კანონი ფარული მოსმენის შესახებ და ყურადღების გაფანტვის სხვა  მეთოდები

confused.jpgავტორი: ანდრია კაკაბაძე

ქართველები რომ „ცოტათი“ ემოციური ხალხი ვართ მაგრამ მთავარი არის ის, თუ როგორ იყენებენ ამ თვისებას ისინი, ვინც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ანუ პოლიტიკოსები, უფრო კონკრეტულად,_პარლამენტარები. გასული ორი თვის მოვლენებს რომ გადავავლოთ თვალი, შევნიშნავთ, რომ ქართული საზოგადოებისთვის, ისევე როგორც პოლიტიკისთვის, საკმაოდ აქტიური და აქტუალური პერიოდი გამოვიარეთ. თითოეულ მოვლენას თან ახლდა შეფასებები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა (სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი პოლიტკორექტულობისაგან დაცლილი ფორმით). ამ ნაწილში განსაკუთრებით საყურადღებოა ის, თუ რას ამბობენ „ძლიერნი ამა ქვეყნისა“, რომელთაც ეს სტატუსი ქართულმა, პოზიტიური საარჩევნო უფლების მქონე, საზოგადოებამ უწყალობა.  ქართული საზოგადოების ემოციურ დამოკიდებულებას რიგი საკითხების მიმართ პოლიტიკური ძალები სათავისოდ იყენებენ. როგორც კი ნათელი გახდება, რომ მოსახლეობა რომელიმე პრობლემის ირგვლივ გაერთიანდა, მეტ-ნაკლებად თანმიმდევრული აზრი ჩამოიყალიბა და მზადაა მწვავე კითხვების დასმა დაიწყოს, სახელმწიფო მას ახალ „სატყუარას“ უგდებს, რითიც მათ ყურადღებას ერთი საკითხიდან მეორესკენ ისე გადაიტანს, რომ პირველი ყოველგვარი განხილვის გარეშე რჩება.

რუსთავი 2-ს გარშემო შექმნილი აურზაური ერთ-ერთი გამორჩეულია ზემოხსენებულ მოვლენებს შორის.  გასაკვირი არაა, თუ ვიტყვით, რომ ხალხი არა თუ მოელოდა, არამედ მოითხოვდა კიდეც ამ საკითხის გარშემო პოლიტიკოსთა შეფასებებს და აი ორი გამორჩეული მათგანიც: „ჩვენ აქამდეც ვაცხადებდით, რომ ეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის დავა და სწორედ ამ ჭრილში გაგრძელდება ეს პროცესი.“  ერთი შეხედვით, მისაღები პოზიციაა, მაგრამ იგრძნობა რომ „მარილი აკლია“, ამიტომ არსებობს მეორე, დამაზუსტებელი, პოზიციაც – „ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსთავი 2 არის მიკერძოებული ტელევიზია, ნაციონალური მოძრაობის ფილიალი, ამიტომაც დაგამარცხებთ“. ეს უკვე საკმაოდ მყარი არგუმენტი და წყალშეუმდგარი პროგნოზია, გასაკვირია თუ რატომ ვერ დააკმაყოფილა საზოგადოების ვნებათაღელვა.

ისევ მასმედიის თემა რომ განვაგრძოთ და წარმოვაჩინოთ ის, თუ როგორ უნისონშია მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა, კიდევ რამდენიმე ციტატას მოვიშველიებ:  „თუ კი პრეზიდენტი ამბობს, რომ მედიაომბუდსმენი უნდა შეიქმნას, მე ვამბობ, რომ ამის საჭიროება ნამდვილად არ არის“ აქ იმთავითვე იბადება ორი კითხვა იმის შესახებ თუ რატომ არ არის საჭირო ამგვარი აპარატის შექმნა: 1) იმიტომ, რომ ეს ინიციატივა პრეზიდენტს ეკუთვნის, თუ 2) იმიტომ, რომ ამის საჭიროება უბრალოდ არ დგას და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოს წინააღდეგ მოქმედ ინდივიდებს ანაღვლებთ? მაგრამ მთავარი ჯერ კიდევ წინ არის, მას შემდეგ რაც ზემოაღნიშნული ციტატის ავტორმა ცვლილების ინიციატორის ვინაობა გაიგო, ანერვიულებულმა, შუბლზე ხელი იკრა: „პრეზიდენტის განცხადებაზე, ომბუდსმენის საკითხზე არ ვგულისხმობდიო“ „თუ კი მედიის თემასთან დაკავშირებით, დროებითი, მუდმივი გუნდი შეიქმნება, რომელიც რეალურ სურათს დახატავს… არ იქნება ურიგოო“.

ეს თემა დროებით ამ ეტაპზე დავხუროთ, რადგან თავის თავში იგი მეორე, არანაკლებ, აქტუალურ პრობლემას წამოჭრის, კერძოდ, ინსტიტუციათა და სახელმწიფო დანაწილების შტოთა შორის უთანხმოებას, რის შესახებაც ასევე არსებობს საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების უდრეკი და ქედმოუხრელი პოზიცია „როდესაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში საპარლამენტო მმართველობა უნდა გაძლიერდეს, მეტი უფლებები უნდა მიეცეს პარლამენტს, მათ შორის, პრეზიდენტის არჩევის უფლებაც.“ საინტერესოა, კიდევ რამდენი უფლებისა და მოვალეობის დატევა შეუძლია საკუთარ თავში ამ 150 ადამიანს, რომელიც „სამწუხაროდ“, სულ რაღაც 4 წლით არის არჩეული და ჩვენდა „საუბედუროდ კიდევ უფრო მეტ ტვირთს ვერ მოგვხსნის კისრიდან და თავად ვერ აიკიდებს.

ქართველი ერის ემოციურობა მხოლოდ სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე საუბრის დროს არ უახლოვდება დუღილის წერტილს, მეტიც, რელიგია სწორედ ის საკითხია, როდესაც ჩვენი მოსახლეობა განსაკუთრებულ მღელვარებას ავლენს და ეს ყველაფერი განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს ქვეყნის სახელისუფლებო ძალებისაგან. პატრიარქის ჯანმრთელობა და ავადსახსენებელი ციანიდის საქმე ერთდროულად კი ყელში გაჩხერილი ძვალი აღმოჩნდა მმართველი ჯგუფისთვის.   „ჩვენ, ყველამ უდიდესი უბედურება ავიცილეთ თავიდან. აღკვეთილია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაული – ეკლესიის წინააღმდეგ ვერაგული თავდასხმა“  აქ არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია კვირიკაშვილის ხელიდან ზურგს უკან, წიქარასავით, გადაგდებული სავარცხელი გახდა „დაწყევლილი“ პროკურატურისათვის. 

და ბოლოს, „გემრიელ ლუკმად“ შემონახული  ძველი ამბავი_ფარული მიყურადება. კარგი დავუშვათ და შეეჩვია ხალხი იმას რომ მობილურ ტელეფონზე საუბრისას მესამე პირის სუნთქვა და სანთებელის ანთების ხმა ესმის, იმას რაღა ვუშველოთ, რომ „კანონპროექტის მიხედვით (საუბარია ფარული მოსმენის შესახებ, იმ დროისათვის ჯერ კიდევ განხილვის პროცესში მყოფ, კანონპროექტზე), ახალი უწყება შექმნის შემთხვევაში მის სათანადო ტექნიკური ბაზით აღჭურვაზე, შენობისა და პერსონალის შენახვაზე მხოლოდ 2018 წელს 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.“

1998 წელს, ლუკ ბესონის მიერ გადაღებულ კომედიაში „ტაქსი“ ერთი საინტერესო ეპიზოდია, სადაც მარსელის პოლიციაში მომუშავე გერმანელი ოფიცერი ფრანგ კოლეგას უხსნის, თუ როგორ ახერხებენ მძარცველები მათი ყურადღების გადატანას მანქანის ფერის შეცვლით ერთი წერტილიდან მეორეზე. სწორედ ასეა ჩვენ შემთხვევაშიც, ის, ვის ხელშიც არის „ფერები“, აკონტროლებს საზოგადოების ყურადღებას. მინდოდა ჩემი ნაწერი იმის საილუსტრაციოდ გამომეყენებინა, თუ როგორ შეიძლება მწვავე თემებით საზოგადოების ყურადღებაზე მანიპულირება. ასე ხდება როდესაც ჩვენივე ხელდასმულნი უხარისხო ნაცრით გვივსებენ თვალებს.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s