პატივისცემა – რელიგიური მრავალფეროვნების საფუძველი

new-atheism-2ავტორი: გვანცა ცუხიშვილი

რწმენის თავისუფლება განვითარებული და სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა. პიროვნების თავისუფალი ნებაა აირჩიოს ესა თუ ის რელიგია ან უარი თქვას მასზე. უფრო მეტიც, რომ რელიგია ადამიანის პირადი სივრცის ნაწილია. იგი ადამიანის პიროვნული განვითარების საყრდენს წარმოადგენს და განსაზღვრავს სახელმწიფოს დემოკრატიულობის ხარისხს, რადგანაც რელიგიური პლურალიზმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გამომდინარე აქედან, რწმენის თავისუფლება ყველას ავალდებულებს საკუთარი თავისუფლება შეზღუდოს სხვათა ასეთივე თავისუფლების რეალიზაციისათვის.  სხვათა კანონიერი ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა ერთნაირად არის გამოწვევას სახელმწიფოს, ადამიანების და მთლიანად საზოგადოებისთვის.

საქართველოში მარტივი შესამჩნევია მკვეთრად გამოხატული, სარკაზმით განმსჭვალული დამოკიდებულება რელიგიისადმი. ამასთანავე,  ჩასაფრებული პოზიციები ამა თუ იმ სასულიერო პირის უღირსი საქციელის გამოსააშკარავებლად, რაც საბოლოო ჯამში რელიგიის ,,ხარვეზად’’ განიხილება. ცხადია, სასულიერო პირობა კრიტიკისაგან არ ათავისუფლებს, უფრო მეტიც, საზოგადოებას აინტერესებს და უნდა აინტერესებდეს სად მიდის სახელმწიფო დაფინანსება, რას ახმარენ რელიგიური ორგანიზაციები ამ თანხას, სკოლებს, ბაღებს, სემინარებს თუ რაიმე სხვას. ჩვენ ვაკრიტიკებთ თანამდებობის პირებს, რაც ერთგვარი კონტროლის მექანიზმი და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების ერთ-ერთი წინაპირობაა. თუმცა, ის ფაქტი, რომ საზოგადოება კონკრეტულ ხელისუფალს უღირსად მიიჩნევს, არ შეიძლება ქვეყნისადმი სიძულვილის საფუძველი გახდეს. ვფიქრობ, მარტივია პარალელი გავავლოთ რელიგიისადმი დამოკიდებულებასთან. ჩემთვის ყველაზე მიუღებელი და ,,მოდას აყოლილი” მოსაზრება მორწმუნე და განათლებული საზოგადოების დაყოფაა იმგვარად, თითქოს მათ შორის საერთო არ არსებობდეს. ხშირად, სწორედ განათლებული ადამიანები ცდილობენ, უარყოფით კონტექსტში განიხილონ რელიგია. მათთვის რელიგია გაუნათლებლობასთან ასოცირდება. ცხადია, ეს მათი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ექცევა, თუმცა შედეგად მსგავს მოსაზრებებს აიტაცებენ ხოლმე ის ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ ჩამოუყალიბებიათ საკუთარი აზრი, არ გააჩნიათ ინფორმაცია კონკრეტული საკითხის ირგვლივ და ექცევიან ,,ჭკვიანური აზრების” გავლენის ქვეშ. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ დღესდღეობით რელიგიის ირონიზება ,,კაი ტიპობად” და თანამედროვეობის ნაწილად ითვლება.

ეკლესიის კრიტიკის პარალელურად, ხშირად გვავიწყდება, თუ რა როლს ასრულებს და რა როლი შეასრულა მან კაცობრიობის განვითარების ისტორიაში. მაგალითისათვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ ამხილა ბოლშევიკების ბარბაროსობა 1922 წელს  გენუის კონფერენციაზე.  იმდროისათვის ბოლშევიკი აქტივისტები ეკლესია-მონასტრებიდან დაურიდებლად ეზიდებოდნენ საეკლესიო ქონებას, ანადგურებდნენ ხატებსა და საღვთისმსახურო წიგნებს. კათოლიკოსი მოითხოვდა საქართველოდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანას. ასევე, 1940 წელს ჟურნალმა Time-მა გამოაქვეყნა ალბერტ აინშტაინის ციტატა, სადაც იგი აქებდა კათოლიკურ ეკლესიას ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მისი როლისთვის ,, მხოლოდ ეკლესია იყო ჰიტლერის პროპაგანდის კატეგორიული წინააღმდეგი. მე არასდროს მქონია განსაკუთრებული ინტერესი ეკლესიის მიმართ, თუმცა ახლა მე ვგრძნობ დიდ სიყვარულს და აღტაცებას, რადგანაც ეკლესიას მარტოსაც კი ჰქონდა სიმამაცე და შეუპოვრობა მდგარიყო გონივრულ ჭეშმარიტებაზე და ზნეობრივ თავისუფლებაზე. იძულებული ვარ ვაღიარო, რომ იმას, რასაც მე ერთ დღეს აბუჩად ვიგდებდი, დღეს უპირობოდ ვაქებ.’’ ამ ორი მაგალითითაც კი შეგვიძლია დავინახოთ ეკლესიის მიერ ჰუმანური და ადამიანის ღირსების დაცვისაკენ მიმართული ღირებულებების პატივისცემა.

სახელმწიფოს საქმე არაა ჭეშმარიტების გარკვევა. იგი უნდა ზრუნავდეს ადამიანებზე. რადგანაც სახელმწიფო  საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმაა, ცხადია, საჯარო ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ, ანუ საზოგადოებას გვეკისრება პასუხისმგებლობა ხელი არ შევუშალოთ მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას.

სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მეორე კურსიდან მახსენდება ძალიან საინტერესო შემთხვევა. ერთ-ერთი სასემინარო თემიდან გამომდინარე, სტუდენტებმა საკუთარი რელიგიური მოსაზრებები დააფიქსირეს. საინტერესო ფაქტი იცით რა იყო? არც ერთ მორწმუნეს არ გაუმართავს ,,რელიგიური ქადაგება”, მხოლოდ ათეიზმით გატაცებულები აღნიშნავდნენ, რომ სასაცილოდაც არ ჰყოფნით მორწმუნეთა რელიგიური გრძნობები. ცალკე განხილვის საგანია მომავალი იურისტის მიერ რწმენის თავისუფლების ამგვარი გაგება, მაგრამ მთავარი პრობლემა სულ სხვაა. პრეტენზია გვაქვს, რომ ვიყოთ ლიბერალური საზოგადოება (ლიბერალიზმი-იდეოლოგია, ფილოსოფიური შეხედულება და პოლიტიკური ტრადიცია, რომლის მიხედვით თავისუფლება ძირითადი პოლიტიკური ღირებულებაა), მაგრამ გვავიწყდება, რომ ყოველი რწმენის საფუძველი არის თავისუფალი არჩევანი.
აქვე მოვიყვან საქართველოში ლიბერალური  აზროვნების ფუძემდებლის, ილია ჭავჭავაძის სიტყვებს: ,,განა არ შეიძლება კაცი ანუ ხალხი არც ქრისტიანი იყოს, არც მაჰმადიანი, არც კერპთაყვანისმცემელი, მაგრამ კარგი კაცი, ანუ კარგი ხალხი იყოს, კარგს განათლების გზაზე დამდგარი და ყოველმხრივ წარმატებული?” რა თქმა უნდა, შეიძლება და უფრო მეტიც, ასეთი ადამიანი არასოდეს შეეცდება დასცინოს სხვის რელიგიას და შემდეგ გამოხატვის თავისუფლებით გაიმართლოს თავი.

ნამდვილად არსებობს ზღვარი რელიგიის კრიტიკასა და მის ლანძღვა-დაცინვას შორის. აღსანიშნავია, რომ კანონი ვერ მოაწესრიგებს მსგავს შემთხვევებს, რადგან რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ერთი ადამიანის აზრის გამოხატვას მხლოდ მორწმუნეების კონტროლის ქვეშ აქცევს. კონკრეტული სამართლებრივი ნორმა ვერ განსაზღვრავს ყველა შემთხვევას, რაც შეიძლება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად მივიჩნიოთ. თუნდაც იმის გამო, რომ რელიგიური გრძნობები სუბიექტურია და რთულია განისაზღვროს ვინ რას მიიჩნევს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად. ერთი მხრივ უნდა შემცირდეს მორწმუნეთა მგრძნობელობა მათ მიმართ კრიტიკული მოსაზრებების დაფიქსირებისას, ხოლო მეორე მხრივ კრიტიკა არ უნდა გადაიზარდოს დაცინვასა და სიძულვილის ენაში.  სწორედ ამიტომ, მორალის საკითხია პატივს ვცემთ თუ დავცინებთ ერთმანეთის რელიგიას (ან სხვა შინაარსის რწმენის განვითარებას). ზნეობრივ ნორმებს ადამიანი ემორჩილება საკუთარი შეგნებით, თავისუფალი ნებით და არა იძულებით ან დაინტერესებით. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე,  ჩვენი თავისუფლების უპატივცემულობაში ეკლესიის დადანაშაულებასთან ერთად  კარგი იქნება დავფიქრდეთ, ჩვენ რამდენად ვცემთ პატივს ერთმანეთს. განსხვავებული აზრებისა და მსოფლმხედველობის ჰარმონიული თანაცხოვრება მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემით მიიღწევა.

One thought on “ პატივისცემა – რელიგიური მრავალფეროვნების საფუძველი

  1. ვიზიარებ ავტორის პოზიციას და ვფიქრობ, რომ ის აბსოლუტურად მართალია! 🙂 ❤

    Like

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s