მანიფესტაცია ქართულად

პროტესტი ბათუმში ფოტოს ავტორი: ajaratv.ge

ავტორი: ანდრია კაკაბაძე

სათაურის ველით ბოროტად რომ არ მესარგებლა, გადავწყვიტე, სახელწოდება შემემოკლებინა, ორიგინალურ ვერსიაში ასე გამოიყურება – „მანიფესტაცია ქართულად, ანუ როგორ არ უნდა გაიმართოს საპროტესტო აქცია.“ მიუხედავად მსგავსი პესიმისტური განაცხადისა, ვთვლი, რომ სახელმწიფოს  საკმაოდ ლიბერალური მიდგომა გააჩნია საზოგადოების შეკრება/მანიფესტაციის მიმართ. როგორც კონსტიტუცია, ასევე საქართველოს კანონი შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ, ამ საკითხზე საუბრისას ერთმანეთის გვერდიგვერდ განიხილავს რამდენიმე საკითხს: თვითგამოხატვას, მედიის თავისუფლებასა და ინტერესთა დაპირისპირებას. სწორედ მსგავსი კომპლექსური ბუნების გამო, ვთვლი, რომ  იგი ადამიანისათვის უმნიშვნელოვანეს უფლებათა  სამეულში უნდა იკავებდეს ადგილს.

უახლოეს წარსულზე ზედაპირულად თვალის გადავლებაც საკმარისია იმისათვის, რომ ნათლად დავინახოთ, თუ რამხელა როლს ასრულებდა შეკრება/მანიფესტაცია ქართული საზოგადოების აზრის ფორმირებასა და გამოხატვაში. სწორედ ამ უფლების აქტიურ გამოყენებას უკავშირდება ისეთი მოვლენები როგორიცაა: ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის შენარჩუნება, საზოგადოებრივი თვითგამორკვევა პოლიტიკური ვექტორის განსაზღვრისას, უმცირესობისა და უმრავლესობის ინტერესთა შეუთავსებლობა და სხვა მრავალი. მიუხედავად მსგავსი მრავალფეროვანი გამოცდილებისა (და უნდა ითქვას, რომ ქართულ რეალობაში არსებული გამოცდილება, მართლაც, შესამჩნევია დროის იმ მონაკვეთთან შედარებით, რომლის განმავლობაშიც ქართული საზოგადოება ახერხებდა ყოფილიყო გარეშე ძალებისაგან დამოუკიდებელი), თუნდაც ბათუმში განვითარებული მოვლენები ბადებს აზრს, რომ საზოგადოების დემოკრატიულობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი უფლება, ჯერაც არ არის სათანადოდ გაგებული.

რა სპეციფიკურობა ახასიათებს ამ უფლებას? პირველ რიგში ის საზოგადოებას აძლევს შესაძლებლობას დააფიქსიროს საკუთარი აზრი სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებზე, რითაც გამუდმებით აიძულებს ამ უკანასკნელს ტონუსში ამყოფოს საკუთარი საქმიანი რეპუტაცია და არ გაუქრეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის შეგრძნება. იმ საზოგადოებებში, სადაც ქართულის მსგავსად მაღალია ემოციური ფონი, ეს უფლება ხშირად ხდება ხალხის ხელში ყველაზე საშიში იარაღი. ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ვხედავთ, რომ ცალკეული საკითხების მიმართ ემოციურად განწყობილ საზოგადოებას შეუძლია შეცვალოს სახელმწიფოს სათავეში მყოფი პოლიტიკური ძალა. მეტი თვალსაჩინოებისათვის, პოლიტიკური კალენდარი 14 წლით უკან, 2003 წელს დავაბრუნოთ და იმ ხშირად მოსაგონარ, წვიმიანსა და ქარიან შემოდგომას გადავავლოთ თვალი. სიბნელით დაღლილი საზოგადოება პარლამენტის წინ სანთლების შუქზე ათენებდა ღამეებს, რაც საბოლოოდ ემოციური მუხტის ზრდის ფონზე რევოლუციაში გადაიზარდა. აქედან გამომდინარე, მთავარია, რომ საზოგადოება, რომელიც მზადაა აჯობოს საკუთარ თავს და კომფორტული სავარძლებიდან ქუჩაში გამოდის,  საჭიროებს ისეთს ლიდერს, რომელიც არა მათი ემოციური ფონით, არამედ იდეოლოგიური ერთობით შეეცდება დასახული მიზნის მიღწევას

რატომ არის ეს უფლება ასეთი კონტრავერსიული? ნომერ პირველი არგუმენტი, რომელიც ჟღერს შეკრება/მანიფესტაციის უფლების წინააღმდეგ, ეს არის საზოგადოებრივი „წესრიგისათვის“ ხელის შეშლა. ამ ნაწილში ორი საკითხი უნდა გავიაზროთ და ამასთანავე საჭიროა აღინიშნოს, რომ სიტყვა „წესრიგი“ შემთხვევით არ არის ბრჭყალებით შემოსაზღვრული. პირველ რიგში, არ უნდა დაგვავიწყდეს საკანონმდებლო მოწესრიგება, რომელიც მიმაჩნია, საკმარისია იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება და შეკრება/მანიფესტაციის უფლება ერთმანეთთან დაპირისპირებულ უფლებებად აღარ წარმოვიდგინოთ, როგორც ეს უმეტესწილად ხდება. კერძოდ, ის რომ სახელმწიფო ცალკეული პირობების შესრულების შემთხვევაში დასაშვებად ცნობს საზოგადო აზრის ამგვარი ფორმით გამოხატვას, უკვე ნიშნავს იმას, რომ ეს უფლება არაპროპორციულად არ ზღუდავს სხვათა უფლებებს. ამიტომ, თუ ვინმე ფერხდება საყვარელ ქუჩაზე გადაადგილებისას, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი უფლება სხვებმა გათელეს ამავე ქუჩაზე. ხოლო რაც შეეხება „წესრიგს“, არავის აქვს იმის მოლოდინი, რომ სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენები ყველასთავის მისაღებია. სწორედ შექმნილი რეალობით უკმაყოფილო ადამიანების გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ „წესრიგი“ ანუ ის თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს ცალკეული მოვლენები სახელმწიფოს შიგნით თუ გარეთ დარღვეულია. შესაბამისად, ის რაც საზოგადოების ერთი ჯგუფისთვის „წესრიგის“ დარღვევაა, მეორისათვის უკვე დარღვეული „წესრიგის“ საპასუხო რეაქციაა

რატომ გვიჭირს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის გამართვა? უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ აქციის დაანონსების მომენტიდანვე საზოგადოებაში ბროუნის ნაწილაკივით იწყებს ტრიალს მოსაზრება იმის შესახებ თუ რომელი პოლიტიკური პარტია დგას ამ ყველაფრის უკან. შესაბამისად, საზოგადოება აქციაზე წასვლა/არ წასვლის საკითხს წყვეტს არა პირადი დამოკიდებულების მიხედვით, არამედ იქიდან გამომდინარე ვის დაკრულზე ცეკვად ჩაეთვლება საკუთარი აზრის საჯაროდ დაფიქსირება. ამას მოსდევს განსხვავებული აზრის გმობისა და ძალისმიერი მეთოდით ჩახშობის ისტერიკული წყურვილი. ჩვენთვის უცხოა ვოლტერისეული მიდგომა: “შესაძლოა თქვენი აზრები ჩემთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ თავს გავწირავ, რათა თქვენ მათი გამოთქმის უფლება გქონდეთ.“ ბათუმის მაგალითს რომ მივუბრუნდეთ, მისი საწყისი ეტაპი იყო გამოწვეული ისევ და ისევ ემოციური დამოკიდებულებით დისკრიმინაციული მოპყრობის მიმართ. შემდგომში გავრცელებულ რიგ კადრებში ისმოდა უკვე სეპარატისტული შეძახილებიც, რაც ამძაფრებდა განცდებს, ბოლოს მივიღეთ მარგინალიზმი და მმართველი გუნდის მცდელობა პოლიტიკური სილა გაეწნა მთლიანად ოპოზიციური სექტორისათვის.

ცალკეული მომენტების შეფასება მანამ იქნება უშედეგო, სანამ მათი გამომწვევი მიზეზების პრინციპს ვერ გავითავისებთ.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s