მასწავლებლობა, როგორც მოქალაქეობრივი ვალი

teacherავტორი: მარიამ მიხანაშვილი

სწავლა-განათლება რომ მაცოცხლებელი ძალაა ადამიანისთვის, ამას ყოველთვის ვკითხულობდით სკოლის სახელმძღვანელოების ფურცლებზე. სწავლის პერიოდი ის დროა, როცა მოზარდებს ამ ცნების სიღრმისა და მნიშვნელობის გასაგებად დახმარება სჭირდებათ, ეს დახმარება მასწავლებლებმა უნდა გაგვიწიონ. სკოლა არ უნდა იყოს ის დაწესებულება, სადაც ბავშვი მხოლოდ ფორმულებს სწავლობს ან მასწავლებელი უბრალოდ, ანაზღაურებისთვის მუშაობს.

მართალია, საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ „ბავშვს თუ უნდა, მაინც ისწავლის“, მაგრამ პირადი გამოცდილება არ მაძლევს უფლებას ბრმად დავეთანხმო ამ სიტყვების ჭეშმარიტებას. მერვედან მე-11 კლასამდე ქიმია ჩემთვის ყველაზე გაუგებარი და მოსაბეზრებელი საგანი იყო, რეპეტიტორმა კი იმდენად დამაინტერესა, ეროვნულ გამოცდაზე მეოთხე საგნად ავირჩიე. მას შემდეგ, მივხვდი, რომ საუკეთესო შედეგი მოსწავლისა და მასწავლებლის ერთობლივი სურვილითა და მუშაობით მიიღწევა.

მოზარდები დროის დიდ ნაწილს სწორედ სკოლაში ატარებენ და როგორც ილია იტყოდა – „წრე, საცა ბავშვი და მოზარდი სულს იბრუნებს, თავის ბეჭედს ავისას და კარგისას აუცილებლად ზედ დაასვამს ხოლმე“. მართლაც, ადამიანის ჩამოყალიბებაზე უდიდესი გავლენა აქვს ამ დაწესებულებას, იქ შექმნილ გარემოს, მიღებულ ან ვერ მიღებულ ცოდნას. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მასწავლებლებს ფაქტობრივად, მოსეს კვერთხი და დავითის შურდული აქვთ ხელთ. აქ, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება, რომ მათ გოლიათების დამარცხების ან სასწაულების მოხდენის სწავლება ევალებათ, მაგრამ პედაგოგებს ეკისრებათ გაცილებით მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. უმეტესად მათზეა დამოკიდებული სკოლა მხოლოდ განათლების ფასადური სიმბოლო დარჩება თუ გახდება რეალური სივრცე, სადაც ბავშვებს უნერგავენ სწავლის სიყვარულს, აძლევენ მოტივაციას, მაგალითს და სადაც ცოდნის გაზიარება პრიორიტეტად მიიჩნევა.

მასწავლებლები, რომლებიც საგაკვეთილო პროცესში მაქსიმალურად მეტ ინფორმაციას გვაწვდიან (ოღონდ არა შვილებზე, შვილიშვილებზე, მეგობრებსა და ნათესავებზე, არამედ საგანზე) ეროვნულ გმირებად მესახებიან. ისინი იაზრებენ, რა დიდი მნიშვნელობაც აქვს მოზარდთათვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას. იციან, რომ სწორედ მათ ხელში არიან პოტენციური ექიმები, ეკონომისტები, ჟურნალისტები, მწერლები… ანუ, ადამიანები, რომლებმაც ჩვენი მომავალი უნდა შექმნან და სახელმწიფოს განვითარებისთვის იშრომონ.

ხანდახან მგონია, რომ ვაჟას სწორედ იმ ტიპის მასწავლებლებზე უთქვამს „კაცნი ვერ გრძნობენ ზოგჯერა, რა რიგ დიდ ცოდვას სჩადიან“, რომლებსაც ცოდნა აქვთ, „სამსახურშიც“ დადიან, მაგრამ გაკვეთილის ხარისხიანი ჩატარებით მაინც არ იწუხებენ თავს და ბევრი, სიმართლესთან ახლოსმდგარი მიზეზით იმართლებენ თავს. ცხარე დებატების დროს „რა მოგვიტანს განვითარებას“ ლექტორმა ნესტან რატიანმა თქვა, რომ გამოსავალს სკოლებში ხედავს. დაწესებულებებში, სადაც ყველა ადამიანი სიცოცხლის უმნიშვნელოვანეს პერიოდს ატარებს და წესითა და რიგით, ღირსეული ცხოვრებისთვის საჭირო ღირებულებებსა და ცოდნას იძენს. იქ კი, სადაც ზოგიერთს მასწავლებლობა მხოლოდ სამსახურადღა მიაჩნია, ეს იმედიც კვდება.

არადა, თუ სპარტასთვის ახალგაზრდა თაობის აღზრდას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა იმიტომ ჰქონდა, რომ საბერძნეთში პირველხარისხოვანი ქვეითი ლაშქარი ჰყოლოდა, დღეს საქართველოში, ახალგაზრდა თაობის განათლებას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ განვვითარდეთ და ვიყოთ თავისუფლები. ამ საქმეში კი განუზომლად დიდია მასწავლებელთა როლი და მათი მოქალაქეობრივი ვალიც კია ეს მაცოცხლებელი სურვილი გაუღვიძონ მოზარდებს – წყურვილი ცოდნის, რომელიც ეპოქის გათვალისწინებით ცეცხლსა და მახვილზე ეფექტურად დაგვიცავს.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s