ერთმანეთის “გატანა” ვიცით

Captureავტორი: თეონა კაპანაძე

ბოლო თვეა უკვე ყოველდღე თუ არა დღეგამოშვებით მაინც  ვიგებთ შემზარავი ფაქტის შესახებ, როგორ მოხდა ავარია, როგორ შეიწირა ამ ფაქტმა ადამიანის სიცოცხლე და როგორ დასრულდა კიდევ ერთი ოჯახის ცხოვრება. ჩვენ, ადამიანები, რომლებსაც არავითარი შეხება არ გვქონია მათთან, რამდენიმე  დღე განვიცდით, დიდი გულისტკივილით ვუყვებით ჩვენ მეგობრებს ამ ფაქტის შესახებ და შემდეგ, დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი მიგვავიწყდება,  გავაგრძელებთ ისე ცხოვრებას თითქოს არც არაფერი  მომხდარა, მაგრამ რა უნდა ქნან იმ ადამიანებმა, ვისაც შვილი მოუკვდათ? ვინც დაკარგა მეუღლე, მეგობარი, ნათესავი? როგორ შეიძლება მათ ეს ყველაფერი ავუხსნათ? რომ ნასვამმა მძღოლმა, გაუმართავმა სისტემამ, მძღოლის გაუფრთხილებლობამ ან სხვა ფაქტორმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

როცა ასეთი საშინელი ფაქტები ხდება სისტემატიურად, ალბათ, ლოგიკურია დაისვას კითხვა სადაა პრობლემა? რას ვერ აკონტროლებს სახელმწიფო? უამრავი მოსაზრება არსებობს, რომ მთავარია მძღოლებს გაუჩნდეთ შიშის გრძნობა კანონის მიმართ და ეს პრობლემა გადაიჭრება, თურმე ჯარიმების გაზრდა ყველაფერს უშველის და ასე შემდეგ, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ, არის რაღაცები რის დარეგულირებაც მხოლოდ ამით ვერ მოხერხდება.

ჩემი აზრით, პირველი, რაც ამ ქვეყანაში უნდა შეიცვალოს, არის ფეხით მოსიარულეებისთვის მეტი კომფორტის შექმნა, თუ შეიძლება ასე ეწოდოს მას. კომფორტში ვგულისხმობ იმას, რომ მაშინ, როცა არსებობს ისეთი მიწისქვეშა თუ მიწისზედა გადასასვლელები, რომელთა უმრავლესობა ჩვეულებრივ სარდაფებს ან მიტოვებულ ადგილებს მოგვაგონებს, მაშინ, როცა „ზებრა“ გადასასვლელები კილომეტრების დაშორებითაა ერთმანეთისგან, ფეხით მოსიარულეებს არ მოუნდებათ ისარგებლონ ამ საშუალებებით და ისევ გარისკავენ გადაჭრან  გზა იქ, სადაც დიდი საშიშროება ექმნება მათ სიცოცხლეს.

მეორე, რა თქმა უნდა, არის  მძღოლების მიმართ მეტი სიმკაცრის გამოჩენა, მეტი კონტროლი, რომ ვერავინ გაბედოს გაიაროს წითელზე ან დაჯდეს საჭესთან ნასვამი. აქ არ იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ ჯარიმის გაზრდა, რადგანაც მას ვისაც მაღალი შემოსავალი აქვს, ეს ფაქტორი ვერ შეაკავებს.

მესამე, რაც ყველაზე პრობლემურია, ესაა მართვის მოწმობის აღება საოცრად სწრაფად. თეორიული ნაწილი, რომელიც შეგიძლია დაიზეპირო და ასევე პრაქტიკულიც, რომელიც მხოლოდ გარკვეულ მეხსიერებას მოითხოვს შენგან, თუ როგორ უნდა დააყენო მანქანა იმ კონკრეტულ მონაკვეთში სწორად და ასე შემდეგ, ფაქტობრივად სრულიად უცოდინარმა ადამიანმა ერთ  თვეში შეიძლება აიღოს მართვის მოწმობა და სწორედ აქ იწყება მთავარი პრობლემა, როცა უკვე მძღოლი გადის რეალურ  სივრცეში იმ ცოდნის გარეშე, რაც აუცილებლია მანქანის სამართავად. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მთლიანად სისტემა არის შესაცვლელი და განსაახლებელი. სხვა შემთხვევაში ამ პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდება.

მეოთხე და ყველაზე მნიშვნელოვანი კი ადამიანებში თვითშეგნების და ცნობიერების ამაღლებაა, ეს ეხება, როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ასევე მძღოლებს. ყველას უნდა ჰქონდეს გააზრებული, რა საფრთხე შეიძლება შევუქმნათ ერთმანეთს, თუნდაც  ჩვენი ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯით.

ადამიანები ზედმეტად თავდაჯერებული ვართ, სულ გვგონია, ჩვენ არასდროს არაფერი არ შეგვემთხვევა, ჩვენი გამოცდილება და ცოდნა ყველაფერს შეგვაძლებინებს,  არაუშავს თუ ნასვამი ვმართავთ მანქანას, ანდა იქ, სადაც დასახლებული ადგილია და ხალხი მუდმივად მოძრაობს, გადაჭარბებული სიჩქარით ვივლით და ასე შემდეგ, რადგანაც ჩვენ ყველაფერს მარტივად გავუმკლავდებით, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ასე არ ხდება, ამას კი  ნათლად აჩვენებს დღევანდელი სიტუაცია .

არ შეიძლება ,ქვეყანაში, სადაც საგზაო შემთხვევების შედეგად წელიწადში 600 ადამიანი იღუპება და 9000 -ზე მეტი მძიმე ტრავმას იღებს, ასეთი უმოქმედობა იყოს ამ ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემის მიმართ.

სწორედ ამ უმოქმედობის გამო იღუპებიან ადამიანები. დაუსჯელობის სინდრომი არის ის, რაც იწვევს მძღოლების კიდევ უფრო მეტად წახალისებას. ვფიქრობ, ამ საკითხის ანუ საგზაო სიკვდილიანობის შემცირებაში თავისი უზარმაზარი წვლილი სამოქალაქო სექტორმაც უნდა შეიტანოს, მათ უნდა დაანახონ საზოგადოებას, ამ პრობლემის სიმწვავე.

და ბოლოს, ყველა უნდა გავუფრთხილდეთ, როგორ საკუთარ ასევე სხვის  სიცოცხლეს-ყველაზე ღირებულ და მნიშვნელოვან განძს.

One thought on “ერთმანეთის “გატანა” ვიცით

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s