მიფრინავენ წეროები, მიფრინავენ შორს… აღარ დაბრუნდებიანო ავრცელებენ ჭორს ანუ ვიზალიბერალიზაცია ჩვენებურად

ავტორი: ლევანი ყანდიაშვილი 

ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში უკვე გამოქვეყნდა გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესახებ. ბიომეტრიული პასპორტის მქონე მოქალაქეები 28 მარტიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიუვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ. ეს მოვლენა  ერთი დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია იმ მიზნისაკენ, რაც ქართველმა ხალხმა უკვე  დიდი ხანია დაისახა.

საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერება დასავლურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ფუნდამენტს ქმნის, მაგრამ ეს და მსგავსი ფაქტები, რომლითაც ევროპა გვიდასტურებს მზადყოფნას გვაღიაროს თავის ნაწილად, არის სტიმული ქართველი ხალხისათვის აქტიურად განაგრძოს დასავლური სახელმწიფოს შენება.  თუმცა, აუცილებელია სახელმწიფომ უზრუნველყოს მოქალაქეებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება ვიზალიბერალიზაციის შესახებ.

დღეს ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ემიგრაციაშია. ეს მაშინ, როცა საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმების დაკმაყოფილება იყო საჭირო ვიზის მისაღებად  ევროპის ქვეყნების საკონსულოებში. ახლა კი ევროპაში მოგზაურობა  უკვე ნაკლებ დროს და ენერგიას მოითხოვს. შესაბამისად, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის ფონზე მეტად სავარაუდოა, რომ ემიგრაციაში წასვლა ბევრს მოუნდეს. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს არ ანიჭებს ევროკავშირში მუშაობის უფლებას, მაგრამ ქმნის შესაძლებლობას, მოკლევადიანი ვიზიტის ფარგლებში, პირმა მოიძიოს სამუშაო და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კანონიერი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე, კვლავ სამუშაოდ წავიდეს.

დღევანდელი მდგომარეობით მიგრანტების დიდი ნაწილი არალეგალურად მომუშავეა. მიუხედავად იმისა, რომ მიგრანტად ყოფნა საკმაოდ მძიმეა, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ბევრისთვის არც საქართველოს მოქალაქეობაა მასზე გაცილებით მარტივი. ჩემოდანში ჩაჯდომა აღარ არის საჭირო საქართველოდან გასაღწევად და სწორედ ამ გამარტივებული პროცედურების გამო სავარაუდოა, რომ გაიზარდოს   ფიქტიური ქორწინებების რიცხვიც, ამ მეთოდს კი ქართველი ემიგრანტები ხშირად მიმართავდნენ უცხოეთში თავის დასამკვიდრებლად.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ რესპოდენტებიდან, რომლებმაც ვიზალიბერალიზაციის პროცესის შესახებ იცოდიან 42-%  არასწორ ინფორმაციას ფლობს ვიზალიბერალიზაციის პირობებთან დაკავშირებით. კონკრეტულად კი ისინი ფიქრობენ, რომ ვიზალიბერალიზაცია საზღვარგარეთ წასულ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში მუშაობის და ცხოვრების უფლებას აძლევს ისე, რომ აღარ დასჭირდებათ იქ დამატებითი საბუთების მოთხოვნა. გამოკითხულთა მხოლოდ 33 პროცენტს ჰქონდა სწორი პასუხი დასმულ შეკითხვაზე. 24-მა პროცენტმა კი თავი შეიკავა  პოზიციის დაფიქსირებისაგან.

visa

კვლევის შედეგი ცხადყოფს, რომ აუცილებელია გატარდეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც საზოგადოებისათვის მეტად გასაგებს გახდის ამ პროცესის არსს, რაც სახელმწიფოს დაეხმარება შემდგომში, ექსცესები თავიდან აიცილოს, მეორე მხრივ, მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ეს შესაძლებლობა ეფექტურად გამოიყენონ.

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნიდან საგრძნობლად გაიზრდება  იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც საზღვარზე ევროკავშირის სახელმწიფოში შეშვებაზე უარს ეტყვიან.  ან გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ დარჩენის ვადებს დაარღვევენ ან თუ უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვიანობა საგრძნობლად გაიზრდება, ამ და სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ამოქმედდეს შეჩერების მექანიზმი, რომელიც გულისხმობს ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის დროებით შეწყვეტას. იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ, ზემოთ მოყვანილი საფუძვლებიდან გამომდინარე, ანგარიში წარუდგინა ევროკომისიას და დადასტურდა მსგავსი ფაქტის უტყუარობა, იგი პარლამენტთან და საბჭოსთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას 9 თვის ვადით შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა, რომელიც შეიძლება 18 თვემდეც გაიზარდოს. თუ საქართველოს მოქალაქეები,  ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანას ამგვარ საფუძველს მისცემენ, დაკნინდება საქართველოს ავტორიტეტი საერთაშორისო ასპარეზზე. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია ხარისხიანი საინფორმაციო კამპანიის გატარებით. ვინაიდან ევროპამ ნდობა  გამოგვიცხადა, გვეძლევა შანსი დავამტკიცოთ, რომ იყო ქართველი თავისთავად გულისხმობს იყო ევროპელი.

ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა გულისხმობს როგორც მისვლას, ასევე მოსვლას. ვიზა-ლიბერალიზაცია არ გულისხმობს ევროკავშირის ტერიტორიაზე ხანგრძლივი ცხოვრების უფლების მიღებას, ის გვანიჭებს საშუალებას, ყოველ 6 თვეში 3 თვე ვიმოგზაუროთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.

მიუხედავად ზემოაღნიშნული საშიშროებებისა, ამ პროცესს გააჩნია უნიშვნელოვანესი სასიცოცხლო ღირებულება. ქართულ საზოგადოებას მიეცა შანსი დაამტკიცოს, რომ ის არის მზად ინტეგრირდეს ევროპულ ოჯახთან. ვფიქრობ, დროა ის ფართო შესაძლებლობები, რასაც ეს პროცესი გვაძლევს, ღირსეულად და კანონისმიერ ფარგლებში უნდა განვახორციელოთ და ავიმაღლოთ ავტორიტეტი ევროპული საზოგადოების წინაშე. ამისთვის კი აუცილებელია,  შესაბამისმა ორგანიზაციებმა იზრუნონ საზოგადოების ინფორმირებულობაზე ვიზალიბერალიზაციის დეტალებთან დაკავშირებით, ასევე აუცილებელია, ჩვენ, მოქალაქეებმა, შევძლოთ იმ უფლებებისა და მოვალეობების გათავისება, რაც გვაკისრია.

თითოეული მოქალაქე, რომელიც იმოგზაურებს ევროპაში, დღეს ისე, როგორც არასდროს ავტომატურად ხდება ელჩი, წარმომადგენელი საკუთარი ქვეყნისა.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s