ჩვენ, მოქალაქენი… ჩვენ, სახელმწიფო

ავტორი: მარიამ გაბრიჩიძე

რამდენიმე დღის წინ ადამიანის უფლებების სამართლის ლექტორმა გვირჩია გვენახა ფილმი „მე, დენიელ ბლეიქი“. ფილმის მსვლელობისას ყველაზე მეტად ერთი ფრაზა დამამახსოვრდა – „ის სახელმწიფომ მოკლა“. ამ ფილმის შემდეგ კიდევ უფრო დავფიქრდი სოციალურ უფლებებზე. აი, ისინი, ვინც სახელმწიფოს შემწეობის იმედადაა, არც ქურდია, არც „მათხოვარი“, მათ უბრალოდ ყველანაირი იმედი დაკარგეს და აღარ იციან რა გააკეთონ.

ჩვენ   ხშირად ვამბობთ, რომ „სახელმწიფო ჩვენ ვართ“,  არავინ სხვა და ჩვენ შეგვიძლია ქვეყნის მართვა ,მაგრამ გვავიწყდება, რომ ქუჩაში უამრავი ადამიანი ცხოვრობს, უამრავ ადამიანს არც კი აქვს საცხოვრებელი ადგილი და არსად  არის რეგისტრირებული, შესაბამისად არც პირადობის მოწმობა აქვთ და არც არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მერე გვიკვირს, რატომ არის უმრავლესობა პასიური, რატომ არ დადიან არჩევნებზე, რატომ არ არიან ჩართულები, რატომ არ აპროტესტებენ და რატომ, რატომ, რატომ… მიზეზი მარტივია, ამ ადამიანებს არანაირი განცდა არ აქვთ, რომ სახელმწიფოს ნაწილები არიან. უმრავლესობა არ თვლის, რომ სახელმწიფო თავად არის. ზოგი ვერ ამბობს სათქმელს მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობისთვის იბრძვის და ცდილობს, ის 2 ლუკმა მაინც შერჩეს სახელმწიფოსგან და ისიც არ წაერთვას ან კიდევ, უკვე იმდენად გაუბედურებულია, რომ თქმაც ეზარება.

ბათუმში მომხდარი ამბები უმრავლესობამ ერთნაირად აღიქვა. ამ ამბავს პოლიტიკური სარჩული მიეკერა და ყველამ შეაფასა, როგორც პოლიტიკურად ანგაჟირებული, ანარქისტი „ბრბოს“ პროტესტი. არ ამბობენ არაფერს იმაზე, რომ როგორი გამოხატვაც ჰქონდა ამ პროტესტს, დიახ, ის სრულიად მიუღებელი და ბარბაროსული იყო. თუმცა… იქნებ იქიდან დაგვეწყო, რომ ბათუმი,ისევე როგორც სხვა ნებისმიერი  ადგილი, ორმაგი ქალაქია. აქეთ ვხედავთ ტურისტებისთვის საყვარელ,მარტივად მისაზიდ ქალაქს, ბევრი ინფრასტრუქტურითა და ბევრი კაფე–ბარით. მეორე მხარეს კი გარეუბნებს, რომლებშიც ხალხი ზაფხულის  სეზონზეც კი ვერ შოულობს ვერაფერს. ერთ–ერთი ბრალდებული, როგორც წავიკითხე, 17 წლის ბიჭია, რომელსაც არასოდეს მიუღია სასკოლო განათლება. ზოგადად, ყოველთვის უფრო მარტივია განსჯა, ვიდრე სხვის კანში ჩაძრომა და მისი თვალით დანახვა ნებისმიერი საკითხის. მახსოვს 12 მარტს  ხალხი როგორ მოქმედებდა ბათუმის ქუჩებში, ეს პროტესტის უკიდურესი ფორმა იყო. მახსოვს ისიც, როგორ დაიღუპა საქართველოში პატარა ბავშვი შიმშილისაგან, ეს ბავშვიც სახელმწიფომ მოკლა, როგორც დენიელ ბლეიქი. ასე იხოცება კიდევ ბევრი ადამიანი, რომელთა ვინაობაც არ ვიცით და არც ის ვიცით, როდის გახდება მათი ამბები ცნობილი ან საერთოდ გახდება თუ არა. მხოლოდ ის ვიცით, რომ სოციალური უფლებები, სახელმწიფოს „ხარჯად აწევს“. ამ დროს ისიც გვავიწყდება, რომ რაც უფრო ნაკლებია შანსი იმისა, რომ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა ისწავლოს სრულიად უფასოდ, მით უფრო ნაკლებია შანსი ვიცხოვროთ პოლიტიკურად აქტიურ საზოგადოებაში, მით უფრო ნაკლებია შანსი იმისა, რომ დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდოს და მით უფრო ნაკლებია შანსი იმისა, რომ შიმშილით ხალხი აღარ იხოცებოდეს. ზოგადად, როცა ადამიანმა არ იცის მისი უფლებების, მოვალეობების, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შესახებ, ის ვერ ჩაერთვება ვერანაირ აქტივობაში და სანამ ადამიანების დიდი ნაწილი დღეს მხოლოდ გადახურული სივრცისთვის და  არსებობისთვის იბრძვის, იქამდე არ უნდა ველოდეთ მათი მხრიდან მხარდაჭერას, ერთიანობის განცდასა და უბრალოდ ფუნდამენტური ცვლილებებისკენ სწრაფვას.

და მაინც, სახელმწიფო ჩვენ ვართ, მე, შენ და ნებისმიერი სხვა. ისიც, ვინც ახლა ქუჩაში ათენებს, ისიც, ვისაც წასასვლელი არსად აქვს და არ იცის საჭმელი როგორ მოიპოვოს, როგორ გაძლოს ისე, რომ შიმშილისგან არ მოკვდეს, ერთი დღე მაინც. დენიელ ბლეიქიც სახელმწიფო იყო. ხოდა, ყველაზე დიდი ტრაგედია ზუსტადაც ისაა, რომ სახელმწიფო კლავს თავის თავს,თავისი მოქალაქეების სიკვდილით და ამას დღემდე ვერ იაზრებს,დღემდე ვერ ვიაზრებთ.

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s