რა ღირს დუმილი?    

დუმილი.jpgავტორი:  მარიამ გაბრიჩიძე

როდესაც უნივერსიტეტში გამოცდა არასათანადო პირობებში ჩაგვიტარეს და ამის გამო ქულები დაგვაკლეს, 50 სტუდენტიდან მხოლოდ სამმა გავაპროტესტეთ. ადამიანების უმრავლესობა თავს იკავებს პროტესტის გამოხატვისგან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეზარება, ან არ უნდა ‘’გაიშაროს’’. დიახ, დაახლოებით მსგავსი პასუხები მოვისმინე ჩემი ჯგუფელებისგან. ამ ფაქტს არც გავუკვირვებივარ, იმიტომ რომ უკვე საკმარისად ბევრი ადამიანი ვნახე, რომელიც მხოლოდ მინიმალურით კმაყოფილდება და შესაბამისად, გასაპროტესტებელს ვერაფერს ხედავს.

სამწუხაროდ, ვინც აპროტესტებს და უსამართლობის წინააღმდეგ გამოდის, ხშირად საზოგადოებაში  ინტრიგანის ან არასასიამოვნო ადამიანის იმიჯი ექმნება. ის ორგანიზაციები, ან სტუდენტური მოძრაობები, რომლებიც რაღაცისთვის იბრძვიან, ხშირად აღიქმებიან, როგორც ვიღაცისგან მართულები.

ზოგადად, 21–ე საუკუნეში ცხოვრება და ტექნოლოგიების განვითარება, გვაძლევს უფრო დიდ შესაძლებლობას, რომ საპროტესტო აქციები ან აქტივობები უფრო სწრაფად და ეფექტურად გავრცელდეს, სოციალურ ქსელებში ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის დადება და გავრცელება ღონისძიების რეალურ ცხოვრებაში განხორციელების წინაპირობაა. თუმცა, აქვე აღსანიშნავია ის კატეგორიაც, რომელიც ასეთ ადამიანებს ვირტუალურად მხარს უჭერს, „უწონებს პოსტებს”, აქციის ღონისძიებებზე  წასვლის სურვილს გამოთქვამს, მაგრამ საბოლოოდ, მაინც არ მიდის და ეს სურვილი მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში რჩება. მაგალითად, ფეისბუზე ღონისძიებაზე დასწრების მსურველი შეიძლება იყოს ათი ათასი, თუმცა, რეალურად დაესწროს მხოლოდ ასი.

არსებობს იმ ადამიანთა კატეგორიაც, რომელიც ვერ იაზრებს რატომ არის საჭირო პროტესტის გამოხატვა. მაგალითად, ძალიან ბევრი ადამიანის კომენტარი წამიკითხავს ფეისბუქზე, რომელიც ვერ ხვდებოდა, თუ რა საჭიროა ფემინისტების „ყვირილი“, როცა  ამ ქვეყანაში დაცულია ქალების უფლებები. არადა, თითქმის ყოველდღე მედიასაშუალებებიდან ვიგებთ ინფორმაციას, როგორ  ირღვევა ქალების უფლებები, რომ ძალიან ხშირია  ოჯახში ძალადობის შემთხვევები და ა.შ. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ქალთა უფლებების დაცვას, საზოგადოების ნაწილის მხრიდან მხოლოდ აგრესიულ კომენტარებს იღებენ. მაგალითად, 8 მარტს ძალიან ბევრმა ფემინისტთა ჯგუფმა გააკეთა სხვადასხვა ღონისძიება, სამწუხაროდ, საზოგადოების უმრავლესობას მხოლოდ ერთ–ერთ პლაკატზე დაწერილი „ორგაზმი კაცების გარეშე“ დაამახსოვრდა. არადა, ძირითადი მიზანი ამ აქციის იყო ის, რომ გაპროტესტებულიყო ის გარემო, სადაც ქალებს და განსაკუთრებით განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ქალებს  უწევთ ცხოვრება –გარემოში, სადაც არ არიან რეალიზებულები და არ აქვთ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. არც 17მაისი აღინიშნება და ხშირად ისინი საზოგადოების დაცინვის, ანდა ძალადობის მსხვერპლები ხდებიან. ეს აქცია რომ ჩატარდა მშვიდობიანად და პოლიციამ მეორე, აგრესიულ მხარეს აუხსნა, რომ ამ ქვეყანაში ყველას აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ესეც ძალიან დიდი მიღწევაა.

ქალების პროტესტი, უმცირესობების წარმომადგენლების პროტესტი, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ღიად საუბარი, პრობლემის აქტუალიზაცია არის სწორედ ამ პროტესტის ძირითადი მიზანი. მიზანი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაფიქრდეს არსებულ პრობლემებზე.

უკვე ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც სტუდენტებმა დაიწყეს საპროტესტო აქციები განათლების რეფორმისთვის. ამ ხნის განმავლობაში, ახალგაზრდებმა დაარწმუნეს ყველა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ახალგაზრდების ხმა – ძალიან ბევრ ადამიანს გამოუცხადეს სოლიდარობა, იბრძოდნენ სოციალური უფლებებისთვის, დასაქმებულები ადამიანებისთვის და ა.შ. ეს საპროტესტო ტალღა არ იყო უბრალოდ „უსაქმური სტუდენტების“ პროტესტი, არამედ ეს იყო დასაწყისი ფუნდამენტური ცვლილებებისა.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იცავს ადამიანების უფლებებს, არსებობს სასამართლო და სხვა ინსტიტუტები, ხშირად მაინც არის საჭიროება, რომ ადამიანებმა ილაპარაკონ ხმამაღლა  იმაზე, თუ როგორ ვერ აღდგა სამართლიანობა. ილაპარაკონ რაც შეიძლება ხმამაღლა, რომ ხმა მიაწვდინონ სახელმწიფოს მესვეურებს იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ აწუხებთ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დაიცვან სიმშვიდე და საპროტესტო აქცია იყოს მშვიდობიანი და არაძალადობრივი.

ისტორიაში უამრავი მაგალითია, როდესაც საპროტესტო აქციები აღმოჩნდა ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნდამენტური რეფორმების დასაწყებად და სოციალური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. დღეს, დროის გასვლასთან ერთად იზრდება გამოწვევების და პრობლემების რაოდენობაც, შესაბამისად, ხალხის ხმა არის უმნიშვნელოვანესი. მთავარია, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მიხვდეს, რომ „სახელმწიფო ჩვენ ვართ“ და არავინ სხვა და თითოეული ჩვენგანის აზრი მნიშვნელოვანია.  შეიძლება, ის რაც ჩვენს დროში უტოპიად და იდეაფიქსად გვეჩვენება, სამომავლოდ იქცეს აქსიომად. ხომ ვერ წარმოიდგენდა ვერავინ თავის დროზე, რომ ლგბტ პირები ზოგ ქვეყანაში მიიღებდნენ ქორწინების უფლებას, ან შავკანიანები იქნებოდნენ თანასწორები და ავტობუსებში აღარ მოუწევდათ თეთრკანიანებისთვის ადგილების დათმობა, ანდა ქალებს ექნებოდათ საარჩევნო ხმის უფლება და მათი მოვალეობა მხოლოდ რეპროდუქცია არ იქნებოდა. ეს ყველაფერი კი სწორედ იმის დამსახურებაა, რომ თავის დროზე, შეძლება ცოტა დაგვიანებითაც კი, მაგრამ მაინც, ამ ადამიანებმა ხმა ამოიღეს და პროტესტით თავიანთი სათქმელი თქვეს.

ჰოდა დუმილი ძვირი ღირს, თვეები და წლები, რადგან თაობებს იმავე პრობლემასთან ბრძოლა უწევს, რის მოგვარებაც სხვებს დაეზარათ ან  ვერ გაბედეს.

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s