ზვიად ქორიძე – ილიას ლიბერალიზმი

ლექცია წაკითხულია “ლიბცენტრში” 2016 წლის 11 ნოემბერს

zviadiლიბერალიზმი არის სიახლე, ცოტათი მაპროვოცირებელიც. თუ არა პროვოცირება რაღაცეების, არ იქნება პროგრესი, არ იქნება  სიახლე და ამიტომაც ყველა ეპოქაში, სადაც დგება დრო ტრანზიციის, დრო ტრანსფორმაციის, იქ აუცილებლად ჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც მოაქვთ ეს სიახლეები, მოაქვთ განწყობები ახლისკენ სწრაფვის, ახლის დანახვის. დიდი არმია ხვდება მათ იმ ადამიანების, რომლებიც აუცილებლად შეეწინააღმდეგებიან და აუცილებლად იტყვიან, რომ ეს თქვენი იდეები არის მოგონილი, სადღაციდან ინდოქტრირირებული. ყველა ეტაპზე სხვადასხვა წყარო არის ხოლმე იმ არმიების, რომლებიც დგანან ერის სადარაჯოზე და მყარად იცავენ „მორალურ“ პრინციპებს ლიბერალური იდეების საწინააღმდეგოდ.

ეს არ არის დამახასიათებელი მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის, საერთოა მათთვის, ვინც ტრანსფორმაციის  პროცესში იმყოფება და დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, რომელმაც უნდა შეცვალოს ამ ერის, ამ საზოგადოების და ამ სახელმწიფოს მომავალი. ამიტომაც XIX საუკუნის 70-იანი წლებიდანაც, უფრო ადრეც XIX საუკუნის 20-იან 30-იან წლებშიც ლიბერალები კარგა გემრიელად სალანძღავები იყვნენ იმ პერიოდის ქართულ სივრცეში. (ბარათაშვილი, სოლომონ დოდაშვილი). უფრო საინტერესონი არიან  VIII საუკუნის ლიბერალები, რომლებიც მოდიოდნენ განმანათლებლური იდეებით საქართველოში და ისინიც საკმაოდ სალანძღავები იყვნენ. მაგალითად, სულხან-საბა, რომელსაც არ არგუნეს არათუ საცხოვრისი და არათუ  ნორმალური სამუშაო გარემო საქართველოში, არამედ ის აწვალეს, ისევე როგორც მეორე ქართველი, ასევე დიდ განმანათლებელი და ლიბერალი დავით გურამიშვილი, რომელიც ასევე საქართველოს მიღმა არის. ეტყობა ეს რაღაც გარკვეული ხვედრია იმ მოაზროვნე მეტრების, რომლებიც თავის ეპოქაში მოდიან როგორც ლიბერალები იმიტომ, რომ მათ აქვთ სურვილი რაღაც შეცვალონ, მაგრამ უმრავლესთა ნებით, რა თქმა უნდა, ისინი პიროვნულად შეიძლება ვერ აღწევენ გამარჯვებას, მაგრამ ისინი ახერხებენ გარემოს შეცვლას ისე, რომ შემდგომ რა კონსერვატორული ძალაც არ უნდა მოვიდეს, რანაირადაც არ უნდა ჩამჟავდეს საზოგადოებრივი-პოლიტიკური პროცესი, ვერანაირად ამ ლიბერალურ პათოსს ვერ ამარცხებენ.

როდესაც ილიამ პირველი მოსაზრებები გაუგზავნა საზოგადოებას, ის აღმოჩნდა იმთავითვე მიუღებელი იმ კონსერვატორული ჯგუფებისთვის, რომლებიც ცდილობდნენ, რომ რუსეთის იმპერიის ამ მხარეში, სამხრეთ ორ გუბერნიაში (თბილისის და ქუთაისის) მოეპოვებინათ ძალაუფლება და უფრო მეტი ლოიალობა გამოეჩინათ გუბერნატორის, მმართველი ძალების მიმართ, რომ საკუთარი უსაფრთხოება, სიმშვიდე, ეპოლეტები,  მამულები… შეენარჩუნებინათ და ვერ გრძნობდნენ ისინი, რომ ეს იყო ტრანსფორმაციის ეპოქა.

ბოლოს თავად იმ პერიოდის სივრცეში იმდენად მომწიფდა გარდაქმნის პროცესი, რომ ეს ვერ შეაჩერა იმპერატორმაც და ალექსანდრე მეორე ბოლოს თვითონ აღმოჩნდა ამ ცვლილებების მოთავე. ის იყო რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული იმპერატორი, რომელმაც ყველაზე დიდი ძალმოსილება გამოიჩინა ამ იმპერიის და ზოგადად რუსეთის დემოკრატიული, ლიბერალური გარდაქმნისთვის და ისიც იმსხვერპლა ტყვიამ იმიტომ, რომ ეს მიუღებელი იყო კონსერვატორული ძალებისთვის.

იმ პერიოდში, როდესაც ილია უკვე მარტო აღარ იყო, გაიჩინა ბევრი თანამოაზრე და დაიწყო დიდი მოძრაობა (ლიბერალური მოძრაობა) საქართველოში, ბუნებრივია უფრო მონოლითური გახდა კონსერვატორთა ჯგუფი და მაშინ ილიამ დაიწყო სწორედ საუბარი იმაზე, რომ  აქ ჩვენ ძალიან სერიოზულ შეცდომას გავიმეორებთ თუ ისევე მივუდგებით ქართულ საზოგადოებაში მიმდინარე პროცესს ისე, როგორც ამას უყურებენ რუსეთში და მან მოიტანა ნიმუშად ის კლიშე, რომელიც შეიქმნა რუსეთის იმპერიაში იმ პერიოდში, ეს იყო დაყოფა მამებად და შვილებად.

ეს სხვათა შორის ერთ-ერთი საინტერესო მატრიცაა, რომელსაც ასევე გვასწავლიდნენ სკოლაში. გვეუბნებოდნენ, რომ ეს არის მამების და შვილების ბრძოლა და ამ დროს ეს იყო თეორია, რომელიც გაჩნდა იმ დროინდელი რუსული რევოლუციური მემარცხენე ძალების რიგებში. აქ ძირითადად იგულისხმება ედიშევსკი, გერცენი და ა.შ. რომლებიც სწორედ  ასე ყოფდნენ რუსულ საზოგადოებას, რომ ისინი არიან შვილები და მათ უპირისპირდებიან მამები და აი, ეს მოდელი შესთავაზეს მათ რუსეთს გარდაქმნისთვის. რუსეთი ამ დროს უკვე დიდად იყო დაშორებული ევროპულ დასავლურ ხედვებს, რომლებიც ჩადაევს ჰქონდა, რუსეთში უკვე დავიწყებული იყო ჩადაევის გაგება. ეს ქვეყანა  იდგა თვითმპყრობელობის, მართლმადიდებლობისა და თემობის დიდ სამებაზე. ამ რევოლუციონერმა ახალგაზრდებმა, რომლებიც ითხოვდნენ რაღაც ტრანსფორმაციას, თქვეს, რომ ეს უნდა შეიცვალოს თანასწორობის ისეთი იდეით, როგორიც მათ ჰქონდათ. მერე ეს ხალხოსნებმა  როგორ განავითარეს და სადამდე მივიდა 1917 წელს, ესეც ვნახეთ. სადამდე მივიდა 1918 წელს (სამოქალაქო ომამდე) და ვიცით, რომ ეს იყო ძალიან რთული პროცესი.

სწორედ ამ პროცესის არიდებას ცდილობდა ილია, როდესაც საუბრობდა, რომ ეს მატრიცა მამების და შვილების ბანაკებად დაყოფისა, იყო არაადეკვატური, არასრული, ვინაიდან  არ გამოხატავდა ბუნებას იმისას, რომ ლიბერალები მოდიან ახალი იდეებით და არ უპირისპირდებიან აუცილებლად ყველაფერს კარგს, რაც არის ძველი და კონსერვატორები რაკი არიან ჩაბღაუჭებულნი უკვე არსებულ სისტემებს, ისინი აუცილებლად არიან მართლები და არ შეიძლება, რომ ჩვენ მათ წინააღმდეგობა გავუწიოთ. მეტიც მან ქართულ საზოგადოებას მოდელად შესთავაზა საინტერესო გაგება  და უთხრა, რომ რაც არ უნდა კონსერვატორი იყოს ირლანდიელი, ის ვერ შეეგუება იმას, რომ ირლანდია დღეს დარჩეს ბრიტანეთის შემადგენლობაში იმიტომ, რომ სიახლე ითხოვს იმას, რომ ირლანდია გახდეს  დამოუკიდებელი. კონსერვატიზმი ამ შემთხვევაში იქნება დამღუპველი და ყველა კონსერვატორი ირლანდლიელიც იქნება მზად, რომ ეს გამოწვევა მიიღოს. ისევე როგორც ვერანაირი ბრიტანელი ლიბერალი იმის გამო ვერ დაიწუნებს თავისუფლების დიდ ქარტიას, რომ ძველია და ამიტომ  ჩავთვალოთ ის მოძველებულად, არ მივიღოთ და არ გავიზიაროთ.

ეს მოდელი რადიკალურად განსხვავდებოდა იმ მოდელისგან, რომელიც იყო რუსულ სინამდვილეში, როცა წამოვიდა მამების და შვილების ბრძოლა. სხვათა შორის, ეს კონცეფცია მერე კარგად აიტაცეს ბოლშევიკებმა და ძალიან მოსწონდა ის განსაკუთრებით სტალინს. სწორედ ეს კონცეფცია იყო იმის საფუძველი, რომ მას უნდოდა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკაში ყველა ისეთი „ღმერთკაცი“ მოეძებნა, ვინც ამ მოდელში ჩაჯდებოდა,  იქნებოდა “შვილთა თაობის” წარმომადგენელი და “მამებს” მუსრს გაავლებდა. ასეთ სახედ მან გამოხატა ქართულ სინამდვილეში ილია ჭავჭავაძე და მწერალთა პირველ ყრილობაზე ამიტომ გადმოფინა მისი სურათი.

1934 წლამდე ილია ჭავჭავაძე აკრძალული იყო საბჭოთა კავშირში. მისი გამოცემა 1934 წლამდე საქართველოში  არ მომხდარა (1910 წელს დაიბეჭდა ბოლო გამოცემა).  ის ისევე მიუღებელი იყო მენშევიკებისთვის, როგორც ბოლშევიკებისთვის.  მისი რეაბილიტაცია იმიტომ მოუნდა და იმიტომ იფიქრა ამაზე სტალინმა, რომ კლასობრივ გაგებაში ჩაესვა ილიას სახება. ილიას არ ჰქონდა კლასობრივი ხედვა და ის ამოცანა, რომ საზოგადოება რაღაც ფორმით დაეყო კლასებად და ისე შეეთავაზებინა ამ საზოგადოების მოდერნიზაცია. პირიქით, მას უნდოდა სწორედაც დეკლასირებული საზოგადოება, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებოდა მოდერნიზაცია გასაგები. იმიტომ, რომ არ შეიძლება არსებობდეს კლასობრივი გაგება, როდესაც შენი ამოცანაა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა, მეტმა მოქალაქემ მიიღოს კვალიფიციური განათლება არამხოლოდ წერა-კითხვის დონეზე, არამედ შემდგომ უკვე კითხვის და აღქმის დონეზე. რა თქმა უნდა, მისი ოცნება იყო უნივერსიტეტი, რომელიც ასევე ლიბერალიზმთან მებრძოლი კონსერვატორების მეთაურობით ჩაიშალა, თორემ ჩვენ 40 წლით ადრე გვექნებოდა უნივერსიტეტი, ვიდრე გვქონდა.

ილიას მოდერნიზაციის პროექტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ადამიანები არიან თანასწორნი მიუხედავად იმ წოდებისა, რაც  შეიძლება, მათ გააჩნდეთ საუკუნეთა წიაღში არსებული გაუგებარი იერარქიით. ბუნებრივია, კონსერვატორები ყოველთვის ამაზე აკეთებენ აქცენტს და ამბობენ,  რომ ეს წოდებათა  რანჟირება არის ძალიან ძვირფასი. სხვათა შორის  ამ ჯგუფისთვის ძალიან მიუღებელი იყო მაგალითად, ისეთი არათავადური წარმოშობის ადამიანი, როგორიც იყო სოლომონ დოდაშვილი.

ილია მოდერნიზაციას ვერ მოახდენდა საზოგადოებაში, სადაც იქნებოდა მკაფიოდ გამიჯნული და გაყოფილი დიდი კედლით დედები (როგორც ის მოიხსენიებს) ანუ ქალები დანარჩენი საზოგადოებისგან  იმიტომ, რომ ის თანასწორობას ხედავდა სწორედ  იმაში, რომ ყველა ადამიანი, ამ საზოგადოების ყველა წევრი,  თანაბრად უნდა იღებდეს იმ სიკეთეებს, რომლებსაც მას სთავაზობს ცივილიზაცია. ის საუბრობდა იმაზე, რომ აუცილებელია განათლების მიღება ქალებისთვის, მეცნიერებასთან, მეცნიერულ-ტექნიკურ პროცესთან ზიარება ქალების არა იმიტომ, რომ ეს არის თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევა, არამედ მხოლოდ ეს შეგვაძლებინებს ჩვენ მოდერნიზაციას საზოგადოებაში.

როდესაც ის იხსენებს ბოსტონის დედათა საქმეს, იხსენებს   ნიუ იორკის ემანსიპირებულ მოძრაობას და საუბრობს იმაზე, თუ როგორ იღებენ უკვე საუნივერსიტეტო განათლებას ქალები და რა ტიპის მეცნიერულ-ტექნიკურ სიმაღლეებს აღწევენ ისინი. ეს ზუსტად იმაზე იყო ორიენტირებული, რომ აქ, ამ საზოგადოებაში თანასწორობის ეს მოდელი შექმნილიყო.

თანასწორობა იყო ერთ-ერთი ქვაკუთხედი მოდერნიზაციული გეგმის. მოდერნიზაცია ხდება იქ, სადაც არის თანასწორობა იმიტომ, რომ თუ კონკრეტული ჯგუფი მაინც გყავს მარგინალიზებული, იქ მოდერნიზაციას ვერ მოახდენ. ამიტომაც იყო მისი ხედვა ასეთი მნიშვნელოვანი და გარდამტეხი იმ საზოგადოებისთვის და ამას უპირისპირდებოდნენ ზუსტად კონსერვატორები. არა მამები იმიტომ, რომ ძალიან ბევრი უფროსი ასაკის ადამიანი იყო სწორედ  თანამოაზრე ილია ჭავჭავაძის. მაგალითად, დიმიტრი ყიფიანი. შეიძლება ის ბოლომდე, ასე სიღრმისეულად ვერ ჩაწვდა ილიას კონცეფციას, მაგრამ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გვერდით დაუდგა მას და იზიარებდა ამ ხედვებს.  მართალია, საკმაოდ მძიმე ხვედრი არგუნა მერე განგებამ, მაგრამ ფაქტია, რომ ის იყო თანამებრძოლი ილიასი.

ის პოეტი [გრიგოლ ორბელიანი], რომელიც ილიას მოიხსენიებდა „ბურთივით მრგვალ ლიბერალად“ უშლიდა ყველაზე მეტად ხელს, არა პერსონალურად, არამედ ის იყო ლიდერი კონსერვატორული მოძრაობის, რომელმაც ძალიან დიდი ხნით შეაჩერა გარდაქმნების მოძრაობა და მოდერნიზაციის პროცესი საქართველოში. მიუხედავად ამისა, ორბელიანის ძალიან დიდი ღვაწლი იმ კონცეპტუალურ საკითხებში, რომელიც შეეხებოდა თვითმყოფადობის საკითხების სრულყოფას, ილია ჭავჭავაძემ დააფასა და თქვა, რომ ის დიდი ადამიანი იყო მიუხედავდა იმისა, რომ ზუსტადაც თუ რამემ შეუშალა ხელი, არ გახადა უფრო სერიოზული და უფრო ფართო მასშტაბიანი ეს მოდერნიზაციის პროცესი, იყო სწორედ აი, ის დაჯგუფება, რომელსაც გრ. ორბელიანი ხელმძღვანელობდა.

მთელ შემოქმედებას  რომ დავაკვირდეთ, ილია ჭავჭავაძე ქმნის იმ ტიპაჟებს, რომლებიც არიან მოდერნიზაციის რეალური მოწინააღმდეგეები. ესენი არიან ადმიანები, რომლებიც ხელს უშლიან თანამედროვე ლიბერალური საზოგადოების შექმნას, ეწინააღმდეგებიან განათლებას, ეწინააღმდეგებიან რეფორმაციას მათ შორის არამხოლოდ საერო, არამედ სასულიერო სივრცეში. ეწინააღმდეგებიან წოდებათა თანასწორობას, ეწინააღმდეგებიან ძალიან პრაგმატულ საკითხებს. მაგალითად, რომ მიწა უნდა იყოს ყიდვა გაყიდვის საგანი, მიწას უნდა დაედოს ფასი, არ შეიძლება მიწა იყოს უპატრონო, მხოლოდ ეს მოგვცემს საშუალებას, რომ განვითარდეს ბანკები.

ძალიან წუხდა, რომ ბანკი ერთ-ერთი სერიოზული დარტყმის საგანია და მათი განვითარებისთვის არ შეიძლება ეს იყოს კარგი და არ შეიძლება ყველას ჰქონდეს მოუხეშავი დამოკიდებულება ამ ახალი ინსტიტუციის მიმართ. კიდევ ძალიან ბევრი სხვა საკითხი რომელიც, ალბათ, ახლა რომ ჩამოვთვალოთ გაგვახსენდება თანამედროვე საქართველოს რეალობა. ეს წრე ბრუნავს და ჩვენ ისევ ვდგავართ იმ საკითხების პირისპირ, რომლებიც დაგვრჩა გადასაჭრელად იმიტომ, რომ მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედში  ჩვენ მაშინდელ თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებელ მამებს რეალურად ხელს ვუშლიდით. „ჩვენ“ ვგულისხმობ უმრავლესს ჩვენი საზოგადოებისა, მაშინდელი საზოგადოებისა, რომელიც ამ გამოწვევებს ვერ იღებდა. მართალია, ეს ყველაფერი არის ძალიან სერიოზული ფუნდამენტი, რა თქმა უნდა, “წერა-კითხვის გამავრცელებელი   საზოგადოება”  ეს არ იყო მხოლოდ სკოლების პროექტი. ეს არ იყო მხოლოდ პროექტი იმისა, რომ ადამიანებს ესწავლათ ანბანი, ასევე არცთუ ისე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომ ხუთი მკვდარი ასო ამოიღო ქართული ალფაბეტიდან და სცადა მაქსიმალურად გაემარტივებინა და ამავდროულად გაემდიდრებინა ანბანიც და ლექსიკაც.  „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ რეფორმა  ნიშნავდა კომუნიკაციის ძალიან მნიშვნელოვანი კვანძის მოძებნას, რადგან თუ ჩვენ არ გვექნება წერა-კითხვის მცოდნე საზოგადოება, რაშიც  იგულისხმება ახალი გამოწვევების აღმქმელი საზოგადოება, მაშინ ძალიან გაგვიჭირდება რაღაცის შეცვლა. ამიტომ საჭირო იყო სკოლების გაკეთება. სკოლა, რომელიც იქნებოდა აბსოლუტურად იქნებოდა საერო, იქნებოდა მოწყვეტილი კლერიკალურ გავლენებს და იქნებოდა დაფუძნებული თანამედროვე ტექნოლოგიებზე. აი, ასეთი სკოლა მოგვცა ილია ჭავჭავაძემ და “წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ”.

შემდგომ პერიოდს თუ დავაკვირდებით, 1924 წლამდე ჩვენ დავინახავთ ძალიან საინტერესო პროცესს, რომ მთელ ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში თუ ვინმემ შექმნა რამე ფასეული, შექმნა სწორედ იმის გამო, რომ ის იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ან დამფუძნებელი  და მათი შთამომავალი, ან დელეგატი მათი ყრილობების ან ამ საზოგადოების მიერ შექმნილი სკოლების აღსაზრდელი.

როდესაც 1924 წლის აჯანყება ჩაახშეს აღმოჩნდა, რომ ყველა შეთქმული, რომელიც იყო ქართული არისტოკრატიის წარმომადგენლი, მეცნიერი, სწავლული, იგივე ოფიცრობა ყველანი იყვნენ ან ამ სკოლების კურსდამთავრებულები ან იყვნენ “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” ყრილობების (პერიოდულად იმართებოდა ხოლმე ესეთი თავყრილობები)  დელეგატების შვილები. მათი დები იყვნენ ამ სკოლების მასწავლებლები. ეს იყო ძალიან დიდი საგანმანათლებლო ქსელი, რომელსაც დაუდო სათავე ილიამ.

ეს საზოგადოება უკვე თავისთავად ქმნიდა იმის აუცილებლობას, რომ აქ შემოსულიყვნენ ადამიანები, რომლებიც წაიკითხავდნენ და მიიღებდნენ სიახლეებს მედიით. ეს იყო მეორე მნიშვნელოვანი ვექტორი, კომუნიკაციის ვექტორი, რომელიც შექნა ილია ჭავჭავაძემ. მანამდე სოლომონ დოდაშვილის წყალობით, ჩანდა რაღაც სახე, მაგრამ ის იყო გაელვება ქართულ სინამდვილეში. პროფესიული ქართლი მედია შექმნა ილია ჭავჭავაძემ. ეს იყო სწორედაც დამსახურება იმის, მედიის წამკითხავი საზოგადოება შეიქმნა საქართველოში, ვინც გაიაზრებდა იმ ყველაფერს, რაც ეწერა ამ გაზეთებში, რისი მეშვეობითაც მოდიოდა სწორედაც მთავარი გზავნილები. ამ გაზეთებით იქმნებოდა სადისკუსიო სივრცე მაშინდელ საქართველოში. საქართველოს, რა თქმა უნდა, ფორმალურად ვამბობთ, მაშინდელ დროში საქართველო არ ერქვა, არსებობდა რაღაც გუბერნიები, მაზრებად დაყოფილი და იყო ძალიან მკაცრი პრესინგი ნებისმიერი ასეთი არაფორმალური კომუნიკაციისთვის. ამ სივრცეში ასეთი რამ ძალიან დიდი გამოწვევა იყო და ეს შეძლო ილია ჭავჭავაძემ.

მესამე ძალიან მნიშვნელოვანი ვექტორი, რაც შექმნა მან ეს იყო “ქართული საქმე – საადგილმამულო ბანკი“ – სათავე იმისა, რომ ქართული საზოგადოება გამხდარიყო თანამედროვე საზოგადოება, რომ მას დაეწყო აზროვნება კონკურენციის პრინციპებით, რომ აუცილებლად მან უნდა შექმნას ბევრი რამ, მან უნდა დაუდოს სათავე ახლის შექმნას და ეს უნდა იყოს მუდმივი პროცესი. ასეთი გაგება ბიზნესისა საქართველოში არ იყო მანამდე და ეს იყო ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა მაშინდელი საზოგადოებისა.

ვინ იყო კოლექტიური ანტილიბერალი? პერსონიფიცირება ბევრი ადამიანის შეიძლება, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ყველაზე ანტილიბერალი მთელი თვისი ღირებულებებით იყო ლუარსაბ თათქარიძე. ეს იყო პირველი პერსონაჟი, რომელიც შექმნა ილიამ და რომლითაც გვითხრა ვინ და რა ღირებულებების მატარებელია ადამიანი, რომელიც ხელს უშლის საზოგადოების მოდერნიზაციას. ყველაზე უცნაურია – ეს არის  ღირებულებათა ზუსტად ის ხე, რომელსაც ყოველთვის ეპოტინება ხოლმე (ყველა ეპოქაში) კონსერვატორთა ჯგუფი, რომელსაც არ უნდა, რომ საზოგადოებაში რაღაც შეიცვალოს.

იგივე გამოწვევები არის დღესაც. დღეს სოციალურ ქსელში მიდის ბჭობა არის თუ არა ბრიტანეთის პრინცი ანტიქრისტე, რით განსხვავდება ეს ბჭობა  ლუარსაბის ანტიქრისტეზე საუბრისგან? – არაფრით. ზუსტად ის არის, რაც ყოველთვის ახლავს ხოლმე ამ გარდაქმნის პროცესებს – არის დეფიციტი საგანმანათლებლო სივრცის, საგანმანათლებლო სივრცე ძალიან ადვილად ექცევა ასეთი ცნობიერების გავლენის ქვეშ, ვერ ემიჯნება რადიკალურ სივრცეს და ასეთი არის ჩვენი თანამედროვე სკოლა. ასეთი სკოლის გაკეთება უნდოდა რუსეთს მაშინდელ მის იმპერიაში, მაგრამ სწორედ “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებით” დაუპირისპირდა ილია ამ კონცეფციას.

ილიას საერო სკოლებში არ იყო სამრევლო სივრცეები, იმიტომ კი არა, რომ ილია ამას ებრძოდა (იქაც ითხოვდა ის გარკვეულ რეფორმაციას) მას ჰქონდა თავისი დამოკიდებულება სარწმუნოებრივი სივრცისადმი. მიაჩნდა, რომ ის იყო პირადი სივრცე ადამიანის და პირად სივრცეში ყველა თავისუფალია თავისი აღმსარებლობის მიხედვით, ამიტომ იყო ის გაცილებით უფრო სხვაგვარად მოაზროვნე ახლადშემოერთებული აჭარისა თუ ქობულეთის მიმართ და არ იყო ისეთი რადიკალური, როგორიც შეიძლება სხვა მოაზროვნეები იყვნენ. მაშინდელი კონსერვატორების სურვილი იყო, რომ იქ ლამის ხმლით და მახვილით შესულიყვნენ და მოექციათ ეს მხარე [აჭარა] და ეიძულებინათ ეს ადამიანები, რომლებიც შემოვიდნენ და დაუბრუნდნენ ერთიან ქართულ სივრცეს იძულების სხვადასხვა მექანიზმებით. ილია ზუსტად ამას  ამბობდა რომ ჩვენ მათთან უნდა მივიდეთ განათლებით, თუ მიიღებენ ისინი განათლებას, ისინი აუცილებლად იქნებიან ამ დიდი მოდერნიზაციული გეგმის ნაწილი.

მოდერნიზაცია თავისთავად ითვალისწინებდა თანამედროვე ერის ჩამოყალიბებას, სხვა მიზანი არ ჰქონდა იმიტომ, რომ იმ დროს, როდესაც ილია შემოვიდა საზოგადოებრივ სივრცეში, ერი არ არსებობდა. ეს იყო დაშლილი და რაღაც განფენილი საზოგადოება, რომელსაც არაფერი შემაერთებელი არ ქონდა. ერთდერთი შემაკავშირებელი მომენტი იყო ნოსტალგიური გლოვა ერეკლეზე და მეორე იყო პათეტიკური  ოცნება რუსულ ეპოლეტებზე. სხვა მეტი შემაკავშირებელი, ერის გამაერთიანებელი იდეა არ არსებობდა. ამიტომ მოვიდა ამ მოდერნიზაციის გეგმით ილია. უბრალოდ მას გაუმართლა, შეიძლება ვთქვათ, მას თან დაჰყვა დიდი ძალა. ასეთი მამოძრავებელი ძალა დიდ ენერგიას საჭიროებს და კარგია, ჩვენ გაგვიმართლა ყველას, რომ ეს ადამიანი მოვიდა მაშინ და ითხოვდა მხოლოდ და მხოლოდ მოძრაობას.

ერთ წერილში ძალიან საინტერესო რამეს ამბობს, რომ ყველაზე საშინელი რამ არის ლოდინიო და ვიღაცას მიაჩნია რომ მუქთა არის და იყოს რაო, მაგრამ ძალიან ცუდი რამ არის, როცა არაფერს არ აკეთებ, შენთვის მიგდებული ხარ კუთხეში და რაღაცას ელი, რომ რაღაც მოხდებაო. ამავე სტატიაში მან ძალიან კარგად მოძებნა დამაკავშირებელი ხაზი. რა უდევს საფუძვლად სიტყვას „სულელსო“-ლოდინიო, ის სულ ელისო და ეს სულ ელობა ანუ ლოდინის კონცეფცია არის ძალიან მისაღები კონსერვატორული საზოგადოებისთვის.

თავისთავად მიდის პროცესი, ვიღაცა არის, ვინც ჩვენს მაგივრად გადაწყვეტს ამ საკითხს, ჩავაბარებთ ამ ჩვენს ყველა უფლებას  რაც გვაქვს, რაც მოგვიპოვებია საუკუნეთ მანძილზე კაცობრიობას, გადავცემთ ვიღაცას, რომ მან მართოს ეს ჩვენი უფლებები, მან მართოს ჩვენი თავისუფლებები, მან გააკეთოს რანჟირება წოდებებისა და რანგების, მან იზრუნოს იმაზე, რომ მე მქონდეს საჭმელი და სასმელი, მან უნდა იფიქროს იმაზე, რომ მაგალითად, როგორც ამას აკეთებს ლუარსაბი, ერთადერთი ფუნქცია დარჩეს, რომ მთელი ჩემი ღირსება მთელი ჩემი ძალა იმით წარმოვაჩინო, რომ ვითვალო ბუზები და ეს იყოს ჩემი ყველაზე დიდი სამუშაო ან ვამჯობინო ბოზბაში თუ ჩიხირთმა ერთმანეთს და ამით განვსაზღვრო ჩემი ცოდნის მახასიათებელი. ეს არ არის ცოდნა, ეს არის კონსერვატიზმის ჭაობი, რომელსაც ყოველთვის უპირისპირდება ლიბერალიზმი.

კონსერვატორობა არ ნიშნავს აუცილებლად ცუდ რამეს, მაგრამ როდესაც ის უკვე ვეღარ ვითარდება, როდესაც უკვე სტაგნაციაა და იწყება ჭაობის ფაზა, სწორედ მაშინ იღებენ სადავეებს ლიბერალები და მოაქვთ ახალი იდეები. აი, ეს იდეები მოიტანა ილიამ. ბუნებრივია, ლუარსაბისთვის ილია არის მიუღებელი და ლუარსაბი არის ის ადამიანი, რომელიც კლავს ილიას. რა თქმა უნდა, დარეჯანიც და დათიკოც მასთან ერთად არის ილიას მკვლელი და ილიას მკვლელია ყველა ის პერსონაჟი, რომელიც თავის შემოქმედების მანძილზე  დაგვიხატა ილია ჭავჭავაძემ.

სხვათა შორის მე მაქვს ასეთი განცდა, რომ ოთარაანთ ქვრივიც ის პერსონაჟია, რომელიც კლავს ილიას. თავად ილიას მისი დამოკიდებულება ამ პერსონაჟის მიმართ ცალსახად აქვს გამოხატული, ეს არის ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად აღმოჩნდა იმდენად კონსერვატორი, რომ მან ვერ მიიღო ვერც საკუთარი შვილის რადიკალური დამოუკიდებელი ნაბიჯები, მან ვერ მიიღო ვერც სოსია მეწისქვილის სიყვარული იმიტომ, რომ პრაქტიკულად კონსერვატიზმის ბუნებაა ასეთი რომ ჩაკეტოს საზოგადოება.  ლიბერალების სურვილი კი არის გახსნას საზოგადოება. ილია ყოველთვის ცდილობს გახსნას საზოგადოება. ის მთავარი გზავნილები, რომელიც “ოთარაანთ ქვრივში” ბოლოს არის მოცემული  – სხვა ვინ არ არის ცოდო ამ უსწორმასწორო ქვეყანაში? ეს ოთარაანთ ქვრივს არ ეხება, ეს სწორედ სოსია მეწისქვილეს ეხება, იმ ადამიანს, რომელიც არის დიდი სიყვარულის მატარებელი და სიყვარული კი თვითონ ილიას განმარტებით არის ის, რაც აშენებს იმას, რაც მტრობას დაუნგრევია.

ცოტათი უფრო მეტ თავისუფალ მიდგომას ითხოვს ილია მისი შემოქმედების გასააზრებლად, არა ისეთ ჩაკეტილ ფილოლოგიურ ტრაქტატებს, რომელიც 1934 წლის მერე დაწერილა, რასაც ჩვენც გვასწავლიდნენ, ჩვენს მამებსაც ასწავლიდნენ და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ასწავლიან ჩვენს შვილებს. ეს არ არის ის მიდგომა, რომელსაც იმსახურებს ილია ჭავჭავაძე. ილია ამბობს, რომ ეს უნდა იყოს საზოგადოება, რომელიც არის ორიენტირებული იმაზე, რომ მეტი თავისუფლება ჰქონდეთ ადამიანებს, მეტად აფასებდნენ სიცოცხლეს და მიაჩნდა, რომ ყველაზე დიდი ღირებულება ეს არის სიცოცხლე. სხვათა შორის ძალიან უცნაური რამ არის, რომ მთელს იმხელა  რუსეთის იმპერიაში როდესაც ილია გახდა სახელმწიფოს სათათბიროს დეპუტატი, მხოლოდ ის აღმოჩნდა ერთადერთი პირველ საკანონმდებლო ორგანოში, რომელმაც დასვა საკითხი მთელს იმპერიის ტერიტორიაზე სიკვდილის დასჯით გაუქმების. ეს იყო საკმაოდ ინოვაციური, მოდერნიზაციული ხედვა. ასეთი რამის გაკეთება ძალიან გაუჭირდა ნიკოლოზ მეორეს და ვერც გაბედა, ვერც გააკეთა. ეს დარჩა არამხოლოდ ქართულ, არამედ აი, ამ სივრცეში ჰუმანური აზროვნების ძალიან დიდ ნიმუშად.

ილია საუბრობს იმაზე, რომ ადამიანის ყველა ქმედება არის ორიენტირებული ბედნიერების ძიებაზე, კეთილდღეობის შექმნაზე, ამისთვის არის ადამიანი. როდესაც ერთ პოემას ქმნიდა (ქართლის დედას ეძღვნება ეს პოემა) პოემის შესავლი არის ტრიადა. ერთ-ერთი ეძღვნება თავისუფლებას. „თავისუფლებავ შენ ხარ კაცთა ნავსაყუდელი“. ამ თავში არის ილიასეული აღქმა ადამიანის ქმედებისა და ზოგადად სამყაროს მოწყობისა. როდესაც საუბრობს თავისუფლებაზე, უმღერის თავისუფლებას, ამბობს ასეთ ფრაზას – “რომ ხე ცნობადისა ედემს რგული შენი ხე იყო“  ანუ ის საუბრობს იმაზე, რომ ხე,  რომლის ნაყოფი იგემა ადამმა, ის არის ხე თავისუფლების. პრაქტიკულად პირველი ადამიანების, პირველი ცნობიერი აქტი ეს იყო ჯანყი თავისუფლებისათვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ იყო, რაც თქვა ილია ჭავჭავაძემ.

მისი მიდგომა, რომელიც სამ სიტყვაში დაწნეხეს თანამედროვე ქართველებმა და ყველგან  გადააქციეს პლაკატების  და ლოზუნგების ნიმუშად ეს სამი ტერმინი ილიას არ გადაუქცევია თავის დროშად. ჩვენ იმ წერილს თუ მთლიანად წავიკითხავთ, დავინახავთ, რომ ენას, მამულს და სარწმუნოებას ილია არ აქცევს იმ დროშად, იმ სლოგანად  რომელსაც განვითარება აღარ  უნდა ჰქონდეს. ილია ამბობს, რომ ეს სამი რამ არის, რაც დაგვრჩა წინაპართაგან. ეს სამივე ბოძი, რაც მან გამოყო წინაპართაგან მემკვიდრეობით მიღებულად, რეალურად ილიას მოსვლის დროს ქართულ საზოგადოებას არ ჰქონია. მაშინ რატომ ვსაზღვრავთ რომ ეს ის სამი რამ არის, რაც უნდა გააკეთო? პირიქით, ამ სამი რამიდან უნდა დაიწყოს სვლა შემდეგი სამი რამისკენ.

მან განსაზღვრა ზუსტად ის სამი რამ, რაც იყო ცოტათი ახლოს, მთლად ბოლომდე არ იმეორებდა საფრანგეთის რევოლუციის იდეალებს, მაგრამ იყო ძალიან ახლოს, როდესაც საუბრობდა თავისუფლებას, თანასწორობასა და თვითმყოფადობაზე. ის რადიკალურად განსხვავდებოდა რუსული კონცეფციისგან, რომელზეც იდგა რუსული იმპერია მაშინ – თვითმპყრობელობა, მართმადიდებლობა და თემობა. ამიტომ ილიამ როდესაც დაიწყო ამ ენის მამულის და სარწმუნოების კონსტრუირება, მან მთელი ენერგია დახარჯა სამივეს ამოქმედებაზე.

იმთავითვე ვერ მიიღებდი იმ პროდუქტს, რაც, ალბათ, გინდოდა იმიტომ, რომ როდესაც მამულს ვამბობთ, ვგულისხმობთ სახელმწიფოს, ვგულისხმობთ დამოუკიდებელ სამშობლოს, რომელიც ყალიბდება სახელმწიფოდ. ილია ამას ვერ მოესწრო, მაგრამ პრაქტიკულად ილიამ ჩადო ის მთავარი ქვაკუთხედები, რომელსაც ეს მოყვა. ის ბანკის საქმე, ის გაზეთის საქმე, ის სკოლის საქმე იყო ზუსტად ის, რასაც უნდა გაეცოცხლებინა აი, ეს სამება და ექცია იმ ახალ მოდულად, რომელიც მერე ჩამოაყალიბა ილიამ, როდესაც თავისუფლებაზე, თვითმყოფადობასა და თანასწორობაზე საუბრობდა.

ილია ძალიან ხშირად იმეორებდა ამ ტერმინებს იმიტომ, რომ ეს არის ის მთავარი მიზნები, რისთვისაც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ინსტრუმენტებად ენაც, მამულიც და სარწმუნოებაც.  სარწმუნოებაში  ის ხაზს არასოდეს არ უსვამდა რაიმე კონკრეტულ გამოხატულებას რომელიმე რელიგიისა. ამითაც ის იყო მოდერნიზატორი. ის საუბრობდა იმ პრობლემებზე, რომელიც აქვს ქრისტიანულ სამწყსოს  და განსაკუთრებით იმაზე, რომ ერსა და ეკლესიის წინამძღვრებს სხვადასხვა საკომუნიკაციო ველი აქვთ და ისინი ვერ ახერხებენ საუბარს ერთმანეთთან. ვერ ახერხებენ ვერ ენაზე საუბარს.

ილია ყურადღებას ამახვილებდა იმ პრობლემაზე, რომელიც  იდგა მუსლიმი ქართველების წინაშე და სწორედაც მთავარი გამოძახილი იყო ის, რომ ჩვენ ეს სამაჰმადიანო საქართველო თუ გვინდა რომ გახდეს ერთიანი სხეულის ნაწილი, ჩვენ მას უნდა შევთავაზოთ ზუსტად მოდერნიზაციის ის გეგმა, სადაც მთავარი იყო სწორედაც განათლების და თანასწორობის იდეა. თანასწორობის გარეშე ვერაფრით ვერ გახდებოდა აჭარა -ქობულეთი შემოერთებული ნაწილი საქართველოსი, ვერ გახდებოდა ერთიანი ქართული სხეულის ნაწილი. ეს ძალიან რთული პროცესი იყო და ამისთვის უზარმაზარი შრომა გასწია ილია ჭავჭავაძემ.

ბევრ თქვენგანს დარწმუნებული ვარ ნანახი აქვს 1903 თბილისში გამოცემული პირველად, ქართულ ენაზე თარგმნილი (მართალია არასრული სახით) ყურანი. თარგმნეს იმიტომ, რომ ეს წმინდა წიგნი ქართველ მუსლიმებს უნდა მიეღოთ იმ ენაზე, რომლითაც ისინი იმეტყველებდნენ, რომლითაც ისინი მოახერხებდნენ ამ ერთიან ქართულ სხეულში შემოსვლას და გახდებოდნენ მოდერნიზაციის ერთიანი დიდი პროქტის ნაწილი. ეს პროექტი არის გრძელვადიანი.

ბუნებრივია, ამას ყველაფერს კონსერვატორები ხედავდნენ. კონსერვატორები გზადაგზა იცვლებოდნენ და ბევრს ეგონა, რომ ისინი ნელ-ნელა კარგავდნენ ძალაუფლებას, მაგრამ შემდგომ აღმოჩნდა უცნაური რამ – უფრო ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც გამოვიდა ასპარეზზე და რომელსაც წესით და რიგით აბსოლუტურად სხვა მიდგომები უნდა ჰქონოდა, იმიტომ რომ ის მემარცხენე ძალა იყო მას ილიას მიდგომები უნდა მიეღო, აღმოჩნდა, რომ ისინი პრინციპულად ეწინააღმდეგებოდნენ ილიას და მეტიც, პლატფორმა მათ იპოვეს კონსერვატორებთან ერთად. ძალიან ხშირად გრ.ორბელიანის და ფილიპე მახარაძის შეფასებები რომ შევადაროთ, დავინახავთ რომ ისინი ძალიან მსგავსია. ორივე ედავება ლიბერალიზმში ილიას. რა თქმა უნდა სოციალისტებს აქვთ ახალი, დამატებით არგუმენტები, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც გლეხებს ჩაგრავს და ა.შ. მაგრამ მთლიანობაში თანასწორობის და ლიბერალიზმის ეს ხედვები მიუღებელი აღმოჩნდა მათთვის.

ძალიან რთულია დღეს საუბარი იმაზე, ვისი პროექტი იყო ვანო მაჩაბლის მოკვლა და რას ემსახურებოდა მისი ჩამოშორება ამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური სივრციდან. ბუნებრივია, ვანო მაჩაბლის სიკვდილი ეს იყო ბრძოლა ლიბერალური მოდერნიზაციის წინააღმდეგ და ეს იყო პრელუდია ილიას მკვლელობისა. გარდაუვალი იყო. შეიძლება დღეს უფრო ადვილია ამაზე საუბარი იმიტომ, რომ ფაქტობრივად ვიცით, რომ რამდენიმე წელი აშორებს ამ ორ მკვლელობას ერთმანეთისგან.

ფაქტია, როდესაც ვანო მაჩაბელს კლავენ, ეს არის განაცხადი, რომ ჩვენ დაუნდობელ ბრძოლას ვუცხადებთ მოდერნიზაციას. ეს პროცესი, სამწუხაროდ, დამთავრდა 1907 წელს ისე, როგორც დამთავრდა. ეს არის სხვათაშორის მხოლოდ ფაქტობრივი გამოხატულება პროცესის დასასრულისა. ილია ჭავჭავაძის ფიზიკური მოკვლა, რა თქმა უნდა, არის ტრაგედია ამ საზოგადოებისთვის, მაგრამ არანაკლები სიმძიმე ახლავს იმას, რომ მისი მოდერნიზაციული გეგმის მკვლელობა მიდის მთელი საუკუნეა სხვადასხვა ფორმით. ეს მიდის იმ ფორმით, რომ სკოლა იყოს არაგანმანათლებლური, არამედ ინდოქტრინირებული ასე იყო საბჭოთა სკოლა, ასეა თანამედროვე სკოლაც. რომ საზოგადოებაში არ იყოს გაგება თანასწორობის, ეს ყოველთვის იყო და რჩება  პრობლემად სამწუხაროდ, დღემდე. რომ შენ არ იყო სტრუქტურირებული ნაწილი რაღაც კლერიკალური საზოგადოებისა. პირიქით, შენ ხარ თავისუფალი მოქმედებაში, მაგრამ ესეც მუდმივად იყო პრობლემა და დღესაც რჩება.

ილიას წმინდანად შერაცხვა ეს იმდენად არა მის განდიდებას და აღიარებას მოასწავებდა ქართულ საზოგადოებაში, რამდენადაც მოასწავებდა მის დახურვას, ხატად ქცევას, კრიტიკული ანალიზის, კრიტიკული აღქმის გარეშე დატოვებას. პრაქტიკულად დღეს ჩვენი საზოგადოება ამ მოცემულობის წინაშე არის. ერთია ქუჩაში გამოკრული აბრები „ენა,მამული, სარწმუნოება“, რომელიც თვისობრივად გამოცლილია ყველაფრისგან, რაზეც საუბრობდა ილია ჭავჭავაძე და რასაც აკეთებდა. დარჩენილია მხოლოდ ლოზუნგი, რომელიც არაფერს არ იძლევა და მეორე მხრივ არის ხატი, რომელიც ჰკიდია გნებავთ ეკლესიაში, გნებავთ სახლში  და ამ ხატის მიღმა არ მოდის ის ტექსტები, ის ცნობიერების ნაკადი, რაც ჰქონდა ილია ჭავჭავაძეს. ამიტომაც ყოველთვის ყველაზე მარტივი ფორმაა – კი, ბატონო, ის არ იყო კარგი, ის იყო ბურთივით მრგვალი ლიბერალი, ის იყო ადამიანი, რომელიც სხვაგან „ნაყიდ“ იდეებს თავს გვახვევდა და ა.შ. და პლიუს კიდევ ძალიან ბევრი „მანკიერებები“, რასაც უწერდნენ მას სოციალ-დემოკრატები, აი ეს ადამიანი დავტოვოთ აი ამ ხატებაში და დავრჩეთ მუდმივი გაორების პროცესში, რომ აუცილებლად მივიდეთ და ყვავილები დავაწყოთ მის ძეგლთან, აუცილებლად აღვნიშნოთ მისი დაბადების დღე და არა ის, რომ ჩვენ მუდმივად გვქონდეს საუბრები იმაზე, თუ რის შეცვლას აპირებდა ილია ჭავჭავაძე, რას გვეუბნებოდა, როგორი უნდა ყოფილიყო თანამედროვე ერი. თანამედროვე არა მხოლოდ მაშინ, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში, არამედ ახლაც 21-ე საუკუნის დასაწყისში იმიტომ, რომ იგივე გამოწვევების წინაშე ვდგებით, იმიტომ რომ ეს წრებრუნვაა და კონსერვატორები ყოველთვის იმარჯვებენ, კონსერვატორების ტიპაჟები არ იცვლება, ლუარსაბი ყოველთვის არის. მთავარია შენ მიიღებ თუ არა ლუარსაბს და ლუარსაბს აქცევ  თუ არა შენს პარტნიორად. მეტიც იმ ადამიანად, რომელსაც შენ აბარებ შენს ძალაუფლებას, მთელს შენს უფლებებს თუ ჩვენი მიზანსწრაფვაა, რომ ვიყოთ თავისუფალი ადამიანები, ვიყოთ თვითმყოფადი საზოგადოება და შევძლოთ, ვიბრძოლოთ რეალურად თანასწორობის პირობებში. აი, ეს არის გამოწვევები აქ უკვე არჩევანი აქვს გასაკეთებელი ერს თავისი განვითარების ყველა ეტაპზე.

სამწუხაროდ, ჩვენ იმავეს ვსაუბრობთ ახლა, რაზეც იყო დისკუსიები 90-იან წლებში მე-19 საუკუნის, 10-იან წლებშიც, როცა უკვე ილია აღარ იყო და როცა ნელ-ნელა მივდიოდით იქითკენ, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო შეიძლებოდა გაჩენილიყო, მაგრამ არ ვიყავით მზად. მეტიც,  არ გვინდოდა. შეიძლება დღესაც, სადღაც ისმის კითხვები ჩვენს საზოგადოებაში, ისევ არსებობენ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც მაგ. ძალიან თამამად ამბობენ, რომ რატომაც არა, ვიყოთ ისევ იქ, ისევ იმათთან, ვინც ჩვენს დამოუკიდებლობას და თვითმყოფადობას ლახავდა ანუ ჩვენ ვიმეორებთ ლუარსაბის გზას, ვიმეორებთ დარეჯანის გზას და არც ვცდილობთ გავიაზროთ, რომ ასეთი კონსერვატორული მოძრაობა აუცილებლად იქნება დამღუპველი საზოგადოებისათვის. ლიბერალური პათოსი საჭიროა იმიტომ, რომ მოხდეს ასეთ სტაგნაციის პირობებში რაღაცა ტიპის მოდერნიზაცია. თუ ეს არ მოხდა, მაშინ, რა თქმა უნდა, ძალიან ტრაგიკული და სავალალო შედეგები იქნება. ეს არის უბრალოდ ის გაფრთხილება, რომელიც მოდის ილია ჭავჭავაძისგან.  ეს მინდოდა მეთქვა.

  1. კითხვა: ფაქტია, რომ დღეს არც ვიაზრებთ ილიას და არც ვეხებით მის ხატს, არ ვაკრიტიკებთ. როგორ უნდა ვისწავლოთ ილია, რომ არ გვყავდეს ხატად?

რა თქმა უნდა, არ არის პრობლემა, რომ გააკრიტიკო, და  და არც მის მოწინააღმდეგეებს ჰქონიათ მისი კრიტიკის პრობლემა. ჩემი დღევანდელი ლექციით არ მქონია მიზანი, რომ ილია მექცია ისევ ხატად, პირიქით, ეს არის ცოცხალი პროცესი, ეს უნდა მუდმივად ვიკითხოთ და მუდმივად გავიაზროთ. კონსერვატორების მტკიცება ყოველთვის ეს არის, რომ მე უფრო მეტად მიყვარს ეს ქვეყანა, უფრო მეტად მიყვარს ეს საზოგადოება, ვიდრე შენ, ლიბერალს. ამიტომ არ გაბედო და მიწა არ გაყიდო იმიტომ, რომ მიწა არის ყველაზე ძვირფასი რამ, რაც გვაქვს ჩვენ. ამ დროს ხდება ტოტალური აღრევა მიწის იმ გაგებისა, რომელიც ნაწილისთვის განვითარების სივრცეა და მიწის მატერიალური გაგებისა, რომ თუ მას არ დაედო ფასი, ის მკვდარია. ილიას ამისი არ ეშინოდა. ამბობდა, რომ ეს უნდა გავაკეთოთ იმიტომ, რომ სხვანაირად ჩვენ ვერ განვვითარდებით. მაშინაც იყვნენ მოწინააღმდეგები. რატომ იყო ყველაზე რთული იმ სიკეთეების მიღება, რომელიც ალექსანდრე მეორეს ლიბერალურ ცვლილებებს მოყვა . რატომ დაიწყო ასე მტკივნეულად თბილისის და ქუთაისის გუბერნიებში მაგ. თვითმმართველობის რეფორმები, ან სასამართლოს რეფორმა რატომ არ მივიდა ქართული საზოგადოების ყველა წევრთან ისე ახლოს, როგორც ეს შეიძლებოდა მიეღო მას და უფრო მეტი სარგებელი მიეღო. სწორედ ამას უშლიდნენ ხელს კონსერვატორები.

ბუნებრივია ეს პრინციპი, ეს ლოგიკა დღესაც გვხდება, დღესაც იგივე რიტორიკა გვაქვს ჩვენ, რომ მიწა არ გავყიდოთ, მიწის გაყიდვა ეს არის დაქცევა ჩვენი საზოგადოების. კონსერვატორები ამ პრინციპს იცავენ. სხვათა შორის ზუსტადაც ეგ არის სხვაობა, არა მამები და შვილები რაც რუსული მატრიცა არის, არამედ ზუსტად ილიას მიდგომა- ლიბერალები და კონსერვატორები. კონსერვატორები ამბობენ, რომ ამას არ შეეხო. რა თქმა უნდა, კონსერვატორები ამბობენ, რომ ბანკი სახელმწიფომ უნდა მართოს. დღესაც გვესმის ეს რიტორიკა ჩვენ. ჰქონდათ ამის მცდელობა და შეიძლება დღესაც არიან ვიღაცები, ვინც მაგალითად, საუბრობენ იმაზე, რომ ეს არის საზოგადოება, რომელიც ბანკირებმა შეჭამეს.

სხვა საკითხია თუ არ არის განვითარების ამ მოდელში გააზრებული კონკურენცია. თუ კონკურენცია მართლა არის და ბანკები ასე ვითარდებიან, მაშინ  მის წინააღმდეგ დაპირისპირება მოდერნიზაციის წინააღმდეგ დაპირისპირებაა. ყოველ შემთხვევაში ამას ამბობს ილია ჭავჭავაძე. ეს ჩემთვის მისაღები პოსტულატია, მე ამიტომ ვსაუბრობ ამაზე. არა იმიტომ, რომ შინაგანად მე თავს განვიხილავ ლიბერალად, არამედ მიმაჩნია, რომ ეს არის ზუსტად მნიშვნელოვანი ხედვა ახლა, რთული, არაპოპულარული, იმიტომ რომ პოპულარული არის -ქართული მიწა არ გავყიდოთ, შევინახოთ, დავაკონსერვოთ იმიტომ, რომ თაობები მოვლენ კიდევ, საქართველო ხომ არ მთავრდება. ანუ ვიღაცას მიაჩნია, რომ თუ მიწა გავყიდეთ, საქართველო მთავრდება. თუ მიწა გაყიდა ამერიკელმა, გაყიდა ბრიტანელმა ან გერმანელმა, ეს იმას ნიშნავს, რომ ისიც დამთავრებულია? ეს კონსერვატორების მიდგომაა ზოგადად.

ახლაც კარგად ვხედავთ ხომ რას ნიშნავს კონსერვატორული ცნობიერების მოსვლა და რა ტიპის გამოწვევები შეიძლება დადგეს საზოგადოების წინაშე იმიტომ, რომ კონსერვატორები ყოველთვის ეცდებიან მეტ შეზღუდვას. რითაც იყო გამორჩეული და რატომაც იყო ლიბერალი ილია ჭავჭავაძე იყო ის, რომ მისი მოსაზრება, მისი ხედვა არანაირ საკითხზე არ ეფუძნება შეზღუდვას, არ ეფუძნება აკრძალვას. ის საუბრობს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ გაიხსნას საზოგადოება, ყველა მექანიზმი იყოს გამოყენებული იმისათვის,  რომ გაიხსნას საზოგადოება.

კი, თვითმმართველობის არჩევის ის წესი, რაც იყო, მან ძალიან მტკივნეულად განიცადა, (როდესაც 95 წლის თბილისის თავის არჩევნები წააგეს იმ ჯგუფმა, რომელსაც ილია ლობირებდა  და გვერდით ედგა), მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს პროცესი არის ცუდი და არ უნდა მოხდეს. ის არ წავიდა იმ გზით, რომ მოდი ახლა ეს ავკრძალოთ. ის არ წავიდა იმ გზით, როგორც მაგალითად ბევრს მიაჩნდა, რომ შეიძლება ავკრძალოთ თბილისის თავი არ იყოს სომეხი.

მეცხრამეტე საუკუნის 90-იან წლებში იმძლავრეს ამ კონსერვატორულმა ძალებმა და სხვანაირად შეუტიეს იმიტომ, რომ ახალი გამოწვევა გამოჩნდა -ქალაქის თავის არჩევნები. ილიას სხვა მიდგომა ჰქონდა – მთავარია, იყოს კონკურენცია ინფორმირებულ საზოგადოებაში. ეს თანამედროვე ტერმინებია, რასაც ახლა ჩვენ ვამბობთ, მაგრამ ილიამ ეს ტერმინები აქცია საქმედ. ამიტომ იყო ის ბიზნესი და ის მედია ერთმანეთის პარტნიორები. ამ მედიით ქმნიდა საზოგადოების ინფორმირებულობის მაღალ დონეს და მერე ის ადმიანები სწორად იღებდნენ იმ კონკურენტულ გარემოს, რომელშიც ეს ბიზნესი ვითარდებოდა. არ იყო იმის შიში, რომ ის მანუფაქტურები რომელიც თბილისში ჰქონდა ეთნიკურად სომეხს, დაღუპავდა საზოგადოებას . არანაირად, პირიქით ის აძლიერებდა ქართულ საზოგადოებას.  ეს ყველაფერი ამ  პოსტულატების გარდა ეფუძნება კიდევ თანასწორობის იდეას.

თანასწორობის იდეა ხომ არ მოსულა 2016 წელს ან 2014 წელს, როცა ანტიდისკრიმინაციული კანონი მივიღეთ საქართველოში. თანასწორობის იდეა სული იყო. ისეთი დიდი მოდერნიზატორი, რომელიც იყო შოთა რუსთაველი, ამბობს „გვაქვს უთვალავი ფერითა“ ანუ ეს სიჭრელე და სიჭრელეთა შორის თანასწორობა ეს არის სიმდიდრე საზოგადოების და კაცობრიობის. ილია ამ მოცემულობიდან გამოდის, ამიტომაც ბუნებრივია ის, ვინც გადავა შეზღუდვებზე, ის, ვინც იფიქრებს იმაზე რომ მიწა არ გაიყიდოს, ის იფიქრებს იმაზე, რომ ბანკების რეგულირება დაიწყოს და თქვას ბანკი ცუდი რამეა… ახლა ისე არ გამოვიდეს, რომ მე ბანკების ლობისტი ვარ, არა.  მე მიმაჩნია, რომ უბრალოდ ბანკი არ არის კაბალა, შეიძლება ვიღაცას მიაჩნია, რომ კაბალაა და ალბათ, მეც, ისევე როგორც თქვენ, ვართ ბანკის მოვალეები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე აღვიქვამ ჩემს კაბალად. კონსერვატორები  გეტყვიან : ხედავთ, რა დღეში ჩაგაგდეს ბანკებმა? ხედავთ, რამდენი არაბი, ინდოელი ჩინელი ყიდულობს ქართულ მიწას? – ავკრძალოთ!  აკრძალვების თეორია ეს არის სწორედაც ანტილიბერალური. აკრძალვების თეორია ჰქონდა ლუარსაბს.

ძალიან საინტერესო პასაჟია რობერტ სტურუას სპექტაკლში “კაცია ადამიანი?!” როცა ჩაის სვამენ ლუარსაბი და რუსი ოფიცერი, გაზეთს შემოუტანენ და ლუარსაბი კითხულობს, უი, რა კაცი მოუკლავთ-ილია . მეტაფორულია ხომ ეს ყველაფერი? ილია  ფორმალურადაც ლუარსაბმა მოკლა და მეტიც, ლუარსაბის ინერტულმა ბუნებამ მოკლა.  ეს საზოგადოება, მოლოდინის საზოგადოება,  როგორც ილია იტყოდა „სულ ელის“ საზოგადოება, რატომ უშლიდა მას ნერვებს და  რატომ უშლიდა ხელს მოდერნიზაციის გეგმაში?  იმიტომ რომ არაფერს არ აკეთებდა ეს საზოგადოება. იყო თავისთვის მიყუჩებული.  ეს საუბარი ლოდინთან დაკავშირებით ძალიან გაგონებთ არა “გვეშველება რამეს?”. აი, ამ უაზრო კითხვას, რომელიც დაუსრულებლად ისმის ჩვენს საზოგადოებაში. ერთი პასუხი მაქვს,  ის რა მდგომარეობაა, როცა უკვე ვიტყვით, რომ გვეშველა? რომ უკვე დამთავრდა ყველაფერი? აი, ზუსტად ეს არის იმ ადამიანების სურვილი, რომელთაც უნდათ რომ ჩაკეტონ საზოგადოება და თქვან, რომ ეს არის ის, რასაც მივაღწიეთ. არა, ილიას არ აქვს წერტილი. ილია მუდმივად განვითარების ფაზაშია.

თუ კარგად წავიკითხავთ, თუ სულ უფრო სიღრმეებში წავალთ, სადღაც შეიძლება ის ინოვაციური პროექტებიც კი დავინახოთ რომელიც 21-ე საუკუნეში ხდება. იმიტომ. რომ ილია საუბრობს იმაზე, თუ რას გამოიწვევს მაგალითად, მილიტარიზმი ევროპაში, რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც მან მთელი 50 წლით ადრე პრაქტიკულად არა ჰიპოთეტურად იწინასწარმეტყველა, არამედ დაასაბუთა რატომ და როგორ მიიღებს ირლანდია დამოუკიდებლობას. ერთა თვითგამორკვევის უფლება ჯერ კიდევ ვილსონის თეორიამდე 48 წლით ადრე ჩამოაყალიბა ილია ჭავჭავაძემ. ის, რა თქმა უნდა, ამ დროს საქართველოს თვითმყოფადობასა და ამ საზოგადოების მოდერნიზაციაზე ფიქრობდა, მაგრამ ირლანდიაზე გესაუბრებოდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის სითამამე და ამერიკა, როგორც მამოძრავებელი თანამედროვე მეცნიერ-ტექნიკური პროცესისა, ბიზნესის განვითარებისა. ამაზე საუბრობდა ილია ჭავჭავაძე . ამიტომ იყო ის თანამედროვე.  საუბრობდა იმაზე, როგორ შეიძლება მაგალითად, ხელი შეეწყოს აი, ამ კომუნიკაციური ველის საჭირო ტექნიკური პრობლემების მოგვარებას.

ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მას მე-19 საუკუნის 70-იან 80-იან წლებში  ტრანსნაციონალური პროექტების განხორციელებაში.  უწყობდა ხელს მათ შორის სიმენსის შემოსვლას საქართველოს ბაზარზე, ნობელის შემოსვლას  და ა.შ. ეს იმიტომ კი არა, რომ ის ამ ქვეყნის დაქცევას და ანტიქრისტესიანებისთვის მიყიდვას ცდილობდა, არამედ ის ფიქრობდა იმაზე, რომ ეს ღია სივრცე, ღია საზოგადოება ხელს შეუწყობს თანამედროვე ერის და თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მანამდე ეს პრაქტიკა არ გვქონდა, გვქონდა ძალიან დიდი, სერიოზული წყვეტა (მე-16 მე-18 საუკუნეების საქართველო,) ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი საქართველოს ისტორიაში, როდესაც პრაქტიკულად დავკარგეთ ჩვენი ყოველგვარი ხაზი წარსულთან და იმ მემკვიდრეობასთან, რომელიც გვქონდა. შევქმენით ახალი, ცრუ ხატები, რომლებსაც დღემდე ვეპოტინებით, დღემდე ვეფერებით და მიგვაჩნია, რომ ეს არის ქართული, ჭეშმარიტი ხატებები. რეალურად ეს არ არის. ეს ფსევდო არტისტი, ფსევდო მომღერალი, ფსევდო მოცეკვავე ნაცია არ არის ქართველი, ქართველი არის მოაზროვნე, ქართველი არის შემოქმედი, მშრომელი –  აი, ამ ხატებას დაშორდა  ქართლი საზოგადოება და ბუნებრივია, მას ძალიან გაუჭირდა მიეღო “სიბრძნე-სიცრუისა”. ძალიან გაუჭირდა, ვერ გადახარშა , ვერ აპატია სულხან-საბა ორბელიანს მოდერნიზატორული მცდელობები და სასტიკად დასაჯა.

ასაკით ახალგაზრდა იყო გრიგოლ ორბელიანი, მაგრამ შინაგანად კონსერვატორი იყო და მას მიაჩნდა, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი თვისი მოდერნიზატორული ხედვებით, არა ისეთი სრულყოფილი, როგორიც ილიას ჰქონდა, პრობლემას შეუქმნიდა მას. მარტო ის კია არ იყო, რომ საკუთარი დისშვილი თურმე არ უყვარდა და არ დაეხმარა (როგორც ქართული სკოლის სახელმძღვანელოებში ნასწავლი), არა, ეს კონცეპტუალური ომი იყო ბიძა-დისშვილის. ვერ მიიღო გრ.ორბელიანმა ნიკოლოზ ბარათაშვილი. ვერ მიიღებდა იმიტომ, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი იყო კრიტიკულად მოაზროვნე. მან პირველმა ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში დასვა კითხვა, რომ შენ კი ხარ მეფე, მაგრამ შენ ვინ მოგცა უფლება გადავწყვიტო ერის ბედი ასე. მან დისკუსია გახსნა საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. “ბედი ქართლისა” ეს არ არის წარსულის გლოვა, ეს არის ფიქრი მომავალ საქართველოზე, რომელსაც მერე ილიამ ახალი რაღაცეები დაადო.

ეს მოდერნიზატორული ტალღა, რომელიც არსებობდა, ბუნებრივია, ყოველთვის გაიწირებოდა და ამიტომაც იწირებოდა  ლიბერალური საზოგადოების ასეთი წარჩინებული ადამიანების, პრაქტიკულად ლოკომოტივების ბედი. მარტო ქართულ საზოგადოებაში კი არა, ყველგან ასეთია იმიტომ, რომ ისინი ქმნიან სიახლეებს. ზუსტად ამას ამბობს ილია, რომ მე ვსაუბრობ სიახლეებზე და სიახლეების არ გეშინოდეთ. მეტი არაფერი.  მაგრამ ჩვენ სხვა განზომილებებში ვართ და მიგვაჩნია, რომ უნდა გვეშინოდეს.

ნორმალური კონკურენტული სივრცის შექმნა თუ შეუძლია საზოგადოებას, ბანკი არ არის გამყვლფი და დამაქცევარი. არც მიწის გაყიდვა დააქცევს ქვეყანას და არც სახელმძღვანელო „მე და საზოგადოება“ დააქცევს სკოლას, პირიქით, გააძლიერებს.  ამისი არ უნდა შეგვეშინდეს . მე ასე ვკითხულობ ილია ჭავჭავაძეს. სხვამ შეიძლება სხვანაირად წაიკითხოს, ზუსტად ისე წაიკითხოს, როგორც მას უნდა, ანუ გაქვავებული სახით , „ენა, მამულ, სარწმუნოება“ გეტყვის და მორჩა! აბა წაიკითხე, უფრო მეტი სიღრმეებია, უფრო სხვანაირად გეუბნება ამას ყველაფერს ილია ჭავჭავაძე.  ამიტომ არის ის კარგი გზამკვლევი 2016-ში. 2026-შიც იქნება გზამკვლევი. რა თქმა უნდა ამით არ დამთავრებულა ყველაფერი. ილია ჭავჭავაძე მერე “გამდიდრდა” და ლიბერალური აზროვნება არ შეჩერებულა საქართველოში, მაგრამ ლიბერალური აზროვნების ყველაზე გახმაურებული და ყველაზე ფუნდამენტური ღერძი მე-20 საუკუნეში-მერაბ მამარდაშვილი მისაღები იყო ამ საზოგადოებისთვის? პირიქით, ის იყო კონსერვატორული საზოგადოების დარტყმის ყველაზე მსუყე ობიექტი. ყოველთვის ასე იქნება. ეს ომი კონსერვატორების და ლიბერალების სულ არის, ეს არ არის ტრაგედია, უბრალოდ მთავარი ის არის, რომ აი, ამ ომს არ შევწიროთ საზოგადოების მოდერნიზაცია და უცებ იმ დროს არ გაიმარჯვოს კონსერვატორულმა ძალამ, რომ შეიძლება ძალიან ბევრი წლები და ათწლეულები დასჭირდეს ამის გარდაქმნას.

ეკონომიკური თავისუფლება, პიროვნული თავისუფლება ეფუძნება იმას, რომ მე ვარ თავისუფალი ადამიანი. კონკურენტულ სივრცეს ქმნიან თავისუფალი ადამიანები და ქმნიან მქონებელი ადამიანები. როგორ შეიძლება მოხდეს მოდერნიზაცია საზოგადოების რომლის წევრების ძალიან დიდი უმრავლესობა, თუ სუყველა არა, არის უქონელი. როგორ შეიძლება იქ შენ მოახდინო მოდერნიზაცია? ვერ მოახდენ . იქ არაფერი არ მოხდება, არანაირი კონკურენტული სივრცე არ შეიქმნება. ამიტომ საჭიროა, რომ ადამიანები იყვნენ მესაკუთრეები. მთელი გეგმა აქვს ილიას წარმოდგენილი, როგორ უნდა გაყიდოს სახელმწიფომ მიწები, რომ  მხოლოდ ქალაქიდან წამოსულ ვაჭარს, რომელსაც ფული აქვს, არ ჰქონდეს ყიდვის საშუალება, არამედ გლეხსაც. როგორ უნდა დააზღვიო გლეხი, რომელიც ვერ იღებს მიწას იმიტომ, რომ მას არა აქვს ფული? ამისათვის მან უნდა აიღოს სესხი. მაგრამ ეს სესხი უნდა იყოს დაზღვეული. ამაზე გელაპარაკება ილია ჭავჭავაძე 1983 წელს.  ეს რას ნიშნავს, რომ  ის მაშინ გეუბნება აქ თუ არ შეიქმნა კონკურენტული ბაზარი და ამ პირებს თუ შეეშინდა ბანკის და ბანკის სესხის, ის ვერ იყიდის მიწას. ის დარჩება თვისობრივად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. ეს შეიძლება იყოს ტრაგედია ერთი კონკრეტული ადამიანის, მაგრამ სინამდვილეში ეს იქნება პროცესი, რომელიც ხელს შეუშლის მოდერნიზაციის გეგმას  ანუ ერი უნდა ჩამოყალიბდეს.  ერი არა იმ გაგებით, რომ „ქართველი ერი“ ერქვას. არა, ერი, რომელსაც შეეძლება დააფუძნოს სახელმწიფო.

  1. კითხვა: ლიბერალიზმის გამოწვევები რაც იყო მე-19 საუკუნეში ზუსტად იგივეა ახლა?

გამოწვევები, რა თქმა უნდა, სხვადასხვა იქნება. კაცობრიობა ვითარდება, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი არის და ეს ბევრ სხვა ტიპის გამოწვევებს გვთავაზობს, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თანასწორობაზე, მე-19 საუკუნის 80-იან წლებში თანასწორობა  იყო იმ ჯგუფებს შორის იყო მისაღწევი, რომელზეც დღეს არ სვამენ მთლად აქცენტებს. დღეს მაგალითად არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მაგ. თავადი და გლეხი ერთ სკოლაში სწავლობდნენ . დღეს არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქალი და კაცი ერთ სამსახურში დადიოდნენ. თუმცა, დღეს ქალთა წინაშე არის სხვა გამოწვევები, რომელიც ბუნებრივია მაშინ არ იქნებოდა.

 არის რელიგიურ უმცირესობათა წინააღმდეგ ძალიან სერიოზული პრობლემები. მაგრამ როცა გაჩნდა ეს თემა ქართულ საზოგადოებაში, მაშინ ილიას ჰქონდა ამაზე პასუხი. ვიდრე სამუსლიმო საქართველო არ შემოუერთა რუსეთის იმპერიამ  და ბათუმის ოლქის სახით არ შექმნა, ამ თემაზე არ იყო საუბარი. როგორც კი შეიქმნა, ერთ-ერთი პირველი შინაური მიმოხილვა ილიასი ეძღვნება აჭარა-ქობულეთის თემას. რატომ ? იმიტომ რომ გაჩნდა ახალი გამოწვევა თანასწორობის წინაშე.

ეთნიკური უმცირესობის გაგება ძალიან რთული იყო მაშინ იმიტომ, რომ მაშინ ამოცანა იყო – სახელმწიფოს დამფუძნებელი ერის შექმნა. ეთნონაციონალიზმი არ იყო მთავარი გამოწვევა . ეთნონაციონალიზმი მერე შემოგვეპარა ჩვენ.

იმ პერიოდის სამეცნიერო ან ლიტერატურულ სივრცეებში . მაგ. სექსუალურ უმცირესობათა თემა ქართულ სინამდვილეში მაშინ შეიძლება არ იდგა ისე, როგორც ახლა.  ახალი დისკუსი ევროპულ სინამდვილეში მაშინ ჩნდებოდა. ის უეჭველად აქაც მოაღწევდა და აქავ დაისმებოდა. როცა ილია თანასწორობაზე საუბრობს, საუბრობს საყოველთაო თანასწორობის პრინციპზე. აი, იმ გაგებაზე, როგორც აქვს არისტოტელეს გაცხადებული –  თანასწორს თანასწორად მოვეპყრათ და განსხვავებულს განსხვავებულად.

რა თქმა უნდა, დღეს პირადი სივრცის გაგება ან გამოხატვის თავისუფლების ის სტანდარტები, რომელიც არის, მაგალითად,  ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებში, ამაზე თვის დროზე კანტს არ უფიქრია, მაგრამ მან განსაზღვრა გამოხატვის თავისუფლების სივრცე. ჯონ სტიუარტ მილი საუბრობდა თავისუფლების შესახებ, რაც ფუნდამენტური გაგებაა თავისუფლების. მერე რა თქმა უნდა ვითარდება ეს ყველაფერი. მერე ახალი გამოწვევები ჩნდება. ჩვენ ვსაუბრობთ მიდგომებზე.

რომ ამოვიღოთ გაგება იმისა, თუ ვის უნდა შეეხოს ანტი დისკრიმინაციული კანონი ანუ ვინ არ უნდა იჩაგრებოდეს რაიმე ნიშნით საქართველოში (რაც 2014 წელს მიიღო საქართველოს პარლამენტმა) და გადავიტანოთ ეს კანონი 1982 წელს,  ილია ჭავჭავაძე ხომ ამ პრინციპებს იზიარებდა? შეიძლება რაღაცეები არ ეწერა ილიას მაშინ, მაგრამ დღეს აქამდე მივედით.  ჩვენ ბუკვალურად არ უნდა გავიგოთ ყველა კითხვაზე პასუხი ილიასთან, ილიასთან უნდა გავიგოთ კონცეფცია, იმიტომ რომ მოდერნიზაცია თავისთავად ითხოვს ამას. ეს კონცეპტუალური ხედვაა და იქ რაზე იქნება საუბარი (რომელიმე სოციალურ, ეთნიკურ ჯგუფზე) ეს უკვე არის ინტერპრეტაციის საკითხი.

ილია ჭავჭავაძის კრიტიკული კითხვა, გააზრება და ანალიზი იქნება ჩვენი საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო. ძალიან გამიხარდება თუ ჩვენს სკოლას დაუბრუნდება ილია ისეთი სახით, როგორიც ის რეალურად იყო.  ის არის გასახსნელი წიგნი, ის არ არის გაქვავებული ხატი.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s