წმინდა ბუნაგი

16790816_1267744149975906_1824719732_nავტორი: მიხეილ გაფრინდაშვილი

ვოლტერი ამბობდა „როცა საქმე ფულს ეხება, მაშინ ყველა ერთი რელიგიის მიმდევარი ხდებაო“. რელიგია და ფული ისე მჭიდროდ გადაეჯაჭვა ერთმანეთს, რომ მათი ერთმანეთისგან განცალკევება სულ უფრო რთულდება. ზოგისთვის ფული იქცა ერთადერთ რელიგიად, ზოგისთვის კი – რელიგია ფულის შოვნის ერთადერთ გზად. ვოლტერის ეს ფრაზა ზედგამოჭრილია დღევანდელი იმ მოვლენების მიმართ, რაც ხდება საქართველოს საპატრიარქოს კალთის (თუ კულუარების) მიღმა. ტაძრის შესასვლელში მდგარი შესაწირი ყუთი რომ წმინდა ტაძრის ისეთივე აუცილებელ ატრიბუტია, როგორც მართლმადიდებლური ეკლესიისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 25 მილიონის გამოყოფა, საკმარისია ამ ორის „ერთ სულ და ერთ ხორცად“ მისაჩნევად.

დღეს საქართველოს საპატრიარქო დადგა დიდი გამოწვევის წინაშე, რაც არ შემოიფარგლება რომელიმე ცალკეული პირის გამრუდებული ზრახვებით, არამედ ეს პრობლემები ბევრად უფრო ღრმადაა გამჯდარი მთელ ორგანიზმში. საქმე ეხება სიხარბის და პატივმოყვარეობის სენს, სადაც ამაზე ხმის ამაღლება ჩანასახშივე მკრეხელობადაა შერაცხული იმ მოტივით, რომ „მამაოთა განკითხვის უფლება არავის აქვს“.

საზოგადოების მესაჭის ფუნქცია ეკლესიის მიერ შემოიფარგლება მხოლოდ ვიწრო საკითხებზე აქცენტის აღებით და მისი მუდმივი მარგინალიზაციით, მაშინ როცა პრობლემების სპექტრი ბევრად უფრო ფართოა.

ყველას კარგად გვახსოვს ეკლესიის მძიმე შფოთვა ამა თუ იმ კანონპროექტის განხილვებზე, თუმცა, ასევე ძნელი დასავიწყებელია სახელმწიფოსგან რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთის ან რეზერვებიდან თანხის მიღების შემდეგ, ჩუმად გვერდზე გადგომა. ეს მიუთითებს იმას, რომ დღეს საპატრიარქო მოქმედებს არა იმ მოტივი თუ რა ქმედება არის მორალურად მისაღები მათი აზრით და რა – არა, არამედ რა სარგებლის მოტანა შეუძლია პროტესტს მათთვის.

იმ ფონზე, რომ დღეს ეკლესია იმ კრიმინალთა ბუდეს წარმოადგენს, რომლებისთვისაც სინანული დროებითი გატაცება აღმოჩნდა, საპატრიარქო დაკავებულია კომიკური თემების გარშემო მსჯელობით, რაც არათუ მათი საქმე არ არის, არამედ კომპეტენციაც კი არ აქვთ. ეკლესია, რომელსაც ორივე თვალში დირე აქვს, ცდილობს ბეწვი დაინახოს სხვის თვალში და ინტელექტუალური პოზით მორალი უკითხოს. საპატრიარქო, რომელსაც დღეს არც თუ განათლებული იერარქები ჰყავს, ცდილობს მათი შუასაუკუნეობრივი სტანდარტებით შექმნას კუდიანები, რომ ბრბოსთან ერთად მასზე ინადირონ, ოღონდ კი ამ გზით დროებით დაივიწყოს მის სხეულში მთლიანად გამჯდარი კიდევ ერთი შხამი – უვიცობა. ეკლესია, რომელიც შინ პრობლემებს ვერ აუდის, ცდილობს სხვების ზნეობისა და სწორი ცხოვრების სადარაჯოზე იდგეს. ამით ის ემსგავსება იმ ძაღლს, რომელიც შინ არაფრად არ ვარგა და სანადიროდ გარბის.

ტერმინი „წმინდა ბუნაგი“, აღწერდა პაპის კარს, იქ არსებული ინტრიგებით, ძალაუფლების, ფულისა და მომხვეჭელობის წყურვილით. დღეს საპატრიარქოს არანაკლები მადა აქვს, ვიდრე მეცხრამეტე საუკუნის პაპის დასს. საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში 17 მილიონი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთია და ეს რიცხვი ზრდას განაგრძობს მაშინ, როცა მთლიანად ვატიკანის ფართობი მასზე 38-ჯერ ნაკლებია. შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოს მადაც ამდენჯერ აღემატება წმინდა საყდარს, რომელიც,  თავის მხრივ, დიდად არ უჩივის უმადობას.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს საპატრიარქო სხვადასხვა შემოსავლებთან ერთად, სახელმწიფო დაფინანსებას იღებს ისეთი ფორმით, რასაც „საბჭოთა კავშირის მიერ მიყენებული ზარალის კომპენსაცია“ ჰქვია. პარადოქსია, მაგრამ საქართველოს საპატრიარქო ზიანის ანაზღაურებას სთხოვს იმ საზოგადოებას, რომელმაც თავად განიცადა ჩაგვრა და რეპრესიები, ხოლო ამ რეპრესიების სულისჩამდგმელ ურჩხულს, რუსეთის ხელისუფლების სახით, მოძმედ მიიჩნევს.

ნათელია, რომ ეკლესიაში სიბნელეა და მთავარი პრობლემა მის სიმდიდრეში მდგომარეობს. რამდენად მდიდარიცაა ეკლესია მატერიალურად, იმდენად ღარიბდება ის სულიერად. შესაბამისად, ის დღეს იმდენად ღარიბია, რომ ვერცხლის გარდა სხვა არაფერი აბადია.

მოსაზრება, რომ ეკლესია არ უნდა იყოს მის მრევლზე ღარიბი, სამართლიანი და ერთადერთი სწორი გზაა. ამ ჭაობიდან გამოსავალი შესაძლოა მტკივნეული, მაგრამ აუცილებელია: 1) ეკლესიამ უნდა თქვას უარი ყოველწლიურად მრავალმილიონიან დაფინანსებაზე (და არ უნდა ელოდოს როდის შეუწყვეტს მას სახელმწიფო). ამით ის გათავისუფლდება ხელისუფლების სამარცხვინო მანიპულაციებისგან, რაც განსაკუთრებით ინტენსიური ხდება წინასაარჩევნო თვეებში. 2) ასევე, საპატრიარქომ უნდა თქვას უარი საგადასახადო შეღავათებზე, რითაც ის ბიზნესსაქმიანობისთვის გამოუსადეგარი გახდება. თორემ, ამ საგადასახადო ოაზისში ნაშოვნი ფული არა მხოლოდ ხელის, არამედ სულის ჭუჭყადაც ექცა. 3) პირველი ორი წინაპირობით, ადამიანებისთვის ეკლესია უნდა გახდეს საინტერესო მხოლოდ სულიერად და არა მატერიალურად ან ძალაუფლების თვალსაზრისით. 4) და ბოლოს, ეკლესიამ უნდა გაარღვიოს ჩაკეტილი წრე და სააშკარაოზე გამოიტანოს იქ არსებული და მრავალი წლის განმავლობაში დაგროვებული პრობლემები. ხოლო ამ  პროცესის ძირითადი ნაწილი საპატრიარქოს იერარქთა სრული ლუსტრაცია უნდა იყოს.

თუმცა, ნეტარ არიან მორწმუნენი.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s