უმაღლესი განათლების სიმაღლე

12417918_896621813751698_2222002653614963080_nავტორი: მარიამ თეზელაშვილი

ბავშვობაში ალბათ ყველა ჩვენგანისთვის უკითხავთ, რა უნდა გამოხვიდე, როცა გაიზრდებიო და ჩვენც გვინდოდა არ გვინდოდა იმაზე ფიქრს ვიწყებდით, თუ რა მოგვწონდა. სკოლაში სწავლის 12 წელიც ამის ძიებაში ილევა და ბოლოს მსახიობობის, მეხანძრეობისა და კოსმონავტობის სურვილიდან ნელ-ნელა გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად მიდიხარ გადაწყვეტილებამდე და იმედებითა და ენთუზიაზმით აღსავსე აღებ უნივერსიტეტის კარს, სადაც იდეაში უმაღლესი განათლება, რადიკალური ცვლილებები, სიახლეები, წიგნები, „ზღვა“ მასალა გელოდება და რაც მთავარია, ლექტორები, რომელთა მთავარი საზრუნავიც შენთვის განათლების მოცემაა.

პირველი ერთი კვირის ეიფორია და აღფრთოვანება რომ გაივლის, მოდის ცხოვრებაში მრავალ იმედგაცრუებათაგან ერთ-ერთი პირველი და უმნიშვნელოვანესი, რომელიც სწორედ უმაღლეს სასწავლებელს უკავშირდება. ნელ-ნელა აღმოაჩენ, რომ ზემოხსენებული ლექტორები ხშირად აცდენენ და ამას ლექციამდე სულ ცოტა ხნით ადრე ან „უკეთეს“ შემთხვევაში არც გატყობინებენ, აღმოაჩენ რომ ბიბლიოთეკაში ხშირად ფიზიკურად არ არის წიგნები, რომლებიც კურსის გასავლელად გჭირდება, აღმოაჩენ, რომ ბევრი მშობლის სურვილით უფრო სწავლობს (ჩემს შვილს დიპლომი უნდა ჰქონდეს), ვიდრე საკუთარი და მაშინ, როცა შენ ღამეებს გაათენებ მეცადინეობაში ისინი მშვიდად გადაწერენ და შენგან არც თუ ისე განსხვავებულ ქულასაც დაიმსახურებენ. აღმოჩენების ტალღა კი უბრალოდ არ წყდება, მაგრამ რაც ყველზე ცუდია, შესაძლოა აღმოაჩინო, რომ შენი მომავალი პროფესია სინამდვილეში არც ისე ძალიან გაინტერესებს, როგორც ფიქრობდი. ამ და სხვა მრავალი სიურპრიზის შედეგად ხვდები, რომ შენი მოლოდინი ოთხი წლის შემდეგ დიპლომით ხელდამშვენებული და უკვე „პროფესიონალი“ ამაყად გადადგავ პირველ ნაბიჯებს შენი საოცნებო კარიერისკენ, სრულიად უსაფუძვლოა.

უნივერსიტეტში გატარებული დროის პარალელურად იზრდება აღმოჩენების რიცხვი, რაც პირდაპირპროპორციულია იმედგაცრუებებისა. სულ მალე მიხვდები, რომ შენთვის საინტერესო პროფესიული საგნებიდან სულ რამდენიმეა ხელმისაწვდომი, დანარჩენების საჭიროებას კი უბრალოდ ვერ ხვდები, მათი აბსოლუტური უმრავლესობის საათები და დღეები ერთმანეთს ემთხვავა და კრედიტის მისაღებად შენთვის სრულიად უინტერესო და უსარგებლო საგნების გავლა გიწევს. სისტემა კი იმდენად გაუმართავია, რომ უბრალოდ ვერ უძლების სტუდენტების მცდებლობას აირჩიონ საგნები და ითიშება, ქრება სილაბუსები, ჯგუფები და საგნები, ასობით სტუდენტი კი საგნების გარეშე რჩება, რადგან ჯგუფებში ფიზიკურად არ არის ყველასთვის საკმარისი ადგილი.

ამის ფონზე კიდევ უფრო ბედნიერად იგრძნობ თავს, როდესაც აღმოაჩენ, რომ ლექტორთაგან მხოლოდ ერთეულები გრძნობენ მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას. დანარჩენებს კი ან ისე ეზარებათ ლექციის ჩატარება, რომ 50 წუთიან ლექციაზე 20 წუთს აგვიანებენ ( მიზეზი ყველასთან და ყოველთვის ერთია: საპარკინგე ადგილის ვერ პოვნა, საცობი ან მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელებული შეხვედრა) ან საერთოდ არ მოდიან, ყელის ტკვილის გამო ლექციის გაცდენა და ამის ლექციამდე ნახევრი საათით შეტყობინება, მთელი კვირის ან თვის განმავლობაში არ მოსვლა კი სავსებით საპატიოდ მიაჩნიათ. როდესაც ამის შესახებ ადმინისტრაციაში იჩივლებ, აღმოაჩენ, რომ ეს მათაც არ მიაჩნიათ დიდ ტრაგედიად, აღარაფერს ვამბობ იმ სტუდენტებზე, რომელთაც სრულებით არ აწუხებთ ეს ფაქტი და იმითაც კმაყოფილები არიან, რომ ლექტორი უანგაროდ დაუწერთ 51 ქულას. ზოგიერთები კი თუ მოდიან და საკუთარი ოჯახური ამბების მოყოლით ან უარეს შემთხვევაში სხვა ლექტორებზე ჭორაობით ცდილობენ დროის გაყვანას.

ამის ფონზე კი პირველი კურსის შემდეგ ხვდები, რომ უმაღლესი განათლება, რომელსაც შენ „იღებ“ სულაც არაა უმაღლესი, არც ფასი და ხარისხი შეესაბამება ერთმანეთს და რომ ოთხი წლის შემდეგ სავარაუდოდ არ/ვერ გექნება ის ცოდნა, რაც უნდა გქონდეს და მაინც როგორ უნდა მოგვცეს უნივერსიტეტმა უმაღლესი განათლება, როცა იმის განსაზღვრაც კი არ შეუძლია რამდენ სტუდენტს რამდენი ჯგუფი და საგანი სჭირდება.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s