განსხვავებული აზრი

12ავტორი:თეონა გველესიანი

ის ყოველდღიურად იჭრება ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენი სურვილისდა მიუხედავად გავლენას ახდენს მასზე. გვინდა თუ არ გვინდა მას თითოეულ ნაბიჯზე ვაწყდებით და ხშირად მის მიმართ აგრესიასაც გამოვხატავთ. ის საზოგადოებასთან ერთად გაჩნდა, ახლაც არსებობს და იარსებებს მანამ, სანამ საზოგადოება იარსებებს. ზოგისთვის ის დასასრულის მომასწავებელია, ზოგისთვის კი სიახლის დასაწყისი, ზოგისთვის უკეთესის შექმნის მცდელობაა, ზოგისთვის კი სიმართლის დანახვის საშუალება. თუმცა, სამწუხაროდ, იგი ჩვენივე საზოგადოების მსხვერპლი ხდება. ეს განსხვავებული აზრია და ყველაფრისდა მიუხედავად არსებობას განაგრძობს.

თუმცა, საკითხავია ვისგან ან რისგანაა ის განსხვავებული და რატომ იმსახურებს უფრო მეტ აგრესიას ვიდრე მოწონებას, რატომ ვრეაგირებთ ჩვენგან განსხვავებულზე აგრესიით და არა დაკვირვებითა და საკუთარი პოზიციის გაანალიზებით?

შესაძლოა, აღიარება ძნელი იყოს, მაგრამ ძალიან იშვიათად მოგვწონს ჩვენგან განსხვავებული, შეიძლება არ გვაღიზიანებს, მაგრამ არც მოგვწონს. ამას ხან ეგოიზმად მოიხსენიებენ, ხან – ჩაკეტილობად, ხან – რასიზმად, ხან – ნაციონალიზმად, ხანაც –      ეთნოჩაგვრად, თუმცა შედეგი და მიზეზი ერთი და იგივეა – ჩვენ არ მოგვწონს ჩვენგან განსხვავებული. ამ პრობლემის გადაჭრის კარგი მცდელობა იყო კანონში იმის მითითება, რომ ყველა თანასწორი ვართ, რომ ყველას თანაბარი უფლებები გვაქვს, მაგრამ შეცვალა კი ამან რამე ჩვენში? ჩვენც ხომ ვიღაცისთვის განსხვავებული ვართ.

ყველაზე რთულად კი საქმე მაშინაა, როდესაც ეს განსხვავებულობა სიმართლის თქმაში გამოიხატება. საზოგადოებას თითქოს უნდა უხაროდეს, გამოჩნდა ვიღაც ვინც მიხვდა ყველა პრობლემის სათავეს, დაძლია შიში ეთქვა ეს და ახლა მოგვარებას ცდილობს, მაგრამ უხარია კი საზოგადოებას? მართალია, საზოგადოებას გააჩნია.

დიახ, ეს პრობლემა მხოლოდ ისეთ საზოგადოებას ახასიათებს, რომელიც საკუთარ თავში ღრმადაა ჩაკეტილი და სულაც არ სურს განვითარება, ანუ „გაყინულ“ საზოგადოებას.

ისეთ საზოგადოებას, რომელიც ილია ჭავჭავაძეს მოღალატედ და „ბნელეთის მოციქულად“ მიიჩნევდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ილიას აზრით „ მოყვარეს პირში უნდა უზრახო, მტერს კი – პირს უკან.“ როგორც იტყვიან „მწარე სიმართლე ტკბილ ტყუილს“ ნამდვილად ვერ ჯობია.

რატომღაც, ამ პრობლემის ერთ-ერთი სათავე და ყველაზე დიდი მაგალითი ისევ და ისევ ჩვენს უახლოეს წარსულში და საბჭოთა იმპერიაში ვიპოვე. 1922-1991 ეს იყო წლები, როდესაც ამერიკული პროდუქცია მხოლოდ იმიტომ იყო ცუდი, რომ კაპიტალისტური იყო. ამ დროს ხომ ადამიანი დამნაშავედ და სამშობლოს მტრად ცხადდებოდა, თუ ჯგუფ „ბითლზებს“ უსმენდა ან ჯინსები ეცვა. სამშობლოს მტერი იყო ყველა, ვინც ამერიკულ რადიოს უსმენდა, კავშირი ჰქონდა ევროპასთან ან საკუთარ აზრს თავისუფლად გამოხატავდა. ასეთი სამშობლოს მტრები იყვნენ „ცისფერყანწელებიდან“- „თვითმფრინავის ბიჭებამდე“.

იქნებ, ეს ჩვენი უარყოფითი ემოცია სულაც არ არის ჩვენი და პირიქით, ვიღაცის სურვილსა და ნებას ვემორჩილებით, იქნებ, იმდენად გაგვიჯდა თავში ყოველდღიურად ერთი და იგივე, რომ სხვაგვარი უბრალოდ ვეღარ წარმოგვიდგენია? თითქოს უცნაურიც კია, ჩვენ მოგვწონს, როდესაც თავად ვართ სხვებისგან განსხვავებული, მაგრამ როდესაც სხვას ვხედავთ ჩვენგან განსხვავებულს – არა. დასანანი კი ისაა, რომ საზოგადოების ასეთ პოზიციას ხშირად ისეთი ადამიანები და იდეები ეწირება, რომლებიც სამყაროს აუცილებლად უკეთესს გახდიდა.

კითხვები ნამდვილად ბევრია, ფაქტი კი ერთი – ყველაფერს აქვს არსებობის უფლება. სამწუხაროა დღევანდელი სტატისტიკა და მდგომარეობა, მაგრამ ვთვლი, რომ ყოველთვის გამოჩნდება ახალი „ჯინსების თაობა“, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, უყურებს ისეთ საშიშ ფილმებს, როგორებიც იყო „მონანიება“ და „ დიდი მწვანე ველი“ და იზრუნებს, რომ ადამიანს დამოუკიდებლად შეეძლოს გადაწყვეტილების მიღება.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s