ევროპა ჩვენში თუ ჩვენ ევროპაში ?

 

15416900_1286944384712368_641477364_nავტორი: მარიტა კაპანაძე

“დაე ცუდ გერმანელად ჩამთვალონ, ნებისმიერ შემთხვევაში კარგი ევროპელი ვარ.”

(ფრიდრიხ ნიცშე)

დაახლოებით ერთი წლის წინ გაცვლითი პროგამით საქართველოში მყოფ ევროპელ სტუდენტებთან მომიწია ურთიერთობა. ჩემთვის, პოსტკოლონიალური კომპლექსებიდან ვერგათავისუფლებული პოსტსაბჭოთა ქვეყნის შვილისთვის, რომელიც მიჩვეულია, გააფეტიშოს ყველაფერი ევროპული, რომლის ცნობიერშიც ევროპა არსებობს, როგორც ერთადერთი “გზა ხსნისა”, შოკისმომგვრელი აღმოჩნდა იმის გაცნობიერება, რომ ევროპელი ახალგაზრდები სულაც არ არიან კმაყოფილი დასავლური პოლიტიკით.

მერაბ მამარდაშვილი თავის ნაშრომში “ევროპული პასუხისმგებლობა” წერს: ” ევროპას არ გააჩნია ასაკი. იგი მუდამ დაბადების მდგომარეობაშია. ადამიანი უნდა იყოს სიმშვიდის დამრღვევი ელემენტი. ეს არის ქმნილება, რომელიც მუდამ საკუთარი თავის შექმნის მდგომარეობაშია. სწორედ ეს არის ევროპული პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა საკუთარი თავის წინაშე. “

როცა ვსაუბრობთ საქართველოს ევროპულ მომავალზე, ან ევროპაში დაბრუნებაზე, ვფიქრობ, ჩვენ ზუსტად არ გვესმის ევროპული იდენტობის არსი. ერთია, იყო ევროპული ოჯახის წევრი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, მეორე, აცნობიერებდე და ისისხლხორცებდე იმ ღირებულებათა ერთობლიობას, რაც ამ სახელის ქვეშ ერთიანდება.

განმანათლებლობამ დასავლეთი გამოიყვანა რელიგიური ბურუსიდან და ღმერთის სტატუსი გონებას მიანიჭა. რენე დეკარტის ცნობილი ფორმულა – ” ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ” დასავლური კულტურის ამოსავალ წერტილად იქცა. ამ თვალსაზრისით, არსებობა გაიგივებულია აზროვნებასთან. რამდენადაც მე ვარ სკეპტიკოსი, მე ვარ კითხვის დამსმელი და მასზე პასუხის მაძიებელი, ამდენად მაქვს უფლება, მერქვას ადამიანი.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართული საზოგადოება უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან იგი დიდი ხნის მანძილზე მიჩვეული იყო, მის მაგივრად ეფიქრათ და გადაეწყვიტათ. ჩვენ ჯერ არ გვქონდა გააზრებული, რომ დამოუკიდებლობა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას გულისხმობს და არა “გოდოს მოლოდინს”,მესიანისტურ დამოკიდებულებებს რომელიმე პარტიის, კონკრეტული პირის ან თუნდაც ეკლესიისადმი.

იდეალები რომელსაც ეფუძნება ევროპა: ბერძნული ფილოსოფია, რომაული კანონები, სახელმწიფოში სეკულარულსა და საკრალურს შორის გავლებული ხაზი, ტოლერანტობა… აზროვნებითი აქტის ნაყოფია. აზროვნების წინაპირობა კი თავისუფალი სივრცეა. ემანსიპირებული ადამიანის ცნობიერი თავისუფლდება ფეტიშებისგან, ფანატიზმისგან, ცალსახა დამოკიდებულებებისგან. მას აღარ აქვს შიში უცხოსადმი და აღარ გაჰყვირის, რომ “ქართველობას ართმევენ”. შეუძლებელია შენგან დამოუკიდებლად წაგართვან ისეთი აბსტრაქტული რამ, რაც შენგან დამოუკიდებლად არც უნდა იქმნებოდეს.

ჩვენ აშკარად გავურბივართ პასუხისმგებლობას. გენეტიკაში გადაზრდილი რელიგიური მრწამსი, გენეტიკური ღირებულებათა შკალა, ჯადოსნური, საკრალური სიტყვა- “წინაპრები”, რომლებმაც, ჩვენი აზრით, რატომღაც საუკუნეების წინ გადაწყვიტეს რა აჯობებდა ჩვენთვის საუკუნეების შემდეგ.

დასავლურ იდეალებთან დაახლოება იწყება იქ, სადაც ვსვამთ შეკითხვას, თუ რატომ ვირჩევთ ევროპას და არა ინერციით მივდივართ მისკენ. სწორედ პროდასავლური იდეების ჰეგემონური დისკურსი,ევროპული გზის აპრობირებულ ჭეშმარიტებად გამოცხადება, სკეპტიციზმის არარსებობა, გონების სიზარმაცე, კონფორმიზმი გვაქცევს ანტიევროპელებად.

ევროპელი ინტელექტუალებისთვის, განსხვავებით ჩვენებური “ინტელექტუალებისგან” ევროპა არ არის საკრალურ რანგში აყვანილი სივრცე, რომელსაც დითირამბებს უმღერიან. ევროპის საკრალიზაცია ჩვენს ევროპელობას ისეთივე მითად აქცევს, როგორიც ჩვენი “რჩეული ერობის” ამბავია.

ევროპელისთვის ისტორია გამოცდილებაა, ჩვენთვის კი ეროვნული ნარცისიზმის საკვები. დღემდე მივტირით ათი საუკუნის წინანდელ ჰეროიკულ წარსულს.ფაქტების ადეკვატური, კრიტიკული გააზრების ნაცვლად, მათ მითოლოგიზირებას ვახდენთ და ბრტყელ-ბრტყელ, სენტიმენტალურ სადღეგრძელოდ ვაქცევთ ხოლმე.

ევროპელობა ცნობიერების მდგომარეობაა.

თუ მე ვბედავ ვიაზროვნო, ვიყო სკეპტიკოსი, დავსვა შეკითხვები, ავიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე,

მაშასადამე მე ვარ ევროპელი.

One thought on “ევროპა ჩვენში თუ ჩვენ ევროპაში ?

  1. ნებისმიერი ცივილიზაცია, რომელსაც ბერძნული და რომაული კულტურების გავლენა განუცდია, აბსოლიტურად ევროპულიაო, პოლ ვალერი წერდა. ჩვენ მერე ქრისტიანობაც დაგვემატა და ერთ დროს ძალიან წინ წასული ევროპული ცივილიზაციაც ვიყავით , დასავლეთ ევროპაზე მეტადაც კი. პარლამენტარიზმის იდეაც კი გაჩნდა გაგანია ფეოდალურ შუა საუკუნეებში და თანასწორობაზეც კი ვწერდით ვარდების და ნეხვების თუ ძუ და ხვადი ლომის მეტაფორით. არ არის ეგ ჩვეულებრივი ამბავი.მერე პროსტა მონღოლებმა და მათმა ნაბუშარმა რუსებმა არათუ განვითარება შეგვაწყვეტინეს, არსებობის საფრთხის წინაშეც დაგვაყენეს და ჩვენც ვეღარ გავიარეთ რენესანსის, რეფორმაციის თუ კაპიტალიზმის ეტაპები და ჩამორჩენილი ევრიპა ვართ. ევროპის ბაბუა, რომელსაც აიფონის ეშინია. არაუშავს თანამედროვე სამყაროში ზემონახსენები პროცესები დაჩქარებულია. პროსტა ჟინი გვაქ დაჩლუნგებული და ბრძოლას ისევ იმის კალთა გვირჩევნია, ვინც კარგად გვაჭმევდა. არც მაგას უშავს, მოვუვლით. ევროპის ფეტიშიც არ შეილება, ევროპელობამოცემულობად უნდა აღვიქვათ და არა მიზნად და ყველაფერი დალაგდება როგორც კი მაგას შევძლებთ.

    Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s