პატრიოტიზმის აღქმა ქართულ საზოგადოებაში

1484393295_1452754882_saqartvelos-drosha-1ავტორი:   გიორგი მდივანი

პატრიოტიზმი პირდაპირი განმარტებით სამშობლოს მიმართ სიყვარულს გულისხმობს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ როგორც სამშობლო ასევე პატრიოტიზმი არამატერიალური, აბსტრაქტული ცნებებია, მისი ინტერპრეტირება ცალკეული ჯგუფებისა თუ ინდივიდების მიერ განსხვავებულად ხდება. ჩემთვის, პატრიოტიზმი გულისხმობს არა სამშობლოს საკრალურ სიყვარულს, არამედ ერის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის განცდას და მასზე ზრუნვას. ნებისმიერ შემთხვევაში აბსტრაქცია თეორიული ხასიათისაა და ნაკლებად სავარაუდოა ცხოვრებაში მისი ადაპტირების  პირდაპირი შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ ვხვდებით ხოლმე ადამიანებს, რომლებიც მშვიდობის პირობებში ქვეყნისა და რელიგიის მახვილით დამცველებად გვევლინებიან და ამით ამტკიცებენ მათ ეროვნულ შემართებას, რომელსაც პატრიოტიზმად მოიხსენიებენ. შესაბამისად, ინდივიდთა სურვილები, ემსახურონ უხილავ სამშობლოს იარაღის ასხმითა და წარმოსახვით ან რეალურ მტერთან შებმით არარაციონალურია, რადგან ემსახურება არა ყოველდღიურ, ყოფით პატრიოტიზმს, არამედ მითიურ ბრძოლას ქვეყნის დასაცავად, რომელიც გაჟღენთილია სუიციდური მისწარაფებებით.

მიუხედავად პატრიოტიზმის გაგების ინდივიდუალური ხასიათისა, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების გრძელვადიან პროცესში, გარკვეული ხედვებით ადამიანები ერთმანეთს ემსგავსებიან და საბოლოო ჯამში ქმნიან საზოგადოების გარკვეულ ჯგუფს, სადაც ერთი შეხედვით ისეთ ჰიპერინდივიდუალურ ცნებებზეც კი როგორიცაა სამშობლო და პატრიოტიზმი, თანხმდებიან.  პატრიოტიზმის აღქმა ქართულ საზოგადოებაში რატომღაც დაკავშირებულია რადიკალიზმთან, ომთან, თავის გაწირვასთან (პირდაპირი მნიშვნელობით). ამის მიზეზი  ისტორიული წარსული უნდა იყოს, შუა საუკუნეობრივი ცნობიერების ტრადიციად ქცევა,  სადაც სამოქალაქო თვითშეგნების საზომი მეფის ერთგულება გახლდათ. ისტორიის განმავლობაში ქართული საზოგადოება  არასდროს განიცდიდა სამშობლოსათვის თავდადებული გმირების სიმცირეს და პატრიოტიზმთან  მხოლოდ ასეთი ქმედებების ასოცირება  განპირობებული იყო იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი რეალობით.

 სამწუხაროდ ამ ყველაფერმა გავლენა იქონია თანამედროვე მიდგომებშიც. ბევრჯერ მსმენია, რომ ადამიანის „არაქართველად“, „არაპატრიოტად“ მოხსენიების მთავარი მიზეზი მისი გარეგნული ხასიათი და შესაბამისად „ომში გამოუსადეგარობა“ ყოფილა.    ამიტომ ჩვენ ხშირად ვერ ვამჩნევთ ადამიანებს, რომლებიც თავისი ქცევებით „ყოფითი პატრიოტები“ არიან, უყვართ ქვეყანა, ზრუნავენ მასზე ყოველდღიურად და არ სჭირდებათ განსაკუთრებული მიზეზი საკუთარი დამოკიდებულების გამოსახატავად ქვეყნის მიმართ.

თანამედროვე ეპოქაში, მოქალაქის  მთავარ დამახასიათებელ ნიშან-თვისებად კანონისადმი პატივისცემა და მისი მორჩილება უნდა მივიჩნიოთ.  მოქალაქეები რომელთაც სრულად აქვთ გააზრებული სახელმწიფოს წინაშე საკუთარი ვალდებულებები და უფლებები, აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენენ ქვეყნის პროგრესირებისათვის, მისი განვითარებისათვის. მაშინ ჩნდება კითხვა:  რატომ არ არის მოქალაქე პატრიოტი? რატომ არის აუცილებელი გაფეტიშება საკრალური ცნებების? რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჭეშმარიტი სამოქალაქო თვითშეგნების მქონე ადამიანი პატრიოტია,  რომელსაც ესმის საკუთარი პასუხისმგებლობანი და რომელიც აღიარებს კანონის უზენაესობას. ვფიქრობ, რომ პატრიოტია ის, ვინც სწორად იზიარებს სახელმწიფოებრივ საჭიროებებს, ვინც ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის წინსვლის პროცესში. მიმაჩნია, რომ პატრიოტიზმი განისაზღვრება ჩვენი ქცევით, არ დავყაროთ ნაგავი ქუჩაში,  პატივი ვცეთ ერთმანეთის შეხედულებებს, გზა დავუთმოთ სასწრაფოს, პროფესიონალურად ვასრულოთ ჩვენი სამუშაო, ვიყოთ სოლიდარულნი, გაგვაჩნდეს ტოლერანტული დამოკიდებულება სხვა ეთნოსის, რასისა თუ სარწმუნოების მიმართ , მე მჯერა , რომ ყოველი პატრიოტი აზროვნებს გლობალურად და  ნამდვილი სიყვარული სამშობლოსადმი გულისხმობს სიყვარულს სამყაროსადმი. ვაჟაც ამბობდა „ყოველი ჭეშმარიტი პატრიოტი კოსმოპოლიტია“.

ძალიან კარგი იქნება, თუკი თანამედროვე ქართული პატრიოტული სულისკვეთება, კანონისადმი პატივისცემაში, წესრიგით და ურთიერთპატივისცემით გამოიხატება და არა სუფრაზე შეთხზულ მტრის ხატთან, სუფრაზევე ბრძოლაში.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s