გარევაჭრობა – უფლება თუ სახელმწიფო ვალდებულება?!

ავტორი: ანდრია კაკაბაძე

საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 30, 1-ელი პუნქტი: „შრომა თავისუფალია.“
 მე-2 პუნქტის 1-ელი წინადადება: „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.“

საბჭოთა კავშირისაგან განსხვავებით, თანამედროვე, დამოუკიდებელ საქართველოში შრომა უფლებაა და არა ვალდებულება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არავის აქვს უფლება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი საკუთარი შეხედულების მიხედვით „დაასაქმოს“ იქ, სადაც მოესურვება. შესაბამისად ნებისმიერ ადამიანს თავისუფლად შეუძლია იყოს უ-საქმური და არ დაღვაროს ოფლი საერთო სიკეთის შექმნისათვის. შრომის სავალდებულო ხასიათის პირობებში კი, არა მხოლოდ სახელმწიფოს შეეძლო თქვენი ფიზიკური თუ გონებრივი რესურსის საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოყენება, არამედ თქვენც შეგეძლოთ იძულების წესით მოგეთხოვათ სახელმწიფოსგან თქვენთვის სამუშაო ადგილი გამოენახა.

ზემოხსენებული კონსტიტუციის პრეამბულაში მონატრებული თავისუფლების სულისკვეთებით გაჟღერებულია  დემოკრატიული, ეკონომიკურად დამოუკიდებელი და სოციალური სახელმწიფოს აღმშენებლობის იდეა. ჩემი აზრით, სწორედ ამ სიტყვებიდან ერთ-ერთის, კერძოდ, „სოციალურის“ არასწორი ინტერპრეტაცია, რადგან გაიგივებულია სოციალისტურთან, განაპირობებს შემდგომში მცდარ მოლოდინებს და წინააღმდეგობაში მოდის დანარჩენ ორ კრიტერიუმთან.  შესაბამისად, თუ გადავწყვიტეთ უარი გვეთქვა შემდეგ ფრაზებზე: „ყველაფერი თავზე საყრელად იყო“, „მუშაობდი, კაცო, აბა ისე ვინ გაგაჩერებდა?!“ „მაშინ იყო ცხოვრება თუ იყო!“ „ხორცი კაპიკები ღირდა და თან მერე რა ხორცი, აფსუს!“ იმასაც უნდა შევეჩვიოთ, რომ სახელმწიფო არც არქიფოა და არც „მეწველი ძროხა“, არამედ საზოგადოების მიერ შექმნილი და მისივე ხელში, წესით, ჩაბღუჯული ინსტრუმენტია.

 როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოსგან ჯანსაღი კონკურენციისათვის ხელის შეწყობაზე წამით ამაზეც დავფიქრდეთ – რომელ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას უნდა მიაღწიოს რიგითმა მოვაჭრემ, რომელიც თვიდან თვემდე გარდა მაღაზიის ქირისა, ასევე იხდის ბანკის ვალს, რომელიც პროდუქციის შესაძენად გამოიტანა და პლუს ამას დაუმატეთ მისი მთავარი „კონკურენტი“, მისი მაღაზიის კარიდან რამდენიმე მეტრში, ტროტუარზე სახელდახელოდ „დაცემული კარავი“, რომლის მეპატრონეც არავითარ სახელმწიფოებრივ გადასახადს არ იხდის, პოტენციურ კლიენტსაც ურთულებს მაღაზიის დანახვას და ტროტუარზე მოსიარულეთათვისაც დამატებით ბარიერია.

საქმე კიდევ უფრო რთულად არის, მაშინ, თუ ამ დახლებზე რძის პროდუქტები ან სხვა მალფუჭებადი პროდუქციაა გამოფენილი. ასეთ დროს ძირითადად ორი პრობლემა იჩენს თავს –

  1. პროდუქციის კონტროლის არარსებობა. დაწყებული შენახვის ვადიდან, დასრულებული შემადგენლობით, ყველაფრის შემოწმება კლიენტის გემოს რეცეპტორებზე და გამყიდველის ფიცზეა დამიკიდებული. ქართულმა გარევაჭრობამ ერთი მარტივი მიდგომა გამოკვეთა არსებობის არც თუ ისე ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში: ვინც უფრო დამაჯერებლად „ამოიწყვეტს“ ყველას და ყველაფერს, მისი პროდუქციაც უფრო სანდოა. მწვანილების და ხილ-ბოსტნის შემთხვევაში ამ პრობლემას ქვეპრობლემაც ახლავს თან – ანტისანიტარია. თბილისის მასშტაბით დასაქმებული მეეზოვეების ყველა ცვლის ერთდროულად მობილიზება არ ეყოფა ქალაქის რამდენიმე წერტილის დასუფთავებას იმ ნარჩენებისგან, რომელიც ყოველდღიურად იყრის თავს წარმატებული თუ წარუმატებელი გარევაჭრობის პირობებში.

 2 თუ აღმოაჩინეთ, რომ წონაში მოგატყუეს, სულგუნის მაგიერ იმერული ყველი შემოგაპარეს ან თქვენი შეძენილი ვაშლი ჭიებსა და მატლებს უკვე დაეგემოვნებინათ, საკუთარ თავზე მოგიწევთ გაბრაზება, თუ გამბედაობა გეყოფათ და უკან დაბრუნდებით სამართლიანობის აღდგენის მცდელობით, მაშინ ისიც უნდა იცოდეთ, რომ დიდი ალბათობით დახლების ზღვაში იმ „ერთადერთს“ ვეღარასოდეს მიაგნებთ, ხოლო თუ იყოჩაღეთ და მიაგენით, სანდომიანი ღიმილით გეტყვიან, რომ დღეს საერთოდ არ გაუყიდიათ მსგავსი პროდუქცია, მაგრამ თუ გსურთ, მეორე დღეს თქვენთვის ჩამოიტანენ საკუთარი ბაღიდან, ან გულახდილად გეტყვიან რომ წონაში მოტყუება მათი შემოსავლის ერთადერთი საშუალებაა. ორივე შემთხვევაში მანდ უნდა გაჩერდეთ და მეტად აღარ გააგრძელოთ დავა, წინააღდეგ შემთხვევაში კოლეგიალური სოლიდარობის რისხვა დაგატყდებათ თავს, რასაც გამვლელთა გაოცებული მზერა და ლოყაზე თანაგრძნობის გამომხატველად მიდებული ხელი უფრო აუტანელს გახდის.

ახლა კი ყველაზე მთავარი: სახელმწიფო პოზიცია და მორალური გამართლება. პირველ შემთხვევაში, ჩემთვის, სრულიად გაუგებარია, რაში სჭირდება სახელმწიფოს იმის თქმა, რომ გარევაჭრობა ამახინჯებს ქალაქის ვიზუალს მაშინ, როდესაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1536 მუხლი ფულად ჯარიმასთან ერთად, ქონების კონფისკაციასაც ითვალისწინებს ნებართვის გარეშე გარემოვაჭრეთა წინააღმდეგ. ხოლო მორალურ გამართლებას რაც შეეხება და პოზიციას, თითქოს იმ ადამიანებს სხვა გზა არ აქვთ და ლუკმა-პურის გარეშე დარჩენას გარევაჭრობით ებრძვიან, უნდა მოგახსენოთ, რომ არც წონაში მოტყუებაა მაინც და მაინც მორალურობის ეტალონი და არც იმერული ყველის ნაჭრის შეფუთვა სულგუნის „ქაღალდით“.  და თუ 1995 წლის კონსტიტუცია მართლაც სახალხო შეთანხმების საფუძველზე მივიღეთ, მაშინ კეთილი ვინებოთ და დავიცვათ ის, რაც შიგნით ჩავწერეთ, ხოლო თუ სახელმწიფოს მიმართ გვაქვს პრეტენზიები, მაშინ არჩევნების დღეს სახალხო დასვენების დღედ ნუ ვაქცევთ. სხვა ყველაფერზე პასუხი უკვე ჩვენსავე ქმედებებში უნდა ვეძებოთ!

#ვიკითხოთკანონი

#უფროგულდასმითვიკითხოთკანონი!

IMG_7252

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s