ სად გადის ზღვარი ურთიერთპატივისცემასა და სხვის დაცულ სფეროში გაუმართლებელ ჩარევას შორის, ჯერ კიდევ რთული აღსაქმელია განვითარების იმ საფეხურზე მყოფი ქვეყნისათვის , როგორიც საქართველოა. ეს ცალსახად როდი მიუთითებს, რომ მხოლოდ ჩვენი ქვეყანა დგას პრობლემატური საკითხის წინაშე, მაგრამ თითოეული მოქალაქის პირდაპირი მოვალეობა სწორედ საკუთარი ნაკლის აღმოჩენა, შესწავლა და აღმოფხვრაა. ,,გარიგებით’’ შექმნილი ოჯახები, სწავლას ჩამოშორებული ახალგაზრდობა, წინასწარ გადაწყვეტილი დაგეგმილი პროფესიები და უფლებაჩამორთმეული მოზარდები – ის ყოველდღიურობაა, რომლის მოწმეებიც ყოველ ნაბიჯზე ვხდებით. მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში დამკვიდრებული დოგმა – ,,სხვის საქმეში ჩაურევლობასთან“ დაკავშირებით ბოჭავს ადამიანს თამამად მიუთითოს, გააჟღეროს და გამოააშკარავოს ჩაგვრის, დამცირების, უუფლებობის ფაქტები.

XXI საუკუნემ ბევრ უარყოფითთან ერთად, უფრო მეტი დადებითი მოუტანა სამყაროს განვითარების ასპექტში. იქ, სადაც ცივილიზაციის სხივმა მინიმალურ დონემდე მაინც შეძლო შეღწევა, არსებითად შეცვალა საზოგადოების მსოფლმხედველობა, კულტურა და ჩვეულებები. ეს სულაც არ მიუთითებს სისტემის ნეგატიურ მხარეზე, არამედ მოდერნიზებულად აწესრიგებს განსხვავებებს ძველ და ახალ თაობათა პოზიციებს შორის. ის რაც ადრე ორი მეზობლის განსჯის საგანს წარმოადგენდა, დღეს უკვე უკიდეგანო ინტერნეტ სივრცის განსახილველ თემად იქცა და პრობლემებიც ასე გახდა  ცნობადი და აღქმადი.

ბოლო დროს, საკმაოდ აქტუალური გახდა, საკუთარი ნების წინააღმდეგ, არასრულწლოვანთა დაოჯახების ფაქტები. საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშის “ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და გენდერული თანასწორობა” მიხედვით, ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენცია და შემთხვევების მართვა დღემდე პრობლემად რჩება. ანგარიშის თანახმად, 2015 წელს 611 არასრულწლოვანი პირის ქორწინება დარეგისტრირდა.

ამავე ანგარიშში ვკითხულობთ, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია საბაზო საფეხურის დასრულებამდე სკოლის მიტოვების ფაქტები. 2015 წელს, ოჯახის შექმნის მიზეზით, სწავლა 13–დან 17 წლამდე 408 მოსწავლემ შეწყვიტა. ,,იმ შემთხვევაში თუ სახეზე არ არის იძულებითი ქორწინება, სოციალური მომსახურეობის სააგენტოს უჭირს ადრეულ ასაკში ქორწინების როგორც პრობლემის იდენთიფიცირება“- განმარტავს ომბუდსმენი. მაგრამ პრობლემის არსიც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ამ ოჯახთაგან დიდი ნაწილი  ძალადობის ნიადაგზეა შექმნილი.

აღსანიშნავია ის უსიამოვნო დეტალი, რომ ასეთ დროს მნიშვნელოვნად იკვეთება მშობელთა ზეგავლენა და აქტიური მონაწილეობა. დაუდევრად, მატერიალური მოტივებით მიღებული  სასიცოცხლო გადაწყვეტილებები, საბოლოოდ დამღუპველი რეალობის წინაშე აყენებს არა მხოლოდ პირდაპირი მსხვერპლის პოზიციაში წარმოდგენილ ინდივიდებს. პირველ რიგში, იძულებით შექმნილ ოჯახებს სრულიად ლოგიკურად მივყავართ იძულებით სქესობრივ კავშირთან, რაც უდაოდ წარმოქმნის ძალადობრივ ჯაჭვს. სექსუალური პრობლემების ნეგატიური ზეგავლენა ლაიტმოტივად გასდევს არასრულწლოვანს, რომელსაც მოცემული მომენტისათვის არ აქვს ინტელექტუალური, ემოციური, სოციალური ბერკეტი, რომ გათავისუფლდეს.  ამ დროს, განსაკუთრებით ილახება ქალთა უფლებები და კნინდება ღირებულებები. გოგონების უმრავლესობა წყვეტს განათლების მიღებას, რასაც თან სდევს მეუღლეზე მორალური და მატერიალური დამოკიდებულება. ქმარი, როგორც ოჯახის ფინანსური საყრდენი, სათანადოდ ირგებს ლიდერის პოზიციას. ყოველივე ეს, კი  განუკითხავი პატრიარქატის მყარი საფუძველია.

მიუხედავად განხორციელებული ღონისძიებებისა, სახელმწიფო ვალდებულია, ეფექტური რეფორმების გზით აღკვეთოს ქვეყანაში გადმონაშთი, უსარგებლო ჩვეულებების დაუსრულებელი ლეტალური გავლენა საზოგადოების განსაზღვრულ წრეებზე და აამაღლოს მოსახლეობაში თვითშეგნებისა და მოვლენათა ადეკვატური შეფასებისათვის აუცილებელი უნარები. საქართველო მსოფლიო გენდერული ინდექსის მიხედვით, 134 ქვეყნიდან 84-ე ადგილზეა და ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ტანზანია, განა, ვიეტნამი, უზბეკეთი და ნიკარაგუა. ეს ფაქტი კი ცალსახად მიუთითებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მომავალი – სხვისი არჩევანია.

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s