მოწევა კლავს?!

Smokeავტორი: გიორგი მდივანი    
თავიდანვე ვიტყვი,რომ სათაურში აღნიშნული კითხვის ნიშანი, არ გულისხმობს თამბაქოს მოხმარების რაიმე სახის პროპაგანდას ან მის დადებით კონტექსტში მოხსეინებას. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით,თუ რაოდენ საზიანოა ჩვენი ორგანიზმისთვის მისი როგორც აქტიური, ისე პასიური მოხმარება.  მიუხედავად ამისა სადღაც მაინც გვრჩება ერთი მაგრამ, რომელიც გვიბიძგებს არ ვიყოთ ზედაპირულები და თუნდაც მსგავს მავნებლობებს შორის უფრო დიდი მავნებლობა აღმოვაჩინოთ, ანუ განვასხვავოთ ბოროტი კიდევ უფრო ბოროტისგან. ამ სამყაროში ყველაფერი შედარებითია და ადამიანებს გვაქვს საშუალება გავავლოთ პარალელები, ვიფიქროთ, შევაფასოთ, გამოვიტანოთ დასკვნები.  დღევანდელ პოსტში მსურს მოკლედ შევეხო თამბაქოს კონტროლის შესახებს კანონმდებლობაში, რომელიც პარლამენტმა 85 ხმით დაამტკიცა.

 კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს მოწევის აკრძალვას ყველა შენობაში, გარდა საცხოვრებელი სახლისა და პენიტენციალური დაწესებულებებისა. კანონპროექტის მხარდამჭერთა აზრით იგი დაიცავს არამწეველთა ჯანმრთელობის უფლებას და უზრუნველყოფს თამბაქოს პოპულარობის შემცირებას.

ცვლილებათა პაკეტმა, რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მწეველთა და არამწეველთა უფლების უპირატესობაზე. თუმცა, ეს მოსალოდნელიც გახლდათ ყველა ის რეფორმა თუ ცვლილება, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილს ეხება ყველასთვის ვერ იქნება მისაღები და სამართლიანი, ყველა მათგანს გამოუჩნდებიან მხარდამჭერები და დამპირისპირებლები და ეს გასაგებიცაა. მაგრამ მნიშვნელოვანია პოლიტიკური დღის წესრიგი. რის მიხედვით ირჩევენ საზოგადოების მიერ ნდობით აღჭურვილი პირები თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა კონკრეტულ მოცემულობაში? ბუნებრივია ზემოთ აღნიშნული კანონპროექტი ერთგვარ მზრუნველობას წააგავს სახელმწიფოს მხრიდან მის მოქალაქეებზე, უფრო სწორად მოქალაქეთა იმ ნაწილზე, რომლებიც თავისებურ „ჩაგვრას“ განიცდიან მეორე ნაწილის მხრიდან.

კანონპროექტში არ იყო საუბარი შესაბამის სივრცეებზე, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას გამოყოფილი კაფეებში ბარებსა თუ ღამის კლუბებში მწეველებისთვის, სახელმწიფო კეთილი მიზნებით უწესებს რეგულაციებს კერძო სექტორს და ზღუდავს მათ, თუმცა, არც იმდენად, რომ გაითვალისწინოს მწველთა უფლებებიც, შექმნას მათთვის კომფორტული სივრცე.  ესეც შეიძლება  არ იყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, როცა საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება. სწორედ ამიტომ ვახსენე ზემოთ პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც უნდა დგებოდეს სწორედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხებისგან და უნდა გამოხატავდეს არა საზოგადოების ერთი კონკრეტული ჯგუფის, არამედ მისი ყველა სეგმენტის ინტერესს, მით უფრო მაშინ, როდესაც სახელმწიფო მეტ-ნაკლებად იტვირთავს „ძიძის“ ფუნქციებს, როდესაც ცდილობს გამოასწოროს ადამიანური გარემო და გახადოს იგი ჯანსაღი. ამ დროს მე მიჩნდება ერთი კითხვა, რომელიც უკვე სხვა პრობლემისკენ თავისდაუნებურად წაგვიყვანს, რატომ არ დადგა არცერთი ხელისუფლების პოლიტიკურ დღის წესრიგში პირველ ადგილზე ჰაერის დაბინძურების პრობლემა? თუკი თამბაქოს მოხმარების თვალსაზრისით საზოგადოება აქტიურ და პასიურ ფენებად იყოფა, ამ შემთხვევაში ჩვენ  „ვერთიანდებით“ და ბუნებრივად ვხდებით აქტიური „მომხმარებელი“ გამონაბოლქვისა, რომელიც თავისი მაშტაბებით გაცილებით უფრო დიდი საშიშროებაა ყველა ასაკის ადამიანისთვის.

საქართველო იმ ქვეყნების სათავეშია, სადაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IEA)-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბულგარეთთან ერთად ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ევროპის მაშტაბით. ამასვე გვეუბნება გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემები. მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს. ქვეყანაში და განსაკუთრებით დედაქალაქში მოძრაობა გადატვირთულია, არ არსებობს გამართული მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემა ( მაგალითად მეტრო, რომელიც ქალაქის ნახევარსაც კი ვერ მოიცავს). არ ხდება მანქანების ტექნიკური დათვალიერება, მათი წლოვანებაც ხშირ შემთხვევაში ხელს უწყობს ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფას. ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ, რადგან ისედაც საკმაოდ ხშირია გარემოს დაბინძურების რისკებზე განხილვები და საუბრები, თუმცა ამაოდ ველით ეფექტურ რეაგირებას ამა თუ იმ ხელისუფლებისგან. ბევრის აზრით, ამის განხორციელება რთულია და დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამასთან ერთად ყველა ხელისუფლება ერიდება ისეთი ნაბიჯის გადადგმას , რომელიც არაპოპულარული იქნება და გამოიწვევს დიდ უკმაყოფილებას (ტექ-დათვალიერება, ავტომობილებზე კატალიზატორების აუცილებელი არსებობა), შესაბამისად ჩვენ ვიღებთ კანონპროექტებს , რომლებიც გვიკრძალავენ მოწევას საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, ეს რა თქმა უნდა, კარგია, თანაც მარტივი გზა ადამიანთა დასარწმუნებლად სახელმწიფოს მზრუნველობაში, მაგრამ თუ დეტალურად გადავხედავთ რა მდგომარეობაში არიან დიდი ქალაქები, თუ გავაცნობიერებთ რამხელა საშიშროების წინაშე ვდგავართ, როდესაც უბრალოდ ქალაქის ქუჩებში ვმოძრაობთ და ვსუნთქავთ ჰაერს, რომელიც დაბინძურების კონცენტრაცია რამდენიმეჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას, ბუნებრივად დაგვებადება კითხვა, მავნებლობებს შორის რომელი უფრო დიდი მავნებლობაა?

რასაკვირველია ვერცერთი სახელმწიფო  ვერ მოახერხებს გაუმკლავდეს ყველა პრობლემას ერთდროულად, მაგრამ პრიორიტეტების სწორი დალაგება ჩვენთვის ისევ და ისევ გადაუჭრელი ამოცანაა.

 

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s