სიძულვილის ენა  ქართულ განათლებაში

silence-inner-bully-1ავტორი: თემურ ზოიძე

სულ რამდენიმე კვირის წინ წავიკითხე ინფორმაცია, თუ როგორ აიკრძალა ვირჯინიის შტატის სკოლებში „ნუ მოკლავ ჯაფარას“ და „ჰეკლბერ ფინის თავგადასავალი“, მათი წაკითხვა მოსწავლეებს სკოლის ბიბლიოთეკებში აღარ შეეძლებათ. დიდხანს ვიფიქრე, თუ როგორ შეიძლება ორი ყველაზე კეთილი წიგნის მონათვლა „ბავშებისთვის შეურაცხმყოფელი ლექსიკის მასწავლებლად“, მაშინ, როცა ეს ორი შესანიშავი ამბავი სწორედ თავისი სისასტიკითა და დაუნდობლობით ყველაზე ნათლად აჩვენებს  ბავშვებს უფროსების იმ შეცდომებს, რომლებიც მათ არ უნდა გაიმეორონ.

სიმართლე რომ ითქვას, აშშ-დან ათასობით კილომეტრით დაშორებული ერთი ქართველი სტუდენტის ფიქრები ბევრს ვერაფერს შეცვლის ვირჯინიის სკოლებში, თუმცა ამ ამბავმა დამაფიქრა იმ ქართულ სკოლებზე, სადაც თორმეტი წელი ვსწავლობდით. სასწავლო პროგრამის მიუხედავად, სადაც მრავალგვარ ვარიაციას ვხვდებით თანასწორობის, ტოლერანტობისა და თავისუფლების შესახებ(მაგ.: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდაც ხვადია“ და სხვ.), ამჯერად დილემა იმ მასწავლებელებშია, რომელთაც ხელეწიფებათ ამ იდეების განმარტვა და სათანადო ფორმით მიწოდება მოსწავლეთათვის. მაშინ, როცა მოსწავლე ვიყავი, ქართული ენის პედაგოგთაგან ხშირად მომისმენია ფრაზები: „ღალატი ქალის ბუნებაა“, „ქალი ყოველივე ცდუნებისა და ეშმაკისეულის სიმბოლოა“ და მისთანანი. მახსოვს, მრავალი გაკვეთილი გამიტარებია იმაზე კამათში, რომ კაცის ღალატიც ისეთივე ღალატია, როგორიც ქალის (რის საპირისპიროსაც ამტკიცებდა მასწავლებელი). არა მხოლოდ ლიტერატურის შემთხვევაში, არამედ ისტორიის სწავლისასაც კი ერთი პედაგოგი მთელი გულმოდგინებით გვიჩიჩინებდა, რომ სტალინი დიდებული პიროვნება და საქართველოზე შეყვარებული პატრიოტი იყო, ის საშინელებები კი, რასაც მაშინ ვკითხულობდით ისტორიის წიგნებში, მხოლოდ შემდეგ ევროპელების მიერ დამახინჯებული ინტერპრეტაციები იყო.

სკოლის სისტემასთან ერთად, არც ისეთი სახარბიელო მდგომარეობაა უნივერსიტეტებში, სადაც   ხშირად გვესმის ლექტორის მიერ მიზანმიმართულად ნაქადაგარი სიძულვილი. მაგალითისთვის, ერთ-ერთ საკმაოდ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ლექტორი  სრულიად უკენტექსტოდ საუბრობდა ცოტა ხნის წინ გარდაცვილ ტრანსგენდერ ქალზე და მასზე აშკარად ქილიკობდა ლექციაზე. როცა ამაზე მისმა  სტუდენტმა  პროტესტი გამოთქვა, ლექტორი ურცხვად მიუბრუნდა და იმავე ტონით მის იდენტობას მიაყენა შეურაცხყოფა. ეს ერთი მაგალითია იმ მრავალ შემთხვევათაგან, რომელსაც მე თვითონ შევსწრებივარ ან სხვათა მონაყოლიდან მსმენია. დიახ, ეს 21-ე საუკუნის საქართველოს აკადემიურ სივრცეებში ხდება.
ამ ყველაფრის მოყოლა იმის გამო მინდოდა, რომ მსგავსი შემთხვევბისას მხოლოდ გაოცება ან აღშფოთება კი არ გამოვხატოთ, არამედ მაქსიმალურად ვეცადოთ დავიცვათ ის უფლებები, რაც გაგვაჩნია კონსტიტუციით და არავის მივცეთ უფლება, მხოლოდ თავისი მაღალი რანგის გამო თავს მოგვახვიოს პირადი ინტერპრეტაციები. მე მინდა, რომ არავინ დაუქნიოს თავი გადაუმოწმებლად მასწავლებლის მოსაზრებებს, არავინ იჯდეს ჩუმად იმ ლექციაზე, სადაც ლექტორი ვიღაცას ღიად ლანძღავს და მე მინდა, ვირჯიინის სკოლის იმ მოსწავლეებმა, რომლებსაც ჰარპერ ლისა და მარკ ტვენის წიგნების წაკითხვა აუკრძალეს, წავიდნენ წიგნის მაღაზიებში, იყიდონ წიგნები და თამამად წაიკითხონ, რათა მათ გადაწყვიტონ რა არის ცუდი და რა – კარგი.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s