ბიოქიმიკოსობა გადავწყვიტე

1 ავტორი: თეონა გველესიანი   

 2016 წლის ზაფხული – დრო, რომელიც ნამდვილად არასდროს დამავიწყდება. როგორც ყველა აბიტურიენტმა 12-წლიანი სწავლა ეროვნული გამოცდების ჩაბარებით „დავაგვირგვინე“ შედეგებით იმედები გამცრუებია. თუმცა, სავარაუდოდ, სხვა აბიტურიენტებისგან განსხვავებით, ჩემთვის მთავარი ახლა იწყებოდა, უნდა გადამეწყვიტა საკუთარი მომავალი, რის სწავლა მინდოდა მინიმუმ უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში და საერთოდ, ვინ მინდოდა გავმხდარიყავი მომავალში. ბევრი რამ მაინტერესებდა, დრო კი ცოტა მქონდა გადაწყვეტილების მისაღებად, მეც სხვადასხვა უნივერსიტეტის საგულდაგულოდ ნაგროვები საინფორმაციო ბროშურების კითხვა დავიწყე, თან აბიტურიენტის გაზეთი გადავშალე და ჩემთვის სასურველი ფაკულტეტების სია ჩამოვწერე. სია აშკარად გრძელი გამოვიდა, მაგრამ მასში აღმოჩნდა ერთი ფაკულტეტი,რომელიც სრულიად ახალი იყო ჩემთვის და საკმოდ დამაინტერესა. წარმოუდგენლად გასახარი იყო შემდგომი რამდენიმე დღე, როცა ზუსტად იმ უნივერსიტეტში, ზუსტად იმ ფაკულტეტზე, რომელმაც ჩემი ინტერესი გამოიწვია გასაუბრებაზე დამიბარეს და შემდეგ კი სრულად დამიფინანსეს სწავლა.

 ჩემი არჩევანი ბიოქიმიაა. პირველი სიტყვა, რომელსაც ყველა მეუბნებოდა, როცა გაიგებდნენ რომ ბიოქიმიაზე ჩავაბარე იყო არა „გილოცავ“ არამედ – „რატომ?“ მეც იმით გახარებულს, რაც ჩემს თავს ხდებოდა ვრცელი პასუხი არასდროს გამიცია და ყოველთვის ვამბობდი, რომ ბიოლოგია და ქიმია მაინტერებს და იმიტომ-მეთქი. რასაკვირველია, ეს ერთ-ერთი ფაქტორი იყო, მაგრამ აირჩიო სამეცნიერო პროფესია ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ერთი საგნისადმი ინტერესი.

ბიოქიმიის სრული მნიშვნელობა და დანიშნულება, რომ გამეგო უბრალოდ წარმოვიდგინე რა მოხდებოდა ეს მეცნიერება, რომ არ არსებულიყო. ეს ალტერნატიული რეალობა ნამდვილად არ მომეწონა. იმ რეალობაში ბევრი ავადმყოფობა ჯერ კიდევ დაუმარცხებელია, არ არსებობს არათუ სპეციალური დანიშნულების წამლები, არამედ ფართოდ გავრცელებული მოხმარების წამლებიც კი, ხალხი ვერ მკურნალობს, რადგან ბიომედიცინაც ვერ ვითარდება, საკვების უმრავლესობა მომწამლავია,რადგან ნიადაგიც დაბინძურებულია, არ ხდება წიაღისეულის შესაბამისი დამუშავება და სათანადოდ შეფასება, შესაბამისად ეკონომიკური მდგომარეობა გაცილებით უარესია, ამასთანავე უჭირთ საგამოძიებო უწყებებს, რადგან საქმის კრიმინალისტიკური ანალიზი არ კეთდება და ბევრი დანაშაული გამოუძიებელია. ეს მხოლოდ ნაწილია იმ უარყოფითი შედეგებისა, რაც ამ მეცნიერების არ არსებობას შეიძლება მოჰყოლოდა.

ასეთი ალტერნატიული რეალობის წარმოდგენის შემდეგ მომავლის განჭვრეტა ვცადე და ბიოქიმიის შესახებ მაქსიმალურად ათვისებული ინფორმაციით მომავლის იმ ნაწილში გადავინაცვლე, რომელშიც ეს მეცნიერება მეტად და მეტად ვითარდება. ეს კი ის სამყარო იყო, რომელშიც დარწმუნებული ვარ, რომ ყველას გვინდა ცხოვრება. ავადმყოფობები თანდათან მარცხდება, საკვების სიჯანსაღე მუდმივად მოწმდება და მცირეა მოწამვლის შემთხვევები, მიკროორგანიზმებისა და მაკრომოლეკულების ანალიზით ბევრი დანაშაული იხსნება, ხოლო ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ალტერნატიული რესურსები ვითარდება, ეკოლოგიური მდგომარეობა უმჯობესდება, ხდება ბევრად მდგრადი და გამოყენებადი მეტალებისა და ნივთიერებების აღმოჩენა და მიღება. სამყარო იცვლება.

  მაშინ არ მიფიქრია საზოგადოებრივ აზრზე, არ მიფიქრია, რომ უმეტესობა იკითხავდა რა ესაქმება გოგოს მეცნიერებაში, ან გაოცებით შეხვდებოდა იმ გადაწყვეტილებას, რომ როცა სკოლაში კარგი ნიშნები გყავს არც ექიმი გამოდიხარ და არც იურისტი. მგონი კარგადაც მოვიქეცი.

  და ისევ რატომ?

ბავშვობიდან მინდოდა გამეკეთებინა ისეთი რამ, ან როგორც მინიმუმ ისეთი მოვლენის ნაწილი ვყოფილიყავი,რომელიც ბევრ რამეს სასიკეთოდ ცვლის. მინდოდა ეს ცვლილება ყველას შეხებოდა, თითოეულ ადამიანს, მინდოდა მეგრძნო, რომ საჭირო ვარ და მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ. ახლა პირველ კურსზე ვარ და ყოველდღიურად კიდევ და კიდევ ბევრ ახალ აღმოჩენას ვაკეთებ თუ რა შეუძლია ამ მეცნიერებას და როგორ შემიძლია მეც გავხვდე ამის ნაწილი. ახლა მჯერა, რომ შემიძლია ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო. მეცნიერება ეს მომავალია, ხოლო მეცნიერების და ამ შემთვევაში ბიოქიმიკოსების საქმიანობა, არამარტო მათი, არამედ მთელი საზოგადოების მომავალია.

One thought on “ბიოქიმიკოსობა გადავწყვიტე

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s